მილერი საქართველოზე: უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


“[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ,” - განაცხადა მეთიუ მილერმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“


ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს.


ხელისუფლების კრიტიკოსები აქციებს მართვენ. პროტესტია რიგ უნივერსიტეტებშიც. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. 17 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციის ფარგლებში პირველი კარვები გაიშალა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოში არჩევნების შესწავლის მიზნით მისიას გზავნის.


19 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.


19 ნოემბერს პრეზიდენტმა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გაგზავნა. 


19 ნოემბრის საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქცია ისევ განახლდა. 20 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.


20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის პოლიციამ უნივერსიტეტთან დაბრუნებული აქციის მონაწილეები ისევ იძულებით გადაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, რომლებიც საქართველოში ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამის შესახებ „მსოფლიო ბავშვთა დღის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.


ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის,“ - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.