პრემიერი: დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან

მთავრობის დამტკიცების შემდეგ თუ შედგა რომელიმე ევროპელ პარტნიორთან წერილობითი, სატელეფონო ან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია. ამ საკითხით დაინტერესდა მედია დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართიულ ბრიფინგზე. 5 დეკემბერს, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


„ჩვენ დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ყველამ უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა. დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, პრემიერის თქმით, მთავრობა მოლოდინის რეჟიმშია: „იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია.“


ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.



როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი აქციაზე ფეიერვერკებითა და აირწინაღებით ჩნდება. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“


5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.


უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“


  • „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.  


29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.


პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“


5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.