ეკონომიკა

Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის კომპანია "კასპის" მფლობელი მიხეილ ლომთაძე

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მოხვდა. მიხეილ ლომთაძე $3.8 მილიარდის ქონებას ფლობს და მილიარდერთა რეიტინგში, 812-ე ადგილს იკავებს. Forbes-ი ცნობით, ყაზახური კომპანია Kaspi მიხეილ ლომთაძე და ვიაჩესლავ კიმმა დააფუძნეს, მილიარდერები კი მას შემდეგ გახდნენ, რაც აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსეს. როგორც ირკვევა ყაზახეთში, Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა . ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. "კასპი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ. . ცნობისთვის, 1975 წელს ბათუმში დაბადებულმა მიხეილ ლომთაძემ ბაკალავრი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში დაამთავრა. სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. 2008 წლიდან რუსეთში ხელმძღვანელობდა "კასპი ბანკს". რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია..

ბენ ჰოჯესი: საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

„საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ინტერვიუ სრულად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

ნათია თურნავა: ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ

"მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ. "დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Wizzair-მა - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში", - განაცხადა თურნავა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან და ეტაპობრივად სხვა მიმართულებებიც აღდგება.

ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა

ბოლო ორ კვირაში კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 300 მილიონის ღირებულების 150-მდე ქონება გამოიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქუციონი დღეს გაიმართა. სახელმწიფო ქონების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონი, აუქციონით განსაზღვრულ საწყის ღირებულებას 50 პროცენტით აღემატება. პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს. მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი - აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საბაზრო რეალობა, ახლა ძალიან სოლიდური ფასდაკლებით - განახლებული ფასებით არის გამოტანილი. პროგრამას ამ ეტაპზე, კიდევ 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა. „ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, რეგიონებში შეიქმნას, ამიტომ ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება, საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი. ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა განავითაროს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის გაჯანსაღებაში ბიზნესის როლი და აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი.

ირანმა რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 60 მლნ დოზა შეიძინა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sputnik V-ის 60 მილიონი დოზის შესაძენად. რუსეთთან გარიგება დაასრულა. რუსეთში ირანის ელჩი, კაზე ჯალალი აცხადებს, რომ გარიგების შედეგად, ირანი მიიღებს 30 მილიონი ადამიანის სრული იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობას. მისივე თქმით, ირანი ვაქცინებს წლის ბოლოს მიიღებს.

ევროპარლამენტარი დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ: ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია

"ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია", - ასე შეფასა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ნაბიჯი დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა. "ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის - საშინელებაა. ახლა გადამწყვეტი დროა იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რა ხდება უკრაინის საზღვართან. რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები ევროკავშირს დაუახლოვდნენ, ან გახდნენ ნატოს წევრები. ახლა ბევრი შესაძლებლობა იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა - ძლიერი ლიდერებით, ოპოზიციით. მათ, შეიძლება, განსხვავებულად ესმოდეთ სხვადასხვა პროგრამა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების საერთო გაგება. თუ იქნება შეთანხმება, მე ვთხოვდი საქართველოს პოლიტიკოსებს, რომ წინ წასულიყვნენ და ეჩვენებინათ სიგნალი საქართველოს წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში. ყველა უნდა იყოს საკმარისად აქტიური, რათა წინ წაიწიონ ამ მიმართულებით,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19-ის ახალ შტამებთან საბრძოლველად $ 1.7 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს, რათა დაეხმაროს შტატებს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს COVID-19-ის ახალ შტამებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლი აცხადებს, ინვესტიცია, რომელიც იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1,9 ტრილიონიანი "აშშ-ის სამაშველო გეგმის" ნაწილი, გააუმჯობესებს ახალი ვარიანტების გამოვლენას, მონიტორინგს და შემსუბუქებას, გენომიკური თანმიმდევრობის მცდელობებით, რაც გავრცელების შეზღუდვის მთავარი ეტაპია, "COVID-19-ის თავდაპირველი შტამი ამერიკაში დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით ნახევარზე მოდის. ვირუსის ახალი და პოტენციურად საშიში შტამები კი შემთხვევების მეორე ნახევარს შეადგენს", - აღნიშნა თეთრმა სახლმა განცხადებაში.

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე ვიმსჯელებთ

"ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია "ენკა რინიუებლზმა" გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან - ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართება, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, შეხვედრაზე მიწველია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, რომელთაც ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ინეტერსი გამოხატეს. „შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციების და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები.

საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ფრენების მიმართულებები და სიხშირე გაიზარდა

ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან. ამასთან ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. "ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაახლა თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება; მიმდინარე წლის 19 აპრილიდან, ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს; ავიაკომპანია Arkia თელ ავივი - თბილისი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე - კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. ავიაკომპანია Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ზრდის ფრენის სიხშირეს და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს იწყებს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისები 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკელი კერძო ინვესტორების ჯგუფს „TECH Friends of Georgia“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, გახსნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და მინესოტას სენატორმა (2003-2009) ნორმ ქოლმანმა. აღსანიშნავია, რომ სენატორი ქოლმანი, რომელიც საქართველის მეგობარი და მხარდამჭერია, მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას აშშ-ში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც „TECH Friends of Georgia“ განახორციელებს 500 000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

ხელისუფლების წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ

პრემიერ-ინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გუბერნატორები და დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. „მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი. ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, - ამის შესახებ, ლერი ბარნაბიშვილმა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულები რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შეასრულებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციია სააგენტოს ოფიციალურად უკვე მიმართა. "სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings - მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი - დიუსელდორფი - თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს, ფრენები კი კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

სებ: 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახეხებ საქართველოს ეროვნული ბანკის იერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. "2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მისი თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. „მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომელსაც პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა. ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდ-რეგულაციების მკაცრად დაცვა და ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ისეთი სექტორის გამოცოცხლებაზე, როგორიცაა ტურიზმი. მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება და მაგალითად, მან მოიყვანა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ტვირთის გადაზიდვებზე, რომელიც რეგიონში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს. ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ინკლუზიურ ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული. „პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატი: საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარი და 10 თეთრია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი და 10 თეთრი სჭირდება. ეს მონაცემი წინა თვესთან შედარებით 3 ლარით და 40 თეთრით გაიზარდა, ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 4,5 ლარით ნაკლებია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მარტში "შრომისუნარიანი მამაკაცის" საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით 3 ლარითა და 80 თეთრით მეტია. ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა.

Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდ-პასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაცია ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. სერთიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ წინადადებას ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, ხოლო დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.

ნათია თურნავა: ვგეგმავთ, ამ დღეებში ნამახვანჰესთან დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „იცით, რომ მე და ბატონი ლევან დავითაშვილი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმოებებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს და ესეც არის ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრების, კომუნიკაციის გამოძახილი. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა: დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა

"დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნამახვანი იქნება პირველი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. "დღეს ჩვენი ელექტროენერგიის იმპოტრი სამწუხაროდ აღწევს დრამატულ მოცულობას, ეს არის მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატსაათი წელიწადში. ნამახვანჰესის გამომუშავება იქნება მილიარდ ხუთასი მილიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა განვითარდება და უახლოეს 10-15 წელიწადში მეტი ელექტროენერგია დაგვჭირდება. დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის დასაქმება. "ჰესის მშენებლობის პროცესში საქართველოს 1 600 მოქალაქე ეყოლება კომპანიას დასაქმებული, ამის ვალდებულება მათ ჩვენ წინაშე აიღეს. შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით 30 მილიონ ლარს შევა. შეიქმნა რიონის განვითარების ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით და ახლა ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტები დავაფინანსოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რამდენად დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს მსხვილმა ინვესტორმა ქვეყანაში. გარდა ამისა, 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია დღეს, პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც ინვესტორები ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ ზოგადად და მათ შორის საქართველოშიც არ არის მოსალოდნელი ძალიან დიდი ბუმი ინვესტიციების, ობიექტური მიზეზები დან გამომდინარე. უცხოური ვალუტა, რომელიც ფაქტობრივად ამოგვივარდა ტურიზმის კოლაფსის გამო, გვჭირდება, რომ გავამყაროთ ჩვენი ეროვნული ვალუტა, იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ჩვენი შიდა პროდუქტი. ძალიან დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროექტმა და ამ ყველაფერზე მზად ვართ ვისაუბროთ მშვიდ ვითარებაში ისე, როგორც ჩვენი საპატრიარქო მოგვიწოდებს“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს აზიმ იბრახიმს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“. „შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყების ცნობით, ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა. „დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.