ეკონომიკა

საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

წინა წელთან შედარებით, 2020 წლის მაისში, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 16 ლარით გაიზარდა და არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 205,6 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მაისის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 14,2 ლარით გაიზარდა და 182,1 ლარი შეადგინა. აპრილის თვესთან შედარებით, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 2.5 ლარით გაიზარდა. ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ნათია თურნავამ და რუმინეთის ელჩმა „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ვნობით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავამ და რუმინეთის ელჩმა ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გაზრდის საკითხი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ვნობით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აუდიტი: 4 დიდი ქალაქის ბაღებში ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ნივთებზე ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავენ

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარზე ბიუჯეტის თანხის 1 პროცენტზე ნაკლები იხარჯება. აუდიტის სამსახურმა 2014-2019 წლის მონაცემები შეისწავლა. "ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც მათ ეხმარება შეიცნონ სამყარო. აღნიშნული ტიპის ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0.04%-ია, რუსთავში ეს ხარჯი 215.6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის − 0.7%, ხოლო ფოთში დახარჯულია 20.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების −0.2%. სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475.6 ათასი ლარიდახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0.08%-ს შეადგენს", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მონაცემებიდან ჩანს, რომ საბავშვო ბაღები არ ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ინვენტარის შეძენასა და განახლებას, როგორებიცაა, სათამაშოები და საბავშვო წიგნები. "აღნიშნული ტიპის აქტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, ასევე ბაღების გადასვლა მოვლის პრინციპიდან − აღმზრდელობით საქმიანობაზე, შეუძლებელია შესაბამისი ინვენტარის გარეშე სათანადოდ განხორციელდეს", - ნათქვამია ანგარიშში. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. "აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება" ,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

კახა კუჭავამ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანმა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრსსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ ლის საკუთარი ხედვები და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმები გააცნო. "ხაზი გაესვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. ახლო მომავალში დაიგეგმა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა. ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წიგნი, სახელწოდებით “დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021” გადასცა, რომლის გამოცემაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 %-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათვამი. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 538.1 მლნ. დოლარი იყო (24.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარი (15.7 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ და მზად არის ამ კუთხით ჩართულობისთვის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალს, ამერიკულ Trammo-სა და ბაქოს პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის ,,სასუქების მულტიმოდალურ ტერმინალს“ ( Wondernet Express Investment Group) ამერიკულ კომპანია ,,Trammo''-სა და ბაქოს პორტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Wondernet Express Investment Group”-ს მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა, ამერიკული საერთაშორისო კომპანია ,,Trammo''- ს პრეზიდენტმა ედვარ ვაინერმა, ხოლო ბაქოს პორტის მხრიდან მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა იუჯინ შეამ მოაწერეს ხელი. ურთიერთგაგების მემორანდუმი სს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს“ (იგივე ბაქოს პორტი), კომპანია ”Wondernet Express Investment Group”-სა და ამერიკულ კომპანია ,,Trammo''-ს შორის ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოვებას სამივე ხელისმომწერ სუბიექტს შორის: ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, რათა დააჩქაროს კარბამიდის, გოგირდის და სხვა მინერალების ექსპორტი ცენტრალური აზიიდან, ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ე.წ. ცენტრალური დერეფანი) პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. აგრეთვე გადაწყდა, რომ მოხდება ციფრული კავშირის დამყარება ბაქოს პორტში მშენებარე სასუქების ტერმინალსა და ბათუმის მულტიმოდალური სასუქების ტერმინალს შორის, რომელიც ახლახანს ამოქმედდა ბათუმში, ტვირთისა და ვაგონების შესახებ მონაცემების ზუსტი გადაცემის მიზნით. კომპანიებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სრულად პასუხობს სავაჭრო და ლოგისტიკური ტენდენციების ცვალებადობას რეგიონში. ხელმოწერა, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის დღეს შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანია ,,Wondernet Express Investment Group''-ის დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ალიშერ იკრამოვი და სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული დელეგაცია. ცნობისთვის, 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

"დიდი შვიდეულის" ლიდერები გლობალურ ანტიპანდემიურ სამოქმედო გეგმას წარადგენენ

BBC-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" ლიდერები ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის მსგავსი პანდემიით გამოწვეული კატასტროფები. სწორედ ამიტომ, დღეს, სამიტის მეორე დღეს, კორნუოლში შეკრებილი "დიდი შვიდეულის" ლიდერები,სპეციალურ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ღონისძიება, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. გეგმის მთავარი მიზანია, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მობილიზების უზრუნველყოფა 100 დღეზე ნაკლებ დროში. გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაცია მოიცავს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა გლობალური სამეთვალყურეო ქსელებისა და გენომური თანმიმდევრობის შესაძლებლობების გაძლიერება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერების ხელშეწყობას. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც სამდღიან სამიტს მასპინძლობს, შეხვედრის გახსნისას თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, 2008 წლის კრიზისის მაგალითზე სწავლა და უთანასწორობის ნაიარევის დაძლევა". "დიდი შვიდეულის" სამიტი გუშინ დაიწყო. სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღე გაგრძელდება. ცნობისთვის, "დიდი შვიდეული“"არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს შვიდ, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანას - კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, დიდი ბრიტანეთსა აშშ-ს აერთიანებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

„მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი”, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებს აწუხებს. მზად ვართ, ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დასაყრდენი იქნება. „ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნახოს. რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას გამართავს. „რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა. მისივე თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ყველა მინიმალური პირობა, რათა დიალოგისთვის სივრცე შეიქმნას. „დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ. დღის წესრიგით რაცაა გაწერილი, დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში. ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო, რომელიც ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება. გადაწყვეტილება ფედერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენ-პუტინის სამიტისთვის შვეიცარია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ადგილობრივი საჰაერო სივრცე შეიზღუდება სამი დღის განმავლობაში და საზოგადოებას ეკრძალება ქალაქის ცენტრში და ტბასთან გადაადგილება. შეზღუდვები 15-17 მაისს იმოქმედებს. შვეიცარიის საჰაერო ძალები უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას. პოლიციის გარდა, ქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 1000 ჯარისკაციც. როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ჟენევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კომერციულ ფრენებზე შეზღუდვა არ იმოქმედებს. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

ლაშა ხუციშვილი: ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შესძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით. „გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და „რიონის ხეობის მცველები“. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან და მათი ამოცანაცაა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მშვიდ ვითარებაში აშენდეს. „როგორც კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ დაიწყო სერიოზული პროტესტი და ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინება გვმართებს, დაიწყო „ნამახვანჰესის“ პროექტის სხვადასხვა მიმართულებით სრულყოფის პროცესი. ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს. მეორე მიმართულება არის საერთაშორისო მედიაცია. რამდენადაც ვიცი, ხვალიდან იწყება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი, სამინისტრო და ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები, ველოდებით, რომ რიონის მცველებიც იქნებიან ჩართულები. ეს არის ნორმალური პროცესი. პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და კითხვებზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია, ხდებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მესამე საკითხი ეს არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის პრობლემატური და იწვევს კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია. მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება იმიტომ, რომ მათი ამოცანაცაა, პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“,- განაცხადა თურნავამ.

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი "მინისტრის საათის" ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "მინისტრის საათის" პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს. მინისტრი, დეპუტატების შეკითხვებს ერთ საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს. დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10 წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი გამოსვლებია განსაზღვრული. რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული. თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები, თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, მათი გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებია გათვალისწინებული. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. მინისტრის დასკვნითი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პარლამენტის პლენარული სხდომა "მინისტრის საათის" დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

დიეგო კოლასი: დროა, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დინამიური გავხადოთ

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ეს არის დრო, როდესაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პროგრამა, დღის წესრიგი უნდა დადასტურდეს და დინამიური გახდეს. როგორც ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა, საქართველოში ინვესტიციები უნდა განხორციელდეს მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში, რასაც აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაც ემსახურება. ,,მთელს გუნდს ვულოცავ, 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა შეფიცეს საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ იმ დღიდან190 მილიონი ევრო გამოვყავით დახმარების სახით და ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდი ქვეყანას, არამედ შევასრულეთ კიდეც ერთ თვეში. ბატონო პრემიერ-მინისტრო პოსტპანდემიურ პირობებშიც დაგეხმარებით, გპირდებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიურ გავხადოთ თანამშრომლობა, ინვესტიციები განვახორციელოთ მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში, ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი , რომელსაც ხელს მოაწერენ. ასევე მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის, საფრანგეთისთვის იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში ეს არის ამბიციური პროგრამა , თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ 150 მილიონი ევრო იქნება ფულადად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობით, ამ თანხას დამატებული, მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია , გავაძლიეროთ დასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, გავამტკიცოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები. კოლასმა სხვადასხვა პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით. „რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ეს ბუნებრივია, საქართველოს და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით“ მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით და ასევე მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ, ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერების და კონსოლიდაციის კუთხით. ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა. ამიტომ გიხდით მადლობას ბატონო პრემიერო, რომ ამ ცერემონიას დღეს აქ ვმართავთ და ასევე მადლობას ვუხდი სესილს და ბატონ ლაშას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში. ცნობისთვის, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია.

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონ ევროს მიიღებს

დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. „ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ირიგაცია. ასევე წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილი კუპრიმ მოაწერეს.

ირაკლი  ღარიბაშვილმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. აღინიშნა, რომ მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველო, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას უდიდესი როლი ენიჭება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა EBRD-ის ჩართულობაზე ეკონომიკურ სექტორში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა. საუბარი შეეხო COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებს და განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი, როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი ასპექტები. საუბრისას, დადებითად შეფასდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.

ხვალ ბათუმის ,,სასუქების ტერმინალი'' იხსნება

ხვალ, 11 ივნისს, 13:00 სთ-ზე ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი, აჭარის რეგიონიდანაა. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას. პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მათ შორის, ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ცნობისთვის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები. "პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ. დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს), 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის - AXEL ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და თიბისი ბიზნესი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines-მა კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა

9 ივნისს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines-მა კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აერპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ხუთი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. „10 ივნისიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (Sky Up, Bee Airlines, UIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.