ეკონომიკა

საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, იანვარში ინფლაცია 12.7 პროცენტი იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 13.9-პროცენტიან ინფლაციაზე. „აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად. HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები

"ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.  ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.

ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვლის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება. ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი. "ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528). ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ლარი გამყარებას განაგრძობს

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთ აშშ დოლარის ღირებულება ლარი 2.9480 გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0387 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3669 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0579 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 8 თებერვალს შევა. ამავე თემაზე ერთი დოლარის ღირებულება სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.3 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.5 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,075 ტონა), გერმანიაში (3.666 ტონა), ესპანეთში (591 ტონა), ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,335 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება - 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა. „საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. „ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ერთი დოლარის ღირებულება სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

1 აშშ დოლარი ხვალ 2.9867 ლარი ეღირება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0312 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.4248 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 5 თებერვალს შევა.

რომელი პროდუქტები გაძვირდა

2022 წლის იანვარში საქართველოში 13.9%-იანი ინფლაცია იყო, რაც საქსტატის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სურსათის ჯგუფში არსებული გაძვირება წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი). სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის გარდა, ყველა ჯგუფზე გაზრდილია. აქ 0.4%-ის და 0.9%-ის შემცირება ფიქსირდება. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი). საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე . ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).

უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ  ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.

უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი ისტორიაში პირველად დაიწყო

უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან. მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.  რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის ჯამურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 10.6% შეადგინა. „2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა

საქართველოდან იორდანიაში 11 110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს , როგორც ეპიზოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ. ამასთან, იორდანიის ბაზრის გახსნას წინ უძღოდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი იორდანიის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, შარშან ოქტომბერში იორდანიის დელეგაციის ვიზიტი იორდანიის მთავარი ვეტერინარის რაჩელ დოდენის ხელმძღვანელობით. "ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე ვეტერინარულ ღონისძიებებს და კონტროლის სისტემას. შედეგად მხარეებს შორის ხელი მოეწერა და შეთანხმდა ვეტერინარული სერტიფიკატები. 2021 წელს, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, ყატარში , ბაჰრეინსა და ერაყში 339 573 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.3 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7,621 ტონა), გერმანიაში (3,533 ტონა), ესპანეთში (522 ტონა), ჩეხეთში (467 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (339 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,290 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (339 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), ერაყში (168 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა) ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა წმინდა კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მიღებული იქნება ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. აქამდე, კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამი-ოთხჯერ იაფი ღირდა აგერ, მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ გაიხსნას ბაზარი“, – განაცხადა თურნავამ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 860 000 ლარი. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.833 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოდან ექსპორტირებულმა 18.2 ათასი ტონა თხილის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7,511 ტონა), გერმანიაში (3,523 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა)“, - აცხადებენ სამინისტროში.

ეკონომიკის მინისტრი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება ინფლაციური კომპონენტის კომპენსაციაა

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს", - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით - იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული იყო კოვიდ-პანდემია და იყო, რა თქმა უნდა, იყო გამართლებული ჩვენი მიდგომა, მაგრამ, ზოგადი ხედვა არის ის, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს უფრო მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ეს ყველაზე მეტად წაადგება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, იმიტომ, რომ სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსიბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს. „ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და, კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.