"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია", - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა გახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
ანალიტიკოსის შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმის რისკი ჯერ კიდევ რჩება.
"კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ.
შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში.
ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა", - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ყირიმში ვიზიტის დროს გენშტაბსა და ჯარების მეთაურობას დაავალა, რომ 23 აპრილიდან, შეუდგნენ სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას. ამის შესახებ რუსულ „ნოვაია გაზეტას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ დაცვის შესაძლებლობა აჩვენა. ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში“, – განაცხადა შოიგუმ ყირიმში გამართულ თათბირზე.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების გამო, აშშ, დიდმა ბრიტანეთმა, NATO-მ და ევროკავშირმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო რომ, უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსეთს მოუწევდა ფასის გადახდა.