უცხოეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება. დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის ლიდერი უკრაინას სტრატეგიული დონის მოლაპარაკებებს გამართავს. „ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონტექსტში და ყირიმის საკითხისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, რომ ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტი ორჯერ გამოვიდა ინიციტივით, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის, რათა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო სიტუაციის ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, NATO-ს გაფართოება ემუქრება რუსეთს და არღვევს გარანტიებს, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიცა. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური სამხედრო „ექსპანსიის“ ფონზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – აცხადებენ კრემლში.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური: "უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების“ 100 მომხრე დავაკავეთ

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის 37 რეგიონში ჩატარებული რეიდების დროს უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების ("М.К.У.) 106 მომხრე დააკავეს. ორი მათგანი, ეფ-ეს-ბეს თანახმად, ეჭვმიტანილია საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთის სპეცსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, დაჯგუფების დამფუძნებელია 2000 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, იგი უკრაინის უშიშროების საფარქვეშ მოქმედებს. მანამდე რუსულენოვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ უკვე წერდა "М.К.У.-ის დამაარსებელ ეგორ კრასნოვზე, მაგრამ მისი კავშირი რომელიმე სპეცსამსახურთან არ არის დადასტურებული, თავად იგი აცხადებს, რომ მოძრაობის სხვადასხვა უჯრედებს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. 2020 წლიდან კრასნოვი უკრაინის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორ „დნეპროვსკი ცენტრალში“ იხდის სასჯელს. ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურში სიცრუე უწოდეს რუსეთის მტკიცებას, თითქოს ნეონაცისტური დაჯგუფება М.К.У. უკრაინის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედებდეს.

ჯენ ფსაკი: თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს

"იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს", – ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არის NATO-ს პარტნიორი ქვეყნები, ე.წ. აღმოსავლეთის ფლანგის სახელმწიფოები, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. თუ გადავხედავთ 2014 წლის შემდეგ განვითარებულ სიტუაციას, NATO-ს პარტნიორი ქვეყნებიდან არაერთი ეძებდა მხარდაჭერას, სამხედრო ძალების გაზრდას და მათ დამატებით როტაციულ განლაგებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსახილველ მაგიდაზე დევს ეს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს“, – განაცხადა ფსაკიმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ

"ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ", - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. როგორც ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯებთან დაკავშირებით თურქეთი აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედებს. „თუ სომხეთი ისწავლის გაკვეთილებს ბოლო მოვლენებიდან და უპირატესობას მშვიდობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს, შესაძლოა საელჩოც გაიხსნას. ამ საკითხსაც აზერბაიჯანთან ერთად გადავჭრით,“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

შვედეთის ნაპირებთან ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

ბალტიის ზღვაში, შვედეთის ნაპირებთან, ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადაბრუნდა და ტივტივებს. ინციდენტი მოხდა შვედეთის ქალაქ ისტადსა და დანიის კუნძულ ბორნჰოლმს შორის მდებარე აკვატორიაში. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი გემი დანიას ეკუთვნის, მეორე ბრიტანეთის დროშით ცურავს. შეტაკების შედეგად ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როგორც ჩანს, ისინი წყალში ჩაცვივდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები იმყოფებიან გადაბრუნებულ გემში. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ შვედეთისა და დანიის მაშველები. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ ბრიტანეთის გემისგან მიიღო შეტაკების შესახებ სიგნალი. ეკიპაჟის წევრთა თქმით, მათ წყლიდან ყვირილის ხმები მოესმათ. გემიდან რეზინის ნავი ჩაუშვეს წყალზე, მაგრამ ვერავინ იპოვეს. დანიის გემი შვედეთიდან მიემართებოდა დანიის სამხრეთში მდებარე პორტში. ის ცარიელი იყო. შეტაკების შედეგად არ მომხდარა ზღვის დაბინძურება. გემზე მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ბრიტანული გემი ლიეტუვიდან შოტლანდიისკენ მიემართებოდა.

უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო

"უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა. „ეს ტვირთი უკრაინას 23 ოქტომბერს გადაეცა. აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების ფარგლებში 2021 წელს 450 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერით შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის მიერ რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში. მანამდე პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინამ პენტაგონისგან მიიღო 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. "ჯაველინების“ უკანასკნელი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე გადაეცა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოცემულ მომენტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხადაჭერილი არ იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში ვერ იქნება სერტიფიცირებული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს. ამის მიზეზად ბერბოკმა გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა. ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ გაზსადენის საკითხში იგი ევროპული ნორმებით იხელმძღვანელებს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად გაზსადენის შეუსაბამობა. ცნობისთვის, გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია და მას ექსპლუატაციაში შესასვლელად სჭირდება შესატყვისი სერტიფიცირება, რითაც გერმანიის შესაბამისი უწყებაა დაკავებული. ნოემბერში გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი. აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთს ეწვია

ევროპის საბჭო: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის იგეგმება სანქციების დაწესება რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ „ვაგნერის მებრძოლები“ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან ბრალდებული. ევროპელი დიპლომატების მოლაპარაკებები უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის ფონზე იმართება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი აპირებს, კიდევ ერთხელ შეიჭრას უკრაინაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი მზადაა, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს მოსკოვის შესაჩერებლად. ამავე საკითხზე უქმე დღეებში ლივერპულში ისაუბრეს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებმაც და გააფრთხილეს რუსეთი რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვს სერიოზული სანქციები დაეკისრება.

სერგეი რიაბკოვი: NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება

NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც NATO-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება. „ამიტომ NATO-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, ეს არის მცდელობები შეუფერებელი საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.

კენტუკის შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, 100-ს აჭარბებს

"კენტუკის შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, 100-ს აჭარბებს", – ამის შესახებ კენტუკის შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, შტატში მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ, პარალელურად მოსახლეობას წყლითა და გენერატორებით ამარაგებენ. სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ეროვნული გვარდიის წევრებიც ცდილობენ. კენტუკის შტატის გუბერნატორის თქმით, ტორნადომ 365 კილომეტრის მანძილზე ყველაფერი გაანადგურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, თუმცა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. კენტუკის შტატის ხელმძღვანელობამ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა, რომ შტატი ფედერალური კატასტროფის ზონად გამოაცხადოს.

ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს Pfizer-ისა და Moderna-ს ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია. „წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც თქვენ იღებთ „ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფაუჩიმ. ცნობისთვის, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა ვიზიტით, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იგეგმება უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხის განხილვა და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს დონბასის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულებით. რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, კარენ დონფრიდი ბრიუსელში გაემგზავრება ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე დისკუსიების გასამართად.

აშშ უკრაინას სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების გასაძლიერებლად $20 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მონაკვეთების გაძლიერების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უკრაინა აშშ-ისგან 20 მილიონ ამერიკული დოლარის დახმარებას მიიღებს. პროექტი დაიწყება 2022 წლის იანვარში და იგი უკრაინელი მესაზღვრეებისათვის სხვადასხვა სახის აღჭურვილობის მათ შორის უპილოტო საავიაციო სისტემების, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიდეო-თვალთვალის მოწყობილობის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ დახმარების კომენტირების დროს, უკრაინაში აშშ-ის საელჩოში სამართალდაცვითი საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა, სარა ლანგელკომპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ტექნიკური დახმარება გამიზნულია უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოქმედი ქვედანაყოფების უნარების ასამაღლებლად, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ დასახული ამოცანების შესრულება და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის ცნობაში, რომელიც მან სააგენტო ტასს გაუგზავნა შეკითხვის საპასუხოდ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინები“ კიევს გადაეცა უკრაინის 60 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც აშშ-მა სექტემბერში გამოაცხადა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინას 2021 წელს 450 მილიონი დოლარი გამოუყო „უსაფრთხოების ამოცანების უზრუნველსაყოფად“.

ე.წ. სერბთა რესპუბლიკის დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ე.წ. სერბთა რესპუბლიკის სახალხო ასამბლეის (პარლამენტი) დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ეს არის სერბთა რესპუბლიკის თავისუფლების მოპოვების მომენტი“, – ამის შესახებ ბოსნიელი სერბების მმართველი კოალიციის ლიდერმა, მილორად დოდიკმა განაცხადა. ამასთან, ჩატარებული კენჭისყრის საბოლოო შედეგი ბოსნიის სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა საბოლოოდ „სერბთა რესპუბლიკის“ პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ასამბლეის დეპუტატებმა რეგიონულ მთავრობას მისცეს უფლება, იმუშაოს ახალ კანონებზე ჯარის, საგადასახადო და სასამართლო სისტემების თაობაზე, რომლებმაც ბოსნია-ჰერცეგოვინის საკანონმდებლო აქტები უნდა ჩაანაცვლოს. ცნობისთვის, „დეიტონის ხელშეკრულების“ მიხედვით, რომელმაც დაასრულა 1992-1995 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნა, მაგრამ ორ ავტონომიურ რეგიონად – ე.წ. სერბთა რესპუბლიკად და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციად დაიყო, სადაც ბოსნიელი და ხორვატი მოსახლეობა დომინირებს, ხოლო „სერბთა რესპუბლიკაში“ ეთნიკურად სერბები არიან უმრავლესობაში.

აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

"აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე, ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის. არკანზასის შტატში ტორნადოს შედეგად მოხუცთა თავშესაფარი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ ხუთ სომეხ სამხედროს ბრალი წაუყენეს

4 დეკემბერს სომხეთში დაბრუნებული 10 ჯარისკაციდან ხუთს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამხედრო მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვარდან ტადევოსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა. უწყებამ ტყვეობიდან დაბრუნებული ხუთი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შუამდგომლობები უკვე წარადგინა. აზერბაიჯანის ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნარეკ იერიმიანის ადვოკატმა კარმენ პოღოსიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დღეს გადაწყვეტილება კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდება.

ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ემანუელ მაკრონის თქმით, ბოიკოტი, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების არყოფნასთან ასოცირდება. „ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. არ ღირს მცირე და სიმბოლური ზომების მიღება, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მუშაობას ვუჭერ მხარს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩინეთში თავისი სამუშაოს განხორციელებაში უნდა დავეხმაროთ, რათა ყველა სპორტსმენი დაცული იყოს და ოლიმპიური მოძრაობის წესებს პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამასთან, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს. ცნობისთვის, ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე დოზის მიღება მეორე დოზიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ახალი მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ ყველა ზრდასრული ადამიანისა და 16-17 წლის ასაკის ჯგუფისთვის მცირდება. „ვაქცინის ერთჯერადი გამაძლიერებელი დოზა მათთვის, ვინც, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე აიცრა, ხელს შეუწყობს კორონავირუსისგან მუდმივი დაცვის უზრუნველყოფას“, - აცხადებენ მარეგულირებელში. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება. 8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

ევროკავშირში თავშესაფრის ევროპული სააგენტო შეიქმნება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას თავშესაფრის ევროპული სააგენტოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათი ინფორმაციით, სააგენტო თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის (EASO) ბაზაზე შეიქმნება. სააგენტოს მიზანი თავშესაფრის მინიჭების სისტემის დახვეწა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გასაწევი ოპერატიული და ტექნიკური დახმარების გაფართოება და საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების შეფასების დაახლოების ხელშეწყობაა. „სააგენტო ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ახალი სააგენტო მიგრაციის შესახებ ახალი პაქტის ფარგლებში იქმნება. პაქტში ასევე წარმოდგენილია ინიციატივები ევროკავშირის გარე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის დაჩქარების თაობაზე.