პოლიტიკა
„არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლები მსოფლიოს თვალები და ყურები არიან“
საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან,– ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან“, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“ და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან“. „არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა" - განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს განხილვისას.
ზურაბ ჯაფარიძე საჯარო აქტივობებს ზღუდავს
გირჩის ლიდერი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საჯარო აქტივობებს ზღუდავს. აღნიშნულის მიზეზი, მისი შვილის კოვიდინფიცირებაა. "კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ." - წერს ჯაფარიძე. 22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.
"ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ"
ჩვენს გარშემო, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო, მარტივი ვითარება არ არის, - ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ თუმცა მათ მიმართ ინტერესი ყველას აქვს. „ბელარუსს და რუსეთს ამ შეშლილ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამ პანდემიისგან გადარეულში, ცოტა მეგობარი ჰყავთ. ჩვენს მიმართ კი ინტერესი ყველას აქვთ. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ “, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მან სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა მინსკში გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას აფასებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაზე მომხდარ თავდასხმას. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც ხალხმა გუშინ იხილა, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ იყო წარმოსადგენი, მათ შორის არც ედუარდ შევარდნაძის მმმართველობის დროს. "ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ენმ-ს ლიდერის თქმით, მაშინ, როდესაც ყაჩაღი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ, გატაცებული მანქანით ქუჩაში გადაადგილდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია დაკავებული იყო იმით, რომ ეკონტროლებინა სიტუაცია ზუგდიდში, სადაც ენმ-ს აქცია იყო დაგეგმილი. "მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმაზე, "მარშუტკა" არავის არ წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი მომხდარს "წარმოუდგენლად" აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული დაუცველობის განცდა აქვთ, როგორც ჯანმრთელობის და ფინანსური კუთხით, ისე ფიზიკურადაც. "ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს, ეს ყველაფერი გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი უნდა ლოგიკურად დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე "კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ რიგით მეშვიდე გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს მიღებულ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში წელსაც მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ კონფლიქტი ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას - რუსეთსა და საქართველოს შორისაა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უკანონო ქმედებები, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საქართველოს რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია, მათ შორის გუგუთიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის არეალში ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვა ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რაც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენაა მიმართული, მათ შორის ე.წ. პასპორტების გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა. მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დაუსჯელობის გამო, რაც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებს. ასევე, გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო. დოკუმენტი მკაცრად გმობს, აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონში „გამშვები პუნქტების“ ხანგრძლივ დაკეტვას, რის გამოც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას. მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ მოკლებულნი არიან ფუნდამენტურ უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მაღალი პრიორიტეტულობა გააჩნია. ამავდროულად, გამოთქმულია შეშფოთება 2018 წლის ივნისიდან, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შეჩერების გამო. მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას: - შექმნას ყველა პირობა საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის; - შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მიმართ, უცხოელი რეზიდენტის სტატუსით რეგისტრაციისა და სახელის შეცვლის მოთხოვნის ჩათვლით; - მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით; - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, შეწყვიტოს სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის ფონზე, შეწყვიტოს პირთა უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით და გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები; - უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და შეაჩეროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
აშშ-ს დაზვერვა: რუსეთმა და ირანმა ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს. მოპარული ინფორმაცია მათ რეგისტრირებული ამომრჩევლებისათვის ყალბი ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენეს. მიზანს ქაოსის შექმნა და აშშ-ს არჩევნების და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა წარმოადგენდა. მისივე თქმით, ირანი დგას დემოკრატი ამომრჩევლებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილების უკან, რომელთა მიზანს მათი დაშინება წარმოადგენდა. ისინი თავს ტრამპის მხარდამჭერ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფად აჩვენებდნენ და ცდილობდნენ არეულობა წაეხალისებინათ. "არჩევნების დღეს ხმას მისცემ ტრამპს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგაკითხავთ", "შეიცვალე პარტია, გახდი რესპუბლიკელების მხარდამჭერი, გაგვაგებინე, რომ მიიღე ჩვენი გზავნილი და დაემორჩილები" - ნათქვამი იყო წერილებში. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია რუსეთს, თუმცა იციან, რომ მოპარული ინფორმაცია მათაც აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა ეს ინფორმაცია. ზოგიერთ შტატში ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, სხვა შტატებში კი მისი გამოთხოვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს განსაზღრული მიზნებისათვის შეუძლიათ. აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვა რუსეთმა და ირანმა. "თუ თქვენ მიიღებთ შემაშინებელ ან მანიპულაციურ გზავნილს ელექტრონულ ფოსტაზე, ნუ შეშფოთდებით და ნუ გაავრცელებთ მას". - მიმართა დაზვერვის უფროსმა ამომრჩევლებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კრისტოფერ ვრაის თქმით, აშშ-ს საარჩევნო სისტემა კვლავ უსაფრთხო და გამძლეა. რეტკლიფმა განცხადება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე გააკეთა. რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ჩარევა. მაშინ ე.წ. ტროლების ქარხნებმა ათასობით ყალბი ანგარიში შექმენს, თავს ამერიკელ ამომრჩევლებად აჩვენებდნენ და დაპირისპირების წამახალისებელ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჰაკერული თავდასხმა მოხდა დემოკრატიული პარტიის სისტემებზეც.
"ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს"
ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მხარეებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე გასვლის შესახებ ხელშეკრულების მიმართ პატივისცემაა საჭირო,“- განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა. მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია, სავაჭრო შეთანხმებასა და მათი სამომავლო ურთიერთობის სხვა ასპექტებზე შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ მხარების პოზიციები დაშორებულია. ”ჩვენი მიზანია კვლავ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ახალ ნაყოფიერ ურთიერთობებს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ასეთი შეთანხმებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად ”, - აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
"საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა"
საქართველო და უკრაინა ნატო-ს უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ისინი ბევრი მიზეზით არიან მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, მათ შორის მათ მიერ ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილის გამო. ასევე, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან კონსულტაციების გამართვა და მათი მოსმენა „NATO-2030 პროცესის“ მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივანმა პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გამართა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
დონალდ ტრამპი - ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის
თუ გსურთ გახსნილი სკოლები, ეკონომიკა და უსაფრთხო, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, ხმა მე მომეცით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის მტკიცებით, მეორე ვადით არჩევა კორონავირუსის პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგებისგან ქვეყნის აღდგენისა და გაჯანსაღების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. „ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ფლორიდის უნივერსიტეტის აშშ-ის არჩევნების პროექტის თანახმად, 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი.
28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღები დაიხურება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს. თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი საარტილერიო და სარაკეტო იერიშების განახლების შესახებ იუწყებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში საარტილერიო და სარაკეტო იერიშების განახლების შესახებ იუწყებიან. სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდგემ სამშაბათს დილიდან ჩრდილოეთ მიმართულებით საარტილერიო იერიში დაიწყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ "ბრძოლები რამდენიმე ადგილზე, მათ შორის სადავო ტერიტორიის გარშემო არსებულ კონფლიქტის ზონაში განახლდა". ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა. შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.
"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს" - კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ელჩის განცხადებით, საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო. "გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა ელჩმა.
აშშ-ში, დებატების კითხვა-პასუხის ნაწილში, ოპონენტის მიკროფონი გათიშული იქნება
დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის შემდეგი დებატების დროს საპრეზიდენტო დებატების კომისიას შეეძლება, კანდიდატებს მიკროფონი გაუთიშოს. კანდიდატის მიკროფონი გაითიშება, როდესაც მისი ოპონენტი კითხვაზე პასუხს სცემს. 90-წუთიანი დებატები ექვს 15-წუთიან ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულ კანდიდატს 2 წუთი აქვს, რათა საკუთარ შენიშვნებზე ისაუბროს, კითხვას პასუხი გასცეს, რის შემდეგაც დებატები ღია ფორმატით გრძელდება. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ამ ფორმატის დაცვისთვის 2 წუთიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული იქნება მხოლოდ იმ კანდიდატის მიკროფონი, რომლისთვისაც განკუთვნილია სასაუბრო დრო. ღია დისკუსიის დროს ორივე მიკროფონი ჩართული იქნება. საპრეზიდენტო დებატების კომისია მიიჩნევს, რომ ეს ზომები კარგ ბალანსს ქმნის დებატების დროს და ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება. დონალდ ტრამპის კამპანიამ კომისიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დებატებში მონაწილეობას მიიღებდა. ჯო ბაიდენს კამპანიას დებატების წესების ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. დებატების რეგლამენტში ცვლილებები განაპირობა 30 სექტემბერს ჩატარებულმა პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა. ორივე კანდიდატი ერთდროულად ლაპარაკობდა, დონალდ ტრამპმა კი ბაიდენს სიტყვა 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა. დებატებზე ტრამპს და ბაიდენს ერთმანეთის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებიათ. ბაიდენმა პრეზიდენტს "კლოუნი" და "პუტინის ლეკვი" უწოდა და ერთ-ერთ მომენტში კი ტრამპს უთხრა, რომ "მოეკეტა". მეორე საპრეზიდენტო დებატები, რომლებიც 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. დონალდ ტრამპის COVID-19-ის დიაგნოზის გამო დებატების კომისიას სურდა დებატები ვირტუალურად ჩაეტარებინა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო დებატები 22 ოქტომბერს ჩატარდება.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ГРУ-ს 6 ოფიცერს ჰაკერული შეტევების გამო ბრალი წარუდგინა
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ცნობით, ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ქვედანაყოფის 74455-ის 6 ოფიცერს სხვადასხვა ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზე თავდასხმის გამოც რუს ოფიცრებს ბრალი წარედგინათ, ერთერთი საქართველოცაა. "ГРУ-ს ეს ჰაკერები თავიანთ თანაშეთქმულებთან ერთად კომპიუტერებში უკანონოდ იჭრებოდნენ და ჩართულები იყვნენ თავდასხმებში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მხარდაჭერას, ძირი გამოეთხარათ, შური ეძიებინათ ან სხვაგვარად მოეხდინათ დესტაბილიზაცია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნების მიმართ. ჰაკერული თავდასხმები ასევე მიმართული იყო იმ ძალისხმევის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ ნერვული აგენტების (ნოვიჩოკის) იარაღად გამოყენების გამო. თავდასხმების კიდევ ერთი სამიზნე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო, მას შემდეგ, რაც რუსი დოპინგის გამოყენების გამო რუს სპორტსმენებს ეროვნული დროშით ასპარეზობა აუკრძალეს". – წერს იუსტიციის დეპარტამენტი. საქართველოს მიმართ რუს ჰაკერებს ბრალად ედებათ 2018 წელს ერთერთი მედია კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, ასევე 2019 წელს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა და იმავე წელსვე ქართული ვებსაიტების მიმართ ჩადენილი ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმა. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, იგულისხმება ჰაკერული თავდასხმა, რომლის დროსაც, ქართულ დომეინებზე დარეგისტირირებული ვებსაიტების დიდ ნაწილზე გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტო, წარწერით I'LL BE BACK (მე დავბრუნდები). აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჰაკერები იყენებდნენ მსოფლიოს ყველაზე გამანადგურებელ ვირუსებს, მათ შორის KillDisk-სა და Industroyer-ს, რომლებმაც გამოიწვიეს სერვისის გათიშვა უკრაინაში. ასევე იყენებდნენ NotPetya-ს, რომელიც მინიმუმ მილიარდი დოლარი დაუჯდა სამ მსხვერპლს; Olympic Destroyer-ს, რომელმაც წყობიდან გამოიყვანა ათასობით კომპიუტერი, რომელიც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა. ჰაკერებს, იური ანდრიენკოს (32 წლის), სერგეი დეტისტოვს (35 წლის), პაველ ფროლოვს (29 წლის), არტემ ოჩიჩენკოსა (27 წლის) და პეტრ პლისკინს (32 წლის) ბრალად ედებათ შეთქმულება, კომპიუტერების დაჰაკვა, კომპიუტერული თაღლითობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი იდენტობის ქურდობა და დომეინის სახელის ყალბი რეგისტრაცია. "არცერთ ქვეყანას ისე ბოროტი განზრახვითა და უპასუხისმგებლოდ არ გამოუყენებია საკუთარი კიბერ-შესაძლებლობი, როგორც რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ შექმნას უპრეცენდენტო ზიანი, რათა მოიპოვოს მცირე ტაქტიკური უპირატესობები და დაიკმაყოფილოს ზიზღი". – თქვა ჯონ კ. დემერსმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის ასისტენტმა.
მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში უმასპინძლებს, - ინფორმაციას ამის შესახებ Poltico ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰან ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.
მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
პარტია „ლელოს“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხაზარაძე facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის. “ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან. გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ, დაახლოებით, 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა; აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით, გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა პრემიერობის კანდიდატი, ამბობს, რომ პარტიულ აქტივობებში დისტანციურად არის ჩართული. „საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა! ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას… ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია – უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. 31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება – გამარჯვებამდე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
სამი ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, 2021 წლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბელარუსი ოპოზიციონერები ნორვეგიელმა პარლამენტარმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა. "ამ სამმა ქალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ბელარუსში ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამისთვის ისინი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებენ". – თქვა გეირ ტოსკედალმა. ტოსკედალი იმედოვნებს, რომ ტიხანოვსკაიას, კოლესნიკოვასა და ცეპკალოს წარდგენით ბრძოლა "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო არჩევნებამდე ქმნიდნენ "ქალთა ტრიუმვირატს" და ერთად ემზადებოდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და ვერონიკა ცეპკალომ ბელარუსი დატოვეს. კოლესნიკოვა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებების გაკეთებისთვის დაპატიმრებულია. სვეტლანა ტიხანოვსკაია იმავე ბრალდებით ძებნაშია გამოცხადებული. 2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.
პესკოვი რუსეთის მოსახლეობის კლებას II მსოფლიო ომს, საბჭოთა კავშირის დაშლასა და ქალებს აბრალებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რადიო კომერსანტთან საუბარში რუსეთში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსეთის მთავრობის პროგნოზით, მოსახლეობის კლება 2030 წლამდე გაგრძელდება, 2020-2024 წლებში კი მოსახლეობა 1.2 მილიონით შემცირდება. პესკოვმა თქვა, რომ პუტინი ამ პრობლემაზე მუშაობს. მან მოსახლეობის კლების მიზეზად ორი მოვლენა დაასახელა: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლა. "რატომ მცირდება მოსახლეობა? ობიექტური მიზეზები არსებობს. ეს ორი დემოგრაფიული ხვრელის თანხვედრაა: დიდი სამამულო ომის ხვრელის და 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის ხვრელის. ეს ორი ხვრელი აჩრდილივით თან სდევს ჩვენს თანამედროვე ისტორიას. ისინი აქ თანხვდებიან და ამიტომ გვაქვს ასეთი ნეგატიური ტენდენციები". – თქვა მან. პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის მთავრობა და განსაკუთრებით კი პრეზიდენტი პუტინი ყველაზე ენერგიულ ნაბიჯებს დგამენ შობადობის გასაზრდელად, თუმცა არასახარბიელო გარემოებები არსებობს, მათ შორის პანდემია. კითხვაზე, რატომ არ გამოიღო შედეგი პუტინის მიერ 13 წლის წინ შემოღებულმა ზომებმა და რატომ იყო კლება პანდემიამდეც, პესკოვმა თქვა, რომ ზომებს შედეგები მოჰყვა: "დემოგრაფიისა და სოციოლოგიის სფეროში ნებისმიერი სპეციალისტი აგიხსნით, რომ არა ეს ზომები, მოსახლეობის კლება ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, ეს არ ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 30 მილიონამდე ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში და მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა ქალი გვყავს, ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია. სულ ესაა". – თქვა მან.
აშშ-ის საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გადასცა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ ადამიანების ნაწილი, ვინც დამხმარე საშუალებები მიიღო, აგვისტოს ომის დროს დევნილია. "მოხარული ვართ, რომ ამერიკაში შშმ პირთა თვის აღსანიშნავად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გამოვყავით. ამ ადამიანებიდან ბევრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირია. იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება, რომელიც ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა გამოყო, ხელს შეუწყობს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას", - აღნიშნულია განცხადებაში.