პოლიტიკა

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა. შესაბამის განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ,“ - ნათქვამია განცხადებაში. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პირველი აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და ის საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ამასთან, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია.“ „ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.  

ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი დახვდა. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს პირველ აპრილს ეწვეოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხურ-რუსული მოლაპარაკებები შედგება, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების საკითხებს განიხილავს. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ  

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. „ილია დარჩიაშვილი 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2017-2021 წლებში - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში." ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო თანხმობა“, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა. „მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა. ცნობისთვის, 2026 წლის 9 თებერვალს სომხეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა დაგეგმილ არჩევნებში. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში. „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას.“  

თურქეთმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობას საბრძოლო მასალა გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საბრძოლო ტყვია-მასალა გადაეცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღება-ჩაბარების ცერემონია ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „შესაბამის აქტს ხელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თურქეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ილჰან ოქთენდურალიმ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებულ სასროლეთზე გადაინაცვლეს, სადაც საჩვენებელი სროლა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანებიც გადასცა,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა წერია NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, მოკავშირეებმა NATO-ს მიერ საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს.“ „შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის, „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობა ხელახლა განისაზღვრა,“ - ნათქვამია მარკ რუტეს ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რასაც მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წვრთნები ადასტურებს. „თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს,“ - წერია რუტეს ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში NATO-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდა, რათა თავდაცვის შესაძლებლობები და ალიანსთან თავსებადობა გაიზარდოს. ანგარიშში ასევე საუბარია კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე, რომელიც თავდაპირველად, 2007 წელს შეიქმნა. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში გრძელდებოდა პარტნიორებისთვის სტრატეგიული რჩევების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მიწოდება - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებისთვის, კარგი მმართველობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის, თავდაცვის რესურსების მართვის გაძლიერებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით.  „2025 წელს პროგრამამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, რომელიც ფოკუსირებული იყო NATO-უკრაინის ურთიერთქმედებასა და თავდაცვის შესყიდვებზე. აქტიური მხარდაჭერა ასევე გაეწია სომხეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოლუმბიას, საქართველოს, ერაყს, იორდანიას, მოლდოვის რესპუბლიკასა და ტუნისს.“    

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში. პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კობახიძის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, „რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.“ „ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში. მსურს, პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

ერდოღანმა ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სასულიერო ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ  

ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი სომხეთში 7 ივნისის არჩევნების წინ, საფრთხეებთან გასამკლავებლად ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია. ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთს მარტო უცხოური ჩარევის წინაშე. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ევროპაზე დაყრდნობა,“ - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2025 წლის დეკემბერში კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირის დახმარება ითხოვა 2026 წლის საყოველთაო არჩევნების წინ „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მედია: სომხეთმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირს ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა  

NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა. ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ალიანსის პოლიტიკის გატარებაზე ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. ის ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. ალიანსის ცნობით, ჰამილტონი კანადის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატია, 2023 წლიდან 2026 წლამდე ის თურქეთში კანადის ელჩად მუშაობდა, ამავე დროს, აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ელჩად მუშაობდა (2016–2020). 2020 წლიდან 2023 წლამდე, კანადის გლობალურ საქმეთა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა, პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, NATO-სა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე, შეიარაღების კონტროლზე. 2013 წლიდან 2016 წლამდე, ჰამილტონი აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი იყო - მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანასთან, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კევინ ჰამილტონი 2010 წლიდან 2013 წლამდე  ლიეტუვაში კანადის საელჩოს მისიას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ესტონეთსა და ლატვიაში გახლდათ აკრედიტებული. მისი ადრინდელი თანამდებობები მოიცავდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას კანადის უმაღლეს კომისარიატში, გაერთიანებულ სამეფოში; იყო კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკის დაგეგმვის საკითებში შტაბის დირექტორის მოადგილე. ასევე მუშაობდა კანადის საელჩოებში, თელ-ავივსა და სარაევოში. ჰამილტონის წინამორბედი ხავიერ კოლომინა 2024 წლის ივლისში დაინიშნა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. კოლომინა 2021-2024 წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).  

რა წერია ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში საქართველოს შესახებ

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, რომელშიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული, რეკომენდაციებია მოცემული. მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი მთავარ მიგნებებს შორისაა მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, თქმა, რომ ძალადობა წამების დონეს აღწევდა), გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენის სრულ დაუსჯელობასთან. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა, მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. „მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას. მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება იმ პირების სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის წინაშე დგანან რაიმე ფორმის განსხვავებული აზრის გამო,” - ნათქვამია ანგარიშის წარდგენაში. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკას: თავისუფალი არჩევნების შესახებ: ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მოწვეულ იქნან გარე დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთოს/ODHIR-ის მისია) მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მოწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რათა ODHIR-მა შეძლოს საარჩევნო მისიის შინაარსიანად განხორციელება. თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისა და დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიებისგან. თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან. უკან გაიწვიოს ამჟამად განხილული განაცხადები. უკან გაიწვიოს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ თვითნებურად წაყენებული ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე). რეკომენდაციები ეუთოს წევრ სახელმწიფოებს: მოითხოვეთ და მხარი დაუჭირეთ რეკომენდაციების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ. უზრუნველყავით მოსკოვის მექანიზმის დასკვნების სისტემატური მონიტორინგი, მათ შორის, პერიოდული განხილვის გზით მუდმივ საბჭოში. განიხილეთ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხი იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ანგარიშში აღწერილი განსაკუთრებით სერიოზული დარღვევებისთვის. გააგრძელეთ ძალისხმევა ყველა შესაბამის სუბიექტს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. განათავსეთ არჩევნების სადამკვირვებლო მისია მომავალი არჩევნებისთვის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. განიხილეთ ეუთოს ოფისის გახსნა საქართველოში. მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებას: მხარი დაუჭირეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტირებას. განიხილეთ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი პირების და მათი პასუხისმგებელი ზემდგომი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის საკითხი ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით. უზრუნველყოთ დაცვა და დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუწიათ ქვეყნის დატოვება, მათ შორის, საერთაშორისო დაცვის მინიჭებით, სადაც ეს შესაძლებელია, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დაზიანებებისა და ტრავმების მკურნალობის გზით. მხარი დაუჭირეთ ადამიანის უფლებების დამცველებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ და იცავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობით. მხარი დაუჭირეთ საქართველოს საჭირო სამართლებრივი რეფორმების დანერგვის მიზნით. ხელი შეუწყვეთ გაეროს სპეციალური პროცედურების ჩართვას ადამიანის უფლებების დაცვაში; განიხილეთ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის დაარსება საქართველოში. გაეროს სპეციალურ პროცედურებსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს, სხვა მექანიზმებს შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფი (WGAD) - განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან არ არსებობს ეროვნული საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა. ბ. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სპეციალური მომხსენებელი, გ. აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ხელშეწყობისა და დაცვის სპეციალური, მომხსენებელი, დ. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების სპეციალური მომხსენებელი, ე. ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი, ვ. მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის სპეციალური მომხსენებელი, ზ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების სპეციალური მომხსენებელი, თ. უმცირესობების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი, ი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სპეციალური მომხსენებელი, კ. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, კ. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების, სპეციალური მომხსენებელი, ლ. ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის სამუშაო ჯგუფი, ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის მოთხოვნის საკითხი, რათა დააზუსტონ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის IX მუხლის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის წარდგენის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) 33-ე მუხლის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე, სხვა ორგანოებს, როგორიცაა ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, შეუძლიათ, განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და მომავალ პროცესებში ჩარევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შეუძლიათ, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების აღსრულებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ წამების წინააღმდეგ კომიტეტისთვის სახელმწიფოთაშორისი შეტყობინების წარდგენის საკითხი. წამების წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საერთაშორისო სასამართლოში განაცხადის წარდგენის საკითხი. წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, ასევე გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა (SPT), განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ვენეციის კომისია უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კანონპროექტების შემდგომ შეფასებაში. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. ევროპის საბჭოს (ევროპის საბჭოს) ადამიანის უფლებათა კომისარს შეუძლია, განიხილოს მისიის გაგზავნის საკითხი საქართველოში. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოსთხოვოს საქართველოს, წარმოადგინოს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა კონვენციის (ადამიანის უფლებათა კონვენციის 52-ე მუხლი) ნებისმიერი დებულების ეფექტურ განხორციელებას. ანგარიშში საკანონმდებლო რეფორმებთან დაკავშირებით ნათქვამია: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა იქნას გაწვეული. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მათი შეუსაბამობის მასშტაბის გათვალისწინებით, მომხსენებელს არ მიაჩნია, რომ გამიზნული შესწორებებით შესაძლებელია მათი ამ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადაწყვეტს, არ გაიწვიოს ეს კანონები, ისინი, როგორც მინიმუმ, შესწორებულ უნდა იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად. ეს, კერძოდ, ნიშნავს ვალდებულების ამოღებას მგრძნობიარე ინფორმაციის გამჟღავნებაზე იმ სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ კანონმდებლობას ექვემდებარებიან; აღნიშნული კანონების დარღვევებისთვის ჯარიმების შემცირებას; “უცხოელი პატრონების აგენტებად” რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვნად შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, ნამდვილად მოქმედებს თუ არა უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონების ენა გაცილებით უფრო კონკრეტული უნდა იყოს; მსგავსად, “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ბოლო დროის შესწორებები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და სამაუწყებლო მასალის შეზღუდვებს ეხება (54-ე მუხლი) უნდა გაიწვიოს; “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონი” უნდა გაიწვიოს. ეს კონკრეტულად, მაგრამ არამხოლოდ, ეხება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების ‘პოპულარიზაციის’ აკრძალვას, მათ შორის, შეკრებებით, გენდერის დამამტკიცებელი მოვლისა და პირაპობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის მარკერების შეცვლის აკრძალვას; სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა შევიწროვდეს და უფრო კონკრეტული გახდეს, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც შესაძლებელს ხდის TFI-ისა და FARA-ს ფარგლებში მოქცეული პირების სისხლისსამართლებრივად დევნას მთავრობის უბრალო კრიტიკისთვის; რეგულაციებმა, რომლებმაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის სრული აკრძალვა შემოიღეს, უნდა გაიწვიოს. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების თავისუფლებას (როგორებიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები) უნდა გაიწვიოს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივის წესრიგის  მოსაზრებებს შორის; უმაღლესო განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია უნდა იყოს დაცული.  

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას.“ ევროპარლამენტი „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია.“ ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“. ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს, მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება.“ რეზოლუცია „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი.“ დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“. ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ.“ ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე.“  

აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება გაძვირდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღარ აიკრძალება ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა. ნაცვლად ამისა, დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება ახალი ტარიფით ძალაში პირველი აპრილიდან შევა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა  

ფაშინიანი: ნამდვილად გვაშფოთებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ხსენების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვას, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა.“ „თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს  

ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

ოთხშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ფაშინიანმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ 2023 წელს ევროპარლამენტში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი - თუ არა ათასწლოვანი - მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა. „ამ ცვლილებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის განზრახვას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები აშშ-ის შუამავლობით დაფინანსებული TRIPP ინფრასტრუქტურის პროგრამის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას და აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების საკითხს - კანონის მიღებას, რომლებიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ასახავს (...) „ახლა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.“ მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. „საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.  

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე „ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე.“ საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს  

ფაშინიანი: ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის

სომხეთი მზადაა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საგზაო კავშირი კორნიძორ-გორისის-ეღეგნაძორის, ერასხის მარშრუტით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს, სტრასბურგში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, რადგან ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი არსებული საგზაო ქსელით. ჯერჯერობით არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა. ვვარაუდობ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს TRIPP პროექტის განხორციელება. მე ამ ტრიბუნიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. ასევე მსურს ვთქვა, რომ სომხეთი დღეიდან მზად არის, უზრუნველყოს საგზაო კავშირი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორის, გორისის, ეღეგნაძორის და ერასხის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.   ეს წინადადება არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად ვაშინგტონის შეთანხმებების დაყოვნებას, ჩაშლას ან დავიწყებას, და ამას ოფიციალურად ვამბობ. ჩვენ ამ წინადადებით გამოვდივართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას ოდნავ ალტერნატიული გზით ვიყენებთ.   ისევე როგორც აზერბაიჯანი ელოდება კავშირის დამყარებას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ჩვენც ასევე ველოდებით სარკინიგზო კავშირის დამყარებას სომხეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით. ამ რკინიგზას სომხეთისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. სომხეთის მთიანი რელიეფი სხვა გზით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის საშუალებას არ იძლევა. როგორც ხედავთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლოდინები ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.   ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულებაც გახდება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების ფასების დაწევა ჩვენს ბაზარზე და დაამსხვრია ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „ისტორიული შესაძლებლობაა, დავძლიოთ პრობლემები“ - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა  

კოშტა და ალიევი: ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ

ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააღრმავებენ, მათ შორის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ. განცხადების თანახმად, თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში. “ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმით პრეზიდენტებმა ერთგულება გამოხატეს კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, რაც ბოლო დროის მაღალი დონის შეხვედრების დადებით იმპულსს დაეყრდნობა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში… პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ერთგულება ახალ, ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად ბოლომდე მიყვანისადმი, რაც მყარ იურიდიულ ჩარჩოს შექმნის, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისადმი,” - ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივი განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს განახლებული “აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” მიღების მნიშვნელობას, ასევე, დიალოგის არსებული მექანიზმების, მათ შორის “ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს” სრულად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო წინ წაწიონ ორმხრივი დღის წესრიგი ყველა სფეროში. მხარეები მიიჩნევენ, რომ "ენერგოუსაფრთხოება ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედია" და რომ აზერბაიჯანს უკავია "ცენტრალური ადგილი" ევროკავშირის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაში, რაც აქტუალური გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა. დღეს კი, ირანში ომის ფონზე, აზერბაიჯანის როლი ამ მხრივ კიდევ უფრო იზრდება და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობაში: "ირანში ომის გამო ენერგობაზრების რყევის ფონზე, ჩვენი პარტნიორობა ენერგოსფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი მზად არის აზერბაიჯანის ენერგოტრანზიტის მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციებისა და ფინანსების მობილიზაციისთვის." საუბარი იყო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც კოშტას შეფასებით, "სტრატეგიული შესაძლებლობაა ახალი სატრანსპორტო კავშირებისთვის" და რომ ამ კონტექსტში არსებით მნიშვნელობას იძენს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირი." ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და აზერბაიჯანის როლს: "ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიან, სტაბილურ, ურთიერთდაკავშირებულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის რეგიონული როლი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა." 2028 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. მომდევნო თვეებში კი ის ბრიუსელშია მიწვეული.  

ო’სალივანის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა, - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. „ძვირფასო მინისტრო ბოჭორიშვილო, მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. დღემდე, ევროკავშირმა სიაში შეიყვანა 605 გემი, კერძოდ, ტანკერები, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელ და შეცდომაში შემყვან გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში 40-მდე გემის დამატებით. გემები სანქცირდება საბჭოს (EU) 833/2014 რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს ტანკერები მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკაში იყვნენ ჩართულნი. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლისთვისაც ევროკავშირს შეუძლია გემების მიზანში ამოღება. სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ახორციელებენ“, - აღნიშნულია წერილში. დევიდ ო’სალივანი განმარტავს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების დასანქცირებით; ის მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე. „ევროკავშირი მუშაობს რუსული ენერგეტიკაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაზე და რუსეთისგან ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობების გაძლიერებაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ჩვენი სანქციების ეფექტურობას მათი გვერდის ავლის გზით. ამ მხრივ, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საქართველოში მდებარე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებებს, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსული ნედლი ნავთობისა და ასეთი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული პროდუქტების ფასების ლიმიტისა და ევროკავშირის მიერ იმპორტის აკრძალვების დაცვით. ეს ვალდებულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ სიტუაციის განხილვის პროცესში და საბოლოოდ განაპირობა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში არ შეყვანა“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით. „აღვნიშნე, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს უარი უთხარით საქართველოს პორტში შესვლაზე. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ კუთხით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი სენსიტიური საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები მესამე ქვეყნებში არსებული იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქციების სიაში შესატანად, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს იყენებენ. „ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები, რათა ჩამონათვალში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდების სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR), ან უფრო ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებს ჩვენი სანქციების მოქმედებას ან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ შეიძლება, ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისროთ. თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიც ყურადღებით გაკონტროლდება და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს სანქციებს ძირი არ გამოეთხაროს. გთავაზობთ, რომ რუსეთის სანქციებთან მომუშავე ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა ვიდეოკონფერენცია მოაწყონ ზემოთ ხსენებულ ყველა საკითხზე ინფორმაციის გასაზიარებლად. მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის და მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - აღნიშნულია წერილში.  

ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ამოცანა არასდროს დაუსახავს და ერევნის მიდგომაა, იხელმძღვანელოს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი არც მომავალში დაისახავს მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ან რუსეთის ინტერესების დაზიანებას. „სომხეთის მიდგომა ყოველთვის არის შემდეგი: იხელმძღვანელოს ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებით,“ - განაცხადა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ დღის წესრიგში რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დგას. ჟურნალისტის სიტყვებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მიდის დასავლეთისკენ, სომხეთის პრემიერი ასე გამოეხმაურა:  „მე არ მახსოვს, ოდესმე განმეცხადებინოს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. ჩვეულებრივ, მე ვამბობ, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ...დიახ, სომხეთმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, და მე ამ საკითხზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც გამომითქვამს აზრი: ჩვენ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ გზის იმ წერტილში არ ვართ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას კეტავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას ბლოკავდეს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიმოძრაოთ, რომ თვალთახედვის პრობლემა არ გვქონდეს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.