Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს.
„რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო.
ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა.
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, „დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა.
"ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია.
პოლიტოლოგის, კორნელი კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინოს
"ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება.
ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ", - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში კორნელი კაკაჩია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში.
„ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო.
მიისვე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ