ჯო უილსონი და სტივ კოენი: ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“


„ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ "ქართული ოცნების" პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მშვიდობიან პროტესტებს უკიდურესი ძალადობით დახვდნენ. ჩვენ ამ პასუხს ყველაზე მკაცრი ფორმით ვგმობთ.


არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ უგულებელყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მისწრაფებები. ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დასვა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს (de-facto) მთავრობა არალეგიტიმურია.


ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, დაუბრუნდეს ქართველების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში, აღადგინონ თავიანთ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე," - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონისა (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერის, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში.


ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.