პოლიტიკა

ალიევი: ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია საქართველოზე გადის, ჩვენი ურთიერთობა კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს რეგიონში. „დიახ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ. აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და პირველი ან მეორე უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი. პირველს ან მეორეს იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი თურქეთია, მეორე წელი - აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გვქონდა საპრეზიდენტო სამიტები, მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების დონეზე. ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია გადის საქართველოზე. ჩვენ გვყავს დიდი აზერბაიჯანული თემი საქართველოში, დაახლოებით - 300 ათასი ადამიანი. ამიტომ, ურთიერთობები შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, იყოს კარგი მაგალითი. ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე არის კარგი მეზობლობის კარგი მაგალითი. თურქეთს შეუძლია, უზრუნველყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა რეგიონისთვის და როგორც ქვეყანა, რომლის დღის წესრიგი ძალიან მკაფიოა, ის იცავს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მაშ, რას აკეთებენ ისინი? ისინი უბრალოდ ითხოვენ საერთაშორისო სამართლის დაცვას. თურქეთის როლი ძალიან პოზიტიურია. და მას შემდეგ, რაც სომხეთთან ომი შეწყდება და პოლიტიკური დარეგულირება მოხდება, დარწმუნებული ვარ, თურქეთის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური,“ განაცხადა ალიევმა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია ეწვია. 24-27 ოქტომბერს, ეუთოს და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე ODIHR-ის და ევროპარლამენტის დამკვირვებლებთან ერთად, დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 26 ოქტომბერს კი, დელეგაცია კენჭისყრის პროცესს დააკვირდება. 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. გარდა ამისა, IRI, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. „მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,“ - აცხადებენ IRI-ში. ორგანიზაციას საქართველოში ჯამში 48 დამკვირვებელი ეყოლება. მათგან 28 - მოკლევადიანი, 20 კი - გრძელვადიანი. „მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს“, - ამბობს ჯონ შიმკუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი. IRI-ის სადამკვირვებლო მისია მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.​ ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. საარჩევნო პროცესს ჯამში დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.“ „ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი, 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge. „გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს იმართება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.

"ატლანტიკური საბჭო" საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე მეტ სიცხადეს ელის

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო" თავისი ქართველი თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვლენების ამგვარი განვითარება ღრმად შემაშფოთებელია. "ატლანტიკური საბჭო" საქართველოს ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას ელის. „24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში რეიდი ჩაატარეს “ატლანტიკური საბჭოს” ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის [DFR Lab] ორი თანამშრომლის სახლში და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ბრალი არ წაუყენებია. “ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ზეგავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას და სხვა ზიანს. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა. “ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი. "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. „ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტის გრამ ბრუკის სახელით ავრცელებს. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის ტექნოლოგიურ პროგრამებსა და სტრატეგიებზე და ამავე დროს არის ხელმძღვანელი იმ პროგრამისა (Digital Forensic Research Lab (DFRLab), რომლისთვისაც ქართველი მკვლევრები მუშაობენ. "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრების სახლების გარდა, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ კომპანიაში. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ე.წ. ქოლცენტრების საქმის ძიების ფარგლებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. ამერიკული ორგანიზაციის მკვლევრებსა და „ქოლცენტრების“ საქმეს შორის კავშირზე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.  

პრეზიდენტი: არანაირი რევანში არ იქნება, მიდით არჩევნებზე

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. „პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს - ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს...და მათი ხმა ხვალ გაისმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება. მინდა, წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის. მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!“ ამბობს პრეზიდენტი. არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარლამენტს სრულად პროპორციული სისტემით პირველად აირჩევენ. მანდატები ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.  

„იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში“ - საელჩო

იტალიის საელჩოს განცხადებით, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024: იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში,“ წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან  

„გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“ - პრეზიდენტი არჩევნებზე, „ქართულ ქარტიასა“ და რუსეთზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 24 ოქტომბერს გამოეხმაურა ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანას წინასაარჩევნოდ. ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე. პრეზიდენტმა კითხვას ასე უპასუხა: "მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკოს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს არჩევნების რეალური შედეგები და ყველა კმაყოფილი იქნება." 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც. პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლების ჩხრეკა "ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა", რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს.  "ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია [დაშინება] არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ურნაში, როგორადაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს," - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ომავალში კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა გულისხმობს სწორედ იმას, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა, საარჩევნოდ ადამიანების ძალით, ხვეწნით თუ ფულით გაყვანა მიტინგებზე. „ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მიმართა საჯარო მოხელეებსაც. „არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხებოდა. „ისე არ ვიფიქროთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და სწორედ ასეთი ზეწოლის შედეგად ჰყავთ ამომრჩევლების ასეთი ჯგუფი, მაგრამ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, აგიტატორების გარეშე, კოორდინატორების გარეშე, მიკროავტობუსების გარეშე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე და მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა, მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ ერთპარტიულობიდან გადავდივართ მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება და ბევრად უფრო გათავისუფლებული იქნება ეს გარემო,” - აღნიშნა პრეზიდენტმა. „ქართული ქარტია“ და რუსეთთან ურთიერთობა „ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას“ - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა IPN-ის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის, უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. იგულისხმება პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები და სანქციების დაწესება-არდაწესების თემა.“ „არ მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებზე. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის.“ „მე არ ვარ მზად, ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომ ჩემი ხედვა არის ერთადერთი და მართალი“ „ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის,“ ამბობს პრეზიდენტი შეკითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარადგინა პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე. “დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე, როცა შედიხარ დიალოგში, უნდა მოისმინო სხვისი აზრი და გაიგო, რატომ აქვს ეს პოზიცია. ეს არის ის, რაც მოხდა. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი. ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის. ქარტიაში წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ასეც იქნება, ამის შემდეგ, ცხადია, ყველაფერში იქნება კონსულტაციები, საუბრები და ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, გადაზღვევის მექანიზმები, პრეზიდენტმა ამ შეკითხვაე პასუხისას აღნიშნა, რომ რუსეთს მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის თავის სასიკეთოდ გადაკეთება სურდა, თუმცა იგივე გავლენები და ბერკეტები რუსეთს საქართველოში არ აქვს. „რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო. რუსეთმა მისთვის ბევრად იოლ პირობებში ვერ შეძლო თავისი ჩარევით, მოლდოვის რეფერენდუმის თავის სასარგებლოდ გადაკეთება, საქართველოში რუსეთს ბერკეტები და გავლენები არ აქვს, რაც შეეძლო მოლდოვის შემთხვევაში გამოეყენებინა, ასე რომ, ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს. ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია.“ “გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების გარდა, სხვა ყველაფერს გამორიცხავს. პრეზიდენტმა ამით უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარანტიებს ეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არანაირი კონკრეტიკა არ არის. „მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს. გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის.“ „რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შესაძლებელია“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ელიტებში, პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. მისი შეფასებით, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება. „არ ვფიქრობ, რომ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი. ჩვენ ვნახეთ არჩევნებისთვის ძალიან მშვიდი, მოსამზადებელი პერიოდი. მე ვხედავ, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია ვიდრე ელიტებში, მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. ძალადობრივი ტერმინები, გასამართლებით დამუქრება, პრეზიდენტის ჩათვლით, რომელსაც მეორეჯერ იმპიჩმენტს უპირებენ. არ ვფიქრობ, რომ ხვალ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიქნებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ ხმების გონივრული და მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ უნდა შევიდეთ სხვა ტიპის პოლიტიკაში, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება, რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არც მეორე ფრონტი და არც ისინი, ვისაც, მმართველი პარტიის თეორიების თანახმად, საქართველოში ამ მეორე ფრონტის გახსნა სურს. „არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი – მოსკოვში. ხალხში, არც ოპოზიციაში და არც სხვადასხვა ძალაში, ომის მომხრე არ არის.“  

მოლდოვის რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი - რამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე

მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს. „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა დადებითად უპასუხა. 49.54-მა - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. მედია წერს, რომ ეს დადებითი შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალ კიშინიოვში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მასშტაბით, უბნების 85%-ის მონაცემების დათვლის შემდეგ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის შიგნით მდებარეობს, პასუხის - "დიახ" მხარდაჭერა მხოლოდ 45%-ს ოდნავ აღემატებოდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, შედეგი ევროპელული ინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც უცხო ტერიტორიებიდან დაიწყო მონაცემების მოწოდება, სადაც პროევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. ყველაზე პრორუსულ რეგიონ გაგაუზიაში - რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი 95%-მდე ამომრჩეველმა გასცა. კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ პუნქტს საზღვარგარეთ მხარი ამომრჩეველთა 76,96%-მა - 181254-მა მოქალაქემ დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ამომრჩეველთა 23,04%-მა - 54249 მოქალაქემ იყო. საერთო ჯამში, რეფერენდუმში ხმა 1 488 874-მა მოქალაქემ მისცა. მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ კრემლშიც, კერძოდ, პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი მტკიცებით, „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე.“ „ეს ყურადღებას იპყრობს,“ ამბობს პესკოვი. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით.“ მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და განაცხადა, რომ ეს არის „სირცხვილი.“ შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა

23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. მმართველი პარტიის ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართნენ. წინა რიგებში იდგნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი („ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-10 ნომერი), პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები. "მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მანვე დასძინა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, რომ "ვიწროპარტიული ინტერესების გამო, საქართველო საბრძოლო პოლიგონად" იქცეს. „ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა თუ ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის ნულიდან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!,“ - აღნიშნა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ იმ მიზნებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შედეგად სურთ. „საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს!,“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის "სატელიტ პარტიებს." „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რეგიონებიდანაც ჩავიდნენ მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები და საჯარო მოხელეები.

ჰელსინკის კომისია: უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან თავისი დემოკრატია

23 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ, რომლის წევრებიც ორივე პარტიისა და ორივე პალატის წარმომადგენლები არიან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად. კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაისში "მეგობარი აქტი" წარმოადგინა, მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ივლისში დაუჭირა. კანონპროექტის ინგლისური სახელის აბრევიატურაა: "MEGOBARI." „მაისში შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღსანიშნად, ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარმოადგინეს "მეგობარი აქტი", ორპარტიული კანონი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად," - წერია კომისიის განცხადებაში. 22 ოქტომბერს კი სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან ერთად წარმოდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს - ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მხარდამჭერები და თანასპონსორები დაემატა, კიდევ 10 სენატორი. „სენატორები შაჰინი და რიში აცხადებენ, რომ დამატებით 10 სენატორს სურს ორპარტიული "ქართველი ხალხის აქტის" თანასპონსორობა. ეს კანონპროექტი გულისხმობს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წევრებისგან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დაწინაურების, თუ მისი დამტკიცების ძალისხმევისთვის," - ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.  

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან.“ ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით ამერიკული კვლევითი ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას. ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა. სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე ასევე ადასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია: 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას; 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  გამომძიებლები ასევე მუშაობდნენ ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისშიც. ოფიციალურად ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა ზემოთ ხსენებულ გამოძიებას. „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს,“ განუცხადა დღეს მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.  

ევროკავშირის ელჩი: გთხოვთ, წადით არჩევნებზე და გთხოვთ, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ევროკავშირის მხარდამჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, იყო "სიამაყის, სიხარულის, ეს იყო ბედნიერების დღე", ვინაიდან თბილისის ქუჩებში იყო უამრავი ადამიანი და ევროკავშირის უამრავი დროშა. ელჩმა განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და შესაძლებლობები საქართველოში. „კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩმა ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. „ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს. „ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს,“ - აღნიშნა ელჩმა. ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა. „როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი,“ - აღნიშნა ელჩმა. „სხვისი არავისი არის - საქართველო არის შენი, წინ საქართველო, წინ,“ - განაცხადა ელჩმა ქართულ ენაზე მიმართვისას. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, „ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ.“  

ივანიშვილი არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. „საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა.“ „ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება, ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არაერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს,“ - ამბობს ივანიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.“ „რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ, კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ,“  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა სინგაპურის სასამარლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო." „რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით, მე პირადად, აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული," - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მან ასევე ისაუბრა არჩევნების შემდეგომ დღეებზეც და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი." „დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს იმართება.    

მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა (751235ხმა) დადებითად უპასუხა. 49.54-მა (737639 ხმა) - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. (მასალა განახლდა საბოლოო მონაცემებით). რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ქვეყანას ევროპული მომავალი სურს. მან მოლდოვას და სანდუს წარმატება მიულოცა. „მოლდოველმა ხალხმა თქვა: ჩვენი ევროპული ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში აისახება. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის ასაშენებლად,“ დაწერა თავის მხრივ, მაია სანდუმ X-ზე. ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, ქვეყნის ტეროტორიაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -  გაგაუზიაში დაფიქსირდა (ავტონომიური რეგიონი, რომელსაც პრორუსი ხელმძღვანელი ჰყავს) (5,16%), ტარაკლიას (13,15%), ოკნიციას (21,06%), დონდუშენის (271,6%) და ბრიჩენის რაიონში (28,63%). %). ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი იალოვენის რაიონში (67,70%), სტრასენის რაიონში (62,37%), კალარაშის რაიონში (60,46%), კრიულენის რაიონში (60,20%).     ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. რიშკანის სექტორში (კიშინიოვის მუნიციპალიტეტი) ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 53.03%-მა (34617) "დიახ", 46.97%-მა კი "არა" (30667) დააფიქსირა. ხსენებულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ცენტრუს სექტორში ერგო: 58.30% (25913). რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დათვლილია ხმების 99,73%. პროევროპელმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო და მე-2 ტურში მისი მეტოქე იქნება პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც ამომრჩეველთა 25,98%-მა დაუჭირა მხარი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო. „არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმას, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოლდოვiს რესპუბლიკა ჰიბრიდულ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული კურსისთვის,“ ამბობს მოლდოვის ელჩი რუმინეთში ვიქტორ ჩირილა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. ასევე წაიკითხეთ: ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

სტანო: ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან, ვიდრე ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, კერძოდ, მოლდოვასთან და საქართველოსთნ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. „ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობასთან, ბოლო დრომდე, ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ოფიციალური პირებისგან მოდის, მთავრობის წევრებისგან. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ, მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.  

NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი. „ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ,” – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან. „დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში. არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება,“ – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით. „ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის ადგილი გლობალურ არენაზე. ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული,“ – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პერ ეკლუნდი. ცნობისთვის, NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელებს. „NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება. ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი, იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ,” – განაცხადა დოქტორმა ვიტესმა. სადამკვირველო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.  

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები: საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის. მინისტრები საქართველოს ხელისუფლებისაგან მოელიან, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. „საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და - რაც მნიშვნელოვანია - ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი - ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბევრს მიაღწია - 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების მანძილზე საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს. ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს. მოდით, ერთი რამ განვმარტოთ: ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში - ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედია-ლანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ: ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჰაჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიმონას შატუნასი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში ქსავიე ბეტელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ინეშ დომინგოსი პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში იოაკიმ სტრანდი ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იესიკა როსენკრანცი შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი  

“მოდის ახალი საქართველო“ - პრეზიდენტი ევროპულ მარშს შეუერთდა

არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეებს მიმართა. „დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა, მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავ.“ არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება.“ არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ, ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე მიმართა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს. „დღეს იმედი მაქვს, რომ იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის - ჩვენ ვიცით, რომ ის იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.“ ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც. „მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა, ამ დღეებში თქვენთან გავიგო რაიმე „თუ ან რომ.“ ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდებოდა.  

პრეზიდენტი: ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში.“ მე ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია (სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი) რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. ეს, ამ შემთხვევაში, თქვენ, ყველას, იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა ევროპაა, აძლევს საშუალებას, რომ თვითონ თავისი გემოვნებით აირჩიოს და იმის მიხედვით, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე. ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე. ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერებულობის მეორე მიზეზი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც დგანან ჩვენ გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. „დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, არამხოლოდ ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა - დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის გაყინული დახმარებები. ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა! ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანისათვის, სადაც საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი გადაწყდება. მე აქ ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები, იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო ჰქვია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს

17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. „რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა. უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

„მსგავსი მოქმედების კურსი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“ - ევროპული საბჭოს დასკვნა

ევროპული საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ასეთია: 45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. 46. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს. 47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს. 48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა.