პოლიტიკა

"ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატს ეჭვქვეშ დააყენებს, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია. „ჟენევა ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატი, რადგან ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა ჩაკეტილია და ადამიანებს სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ გვეძლევა. ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ასეთ დროს ჩაშლა სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერმა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელიც გამოეხმაურა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. გიგი წერეთლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ მუშაობა არ იყოს კონსტრუქციული. „რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი, არ მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობას, არ შეუწყოს ხელი დევნილების დაბრუნებას და ეს მცდელობები სახეზეა. კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკება იმის გამო, რომ რუსეთი არ გამოცხადდა საერთოდ და ყველა მიზეზს პოულობს იმისათვის, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი არ იყოს გადადგმული“, – განაცხადა წერეთელმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას დაუკავშირა. „ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია ჩვენს საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს ისეთ ნაბიჯების გადადგმას, რომ საერთოდ ჩაშალოს და მოლაპარაკებებიც კი არ შედგეს. მთავარი კითხვა უნდა დავსვათ – რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა სწორედ „დამსხვრეული ოცნებების პარტიის” არასწორმა ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს. ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ვერჩატარების მიზეზად, თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ის, რომ დისკუსიაზე დასწრება ყველა მონაწილემ ვერ შეძლო. მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩასატარებლად 2020 წლის დეკემბერი განისაზღვრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო. „მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – აცხადებს საგარეო.

აზერბაიჯანი - 27 სექტემბრიდან დღემდე კონფლიქტს 28 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაჭრილია 144 ადამიანი

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია განხორციელდა, დღემდე, გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაჭრილია 144 ადამიანი. „სომხური მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 28, ხოლო 144 სამოქალაქო პირი დაჭრილია“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მათივე ინფორმაციით, დაზარალდა 66 სამოქალაქო ობიექტი და 427 საცხოვრებელი სახლი. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი ვითარება 27 სექტემბრიდან განახლდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კორონავირუსით ინფიცირებული პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პოროშენკო 3 ოქტომბრიდან კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიის გამო საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე მარინა პოროშენკო ავრცელებს. „მისი მდგომარეობა გაუარესებულია. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს და კომპლექსურად მკურნალობს. სამწუხაროდ, გაუუარესდა სისხლის მდგომარეობა, რომელიც ძალიან შედედდა და ექიმებსაც კი არ შეუძლიათ მისთვის სისხლის აღება ანალიზის ჩასატარებლად, რათა გააკონტროლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმდინარეობა“, - განაცხადა მარინა პოროშენკომ. მათი ქალიშვილის მდგომარეობა, რომელიც ასევე კორონავირუსით არის დაინფიცირებული, შედარებით უკეთესია. პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი 29 სექტემბერს დაუდგინდა. მისი ჰოსპიტალიზაცია 3 ოქტომბერს განხორციელდა.

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

დღეს, 7 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად საქართველოს კანცელარიის შენობასთან მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შეასრულონ პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულება, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. „ქართული მხრიდან, სუსის ერთჯერადი განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არაა – ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმს შეწირული ადამიანების სახელები“, – ამბობენ აქტივისტები. ოკუპირებული აფხაზეთის გალის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებიან. ირაკლი ბებუა ვიდეოში ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა თავად არც აფხაზური დროშის საწინააღმდეგო აქვს რამე და არც აფხაზების, მისი თქმით, მას არ მოსწონს 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“. მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს დააკავეს, აფხაზეთიდან მიღებული ცნობით, ის გალშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სუს-ის განცხადებით, მათ უკანონო დაკავების ფაქტზე ინფორმაცია აცნობის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორებს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ჯო ბაიდენი - თუ ტრამპი ისევ კოვიდით იქნება ინფიცირებული, ჩვენი დებატები არ გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 15 ოქტომბრისთვის მაიამიში დაგეგმილი დებატები არ გაიმართება, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ კორონავირუსით იქნება ინფიცირებული. „თუ მას კიდევ კოვიდი ექნება, დებატებს არ გავმართავთ. მოუთმენლად ველი დებატებს, თუმცა, იმედი მაქვს, ყველა პროტოკოლი დაცული იქნება,“-განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენის განცხადებაზე კომენტირებისას დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გამოჯანმრთელებული იქნება და დებატებში მონაწილეობას მიიღებს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებმა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო. „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს. მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

BBC - ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში

ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში, ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრად კი პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი, სადირ საფაროვი დანიშნეს, რომელიც 11-წლიან სასჯელს 8 წლის წინ ანტისამთავრობო აქციის დროს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის გატაცებისთვის იხდიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობის შეცვლის მიზნით ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკის სასტუმროში საგანგებო სხდომა გამართა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა „ძლიერ ლიდერებს“ გადააბაროს. მისივე თქმით, დემონსტრანტების მიზანი არა არჩევნების შედეგების გაუქმება, არამედ მისი გადაყენება იყო. ყირგიზეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ და მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ისინი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობებში შეიჭრნენ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და ყოფილი პრემიერი სადირ საფაროვი. გუშინ, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი - დაშავდა.

სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება

სირიის დედაქალაქ დამასკოში, 6 ოქტომბერს, აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნება. “აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ალხას კვიცინიას ხელმძღვანელობით, უკვე სირიაში იმყოფება. ამავე დელეგაციაშია, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად არიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, “პარლამენტარი” ომარ ჯინჯოლია და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ფილია. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ლინას ლინკევიჩუსი თვითიზოლაციაში გადადის

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დელეგაციასთან, რომლის რამდენიმე წევრს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ლინას ლინკევიჩუსმა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა, რომელიც ლიეტუვას 28-29 სექტემბერს სტუმრობდა. ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მისმა მეუღლემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა გუშინ კორონავირუსზე ტესტები ჩაიტარეს, თუმცა ყველას მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ალიევი ფაშინიანს მოთხოვნებს უყენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ სომხური მხარე აზერბაიჯანის მიწას დატოვებს. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სანამ გვიანი არ არის, სომხეთის ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს. როგორც ალიევი ამბობს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო ორი წლის განმავლობაში აღდგენილი იყო: ფაშინიანმა მას უთხრა, რომ მძიმე შიდა სიტუაცია აქვს, ყველა მხრიდან ზეწოლას განიცდის და საკითხის გადასაჭრელად დრო სჭირდება, რაზეც ალიევი დათანხმდა, ერთი წლის შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია, ხოლო დღეს აზერბაიჯანს შვიდ პირობას უყენებს. „ვინ ხარ, რომ პირობებს გვიყენებდე?!“ - მიმართა ალიევმა სომხეთის ხელისუფლებას. მისი ინფორმციით, ბოლო პერიოდში, სატელეფონო საუბრებისას ზოგიერთ შემთხვევაში ეკითხებიან, ბაქოს რა პირობები აქვს. „დატოვონ ჩვენი მიწები და დაპირისპირება გაჩერდება. ოღონდ არა სიტყვით, არამედ საქმით. თქვას, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტრიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს განმტკიცებულია ფუძემდებლური პრინციპებით. აზერბაიჯანელ ხალხს პატიება თხოვოს და თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არ არის. ბოლო პირობაა, მოგვცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკი. მაშინ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას ალიევმა ისიც თქვა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) და ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ უთხრა, რომ სომხეთზე ზეწოლა და სანქციები იყო აუცილებელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად გათავხედდებოდა. ალიევი ირწმუნება, რომ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურდა, მაგრამ არ დაუჯერეს და ჩათვალეს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი და პრეზიდენტი ამას შეეგუებოდნენ. ილჰამ ალიევის თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა აზერბაიჯანს უსამართლოდ ადანაშაულებს კონფლიქტის გაღვივებაში და მათ მოუწოდებს, "სარკეში ჩაიხედონ". „მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, ვბრუნდებით და დავბრუნდებით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. სხვადასხვა მონაცემებით, კონფლიქტს ათობით ან ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც გასულ სამშაბათს დავესწარი, კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგულაციების თანახმად, ხვალ დილამდე თვითიზოლაციაში ვრჩები,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ მისივე თქმით, ხუთშაბათს კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო, განმეორებითი ტესტის ჩატარებას კი დღეს გეგმავს.

პრემიერი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის. დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსი დეპუტატი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის პოლიტიკამ გამოიწვია

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება სომხეთის პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სთათბიროს წევრმა ალექსეი პუშკოვმა „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების ერთ-ერთი ირიბი მიზეზი გახდა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ტენდენცია, რომელიც „რუსეთთან ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს". „სომხეთი ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებისკენ მიილტვის. ისინი კი კრიტიკულ სიტუაციაში არ დაეხმარებიან“ - აცხადებს პუშკოვი. ის ასევე წერს, რომ კონფლიქტის განახლების დრო „შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა“. ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. წყარო

"ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ"

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. „გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

"სიცრუეა, თითქოს სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანში საქართველოს გავლით მიდიან"

საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან. ლილუაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სოციალურ მედიაში ვრცელდება, ისევე როგორც ცნობები იმის შესახებ, რომ კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რაღა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. სუს-ის უფროსის განცხადებით, ორივე ეს ინფორმაცია სიცრუეა. "მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას. სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" , - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

აშშ-მა 8 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის შს მინისტრს, სანქციები დაუწესა

აშშ-მა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს და 7 სხვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. "ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დგას მტკიცედ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში, რომლებიც მრავალი წელია ბელარუსის დემოკრატიას უთხრიან ძირს", - განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით გრძელდება. 20 სექტემბერს მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. სამართალდამცველებმა 230-მდე აქციის მონაწილე დააკავეს. ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს. აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო.

გერმანიის საგარეო მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესოს

გერმანიის საგარეო მინისტრი ჰეიკო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ნერვული აგენტით ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ”სანქციები ყოველთვის უნდა იყოს მიზანმიმართული და პროპორციული. მაგრამ ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციის ასეთი მძიმე დარღვევა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. ამ საკითხზე ავროპაში ერთი აზრი არსებობს ”, - განაცხადა მაასმა ახალი ამბების პორტალ t-online-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუკი გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორების შედეგები დადასტურდება, ევროკავშირს ამაზე აშკარა რეაგირება ექნება. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს მომავალ სამიტზე განიხილავენ, რომელიც 15-16 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

"ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“, - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. I’m happy to report that Jill and I have tested negative for COVID. Thank you to everyone for your messages of concern. I hope this serves as a reminder: wear a mask, keep social distance, and wash your hands. — Joe Biden (@JoeBiden) October 2, 2020

საქართველომ, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა

საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით", – განაცხადა გომელაურმა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ: „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში. ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“. ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანსი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 2 ოქტომბერს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა. 27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს.