გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ, თქვენი გამბედაობა ჩვენთის თქვენ გვერდით დგომის ვალდებულებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ Instagram-ზე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს.


„ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ, უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს.


ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი, თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.


5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.

მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.