ეკონომიკა

ნათია თურნავა: ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა", - განაცხადა თურნავამ.

30 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა

30 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანიებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელეს. ეს არის 2021 წლის ივნისის მონაცემები, რომლებსაც Europetime გაეცნო. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითად მიიჩნევა ენერგეტიკულ სფეროში პარტნიორობა, რომელიც Tengizchevroil-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ყაზახეთში 600-ზე მეტი ამერიკული კომპანია მუშაობს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგმა შეადგინა 166,4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის 38 მილიარდი - აშშ-დან. „2021 წლის იანვარში AIFC-ი ყაზახეთის სახელით შეუერთდა ცენტრალური აზიის საინვესტიციო პარტნიორობას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში. აქვე შეფასებულია საინვესტიციო კლიმატზე რეფორმების გავლენის მნიშვნელობა. „2020 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა ახალი ეკონომიკური რეფორმის დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განხორციელების შემთხვევაში მიზნად ისახავს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მიუხედავად ინსტიტუციური და სასამართლო რეფორმებისა, კვლავ რჩება შეშფოთება კორუფციის, ბიუროკრატიის, თვითნებური კანონის აღსრულებისა და გარკვეულ რეგიონებში გამოცდილი მუშახელის შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ“, - ვკითხულობთ ტექსტში. ყაზახეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ყაზახეთს შედარებით მიმზიდველ ადგილად მიიჩნევდნენ თავიანთი ოპერაციებისთვის და საერთაშორისო ფირმებმა იქ რეგიონული შტაბ-ბინებიც დააფუძნეს. შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას 1994 წელს მოაწერეს ხელი.

Forbes-ის ცნობით,  ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ლომთაძის ქონება შემცირდა

Forbes-ის ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, რომელიც ყაზახეთში საქმიანობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ახლა მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, Forbes-ის რეიტინგში კი 956-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების, მათ შორის ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციები მკვეთრად დაეცა. ამავე თემაზე: ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია

ეროვნული ბანკი: 2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით. ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს

ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება ერთი მილიონი ლარია, სამუშაოს შესრულების ვადა არის 2022 წელი. გამარტივებული შესყიდვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა“, - წერია ტექსტში მედიის ცნობით.

ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. ხერხეულიძემ მედიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, რომ „სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია“. „მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

კობა გვენეტაძე ინფლაციაზე განცხადებას ავრცელებს და „რიცხვების წვალებაზე“ მიუთითებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „რეკორდულ ინფლაციასთან“ დაკავშირებით განმარტებას Facebook-ზე ავრცელებს. „ეს პოსტი არ არის მაღალი ინფლაციის ნეგატიურ გავლენაზე, რის შესახებაც ეროვნულ ბანკსაც არაერთხელ უსაუბრია. ისიც ვთქვით, რომ დეკემბერში წლიური ინფლაციის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდებოდა და ამის მიზეზებსა და გავლენის შესარბილებლად ეროვნული ბანკის ღონისძიებებზეც არაერთხელ ვისაუბრე. პოსტი ე.წ. „რიცხვების წვალებას“, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ეხება: თითქოს 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან რაც გაცილებით უარესი - მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა. წლიური ინფლაციის განსაზღვრება არის მიმდინარე წლის რომელიმე თვეში ფასების დონის პროცენტული ცვლილება წინა წლის იმავე თვის ფასების დონესთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას. ცნება „ზუსტად ერთი წლის წინ“ არსებობს როგორც დეკემბერში, ისე მარტში ან ივლისში. ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არამხოლოდ დეკემბერში. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს მხოლოდ დეკემბერში არ მოიხმარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია, როგორც დეკემბერში, ისე მაისსა ან ივლისში. კერძოდ, 2006 წლის ივლისში, ისევე როგორც 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში (იხილეთ დიაგრამა). ასევე არასწორია იმის თქმა, რომ დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის მატებამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან უსვამდა ხაზს იმ მარტივ არითმეტიკულ ეფექტს, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდიას და მის შემდგომ გაუქმებას მოჰყვებოდა. შარშან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის არაერთ რელიზში აღგვინიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია მაღალი იქნებოდა და შემდეგ დაიწყებდა შემცირებას. და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა”, - წერს კობა გვენეტაძე. საქსტატი: 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

Apple პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს მიაღწია

ისტორიაში პირველად, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს ეტაპი წარმოადგენს Apple-ის წარმატებების აღიარებას ინვესტორების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიამ გამოაცხადა აქციების 182.88 დოლარამდე ზრდის შესახებ, რაც ახალი რეკორდია. 3 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებით, Apple-მა ბოლო წლებში კაპიტალიზაცია გაასამმაგა. Apple-მა წლიური ზრდა, ეოთხე კვარტალში თავისი პროდუქციის ყველა კატეგორიაში აჩვენა. შემოსავალი წლის განმავლობაში 29%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ iPhone ჯერ კიდევ გაყიდვების ყველაზე დიდი მამოძრავებელია, კვარტალში 18 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მოიტანა.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ $25.6 მლრდ-ი შეადგინა. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით $319.8 მლნ-ით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -25.6 მლრდ აშშ დოლარი (-79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -145.9 პროცენტია. ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 319.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.1 მლრდ აშშ დოლარია (34.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 150.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 36.7 მლრდ აშშ დოლარი (114.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 470.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ დოლარით გაიზარდა

ბოლო წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასებმა 13,9%-ით მოიმატა

​2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პროდუქტზე ფასები 13,9 პროცენტით არის გაზრდილი. საქსტატის ცნობით, ქვეყანაში ასეთი დონის ინფლაცია ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა: კომბოსტო - 199,16%; წყლის გადასახადი - 77,37%;ბუნებრივი გაზის გადასახადი - 76,59%;ელექტროენერგიის - 65,64%;ნაგვის გატანის -58,09%; ბენზინი - 39,89%; დიზელის საწვავი - 34,68%; კვერცხი - 37,57%;მზესუმზირის ზეთი - 36,09%;ბადრიჯანი - 34,45%;ჭარხალი - 33,64% ;შაქარი - 33, კარტოფილი - 32,86%;მარგარინი - 32,81%;თერმომეტრი - 47,54%; 37%;შპრიცი - 33,03%; ტრანსპორტი - 17,3%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 15,6%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 14%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 11,8%; ჯანმრთელობის დაცვა - 7,9%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5,2%; განათლება - 4,8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,8%; დასვენება, გართობა და კულტურა - 2,5%. ამავე თემაზე: საქსტატი: ზეთის ფასი 27 %-ით გაიზარდა, პურპროდუქტების - 7 % -ით, ყავა, ჩაის - 13%-ით, რძის ნაწარმის - 11%-ით

საქსტატი: 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ამასთან, ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა წლის ბოლო გამოსვლაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კვლავ აღიარა, რომ ქვეყანაში „საკვების პრობლემაა“. სიტყვით გამოსვლაში კიმ ჩენ ინმა უმეტესი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის მნიშვნელობას დაუთმო. მან სამხედრო სფეროში პროგრესს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, მიღწეულია ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წლის განმავლობაში. კიმ ჩენ ინს არ უხსენებია სამხრეთ კორეა და არც აშშ, გარდა მოკლე მინიშნებისა კორეასთან ურთიერთობებსა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის მიმართულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა არ დააკონკრეტა სურსათის დეფიციტის ხარისხი, მსოფლიო სურსათის ორგანიზაცია 2021 წელს, ასობით ათასი ტონა ბრინჯის დეფიციტის შესახებ იუწყებოდა.

ნათია თურნავა: 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ

"დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა. მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ. „ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი”, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

საქსტატი: ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი ზრდა 10.7 პროცენტია. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 21.0 მლრდ აშშ დოლარი (65.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 120.1 პროცენტია. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 234.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი 28.3 მლნ აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 44.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 542.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.9 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 73.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1 პროცენტია. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკა პანდემიამდე მდგომარეობას დავუბრუნეთ

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა. მანდ ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია. „ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. „ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით: - შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე,- გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა - ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის.ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 24 დეკემბერს გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 72.2 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 054 ტონა), გერმანიაში (3 140 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (305 ტონა), საფრანგეთში (300 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

საქართველოდან 2.5 მლნ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. უწყების ცნობით, მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა. 2018 – 19 წლებში რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელად. მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი„, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვ. „მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი - მესტიის მშენებლობისთვის”, - აღნიშნავენ უწყებაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილი: ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერს, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ. „დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავთან და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია წერილში. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა. მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ანა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა. „მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ, აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. როგორც სააკაშვილმა მითხრა, არ იცის სად იგეგმებოდა მისი გადაყვანა“, - განაცხადა ანა ჯანიაშვილმა. გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა