მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა (751235ხმა) დადებითად უპასუხა. 49.54-მა (737639 ხმა) - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. (მასალა განახლდა საბოლოო მონაცემებით).

  • რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ქვეყანას ევროპული მომავალი სურს. მან მოლდოვას და სანდუს წარმატება მიულოცა.

  • „მოლდოველმა ხალხმა თქვა: ჩვენი ევროპული ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში აისახება. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის ასაშენებლად,“ დაწერა თავის მხრივ, მაია სანდუმ X-ზე.

LIVE TEXT | Rezultate preliminare alegeri prezidențiale și referendumul privind integrarea europeană. UPDATE: Au fost preocesate 99,46% din procesele verbale pentru referendum

ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, ქვეყნის ტეროტორიაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -  გაგაუზიაში დაფიქსირდა (ავტონომიური რეგიონი, რომელსაც პრორუსი ხელმძღვანელი ჰყავს) (5,16%), ტარაკლიას (13,15%), ოკნიციას (21,06%), დონდუშენის (271,6%) და ბრიჩენის რაიონში (28,63%). %). ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი იალოვენის რაიონში (67,70%), სტრასენის რაიონში (62,37%), კალარაშის რაიონში (60,46%), კრიულენის რაიონში (60,20%).


 


 


ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა.


რიშკანის სექტორში (კიშინიოვის მუნიციპალიტეტი) ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 53.03%-მა (34617) "დიახ", 46.97%-მა კი "არა" (30667) დააფიქსირა. ხსენებულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ცენტრუს სექტორში ერგო: 58.30% (25913).


  • რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დათვლილია ხმების 99,73%. პროევროპელმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო და მე-2 ტურში მისი მეტოქე იქნება პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც ამომრჩეველთა 25,98%-მა დაუჭირა მხარი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო. „არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმას, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოლდოვiს რესპუბლიკა ჰიბრიდულ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული კურსისთვის,“ ამბობს მოლდოვის ელჩი რუმინეთში ვიქტორ ჩირილა.

საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.


მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი.


სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა.


თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა.


„ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია.


ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ.


შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს.


ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.