ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა და მე ვისაუბრე თქვენთან ტელეფონით ამის შესახებ”, - განუცხადა მოდიმ პუტინს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში.

პუტინის თქმით, მას ესმის, რომ ინდოეთის ლიდერი უკრაინასთან დაკავშირებით შეშფოთებული, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დასასრულებლად.

მისი თქმით, უკრაინამ თქვა უარი მოლაპარაკებებზე.

უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს.

„ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 11 სექტემბერს განაცხადა.

„საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნავდა ოლექსი რეზნიკოვი.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ კი უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 14სექტემბერს განაცხადა.

სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს.

პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.