აშშ-მ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია ჩაშალა - განცხადება

  • აშშ აცხადებს, რომ ჩაშალა რუსეთის მიერ ყალბი სოციალური მედიის ანგარიშების გამოიყენებით დეზინფორმაციის გავრცელების ძალისხმევა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსულმა „ბოტების ქარხანამ“ ფიქტიური სოციალური მედიის პროფილების შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც, შემდეგ კრემლის მომხრე ნარატივები ვრცელდებოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, ხელოვნური ინტელექტის ელემენტები გამოიყენა.


„რადგან რუსეთის მთავრობა აგრძელებს სასტიკ ომს უკრაინაში და ემუქრება დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში, იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენი კანონიერი უფლებამოსილებების გამოყენებას რუსეთის აგრესიის დასაძლევად და ამერიკელი ხალხის დასაცავად,“ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.


„დღევანდელი ქმედებები აჩვენებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან ტოლერანტულები რუსეთის სამთავრობო აქტორებისა და მათი აგენტებისადმი, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს დეზინფორმაციის დასათესად და ამერიკელებს შორის უთანხმოების გასაღვივებლად,“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ.


FBI-მ და ეროვნულმა კიბერ მისიამ (CNMF), კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან (CCCS), ნიდერლანდების გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან (AIVD), ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, (MIVD) ასევე, ნიდერლანდების პოლიციამ გამოაქვეყნეს ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა აღწერილი დეზინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიები.


„რუსეთი აპირებდა, გამოეყენებინა ეს ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული უცხოური დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რათა შეელახა ჩვენი პარტნიორების დახმარება უკრაინაში და გავლენა მოეხდინა რუსეთის მთავრობისთვის ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ნარატივებზე,“ - აღნიშნა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ.


ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ.



შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.