პოლიტიკა

პოლ გობლი: რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურების საკითხზე Europetime-ს ესაუბრა. პოლ გობლი საარჩევნო მექანიზმების შექმნას გამორიცხავს და რუსეთის მიერ არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას ვარაუდობს. „ჩემი აზრით, რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება, (როგორიცაა: დეზინფორმაცია,პროპაგანდა) ვიდრე აამოქმედებს საარჩევნო მექანიზმებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მისცენ ბიძგი. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამის სჯერათ, სხვები ამ იდეის პოპულარიზასიისთვის ამა თუ იმ გზით არიან წახალისებულნი“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა. ის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს/ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად. საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.

პუტინი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან შედარების აკრძალვის იდეას ემხრობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოიწონა იდეა ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის შედარება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რია ნოვოსტის ცნობით, კანონის გამკაცრების ინიციატივით დუმის სათათბირო კომიტეტის ხელძღვანელი კულტურის დარგში, ელენა იამპოლსკაია გამოვიდა. მისი აზრით, როცა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზეა საუბარი, რუსეთს კანონის გამკაცრების მორალური უფლება აქვს. "ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული, ღმერთი თავადაც ისურვებდა, ჩვენი უახლესი წარსული შესაბამისი მექანიზმებით დაგვეცვა", - განაცხადა პუტინმა. ინიციატივის ავტორის, ელენა იამპოლსკაიას თქმით, რუსეთში იბეჭდება და ახალგაზრდებს შორის პოპულარულია წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებების შედარება ხდება. მისივე თქმით, ის შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა.

პომპეომ მალდივის კუნძულებზე აშშ-ს საელჩოს გახსნა დააანონსა

28 ოქტომბერს აშშ-ს საგარეო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი პირველად მალდივის კუნძულებზე საელჩოს გახსნის. პომპეოს ამჟამად ხუთ-დღიანი ტურნეთი იმყოფება ინდო-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონში ჩინეთის ბალანსის მიზნით. "ამ შენობის გახსნა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, თუმცა ეს ამად ღირს". - განაცხადა პომპეომ მალდივის კუნძულებზე პრესკონფერენციაზე. "ეს სწორია. თქვენი როლი ინდო-წყნარი ოკეანეთის და საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. პომპეომ ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებებზე და ინდონეზიაში ტურნე 25 ოქტომბერ დაიწყო. ტურნეს დაწყებამდე მან მოლოდინი გამოთქვა, რომ შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს თუ "როგორ უნდა იმუშაონ თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავიდან აირიდონ". ინდოეთში ვიზიტისას მან თქვა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე. შეგახსებენთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალი მზარდ საფრთხესთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ შორეულ აღმსავლეთში აშშ-ს ლიდერობით სამომავლოდ NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

მამუკა მდინარაძე: არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობისთვის ემზადება

„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში და ზუსტად იციან, დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ. „ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც მათ „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კელი დეგნანი: ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მისცენ ხმა

"ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. „საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მან ვალდებულება აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწვიანებისთვის, რაც ნატო-სა და საქართველო-ნატოს კომისიათან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“,-განაცხადა დეკნანმა. ელჩის განმარტებით, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესებს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო. ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას“,-განაცხადა დეგნანმა. ელჩის თქმით, ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. „ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა დავინახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“,-განაცხადა დეგნანმა.

ლავროვი COVID ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი Covid ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა. ლავროვმა დაგეგმილი შეხვედრები გადადო. 27 ოქტომბრიდან რუსეთში როსპოტრებნადზორმა თითქმის ყველა საჯარო ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო გახადა. რუსეთში, ასევე, რესტორნები და ბარები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიკეტება. 27 ოქტომბერს რუსეთში 16 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 320 პაციენტი. ჯამში დადასტურდა 1 547 774 შემთხვევა და გარდაიცვალა 26 589 ადამიანი.

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს"

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო აშშ–ის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩეს", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა. მისივე თქმით, "31 ოქტომბრისთვის დაგეგმილმა საპარლამეტო არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს". "გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.

ტრამპი, ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების განახლებით, იმედგაცრუებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლება, მას შემდეგ რაც, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, იმედგაცრუებას იწვევს. ”დიახ, იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამას ვხედავთ,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში. ტრამპი იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში, 26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან მუშაობენ კიბერთავდასხმის წყაროს დასადგენად. ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე არ დამუქრებია, რადგან ასეთი მონაცემები არ ინახება ვებპორტალზე. ამჟამად ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

"პოლიციას დავალება ჰქონდა, წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმისას პოლიციელებმა მიიღეს პირდაპირი დავალება რომ „წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო“, რაც მათ პირნალთად შეასრულეს. პრემიერის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოში ყაჩაღობების ფაქტი ყოველდღე ხდება. „საერთოდ, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ჯანმრთელობას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგი ტელევიზია ან პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვენტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამორალურია. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, სიცრუეა. სპციალურ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო, კონკრეტული დავალება იყო ის რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს პირნათლად. ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

"NDI-ს ახალ დასკვნაში საუბარია ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა დაშინების კუთხით", – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ​ "NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს, ვინაიდან ის წვლილს შეიტანს უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული კანონმდებლობის შექმნაში, თუმცა, დოკუმენტში, ასევე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და პოლიტიზებული სასამართლოს კუთხით.NDI-ს ხელმძღვანელმა პირებმა და არჩევნების ანალიტიკოსებმა დღეს ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან ერთად საქართველოს საარჩევნო სისტემის უახლესი ანგარიში განიხილეს. NDI-ს ღრმა ექსპერტული ცოდნა, რომელსაც USAID უჭერს მხარს, არსებითი ნაწილია აშშ-ის საელჩოს ფართო ძალისხმევისა, დაეხმაროს ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში", –ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველლში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

"აშშ და ინდოეთი უნდა ფოკუსირდეს ჩინეთისგან მომავალ საფრთხეზე"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ,უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. ინდოეთში პომპეო და თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. "დღეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენნაირი ორი დიდებული დემოკრატიისთვის, რომ დაახლოვდნენ... რა თქმა უნდა, ბევრად მეტი საქმეა გასაკეთებელი. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი: ჩვენი კავშირი პანდემიაზე, რაც ვუხანში წარმოიშვა, [კავშირი] რომ შევეწინააღმდეგოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, რათა წავახალისოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში". – თქვა პომპეომ. ესპერმა განაცხადა, რომ მათი მთავარი ფოკუსი ახლა არის ის, რომ მათი კავშირის ინსტიტუციონალიზება და რეგულარიზაცია მოხდეს, რათა შეხვდნენ გამოწვევებს, დაიცვან თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის პრინციპები. ამ თვეში ინდოეთმა საზღვაო წვრთნებში, რომელსაც აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად ყოველწლიურად ატარებს, ავსტრალიაც მოიწვია. 27 ოქტომბერს მხარეები ხელს მოაწერენ სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე. ჩინეთი გმობს პომპეოს ბრალდებებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჭაო ლიძიენი, მას მოუწოდებს, "ცივი ომის მენტალიტეტი მიატოვოს" და ჩინეთის საფრთხეზე ბევრს ნუ ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს, აქციებში მონაწილე სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს იმ სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა, რომლებიც „არასანქცირებულ მიტინგებში“ მონაწილეობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ,“- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსში სხვადასხვა საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციებს მინსკში სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლგა ჩემოდანოვას თქმით, ბელარუსში გუშინ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის“ საჭირო ზომები მიიღეს და 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი ყარაბაღში, საომრად წასვლას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი, პროფესიით ჟურნალისტი ანა აკოფიანი, სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ყარბაღში, საომრად წასვლას გეგმავს. “ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ. ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი ფეისბუკის პირად გვერდზე. 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ოფიციალური ინფორმაციით, ანა აკოფიანმა მის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” [Women for Peace] ფარგლებში ასევე სამხედრო სწავლებები გაიარა. იგივე წვრთნებში, ყარაბაღში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 15-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ანა აკოფიანი აცხადებს, კურსის მიზანი საბრძოლო ცხოვრების გაცნობა და საბრძოლო უნარების შეძენა იყო. “დარწმუნებული ვარ, არწახზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი არმია, მთელი საზოგადოება დადგება მის დასაცავად – სამხედრო და სამოქალაქო პირები, კაცები და ქალები. მე, ისევე როგორც ბევრი ქალი, დარწმუნებული ვარ, მზად ვარ, ხელში იარაღი ავიღო სამშობლოს და შვილების დასაცავად. მაგრამ ეს არ არის ომის გამო, იმისთვისაა, რომ დავამტკიცოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს ფაშინიანის ცოლი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. მხარეებმა ერთი თვის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.

„საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატი თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში, ის ასევე იმედოვნებს, რომ შედეგები ლეგიტიმურად იქნება მიჩნეული. „ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო“, - განაცხადა კონგრესმენმა. კონგრესმენ პრაისს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, „ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებენ,“ რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდეს. კონგრესმენი პრაისი წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის ამპლუაში საქართველოსთან 15 წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოში არაერთი არჩევნები გაიმართა და დემოკრატიული თვალსაზრისით, არაერთი ცვლილება მოხდა. კონგრესმენი ცვლილებებს იცნობს, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტად ერთ უცვლელ ფაქტორს აფასებს. „თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,“ –თქვა კონგრესმენმა პრაისმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.

ერდოღანმა მოსახლეობას ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თანამემამულეებს ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლის დროს მოუწოდა. "მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი ფრანგულ ბრენდებს და არ იყიდონ ფრანგული პროდუქცია". – თქვა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტს მსგავსი მოწოდებები წარსულშიც გაუკეთებია. 2018 წელს მან საზოგადოებას მოუწოდა, არ ეყიდათ აშშ-ში წარმოებული ელექტრონული მოწყობილობები. 2018-ში ერდოღანის მოწოდებებს შედეგი არ ჰქონია. ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს სხვადასხვა მაღაზიებმა ქუვეითში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და კატარში. ფრანგული მხარის განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია ბოიკოტის გავლენა საფრანგეთის ვაჭრობაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ბოიკოტის შედეგებს სასოფლო-სამეურნეო სექტორი იგრძნობს. თურქეთისა და სხვა მუსლიმური ქვეყნების პოზიცია დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფრანგ მასწავლებელს, სამუელ პატის, მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს. "ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ". – თქვა მაკრონმა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით. ერდოღანმა მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მუსლიმები საფრანგეთში ისეთივე ზეწოლის ქვეშ არიან, როგორც ებრაელები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინ. ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, შეეჩერებინათ საფრანგეთის პრეზიდენტის "სიძულვილის კამპანია". რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა მაკრონის ისლამთან დაკავშირებული პოზიციის გამო თქვა, რომ მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. ერდოღანის კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო. "ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი გააკრიტიკა პაკისტანის პრეზიდენტმაც. ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში კი საპროტესტო აქციები გაიმართა.

აშშ-ს სენატმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა უზენაეს სასამართლოში რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს ემი კონი ბარეტს მხარი 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა სენატორმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან სიუზან კოლინზმა. კენჭისყრის შემდეგ ბარეტმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ფიცი დადო. "მოსამართლე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი იქნება არა მხოლოდ კონგრესის და პრეზიდენტისაგან, არამედ საკუთარი პირადი რწმენისაგან, რაც შეიძლება მას სხვა მხრივ ამოძრავებდეს. მოსამართლის ფიცი ამ მოვალეობას საკუთარ თავში მოიცავს: ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს კანონის უზენაესობა". - თქვა მან ფიცის დადების შემდეგ. "ის ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გამორჩეული მოსამართლე იქნება". - თქვა დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე. მისი დანიშვნით უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება. ის უზენაესი სასამართლოს უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპმა შეარჩია. დემოკრატი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბარეტის დანიშვნა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა. 2016 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების დამატებას განიხილავდნენ. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავს არიდებენ დემოკრატული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.

სოსო ჯაჭვლიანი ქართულ ოცნებას ტოვებს

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ჯაჭვლიანიც თქმით, ის ვერ იქნება ზონდერ ბრიგადის წევრი. მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ჩამოყალიბდა „ზონდერ ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“. მისივე თქმით, ამის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა. „კახა კალაძემ ხომ თქვა, არ ვიცი, სოსო ჯაჭვლიანი ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არაო, ეს მის ნამუსზე იყოს. დღეიდან, ამ წუთიდან "ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ. იმ ზონდერ ბრიგადის წევრი ვერასდროს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია აბა რა არის? ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად. ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო ჯაჭვლიანი წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყველაფერი სახეზეა“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. ცნობისთვის, 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა. სხდომა "ბომონდ გარდენში" იყო დანიშნული, სადაც მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა და სხდომაზე არ უშვებდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე ისროლეს კვერცხები. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა. გაფიცვას შეუერთდნენ სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის Гродно Азот-ის, მინსკის ტრაქტორების ქარხნის, მინსკის ელექტროტექნიკური ქარხნისა და ნავთობის კომპანიის Белоруснефти-ის თანამშრომლები. გაფიცულებმა დაწესებულებების ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყვეს, ზოგიერთი თანამშრომელი უბრალოდ არ მივიდა სამსახურში. სახელმწიფო დაწესებულებებთან შენიშნეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანები. ბევრ კომპანიაში ოფიციალურად ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ. გაფიცვას შეუერთდა სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომელიც. ბევრმა კომპანიამ 26 ოქტომბერი დასვენების დღეს გამოაცხადა, ზოგიერთი კომპანია ტექნიკური მიზეზების გამო, მაგალითად, ინვენტარიზაციის გამო დაიხურა. მათ შორის არიან სამედიცინო ცენტრები, მაღაზიები, ბარები და კაფეები, ენების სკოლები, სავარჯიშო დარბაზები, ტურისტული კომპანიები, სილამაზის სალონები და სხვადასხვა სერვის-ცენტრები. გაფიცვაში მონაწილეობას იღებენ კავშირგაბმულობის კომპანიის MTC-ის თანამშრომლებიც, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბელარუსის უნივერსიტეტების სტუდენტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ზოგიერთ უნივერსიტეტში მჯდომარე პროტესტის აქცია გაიმართა. დილით, ქალაქ გროდნოში Гродно Азот-თან გაფიცული თანამშრომლების მიერ გამართული აქციის დროს 32-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებების გამო ქარხნის თანამშრომლების ნაწილმა სამსახურში გამოცხადებაზე უარი თქვა. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კერძო ბიზნესს, რელიგიურ ორგანიზაციებს, კულტურულ, სპორტულ ორგანიზაციებსა და IT-კომპანიებს მოუწოდა მონაწილეობა მიეღოთ გაფიცვაში. "სახელმწიფო დაწესებულებების გაფიცვა ეს ეკონომიკური წნეხის ბერკეტია. ხოლო კერძო კომპანიების გაფიცვა - თითოეულისთვის თითოეულის სოლიდარობის გამოხატვაა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ადამიანებმა, რომლებმაც გაბედეს გაფიცვა, უნდა დაინახონ, რომ თავის გადაწყვეტილებაში ისინი მარტო არ არიან". – თქვა ტიხანოვსკაიამ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„რუსეთის რბილი ძალა“ - გამოწვევა საქართველოსა და მისი პარტნიორებისთვის

„რუსეთის რბილი ძალა“ - ამ ტერმინს პოლიტიკოსების თუ მსოფლიო ექსპერტების შეფასებებში ხშირად ამოიკითხავთ, საკითხი აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მისი გამოყენება იგრძნობა არამარტო რუსეთის უშუალო სამეზობლოში, არამედ, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებშიც. საქართველოში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმაა, რაზეც საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, ამერიკელი პარტნიორებიც მიუთითებდნენ. კერძოდ, რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები იმის შესახებ, რომ თბილისი ლაბორატორიის დახმარებით კორონავირუსის ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობს. საპასუხოდ, აშშ-ის საელჩომ მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ქართულმა მხარემ კი რუსეთს საერთაშორისო ფორმატში ლაბორატორიის დათვალიერება შესთავაზა. საერთაშორისო მედიაში კი გაჩნდა სტატიებიც იმის შესახებ, რომ საქართველო ყალბი ამბების სამიზნე გახდა. ე.წ. რბილი რუსული ძალა რომ უფრო ხილული გახდა, ამაზე ჯერ კიდევ 2018 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა, როდესაც აქცენტი გააკეთა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, „საქართველოს თითქოს „ევროპული სტრუქტურებიდან აგდებენ“. რას ნიშნავს რუსული რბილი ძალა, რა მეთოდებს იყენებს ის, რა მიზნებს ემსახურება და რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევებზე გასამკლავებლად, ამ საკითზებზე მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე Europetime-ს უზიარებს: - ბოლო წლებში რუსეთის რბილი ძალა აქტუალურ საკითხად იქცა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. მასზე ყველას სმენია, თუმცა ხშირად რთულდება იმის დაკონკრეტება, რას გულისხმობს ეს ტერმინი, რას მოვიაზრებთ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკად, რა განსხვავებაა მასსა და აშშ-ის, ევროკავშირის თუ სხვა დასავლური აქტორების რბილ მექანიზმებს შორის. ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ მარტივი კლასიფიკაცია. „რბილი ძალა“ (soft power) თავისი კლასიკური გაგებით, როგორც თავად ტერმინის გამომგონებელმა, ამერიკელმა თეორეტიკოსმა და პოლიტიკოსმა ჯოზეფ ნაიმ განმარტა, გულისხმობს „მომხიბვლელობის ძალას“, ცეკვას, სადაც „პარტნიორის ყოლა აუცილებელია“, თანამშრომლობას და ორმხრივ სარგებელს, ე.წ. „მოგება-მოგება“ თამაშს (win-win game), სადაც ქმედებები ლეგიტიმურია და პოლიტიკა ინსტიტუტების მიერ განხორციელებული. რბილი ძალის მიზანია ახალი მოკავშირეების გაჩენა და მათზე „რბილი ზემოქმედება“, მათი „მოხიბვლა“ საერთო პროექტებში ჩართულობისთვის. ნაისეული კლასიკური რბილი ძალის კარგი მაგალითია ევროკავშირი, რომელიც არ ფლობს სამხედრო მექანიზმებს და სახელმწიფოთა ჩართულობას სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფს ინსტიტუციური მმართველობით და სხვადასხვა ლეგიტიმური პროექტით. მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ პრიორიტეტული გახადა საგარეო პოლიტიკაში (რეგიონში თუ მის მიღმა) „რბილი ძალის“ გამოყენება, აღმოჩნდა, რომ რუსეთის „რბილი პოლიტიკა“ სულაც არ არის „რბილი“ - ის იყენებს არალეგიტიმურ მექანიზმებს, ხოლო მიზნები დესტრუქციულია და არა „მოგება-მოგება“ (win-win game) პროექტებზე მიმართული. დისკუსია ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის შემდეგ (პეტერბურგის „ტროლების ქარხანა“), რაც დაადასტურა საგამოძიებო კომისიამ. გაჩნდა ახალი ტერმინიც „ბასრი ძალა“ (sharp power), რომლის ავტორია ამერიკელი ექსპერტი ქრისტოფერ უოლკერი. საერთაშორისო ასპარეზზე დღეს უკვე მიღებულია ჩინეთის და რუსეთის არასამხედრო მეთოდებით ზეგავლენის მოპოვების პოლიტიკა მოხსენიებული იყოს როგორც sharp-ი და არა soft-ი. ქართულ სამეცნიერო დისკუსიაში ტერმინის არარსებობის გამო, ვთარგმნეთ როგორც „ბასრი“ და ვცდილობთ ამ ტერმინის დამკვიდრებას. - რას გულისხმობს „ბასრი ძალა“ და რითი განსხვავება ის „რბილი ძალისგან“? - რუსეთის ბასრი ძალა იყენებს კლასიკური რბილი ძალის ზოგიერთ გავრცელებულ და კანონიერ მექანიზმს (კულტურული კავშირები, იდეების გავრცელება, განათლების პროექტები), მაგრამ ამავე დროს იყენებს ისეთ მექანიზმებს, რაც ვერ ჯდება ვერც კანონიერების, ვერც ლეგიტიმურობის და ვერც „რბილი ზემოქმედების“ ფარგლებში. ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში იმეორებს ცივი ომის დროინდელ კგბ-ს მეთოდებს: პროვოკაციების მოწყობა, ჯგუფების შექმნა-შეგზავნა, პროპაგანდა, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ (ომის პირობებში მსგავს მეთოდებს იყენებს ყველა არმია მტრის წინააღმდეგ). გარდა ტრადიციული საბჭოთა გამოცდილი მეთოდებისა, ინტერნეტის გამოგონებამ და ციფრულმა რევოლუციამ გაამარტივა ახალი მექანიზმების გამოყენება: კიბერთავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალური თუ სხვა მედიის დახმარებით, ბოტებისა და ტროლების აქტიური გამოყენებით. პრორუსული ჯგუფები ხშირად გამოთქვამენ „არგუმენტირებულ ეჭვს“ - რა გარანტია არსებობს, რომ დასავლური რბილი ძალაც არ იყენებს არალეგალურ მექანიზმებს? - პასუხი მარტივია. ადამიანები ყველა სისტემასა და ყველა დროში მიდრეკილნი არიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, თუმცა დემოკრატიულ სისტემაში ამა თუ იმ ლიდერს შეზღუდული აქვს ძალაუფლების გადაჭარბების მექანიზმები და არსებობს პროცესების გამჭვირვალობის ინსტიტუციური ვალდებულება. - რუსეთის ბასრი ძალის თავისებურებებსა და მუდმივ მიზნებზე ხშირად მიანიშნებენ ექსპერტები და სხვა ლიდერები, თქვენ როგორ აღწერთ მის ტაქტიკას? - რუსეთის ბასრი ძალის მიზნებში უნდა გამოვყოთ მუდმივი მიზნები (გლობალური მასშტაბით - დემოკრატიული სისტემების დისკრედიტაცია, რეგიონის მასშტაბით - სტაბილურობისა და განვითარებისთვის ხელის შეშლა, პოლიტიკურ სპექტრში მისთვის სასურველი პოლიტიკური ელიტების დაწინაურება, რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრციდან თავის დაღწევის შეუძლებლობა) და ცვალებადი ტაქტიკური მიზნები, რომლებიც განისაზღვრება ამა თუ იმ საზოგადოებაში კონტექსტის და სამიზნე ჯგუფების შესწავლის საფუძველზე. ცვალებადია ასევე განხორციელების მექანიზმები და განმახორციელებელი ჯგუფები თუ ინდივიდები. - როდის აქტიურდება ბასრი ძალა? - საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბასრი ძალის გააქტიურება ხდება კრიზისების დროს (კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა) და საარჩევნო ან რეფერენდუმების პერიოდში. მოქალაქეთა განწყობებზე თამაში და ამომრჩევლის პრეფერენციების შეცვალა (რაც ავტომატურად ნიშნავს საარჩევნო შედეგების შეცვლასაც) რუსეთის ბასრი ძალის ყველაზე „საყვარელ გართობად“ იქცა ბოლო წლებში. საარჩევნო პერიოდში „ბასრი ძალის“ გააქტიურება ქმნის განსაკუთრებულ გამოწვევას, რადგან დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელია იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი მოვლენის თუ პროვოკაციის მიღმა იკითხება ბასრი ძალის კვალი. აშშ-ის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე, გამოძიებას წლები დასჭირდა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. საარჩევნო პერიოდში ბასრი ძალის გამოყენება, აჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს - ამა თუ იმ პოლიტიკურ ელიტას უჩნდება ცდუნება საკუთარი პარტიული გამარჯვებისთვის გამოიყენოს რუსეთის „პროფესიონალური“ დახმარება. რაც უფრო მეტად უჭირს კონკრეტულ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ლეგიტიმაციის შენარჩუნება, მით უფრო მოწყვლადი იქნება ამგვარი ცდუნების წინააღმდეგ. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა (როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომდევნო) უნდა გააცნობიერონ სახელმწიფო ინტერესის უზენაესობა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ არ შეიძლება მტრული ძალების საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება შიდა პარტიული ბრძოლებისთვის. ეს პოლიტიკური განვითარების ის ეტაპია, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და რაც მუდმივად უნდა გააკონტროლოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. - რატომ არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა ასეთი რთული? - იმიტომ, რომ დეზინფორმაციულ „მესიჯებზე“ რეაგირება ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც ამბობენ, „გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი“ - მანიპულაციური ფოტო, ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციის გავრცელებას წუთები სჭირდება სოციალური მედიით, მის გადამოწმებას და პასუხის გაცემას კი პროფესიონალიზმი და ხანგრძლივი დრო. დეზინფორმაცია არსებობს სხვადასხვა სახის და შესაძლოა მოიაზრებდეს როგორც სრულ ტყუილს, ასევე მეტ-ნაკლებად რეალური ინფორმაციის მანიპულაციურ გამოყენებას, ასევე იმ კლასიკური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებას, რაც ოსტატურად შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში და დაიხვეწა საბჭოთა კავშირში ცივი ომის დროს. დეზინფორმაციის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. დეზინფორმაციის ლოგიკა კარგად ერგება ყველა ჩვენგანის ადამიანურ სისუსტეს - სმარტფონზე „ჩასქროლვით“ მივიღოთ სწრაფი და ემოციური ინფორმაცია. გარდა ამისა, თვალში საცემია, რომ დეზინფორმაციული მესიჯები ცვალებადია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც, ასევე „მომსახურების სხვადასხვა პაკეტად დაყოფილი“. როგორც სუპერმარკეტში შესულ მყიდველს სჭირდება სხვადასხვა პროდუქტი გემოვნების და საჭიროების შესაბამისად, ასევე დეზინფორმაციის მიმღები ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა თემის მიმართ მოწყვლადობის ხარისხით, და როგორც ბიზნესში, მომხმარებელს აქაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. დეზინფორმაციული მესიჯები კვდომადიც არის დროის მონაკვეთში. კარგ მაგალითად მახსენდება პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებული „ფოტომტკიცებულება“, რომ მაჩაბლის ქუჩას დაერქვა „ირანის ქუჩა“ და მოწოდება საზოგადოების მიმართ, რომ „აღვდგეთ ქართველები „შაჰ-აბასების“ წინააღმდეგ“. მსგავსი ნიუსი მოწყვლადი აღმოჩნდა ბევრი ჯგუფისთვის ისტორიული მეხსიერებისა და ქვეცნობიერი სენტიმენტების გამო, თუმცა მსგავსი „ნიუსი“ ვერ იქნება გრძელვადიანი, რადგან ძალიან მარტივია მისი გადამოწმება. ამავე ჯგუფში უნდა მოვიაზროთ ბევრი სხვა ანტიდასავლური მესიჯიც („ევროპაში ინცესტი ლეგალურია“ ჟანრის), რადგან ბოლო წლებში მარტივი გახდა ევროპაში წასვლა და ევროკავშირისგან თუ აშშ-სგან მონსტრის შექმნა რთულდება მოსახლეობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ გარკვეული დეზინფორმაციული მესიჯები არის თუ არა კვლავ ქმედითი, არამედ ის, რომ მუდმივი „დეზინფორმაციული შტურმი“ აღწევს თავის მთავარ მიზანს - ადამიანს აღარ სჯერა არაფრის, ბუნდოვანდება ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის. - რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად. სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“