უცხოეთი

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს - უკრაინული მედია

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ კიევში, თბილისსა და ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატოს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე უკვე მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა სამოქმედო გეგმის მოთხოვნები და ახლო მომავალში ალიანსის 31-ე წევრი უნდა გახდეს“, - წერს უკრაინული გამოცემა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე ყველა მოკავშირის პოლიტიკური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. წყაროების ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს

29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს. კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აშშ-ში არსებული შეზღუდვები განსაკუთრებით შობის პერიოდში იქნება საჭირო - ფაუჩი

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი, თვლის, რომ აშშ-ში ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები და მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საშობაო დასვენების პერიოდშიც საჭირო იქნება. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ დეკემბერში მოსალოდნელი იყო შემთხვევების უკვე გაზრდილი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. აშშ-ში ეპიდმდგომარეობაზე ენტონი ფაუჩიმ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. იმუნოლოგი ამერიკელებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე მადლიერების დღესთან დაკავშირებული მგზავრობისას, გამოიყენონ ნიღბები, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა მადლიერების დღის დასვენების პერიოდში მგზავრობის საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცეს. ამის მიუხედავად, დღესასწაულის პერიოდში, დაახლოებით, 9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა შიდა ფრენებით. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შეზღუდვები განსაკუთრებით საჭირო იქნება შობის პერიოდში, ვინაიდან ქვეყანაში "ძალიან სარისკო მდგომარეობა" იქმნება. ის ამბობს, რომ ამერიკელებმა თავადაც უნდა გადადგან ნაბიჯები ვირუსის გავრცელების შესანელებლად, რათა ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მკაცრი კარანტინის შემოღება არ გახდეს საჭირო. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა და, სულ მცირე, 266 000-ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს პაციენტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 63 070 279 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 544 373 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის პრესმდივნად 41 წლის ჯენიფერ ფსაკი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ბაიდენის გუნდის მიერ შექმნილ გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს. ამასთან, ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტდა. მათ შორისაა 39 წლის კეი ბედინგფილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების საკითხი დირექტორის პოზიციაზე იმუშავეს. მანამდე ბედინგფილდი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის მოადგილე იყო.

მარადონას ექიმი აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის

დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის. „თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ. ცნობისათვის, არგენტინის პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, გამოიჩინა თუ არა ექიმმა გულგრილობა მარადონას მკურნალობისას და არის თუ არა ის ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავე. ამ მიზნით სამართალდამცავებმა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიება მარადონას სამი ქალიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილ ორასკაციან მიტინგზე ანტისამთავრობო შეძახილებიც ისმოდა. „სირცხვილი პოლიციას“, „პუტინი უნდა გადადგეს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი და სამი აქტივისტი დააკავა. ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით, ივლისში დააპატიმრეს. ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად აფასებენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

გერმანიაში, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, BioNTech-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე წარმატებული კლინიკური ცდის შემდეგ გერმანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცებისთანავე ქვეყანაში პირველ რიგში საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების სამედიცინო პერსონალს აცრიან და დასძინა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება. „ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენს დასაცავადაა საჭირო, არამედ მათთვისაც, ვისზეც თქვენ ზრუნავთ,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. იენს შპანის ინფორმაციით, სხვადასხვა მწარმოებელთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გერმანიამ ვაქცინების 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა შეძლო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა 95%-ს აღწევს.

იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა წარსულში დარჩება - რუსეთის საგარეო უწყება

"გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 62 004 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 798 107 ადამიანი, 1 449 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 17 757 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ბრიტანეთში საავადმყოფოები Covid-19-ის ვაქცინას 10 დღეში მიიღებენ – Guardian

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემამ [NHS] საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, 7 დეკემბერს მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოებმა მიიღეს განკარგულება 10 დღის ვადაში მოემზადონ ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას უპირველესად მედიკოსები მიიღებენ. საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდაში დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში 20 000 ადამიანი იყო ჩართული. მთლიანობაში COVID-19 გამოუვლინდა 30 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის 2 დოზა მიიღო და 101 პირს, ვისაც პლაცებო ინექცია გაუკეთეს. მკვლევრების თანახმად, ვაქცინა 70%-ით იცავს ორგანიზმს ვირუსისგან. საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას. ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა, შემოწმდეს ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სტანდარტებთან შესაბამისობა. შემოწმების პროცესს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უახლოეს კვირებში გაივლის. ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად. მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, მანქანების ქურდობისთვის ძებნილი, საქართველოში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.

ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი

ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.

ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს - Reuters

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია. ცნობისთვის, 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 61 მილიონს უკვე გადააჭარბა. მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ვებგვერდზე, ამ დროისთვის დაფიქსირებულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით 61 061 664 ადამიანი დაინფიცირდა. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 42 269 611 ადამიანი. გარდაიცვალა 1 432 995 პაციენტი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 259 662- ს შეადგენს. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების ხუთეულში ისევ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე - საფრანგეთია.

AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა. მისი თქმით, კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ვაქცინა უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, როცა მისი შედარებითი მცირე დოზის გამოყენება ხდება. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. ამგვარად, ორივე ტესტის გათვალისწინებით, AstraZeneca-ს ვაქცინის საშუალო ეფექტურობა 70%-ით განისაზღვრა. AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ. 18 ნოემბერს კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნოემბერში ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული. Moderna მისი ვაქცინის ერთი დოზის წინასწარ ღირებულებად 25-37 დოლარს ასახელებს, Pfizer — დაახლოებით 18 დოლარს. «Спутник V»-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა გაცილებით იაფი იქნება. AstraZeneca ასევე იუწყება, რომ მისი ვაქცინა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ძირითადი კონკურენტებისა, თუმცა ფასს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

მარადონას გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

ევროპარლამენტი ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. რეზოლუციას მხარი 631-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვაროშასთან თურქეთის უკანონო ქმედებებს გმობენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავისი ნაბიჯებით სულ უფრო შორდება ევროპას და გაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურავა მინიმუმ იანვრის დასაწყისამდე სურს. „ღიად ვიტყვი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის რეგიონების ლიდერებთან გამართული საუბრის შემდეგ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო სეზონის გადადების ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი ევროპის მასშტაბით უნდა იყოს მიღებული. ზამთრის კურორტების დახურვის იდეასთან დაკავშირებით ავსტრიამ შეშფოთება გამოხატა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ზამთრის კურორტებს დახურავს, ამისთვის „საფასურის გადახდა მოუწევს“ და კომპენსაციის თანხამ, შესაძლოა, მილიარდობით ევრო შეადგინოს.