საზოგადოება
"ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ"
ჩვენს გარშემო, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო, მარტივი ვითარება არ არის, - ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ თუმცა მათ მიმართ ინტერესი ყველას აქვს. „ბელარუსს და რუსეთს ამ შეშლილ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამ პანდემიისგან გადარეულში, ცოტა მეგობარი ჰყავთ. ჩვენს მიმართ კი ინტერესი ყველას აქვთ. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ “, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მან სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა მინსკში გაიმართა.
რუსეთისგან სამხედრო-საველე ჰოსპიტალს ოკუპირებული ცხინვალიც ითხოვს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაიგზავნა წერილი „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო-საველე ჰოსპიტლის გაგზავნის თხოვნით,– იუწყება სააგენტო „რესი“. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაჰიმ გასეევი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წერს, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის აფეთქებაა და თხოვს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში განათავსონ 150 ადგილიანი ჰოსპიტალი და მიავლინონ შესაბამისად აღჭურვილი სპეციალისტები. ოკუპირებულ ცხინვალშიბ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად 15 სექტემბრიდან მოიმატა, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მაისიდან 21 ოქტომბრამდე გამოვლენილია სულ 305 შემთხვევა, მათგან 215 „საზღვრის“ გახსნის შემდეგ. სავალე ჰოსპიტლის გარდა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ითხოვს რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ბიოლაბორატორიას PCR-ტესტირებისთვის და რეგიონის სამხედრო ნაწილებსა და სოციალურ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. დაახლოებით ერთი კვირის ხნის წინ, რუსეთს ასეთივე თხოვნით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც. აპრილიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3172 შემთხვევა. მათგან 1278 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 32 ადამიანი.
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას აფასებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაზე მომხდარ თავდასხმას. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც ხალხმა გუშინ იხილა, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ იყო წარმოსადგენი, მათ შორის არც ედუარდ შევარდნაძის მმმართველობის დროს. "ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ენმ-ს ლიდერის თქმით, მაშინ, როდესაც ყაჩაღი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ, გატაცებული მანქანით ქუჩაში გადაადგილდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია დაკავებული იყო იმით, რომ ეკონტროლებინა სიტუაცია ზუგდიდში, სადაც ენმ-ს აქცია იყო დაგეგმილი. "მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმაზე, "მარშუტკა" არავის არ წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი მომხდარს "წარმოუდგენლად" აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული დაუცველობის განცდა აქვთ, როგორც ჯანმრთელობის და ფინანსური კუთხით, ისე ფიზიკურადაც. "ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს, ეს ყველაფერი გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი უნდა ლოგიკურად დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.
საქართველოში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. სულ საქართველოში კორონავირუსის 22803 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 6 პაციენტი და საერთო რაოდენობამ 178-ს მიაღწია.
აშშ-ს დაზვერვა: რუსეთმა და ირანმა ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს. მოპარული ინფორმაცია მათ რეგისტრირებული ამომრჩევლებისათვის ყალბი ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენეს. მიზანს ქაოსის შექმნა და აშშ-ს არჩევნების და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა წარმოადგენდა. მისივე თქმით, ირანი დგას დემოკრატი ამომრჩევლებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილების უკან, რომელთა მიზანს მათი დაშინება წარმოადგენდა. ისინი თავს ტრამპის მხარდამჭერ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფად აჩვენებდნენ და ცდილობდნენ არეულობა წაეხალისებინათ. "არჩევნების დღეს ხმას მისცემ ტრამპს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგაკითხავთ", "შეიცვალე პარტია, გახდი რესპუბლიკელების მხარდამჭერი, გაგვაგებინე, რომ მიიღე ჩვენი გზავნილი და დაემორჩილები" - ნათქვამი იყო წერილებში. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია რუსეთს, თუმცა იციან, რომ მოპარული ინფორმაცია მათაც აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა ეს ინფორმაცია. ზოგიერთ შტატში ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, სხვა შტატებში კი მისი გამოთხოვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს განსაზღრული მიზნებისათვის შეუძლიათ. აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვა რუსეთმა და ირანმა. "თუ თქვენ მიიღებთ შემაშინებელ ან მანიპულაციურ გზავნილს ელექტრონულ ფოსტაზე, ნუ შეშფოთდებით და ნუ გაავრცელებთ მას". - მიმართა დაზვერვის უფროსმა ამომრჩევლებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კრისტოფერ ვრაის თქმით, აშშ-ს საარჩევნო სისტემა კვლავ უსაფრთხო და გამძლეა. რეტკლიფმა განცხადება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე გააკეთა. რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ჩარევა. მაშინ ე.წ. ტროლების ქარხნებმა ათასობით ყალბი ანგარიში შექმენს, თავს ამერიკელ ამომრჩევლებად აჩვენებდნენ და დაპირისპირების წამახალისებელ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჰაკერული თავდასხმა მოხდა დემოკრატიული პარტიის სისტემებზეც.
Reuters – “ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო”
“ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების გადაწყვეტილება მიიღო”, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რომელთაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ შენგენის ზონაში შესვლა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა. “გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს მოვა სისრულეში, სანამ რომელიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას არ გაასაჩივრებს”, – იუწყება Reuters. სია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რეკომენდაციის მიუხედავად, უცხოელ ტურისტებზე შეზღუდვებს არ აწესებს. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.
ზუგდიდის სპეცოპერაციის შედეგან, ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა
ზუგდიდის სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავოსუფალია, თავად თავდამსხმელი კი გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, თუმცა მასში არ არის ხაზგასმული, რა მიმართულებით გაიქცა თავდამსხმელი და წაიღო თუ არა მან ნახევარი მილიონი დოლარი. ბოროტმოქმედმა, მძევლები და მანქანა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დატოვა. გათავისუფლებულ მძევლებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30სთ-ზე დაიწყო, მაშინ როცა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ხალხის ნაწილმა, სახანძრო კიბით მოასწრო გაქცევა, ნაწილი კი ბოლოტმოქმედთან ერთად ბანკში, საღამომდე იმყოფებოდა. მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა და მოთხოვნეს, ერთ-ერთი დაკავებულის საშუალებით, პირდაპირ ეთერში აჟღერებდა.
საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 000 357-ს შეადგენს. საფრანგეთში კორონავირუსს 34 075 ადამიანი ემსხვერპლა, 107 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ესპანეთის შემდეგ ევროპის მე-2 ქვეყანაა, სადაც კოვიდინიფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მასშტაბით კი, ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს 7 ქვეყანაში - აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, არგენტინაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გადააჭარბა.
თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა
ზუგდიდში, თავდამსხმელმა, რომელიც დღეს საქართველოს ბანკში შეიჭრა, ტერიტორია ფულის სანაცვლოდ დატოვა, თუმცა თან სამი მძევალი გაიყოლა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ავრცელებს, რომელიც დღეს, ბოლოტმოქმედის მოთხოვნებს, პირდპირ ეთერში აჟღერებდა. “სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა. პოლიციაში გადავყავართ დაკითხვაზე”, – წერს სოციალურ ქსელში კვარაცხელია. შს სამინისტროს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. თავმდამსხმელი ბანკში დღეს, დაახლოებით, 14:00სთ-ზე შეიჭრა და 19-მდე ადამიანი დაიტოვა მძევლად, რომლებიც მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად გაათავისუფლა.
ზუგდიდის სპეცოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პარტიებსა და მედიას მოუწოდებს “დამატებითი დაძაბულობა” ხელოვნურად არ უნდა შექმნან. როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს. “მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”, – წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს, დაახლოებით 14:30 წუთზე დაიწყო. თავმდამსხმელმა 19-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად, რომლებიც ეტაპობრივად გაათავისუფლა. საღამოს კი თანხის სანაცვლო, სამ მძევალთან ერთად დატოვა ტერიტორია. ჯერ უცნობია თუ სად და რა დამატებითი პირობა წამოაყენა მან
“მზად ვარ მძევლები ჩავანაცვლო” - ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული პირები, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს დაესხნენ თავს. ხალხის ნაწილმა ბანკიდან გამოსვლა მოახერხა, ნაწილი კი ამ დრომდე, შეიარაღებულ პირებთან ერთან, ბანკში რჩება. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. შს სამინისტრო მედიას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და არ გადასცენ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში. "ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში. ფაქტს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა, კრიმინალის ზრდას არ ნიშნავს. “მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს, საერთოდ კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას – რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ ”, – განაცხადა მან. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მზადყოფნას გამოთქვამს, მძევლები ჩაანაცვლოს. “თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]”, - აღნიშნა მან.
საქართველოს ბანკი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათი ფილიალის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს". – წერია განცხადებაში. ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა. როგორც მთავართან საუბარში ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით. "შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან. ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო
შსს ტელევიზიებისგან ლაივ სიგნალების გათიშვას ითხოვს
შსს მედიასაშუალებებს მოუწოდებს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში იმოქმედებს, – ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცადა. “ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ. ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა. როგორც მთავართან საუბარში ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით. "შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან. ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო
პაკისატანის ვიზისთვის ჭყლეტაში 10–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში პაკისატანის ვიზის მისაღებ რიგში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, ინციდენტი ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა.მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვიზების მიღება მოქალაქეებს არა საკონსულოში, არამედ სტადიონზე შეეძლოთ. ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა რამდენიმე დღის წინა განაახლა. ეს პროცესი პანდემიის გამო შვიდი თვე შეჩერებული იყო. BBC-ს ცნობით, ჭყლეტაში დაშავდნენ ქალები და ბავშვებიც. ბევრი ავღანელი პაკისტანში ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიემგზავრება. მათი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ ნაწილი კი, სამუშაოდ მიდის.
22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა. როგორც ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დარღვევის განმეორებას, რის გამოც სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. „შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-აღნიშნა ფერაძემ. მისივე ინფორმაციით, აქტიურად ხდება მონიტორინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე. კერძოდ, შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი და მათ მიმართ გაიცა გაფრთხილება.
კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 369 - აჭარაში, 295 - იმერეთში დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დადასტურდა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 372 მძიმე პაციენტია. „თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა. "სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღეიდან, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტით თვითიზოლაციაში გადავლენ
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ და გაკეთებული ექნებათ PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტებით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც ტესტი ექნებათ, ეს მოქალაქეები წავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა". – ამბობს მეზვრიშვილი. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 21 703 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის 7 ბათუმში. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს 172 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.
28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღები დაიხურება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს. თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.