უცხოეთი

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ვაქცინის შეძენის ხელშეშლაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანისთვის Сovid-19-თან საბრძოლველად საჭირო ტექნიკის, მედიკამენტების და ვაქცინის შეძენა გართულდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს მისი თქმით კორონა ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინა, რომლის საშუალებთაც ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელება უნდა შეზღუდონ, მათთვის რთულად ხელმისწვდომია. 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის საბანკო სექტორსა და მისთვის უმნიშვნელოვანეს - გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. ტრამპმა ირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების წევრობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ირანი აგრძელებდა ხელშეკრულებით აკრძალულ ქმედებებს.

საფრანგეთში 150 დემონსტრანტი დააკავეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ახალი კანონპროეტის გაპროტესტების მიზნით გამართულ აქციაზე 150-მდე დემონსტრანტი დააკავეს. საფრანგეთში საპროტესტო აქციები უკვე სამი კვირაა გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშა, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა. ახალი კანონპროექტი, რომელსაც დემონსტრანტები აპროტესტებენ, ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს.

ავღანეთში აფეთქებამ სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს. შემთხვევა ქაბულის კარიბჭესთან მოხდა. სამთავრობო გამშვებ პუნქტთან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია

აშშ-ში არჩევნების გაყალბების ბრალდებით, აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

არჩევნების გაყალბბების ბრალდებით, ვაშინგტონში გამართულ საპროტეტსო აქციაზე შეტაკება მოხდა. ერთმანეთს დონალდ ტრამპის მომხრეეები და მოწინააღმდეგებიი დაუპირისპირდნენ. დაკავებულია ექვსი პირი. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი ავრელებს. აქციაზე დონალდ ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააპროტესტეს და გამარჯვებული კანდიდატი არჩვენების გაყალბებაში დაადანაშაულეს. აღნიშნული აქციის პარალელურად ტრამპის მოწინააღდეგების აქცია მოეწყო, რომლის დროსაც ორი მხარე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ტრამპის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არ აღიარებენ და ბრძოლას განაგრძობენ.

ილჰამ ალიევი: ეუთოს მინსკის ჯგუფს ყარაბაღის პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 30 წლიანი კონფლიქტი ძალის გამოყენებით მოაგვარა და არა პოლიტიკური საშუალებებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინსკის ჯგუფის ევროპელ და ამერიკელ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში რუსეთის ელჩიმიხაილ ბოჩარნიკოვიდა ეუთო-ს მოქმედი წარმომადგენლის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი. „სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა არანაირი როლი არ ითამაშა კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა რომ 28 წლიანი მანდატი ჰქონდათ. .ახლა რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიად იქცა. აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა ეს საკითხი. ბრძოლის ველზე სომხეთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაიძულეთ დამპყრობელი, ეღიარებინა დამარცხება და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც სომხეთის დანებებად მიგვაჩნია, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ფაშინიანის დიქტატორულ რეჟიმს ეკისრება“-აცხადებს ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. სომხეთი აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ორი სოფლის მიმართულებით, რომლებსაც სომხეთი აკონტროლებს, ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. „მე მომახსენეს, რომ გუშინ სომხური არმიის ნარჩენებმა ტერორისტული აქტები განახორციელეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ, არ უნდა დაგეგმონ არავითარი საომარი მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჯერად ჩვენ მათ მთლიანად გავანადგურებთ. იმედი მაქვს, სიტუაცია აქამდე არ მივა“, – განაცხადა ალიევმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებენ რუსი სამხედროებიც, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ

გაერო-ს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. „ვინმეს კიდევ შეუძლია, უარყოს, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ? ამიტომ, დღეს მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს არ მიაღწევენ“, – აღნიშნა გუტიერეშმა. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნმა განაცხადა, „COVID-19“-თან გამკლავების მიზნით გაცემული ფინანსური დახმარებები, კლიმატისთვის ნაკლებად საზიანო მიმართულებების განვითარებას უნდა მოხმარდეს. „როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.

მექსიკაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გაიცა

"სიენენის" ინფორმაციით, მექსიკაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გასცეს. მექსიკის ჯანდაცვის მარეგულირებელი უწყების თანახმად, ვაქცინას პირველ რიგში ექიმები მიიღებენ. მექსიკაში ვაქცინის 250,000 დოზა დეკემბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალი წლის აპრილისთვის, ქვეყანაში ვაქცინის 15 მილიონამდე დოზას ელოდებიან. მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 113 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას - ბაიბა ბრაჟე

რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას, - ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა. „რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები ვნახეთ და ეს ფაქტია. ამავე დროს, ნატო-საც არ შეუძლია, დაადოს ვეტო საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მანამდე კი, ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში გაიმართა ნატო-ს მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება, რათა საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რათა მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო ექვს კვირაში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 100%-ით მოიმატა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკხოვე ამბობს, პარალელურად, ევროპაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი მცირედება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 60 პროცენტით გაიზარდა.

შვეიცარიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა

"როიტერის" ინფორმაციით, შვეიცარიამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა. როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული არეულობის საპასუხოდ მიიღეს. ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს შვეიცარიაში შესვლა ან შვეიცარიის გავლით გადაადგილება აკრძალული აქვთ. „შვეიცარია შეშფოთებულია მიმდინარე დაძაბულობით და ბელარუსის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიის მთავრობა ბელარუსში აქციებზე დაკავებული პირების გათავასუფლებასა და სპეცსამსახურების მიერ წამებისა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.

ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს

The Guardian-ის ინფორმაციით, ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა. გამოცემა წერს, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს. ცნობისთვის, რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციების დაწყების დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ მიიღო

უპრეცედენტო სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს, თუმცა სასამართლომ ის არ მიიღო. სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ოთხ შტატში, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში ითხოვდნენ. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია. დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. სხდომაზე ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ფორმალურად დაამტკიცებენ. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 იანვარს გაიმართება.

ჯო ბაიდენი წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, საპატიო ჯილდოს მიღებას ტვიტერზე გამოეხმარუა. „მოხარული ვარ რომ კამალა ჰარისსთან ერთად წლის ადამიანად დამასახელეს, სასიამოვნოა ,რომ ამ სიაში მოვხვდი ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად. წინა ხაზზე მომუშავე პერსონალიდან დაწყებული, რასობრივი სამართლის ორგანიზაციებით დამთავრებული , ამერიკელები მომავალ წელს ხვდებიან სიძლიერით, სიმტკიცითა და ნათელი მომავლის მტკიცე რწმენით.“, წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

ცნობილმა უელსელმა არბიტრმა, ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა და სანაკრებო შეხვედრებზე აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოუენსმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა. ოუენსმა გასულ თვეში, მე-100 საერთაშორისო შეხვედრაზე, „შემოდგომის ერთა თასზე“, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე იმსაჯა. აღნიშნული თამაში უელსელი რეფერის საერთაშორისო კარიერაში ბოლო იქნება. ოუენსი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო და როგორც აცხადებს, კვლავ იმუშავებს „პრო 14“-ისა (PRO14) და უელსის შიდა ჩემპიონატის მატჩებზე. 49 წლის არბიტრის საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს, „ბორჯღალოსნების“ თამაშზე შედგა, როცა საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. With a heavy heart, the time has come to hang up the whistle and boots at international level. I owe more to rugby than rugby will ever owe to me. Thank you for all the support over the many years. 🏉🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿☺️Diolch o galon a hwyl fawr. https://t.co/230HqhLswL — Nigel Owens MBE (@Nigelrefowens) December 11, 2020

ლიეტუვა შეეცდება, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს - სეიმი

ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალსწინებს. ლიეტუვის სეიმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოში 2025 და 2027 წელს პოლონეთისა და ლიეტუვის თავჯდომარეობის პერიოდში ლიეტუვის პარლამენტი შეეცდება, რომ ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორებმა - მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები. დღესვე, ქვეყნის ახალმა მთავრობამ, ინგრიდა შიმონიტეს მეთაურობით, ფიცი დადო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მარდაჭერასაც ითვალისწინებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ლიეტუვის ახალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. „ჩვენ უნდა შევქმნათ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნების უფრო ფართო კოალიციები, ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო კავშირები, რათა დავეხმაროთ ბელარუსებს თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე, გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები 2027 წელს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ლიეტუვის ახალი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს. „ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“, - წერია ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმმა დღეს დაამტკიცა.

გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა, ცვლილება კი ძალაში შემდეგი კვირიდან შევა. ცვლილებები „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული პირების კონტაქტებს, ასევე, სხვა ქვეყნებიდან შესულ მგზავრებს შეეხებათ. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თვითიზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირება საფრთხეს არ გამოიწვევს.

საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება

"ბიბისის" ინფორმაციით, საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება. როგორც გამოცემა წერს, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის ისევ გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კომენდანტის საათის იქნება ძალაში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 121 253 შემთხვევა, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს სანქციები დაუწესოს

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, რაც თურქეთის მიერ რუსეთისგან „С-400“-ს შესყიდვასთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი ზომების პაკეტს, სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს რეკომენდაციით. თუმცა, სააგენტოს წყარო არ ასახელებს, რა იგულისხმება სანქციებში. მანამდე კი სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ სანქციები, შესაძლოა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვითი შესყიდვების უმაღლესი სააგენტოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდეს.

ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში. „ევროკავშირი წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების ერთგული რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში. ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშაონ სიები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის არასანქცირებულ ქმედებებთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომების დასაწესებლად. გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ევროკომისიასა და საგარეო პლიიტკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ავალებენ, 2021 წლის მატამდე წარადგინოს ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ქმედებების ვარიანტები. „სამწუხაროდ, თურქეთი ჩართულია ცალმხრივ ქმედებებსა და პროვოკაციებში, ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებს. თურქეთის ცალმხრივი და პროვოკაციული საქმიანობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კვლავ გრძელდება, მათ შორის კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს თურქეთის მიერ ხომალდ „ორუკ რეისის“ გაყვანას და ითხოვს მდგრად დეესკალაციას, ასევე საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამავე დროს, საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს თურქეთან თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს.