ზელენსკის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, ინდოეთის პრემიერის შეხვედრა პუტინთან, “უზარმაზარი იმედგაცრუებაა“

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის შეხვედრით მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის ფონზე.


მოდი მოსკოვში 8 ივლისს ჩავიდა, რაც იყო მისი პირველი ვიზიტი რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. რუსეთმა 8 ივლისს დილით დაიწყო სარაკეტო შეტევა კიევზე, ​​დნიპროზე, კრივი რიჰზე და სხვა ტერიტორიებზე, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 40 და დაშავდა 170-მდე ადამიანი.


ფოტოს გამო, რომელზეც ინდოეთის პრემიერი და პუტინი ჩახუტებულები არიან და მოდიმ პლატფორმა X-ზე გააზიარა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო „უზარმაზარი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის მიყენებული დამანგრეველი დარტყმა, რომ ასეთ დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება.“


ერთი რაკეტა მოხვდა „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს შენობას, უკრაინაში ბავშვთა უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს. მაშინ, როცა დასავლელი ოფიციალური პირები გმობდნენ რუსეთის თავდასხმას, მოდიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ეხუტება ის პუტინს და გამოთქვამს იმედს ორ ერს შორის "მეგობრობის კავშირების გამყარების" შესახებ.


განახლება:გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ,“ - სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია.

„მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია,“ - განაცხადა მოდიმ.

2022 წლის სექტემბერში მოდიმ პუტინს უთხრა, რომ „დღეს ომის ეპოქა არ არის.“

ინდოეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია. მან ასევე ისარგებლა შესაძლებლობით, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა შეეძინა იმ ფონზე, როდესაც სანქციებმა მოსკოვის დასავლეთთან ვაჭრობას ჩრდილი მიაყენა.


ცნობისთვის, პეკინში ჩასვლამდე უნგრეთის პრემიერი ორბანი იმყოფებოდა ასევე კიევსა და მოსკოვში - მას შემდეგ, რაც პირველ ივლისს უნგრეთი გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. თუმცა ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორბანი ბლოკს არ წარმოადგენს.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივლისს განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება შუამავალი მოლაპარაკებებისა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დასრულების მიზნით. პოლონეთში მყოფმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს - მათ, ვისი შეიარაღებული ძალებიც რუსეთისას აღემატება.


"არის ასეთი ქვეყნები მსოფლიოში? ბევრი არა. ვთვლი, რომ ასეთებია აშშ და ჩინეთი. და ევროკავშირი - არა ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანი ევროკავშირი. ეს რეალურად იქნებოდა საშუამავლო მისია," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადების პარალელურად ორბანი პეკინში იმყოფებოდა, როგორც თავად ამბობდა, "სამშვიდობო მისია 3.0" გასატარებლად.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის 5 ივლისს მიწერილ წერილში ორბანი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან თავისი შეხვედრიდან გამომდინარე ახლა არის "უფრო დიდი შესაძლებლობა, დადებითად იყოს აღქმული ყველა შესაძლო წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე და საგზაო რუკაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ." თუმცა ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ პუტინთან ორბანის შეხვედრა სასარგებლო არ იყო.

„არ ვფიქრობ, რომ [მოსკოვში ორბანის ვიზიტი] მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის, ან უკრაინის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად," განაცხადა კარპენტერმა 8 ივლისს.

შეგახსენებთკ, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ყველა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი.

პუტინისთვის კი, ომის დასრულების პირობები მოიცავს კიევის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის უარყოფას და ყირიმისა და კიდევ ოთხი ოკუპირებული რეგიონის დათმობას.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ გამოცხადდება.