„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთბების საკითხებში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
ფხალაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედოს, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან.
„მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე“, - აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს.
„მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო.
„ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა.
"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ , 1991 წლის კანონი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ამერიკულ ბანკებს აუკრძალოს კრედიტის გაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, როგორც სავარაუდოდ ნავალნის შემთხვევაში მოხდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა