ეკონომიკა

თამარ გაბუნია: თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება - ასეთი გადაწყვეტილებაა საბჭოს მიერ მიღებული. ჯანმოს მიერ მაისის დასაწყისია სინოვაკის ავტორიზაციის თარიღად დასახელებული. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით იმსჯელებს საბჭო მის გამოყენებაზე. ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი, ასევე უკრაინა. კეთილსაიმედო შედეგებია სინოვაკის და, რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს", - განაცხადა გაბუნიამ.

„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენელი ჩაერთვება

„მოუთმენლად ველით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან მუშაობას, რათა მოვძებნოთ გამოსავალი“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული გაერთიანება მხოლოდ მთავრობათა ან პროექტის განმახორციელებელი კომპანიების გაერთიანება არ არის. „ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის ღია იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის და ასეთივეა ჩემი პირადი დამოკიდებულება“, - აღნიშნა დირკ ბუშლემ, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის თაობაზე მედიაციის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა წერილობით მიმართეს დირკ ბუშლეს და მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვა ითხოვეს. დირკ ბუშლეს განცხადებით, დისკუსიები ნამახვანის პროექტის გარშემო ძალიან კომპლექსურია. „მსურს წარვმართო კომუნიკაციის პროცესი საკითხის სწრაფი და მარტივი გადაწყვეტის მისაღებად. ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი სამუშაო პროცესი თავისთავად აღადგენს ნდობას, რაც მდგრადი გამოსავლის გამოკვლევისა და იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზებულ პროცესს, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და ყველა პრობლემური საკითხის განსახილველად გამოტანის საშუალება“, - განაცხადა ბუშლემ. „ამ პროცესის დასაწყებად ვიწვევ ორივე მხარეს - მთავრობას და სხვადასხვა ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს - აირჩიონ და წარადგინონ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები. შემდეგ თითოეულ მათგანს დავუკავშირდებით და მოვისმენთ მათ გამოცდილებას, შეშფოთებას და მოლოდინს. პარალელურად, სამდივნო განიხილავს წარსულში გარემოსდაცვითი პროცედურების დოკუმენტაციის შესაბამისობას ევროპული კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან. აზრთა გაცვლის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოხარული ვიქნები მოვიწვიო ყველა დაინტერესებული ჯგუფი შეხვედრებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი განხილვებისა და გადაწყვეტილების პოვნის საშუალებას“, - აღნიშნა დირკ ბურშემ. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას. ის სამდივნოს იურიდიულ განყოფილების ნაწილია და მას იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი და სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე ხელმძღვანელობს.

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. მათივე ცნობით, თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა. „2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. "დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვის და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა - 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით დაიწყო

„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. „რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის დაკონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის,ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში. წინა თვეების მონაცემები: იანვარში - მინუს 11.5%; თებერვალში - მინუს 5.1%; მარტში - ზრდა 4% ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%. საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი. საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.

ევროპარლამენტმა Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის Brexit-ის შემდგომ სავაჭრო გარიგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. ევროკავშირის დეპუტატებმა სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს 660 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 32-მა თავი შეიკავა, განაცხადა პარლამენტმა. კენჭისყრა სამშაბათს ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, შედეგი დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი. ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა. როგორც ცნობილია, 1 000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს.

ავიაკომპანია flydubai ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

მიმდინარე წლის 12 მაისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • დუბაი - ბათუმი - დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი - თბილისი -დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. მისივე თქმით, სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. როგორც მინისტრმა განმარტა, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. „ენგურჰესი“ არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ენგურჰესის“ თანამშრომლებს. „ძალიან დიდი მადლობა „ენგურჰესის“ თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ამ სამუშაოებს ქართული კომპანია ასრულებდა, თუმცა ამ პროცესში უცხოელი ინჟინრები და სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ოსტატურად და ვადაზე ადრე განახორციელეს ამ ურთულესი სამუშაოს დასრულება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად, გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. „სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, შვიდი მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი რვა მილიონი ევრო გამოიყო. სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები.

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება — აზიის განვითარების ბანკი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5 პროცენტით არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 — ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს. “როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. “ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.“ ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს. მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს. მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით. ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს. მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, დმანისში მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. „ამ პროექტის მომზადება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინვესტორებთან ერთად, ჩვენი სამინისტრო პირველივე დღიდან იყო პროცესში ჩართული. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი შედგა. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენი თხოვნით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ, მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი. ეს არის ფრანგული, სალერსის ჯიში, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რომელიც მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია. დმანისში გახსნილ ახალ ფერმაში გამოყენებულია ტექნოლოგიური სიახლეები, მიღწევები და ფრანგული გამოცდილება. ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე არაადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, რათა მათ, ინვესტიციების განხორციელებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.შპს „დმანისის მეცხოველეობა“ ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმაა. ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მილიონი ლარია, მათ შორის, 6 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე, კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური, რომელსაც საქართველოში აგრო-ინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი

"აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან", - ამის შესახებ Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, რუსეთის და დასავლეთის დაპირსპირებაში, მათი რესურსების შეფასებისას. როგორც Europetime-თან ინტერვიუში ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. მისი თქმით, პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა, თუმცა რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. "ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი?! 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?!" - განუცხადა Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა. ექსპერტი: აშშ-ს ახლი პოლიტიკის შედეგად რუსეთს რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, საკუთარ ქმედებებზე გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს

ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ,,გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, გერმანიის მთავრობა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ენერგეტიკის/ენერგოეფექტურობის, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვის სექტორებში, აგრეთვე, მხარდაჭერას უწევს სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში გერმანიის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მედია: რუსეთმა შეიძლება ჩეხური ლუდის იმპორტი შეზღუდოს

რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უპასუხოს რუსი დიპლომატების პრაღიდან გაძევებას ჩეხური წარმოების პროდუქტების, კერძოდ, ლუდის იმპორტის შეზღუდვით. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო უწყებების ორ წყაროზე დაყრდნობით "კომერსანტი" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი წყარო აცხადებს, ასეთი ეკონომიკური სანქციები შეიძლება გახდეს აუცილებლობა, ვინაიდან "ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ პრაღის უპრეცედენტო აგრესიული ქმედებები, რომლებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ სარკისებურად". ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა იქონიოს რომელიმე ინდუსტრიაზე, მაგრამ "კომერსანტის" წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ასიმეტრიული სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება მიიღებს პრინციპს "ნუ ავნებ თავს".

ავიარეისებს COVID-ვაქცინის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის პრიორიტეტი გაუხანგრძლივდათ

საქართველოს საჰაერო სივრცეში COVID-19-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ NOTAM (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) 24 აპრილიდან 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენო ავრცელებს. NOTAM-ში, რომელიც 25 აპრილის 00:00 საათიდანაა აქტიური, წერია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს ვაქცინის გადაზიდვას და შეფასებულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია, ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვის. NOTAM მოქმედებს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც STS/ATFMX RMK/VACCINE კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. „საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვეყნებს

მთავრობის ადმინისტრაცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვეყნებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში. საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს. საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების პროგნოზებისა და ბიზნესმოდელის განახლება. "კომერციული დასაბუთების განახლების შემდეგ, ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით განმეორებითი ტენდერი, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცხადდება, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე გავიდეთ ფონს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

14 ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას და ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვენ. "ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალი "ლოკდაუნის" საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა). ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია, ნაწილობრივ ჩაკეტილია და 6 თვე კი სრული „ლოკდაუნი“ გვაქვს, რაც ჩვენი საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება, რომლებსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნესსექტორი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია. აუცილებელია: 1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი: ქვეყანაში სამუშაო პროცესები 4-5 საათით ადრე წყდება, რის გამოც ეკონომიკა ყოველდღიურად მილიონობით ლარის ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 8 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია. 2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება: ასეთი მზადების მაგალითს არაერთი ტურისტული ქვეყანა აჩვენებს, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უცხოელი ტურისტი უნდა მივიღოთ. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია. 3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით): სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა კერძო სექტორის ტერიტორიებზე აბსოლუტურად უკონტროლო, ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას იწვევს. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი. 4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი: იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა - არადამაკმაყოფილებელია. 5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე: მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია, ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს როგორც ზოგიერთი დარგის დოტაციას, ასევე საგადასახადო წნეხის მოხსნას, ან მინიმუმ შემცირებას ეხება. 6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება: ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ. ბატონო პრემიერო, თქვენ მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბროდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა", - ნათქვამია ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ დარგთაშორისი პლატფორმის მონაწილე ბიზნესასოციაციები: 1. საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია – კოტე გაბრიჩიძე (250,000 დასაქმებული) 2. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია – ლევან ქოქიაშვილი (400 დასაქმებული) 3.საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია -თამრიკო სიხარულიძე (800 დასაქმებული) 4. საქართველოს სასტუმროების ფედერაცია - შალვა ალავერდაშვილი (2000 დასაქმებული) 5. საქართველოს რითეილერთა (ფეშენ) ასოციაცია – კახა ხაზარაძე (25,000 დასაქმებული) 6. საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია – ივა ჭყონია (15,000 დასაქმებული) 7. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია – ელგუჯა მელაძე (70,000 დასაქმებული) 8. საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია – ლევან ყარალაშვილი (17,000 დასაქმებული) 9. საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი – სანდრო რატიშვილი (30,000 დასაქმებული) 10. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია – ლევან სილაგავა (3,000 დასაქმებული) 11. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია – დავით მესხიშვილი (50,000 დასაქმებული) 12. მთის კურორტების ბიზნესასოციაცია – მაია ბიჭიკაშვილი (1,000 დასაქმებული) 13. საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია – თამარ შარაშენიძე (1500 დასაქმებული) 14. საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია – ირაკლი როსტიაშვილი (6000 დასაქმებული)

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 246 000 დოლარის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. წარმომადგენლობის განცხადებით, 246,000 USD-ის ღირებულების ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური კვევების ჩატარებასა და დანაშაულის ეფექტურ გამოძიებაში. „20 აპრილს, ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტს 246,000 აშშ დოლარის ღირებულების გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის სისტემა გადასცა. აღნიშნული დახმარება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „SAFE”-ის ფარგლებში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით“, - აცხადებენ წარმომადგენლობაში. გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, სიგრიდ ბრეტელი და შს სამინისტროს, ევროდელეგაციისა და UNOPS-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემა ყველა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის მიერ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემული აღჭურვილობა დანაშაულის გამოძიების პროცესში. ეს არის დიდი პროგრამის - „SAFE”-ის ნაწილი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას ემსახურება. ეს პროგრამა, რომელშიც ევროკავშირმა 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ორი წლის წინ დაიწყო. ის მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკურ აღჭურვას“, - განაცხადა ბრეტელმა. ევროკავშირის დამხარების მნიშვნელობაზე თავის მხრივ ბუთხუზმაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამხარების მნიშვნელობას და აღწერა რა მიმართულებით იყო შესაძლებელი სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესება ქრომატოგრაფ/მას-სპექტორმეტრის გამოყენებით. „საქართველოში 2019 წლიდან მოქმედი პროგრამა „SAFE”-ს ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს გადმოეცა მას-სპექტრომეტრი. აღნიშნული მოწყობილობა იძლევა საშუალებას უმაღლესი სტანდარტებით და უმოკლეს ვადებში დადგინდეს, როგორც ნარკოტიკული, ისევე ასაფეთქებელი საშუალებების კვალი. ასევე, განხორციელდეს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ხანძრების, გარემოს დაცვითი ზედამხედველობისა და ანალიზის განხორციელების მიმართულებით. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება ერთ-ერთი პრიორიტეტია შინაგან საქმითა სამინისტროსთვის და ჩვენ ყოველწლიურად ვიღვწით საერთაშორისო სტანდარტის მიღწევისთვის“, - განაცხადა ბუთხუზმა. ღონისძიების დროს მონაწილეებმა დაათვალიერეს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მთავარ ლაბორატორია და გაეცნენ თუ როგორ ტარდება სპეციალური კვლევები სხვადასხვა სუბსტანციის იდენტიფიცირებისთვის გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემის გამოყენებით. მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მსგავსად, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენა, ხანძრის შემთხვევების გამოძიება, გარემოსდაცვითი ანალიზი, ასაფეთქებელი საშუალებების დადგენა და უცნობი ნიმუშების იდენტიფიცირება. აღნიშნული სისტემის მეშვეობით, შსს შეძლებს კვლევის შედეგები ერთ საათზე ნაკლებ დროში მოამზადოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამინისტროს ტექნიკურ შესაძლებლობებს მაღალხარისხიანი და სწრაფი საექსპერტო გამოძიების უზრუნველყოფით. „UNOPS-ი მოხარულია, რომ წარმატებით უზრუნველყო „GC-MS“ სისტემის შესყიდვა და მონტაჟი, რომელიც უკვე სრული დატვირთვით გამოიყენება შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და საშუალებას აძლევს უწყებას, განახორციელოს მაღალი ხარისხის საექსპერტო კვლევები. გასულ წელს პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამინისტროსთვის ჩვენ უკვე შევიძინეთ სამი ტიპის აპარატურა, საერთო ღირებულებით ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის შედეგები უკვე გვიჩვენებს სამინისტროს ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოს შს სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პროექტის უწყვეტი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა UNOPS-ის პროექტის მენეჯერმა, ელენე ალადაშვილმა. „GC-MS“ სისტემა, რომელიც საექსპერტო კრიმინალისტიკაში „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული, შეძენილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის „SAFE“ პროგრამის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას. პროექტის განმახორციელებელია UNOPS-ი და ის მიზნად ისახავს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობას. პროექტი განსაზღვრავს სპეციფიკურ საჭიროებებს და შეიძენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის განსაზღვრული აქტორების ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ევროკავშირის „SAFE“ პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პროექტის განხორციელების პროცესში.