ეკონომიკა
Mercedes-ი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 223 000 ავტომობილს უკან იწვევს
გერმანიის სატრანსპორტო საშუალებების სამსახურის ცნობით, არსებობს რისკი, რომ 2002-2006 წლებში წარმოებულ Viano-სა და Vito-ს ფურგონებში, „ავარიის შედეგად, რომლის დროსაც აირბალიში აქტიურდება“, შესაძლოა, მგზავრები დაზარალდნენ. მონაცემების მიხედვით, ამ ავტომობილებიდან 60,246 გერმანიაშია რეგისტრირებული. გერმანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ავტომობილებში „ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, გაზის გენერატორი აფეთქდეს“ და ამ შემთხვევაში აირბალიშს აღარ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მგზავრების დაზიანების რისკს იწვევს.
რომელი ქვეყნები არიან ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 234.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა და 1 473.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (310.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (162.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (150.4 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 174.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 121.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 101.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო
2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1.971 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა - ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ამასთან, 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა. „საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა),“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ევროკავშირმა ჩინური ბანკები პირველად დაასანქცირა
ევროკავშირმა ჩინეთში დაფუძნებულ ორ ჩინურ ბანკსა და ხუთ კომპანიას სანქციები დაუწესა. საუბარია Heihe Rural Commercial Bank-სა და Heilongjiang Suifenhe Rural Commercial Bank-ზე. ევროკავშირის ცნობით, ბანკები კრიპტოვალუტით ტრანზაქციებში იყვნენ ჩართულნი, რამაც სანქციების ეფექტიანობა შეარყია. თავის მხრივ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციებმა „სერიოზულად დააზიანა სავაჭრო, ეკონომიკური და ფინანსური კავშირები“ და „ჩინური კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, პეკინი აუცილებელ ზომებს მიიღებს. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინური ბანკები ევროკავშირის სანქციების ქვეშ პირველად, მოექცნენ.
ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის ნაწილია - Forbes
„ამერიკის მაღალი ფსონი ზანგეზურზე: როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დერეფნის ამოქმედებამ შეამციროს ევროპის ენერგეტიკული ხარჯები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს,“ Forbes-ი სტატიაში განიხილავს აშშ-ის მცდელობას, შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გააძლიეროს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგომომარაგების გზები. ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში სტატიაში მიმოხილულია, რომ ზანგეზურის დერეფანი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ენერგორესურსების პირდაპირ მიწოდებას თურქეთში და შემდეგ ევროპაში, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. Forbes-ის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის გამოვლინებაა - გამოიყენოს „ძალთა იშვიათი ვაკუუმი“ სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ისტორიულად რუსეთი დომინირებდა, მაგრამ ახლა მზადაა გადალაგებისთვის, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში გადამწყვეტი შეტევის დროს, მოსკოვმა თავისი მოკავშირე სომხეთი ვერ დაიცვა. რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორის სანდოობა ახლა სრულად დანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, რეგიონში განთავსებულნი იყვნენ რუსი „სამშვიდობოები“, მოსკოვმა ვერ შეძლო ჩარევა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა კვლავ აიღო კონტროლი მთიან ყარაბაღზე და შედეგად, 100,000 ეთნიკური სომეხი იძულებით გადაადგილდა. ეს უმოქმედობა ერევანში ღალატად აღიქვეს, რამაც რუსეთის მიმართ ნდობა არსებითად შეარყია და სომხეთის ისტორიულ გეოპოლიტიკურ შემობრუნებას დასავლეთისკენ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. გეოპოლიტიკური გათვლები და კონკურენტთა რეაქციები სატრანზიტო დერეფნის შესაძლო წარმატება ძირეულად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. ირანს საკუთარი სატრანზიტო როლის 20-30 პროცენტით შემცირება ემუქრება. რუსეთი კი, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის გარეშე დარჩეს და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე თავისი ზეგავლენის 10-15 პროცენტი დაკარგოს. ჩინეთისა და თურქეთის ინტერესები ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ზანგეზურის დერეფნის საშუალებით მოიპოვოს 20-30 მილიარდი დოლარის ეკონომიური სარგებელი „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. თურქეთი კი, დერეფნის ამოქმედებით, გადაიქცევა ენერგეტიკულ ჰაბად, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება თურქულენოვან ქვეყნებზე და შესაძლოა, ქვეყანამ 10-15 მილიარდი დოლარის სატრანზიტო შემოსავალი მიიღოს. თურქეთის როლი რეგიონში თურქეთი აქტიურად ცდილობს ქურთული კონფლიქტის დეესკალაციას, რაც ხელს შეუწყობს ზანგეზურის ინიციატივის წარმატებას. აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებში თურქული ბიზნესი ექსპორტის 310%-იან ზრდას ელოდება, რაც დიპლომატიურ ჩართულობას დამატებით წაახალისებს. ენერგეტიკული კომპანიების ინტერესი SOCAR-ი მილსადენებს აფართოებს, ADNOC კი, წყალბადზე ერთობლივ პროექტებს განიხილავს. BP და Chevron მზად არიან, გაზარდონ ინვესტიციები 5-10 მილიარდ დოლარამდე. თუმცა პოლიტიკური უთანხმოებები და რეგულაციური შეფერხებები პროექტის ვადებსა და ხარჯებს საფრთხეს უქმნის. რისკები და პოლიტიკური დაბრკოლებები მოლაპარაკებების წარუმატებლობის ალბათობა 60%-ია, რამაც შესაძლოა, პროექტის დაწყება 1-1.5 წლით შეაფერხოს. სომხეთმა მკაფიოდ უარყო თავისი ტერიტორიის გადაცემა, რაც უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. მომავალი პერსპექტივები თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, შუა დერეფნის გაძლიერებული ტევადობის მეშვეობით, 2027 წლისთვის სავაჭრო ნაკადები 20-50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევრაზიულ ლოგისტიკას. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ სუვერენიტეტთან დაკავშირებული რისკები და აქტიურად ითანამშრომლონ აშშ-ის შუამავლებთან. გეოპოლიტიკური გავლენა: ამერიკის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას რეგიონში და აშშ-ის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. დასკვნა ზანგეზურის დერეფანი არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ, ეს არის ამერიკული დიპლომატიის ტესტი გლობალურ მულტიპოლარულ სამყაროში. მისი წარმატება რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხრივ, აშშ-ის შესაძლებლობებს დაამტკიცებს.
2014 წლის შემდეგ პირველად, პლატინის ფასმა 1500 დოლარს გადააჭარბა
ლატინის ფასი პარასკევს გაიზარდა და უნციაზე 1,500 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა — იუწყება Reuters. მეტალის ღირებულება ვაჭრობის სესიის განმავლობაში 2%-ზე მეტად გაიზარდა, რაც სამდღიანი ზრდის სერია გაგრძელდა — ამ პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში 5.1%-იანი მატება დაფიქსირდა. ბოლოს პლატინის ფასმა 1,500 დოლარს 2014 წლის ივლისში მიაღწია.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩინური CIPS დამატებითი საშუალებაა და არა SWIFT - ის ალტერნატივა
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას. სებ-ის განცხადებით, ხსენებული სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა. „ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS - ი თითქოსდა SWIFT - ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS - ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900 - ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით. CIPS - ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT - ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS - ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT - თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT - ის ახალი ფორმატის - ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT - ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT - ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიაცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციით ევროკავშირს მოუწოდებენ, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-იდან გათიშვა.
დიდი ბრიტანეთი განიხილავს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში
„დიდი ბრიტანეთის ექსპორტის ფინანსურმა სააგენტომ (UKEF) უკვე დაასრულა თავისი პირველი გარიგება აზერბაიჯანის ავიაციის სექტორში და ის ამჟამად სწავლობს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში,“ განაცხადა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში, ლორდთა პალატის წევრმა ჯონ ოლდერდაისმა, კასპიის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის საკითხებზე ლონდონში გამართულ კონფერენციაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება. მანვე აღნიშნა, რომ ლონდონის ინტერესი შუა დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ (სტრატეგიული მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან ყაზახეთის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს) სწრაფად იზრდება. „შუა დერეფნის განვითარება პრიორიტეტი უნდა გახდეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მიმართულება უზარმაზარ ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის,“ — აღნიშნა ოლდერდისმა. გარდა ამისა, ოლდერდისმა ხაზი გაუსვა სავაჭრო სტანდარტების ჰარმონიზაციას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ციფრულ პლატფორმებზე გადასვლას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, ამ დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 18.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მყარ ინფრასტრუქტურაში — პორტების გაფართოებაში, მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობაში. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტვირთბრუნვა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს მოსალოდნელია 5.2 მილიონ ტონამდე ზრდა, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მარშრუტის მონაწილე ქვეყნებზე გაივლის. მოსალოდნელია, რომ 2.5 მილიონი ტონა იქნება მშრალი ტვირთი (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა — ნავთობი. მარშრუტის საერთო გამტარიანობამ 2027 წლისთვის შეიძლება, 10 მილიონ ტონას მიაღწიოს.
უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტრანსავღანური რკინიგზის პროექტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ქაბულში, ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა სამთავრობათაშორისი ჩარჩო შეთანხმება უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study, FS) შემუშავების თაობაზე, იტყობინება Trend. „დღევანდელი პირველი სამმხრივი შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ისტორიულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ურთიერთნდობის გაღრმავების, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ. ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესამუშავებლად — პროექტისთვის, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს მთელი ევრაზიისთვის. აღნიშნული დერეფანი ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაძლიერებას, ავღანეთის ეკონომიკურ აღდგენას და მისცემს მას წვდომას გლობალურ ბაზრებზე სამხრეთული პორტების მეშვეობით. უზბეკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ვაჭრობის გაძლიერების, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტიკაში, ტექსტილსა და სამშენებლო სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებისა და ტერმეზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის გამოყენების გაზრდის მიმართ,“ – აღნიშნა საიდოვმა.
საქსტატი: ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით გაიზარდა, ასევე, გაზრდილია ფასები შაქარზე, სხვა ტკბილეულზე, ზეთსა და თევზეულზე
საქსტატის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2.6%-ით მოიმატა თევზეულის ფასმაც, ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1%-ით გაძვირდა. „საქსტატის ინფორმაციით“ ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%). „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციამ კი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.5 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.6 პროცენტი), თევზეული (1.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვა 63%-ით გაიზარდა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 63%-ით გაიზარდა და მან 4,1 მილიონ ტონას მიაღწია. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ცნობით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში TITR-ით საკონტეინერო გადაზიდვები 2,6-ჯერ გაიზარდა და მან 50 500 TEU შეადგინა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აგრძელებს სტაბილურად ზრდას, რასაც ადასტურებს გამტარუნარიანობის ზრდა წელიწადში 6 მილიონ ტონამდე, მათ შორის, 100,000 TEU კონტეინერის ტრანსპორტირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს სიმძლავრის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, “ - აცხადებენ სამინისტროში. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთში, ყაზახეთში, კასპიის ზღვის ზონაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და შემდგომში გადაჭიმულია თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
ლონდონმა შუა დერეფნის განვითარების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) იყო. „შუა დერეფნის პოტენციური კომერციული და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა იყოს ეფექტიანი, მდგრადი და განვითარების თვალსაზრისით გამართლებული. ეს კონფერენცია შეისწავლის დერეფნის გასწვრივ ბიზნესის კოორდინაციის, პრიორიტეტებისა და ეფექტურად წარმართვის გზებს,“ - წერდა CPC ღონისძიების შესახებ. კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება CPC-ს პრეზიდენტის ეფგან ნიფტის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ „კასპიის რეგიონი არის ფარული ძვირფასი ქვა, რომელიც სავსეა პოტენციალით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის.“ „სწორედ აქ ჩნდება შუა დერეფანი, როგორც „თამაშის შემცვლელი.“ მარშრუტების ეს ქსელი ხელახლა განსაზღვრავს კავშირს, გვთავაზობს უფრო სწრაფ და ეფექტიან გადასასვლელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთის სავაჭრო მარშრუტებს სანქციები აფერხებს, ხოლო საზღვაო ვაჭრობა შეზღუდულია ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო. აშკარაა სავაჭრო გზების დივერსიფიკაციის აუცილებლობა. ამან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სატრანსპორტო კავშირის განვითარებაში ახალი იმპულსი შეიტანა. ისეთი პროექტების შემდგომი მხარდაჭერა, როგორიცაა, შუა დერეფანი, არამხოლოდ გააძლიერებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რეგიონში, არამედ, ხელს შეუწყობს რეგიონულ მიზნებს კავშირის, ენერგიის დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით,“ აღნიშნა ნიფტიმ. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ინსტიტუციური დაბრკოლებების აღმოფხვრისთვის საჭირო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმართვისთვის კასპიის რეგიონში. ასევე, ისაუბრეს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებაზე შუა დერეფნის ფარგლებში. გარდა ამისა, კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის და სხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. აზერბაიჯანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ელინ სულეიმანოვმა შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. „ისრაელს [და ღაზის] შორის [კონფლიქტის] დროს, თქვენ ხედავთ, რომ მთელი საჰაერო მიმოსვლა აზიასა და ევროპას შორის ძირითადად, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება. ეს თავისთავად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ეს ნაწილი.“ „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად მწვანე ენერგიის ევროპის ბაზრებზე მიწოდებაზე. ენერგია მიდის აზერბაიჯანში, საქართველოში, შავი ზღვის ქვეშ, რუმინეთში, შემდეგ კი, უნგრეთში,“ აღნიშნა სულეიმანოვმა. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ოსმან კორაი ერთაშმა ისაუბრა რეგიონში მდგრადი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განვითარების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა რკინიგზაში, მილსადენებსა და ენერგეტიკაში ინვესტირების მნიშვნელობას. ევროპელი ინვესტორების მხრიდან შუა დერეფნის მიმართ მზარდი ინტერესის განხილვისას, ელჩმა ერთაშმა ხაზგასმით აღნიშნა: „ევროკავშირის ინვესტორთა სამიტი მისასალმებელი ინიციატივა იყო ყველა ჩვენგანისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული თანხა, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს, საკმაოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.“ თურქეთის ელჩმა თავისი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა: „არსებობს მსხვილი პროექტები, როგორიცაა, რკინიგზა, მილსადენები... იგივე ეხება აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს, რომელიც ევროპაში TANAP-ით საქართველომდე გავიდა... უკვე ბევრი ინვესტიცია გვაქვს ამ დერეფანში და მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი გავაკეთოთ.“ ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის - დოლართან და ევროსთან. ეროვნული ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაადგინა. ხვალიდან: 1 ევრო - 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით); 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით). ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.
აზერბაიჯანმა მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობის პროტოკოლი დაამტკიცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე ოქმის დამტკიცების შესახებ. საუბარია სექტემბერში „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, ბუქარესტში ხელმოწერილ დოკუმენტზე. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ პროტოკოლის დებულებების შესრულება მისი ძალაში შესვლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს . აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს
ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8746 ლარი ეღირება, ევრო – 3.0252 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6438 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8478 ლარი ღირდა, ევრო – 2.9967 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6193 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 დეკემბერს ამოქმედდება.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0619 ლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა. ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი,“ რასაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა.
აზერბაიჯანი შუა დერეფნის სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის გაზრდას აანონსებს
აზერბაიჯანი 2025 წელს შუა დერეფნის გავლით, სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის 600-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა. „ბოლო წლებში აზერბაიჯანმა აჩვენა მთლიანი სატრანზიტო მოცულობის სტაბილური ზრდა, რომელმაც 2023 წელს მიაღწია 13,4 მილიონ ტონას, საიდანაც 4,3 მილიონი ტონა შუა დერეფნით გადაიზიდა. 2024 წლის დასაწყისიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩინეთიდან ბლოკ-მატარებლების მოძრაობას შუა დერეფნის გავლით. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენს ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ბლოკ0მატარებელი გაივლის, აზერბაიჯანის პორტებში ტრანზიტის საშუალო დრო შეადგენს 10 დღეს და საქართველოს პორტებში 12 დღეს. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ბლოკ-მატარებლების რაოდენობა 600-მდე გავზარდოთ, სამომავლოდ კი, ჩვენი მიზანია, 1000 ბლოკ-მატარებლამდე ავიდეთ“, - დასძინა მინისტრმა.
ყაზახეთი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის მიწოდების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს
ყაზახეთი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის შესაძლო მიწოდების განხილვას აგრძელებს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მთავრობის სხდომაზე გააცხადა. „გამტარუნარიანობა არის 5 მილიონი ტონა წელიწადში, შესაძლო მიწოდების მოცულობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე. ამ მარშრუტის გამოყენება ამჟამად დამუშავებისა და განხილვის პროცესშია,“ - განაცხადა სატკალიევმა. მან ასევე დაამატა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC) რჩება ყველაზე საიმედო მარშრუტად ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. „დღეს CPC არის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი მარშრუტი ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. ამჟამად არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, გაზარდოს სატუმბი მოცულობები 67-დან 81,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში, ყაზახური მონაკვეთის ჩათვლით - 53,7-დან 72,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში," აღნიშნა სატკალიევმა. მინისტრმა განმარტა, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან ნავთობის მთლიანი ექსპორტი 68,8 მილიონი ტონა ნავთობია დაგეგმილი. გასულ წელს ყაზახეთმა გარე ბაზრებს 70,5 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა 90 მილიონი ტონა მოპოვებით. მინისტრის თქმით, ნავთობის ექსპორტი შემდეგი ძირითადი მარშრუტებით განხორციელდება: კასპიის მილსადენის კონსორციუმი - 55,4 მლნ ტონა ნავთობი, ატირაუ-სამარა - 8,6 მლნ ტონა, ჩინეთი - 1,1 მლნ ტონა, აქტაუს პორტი - 3,6 მლნ ტონა, სარკინიგზო ტრანსპორტით. - 0,05 მილიონი ტონა.
ყაზახეთი ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს
ყაზახეთი ახალი, მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას 2032 წელს გეგმავს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მაჟილისში, სამთავრობო საათზე მოხსენების წარდგენისას. „2036 წელს მსუბუქი ნავთობპროდუქტების მოსალოდნელი დეფიციტის გამო, აუცილებელია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტირება არაუგვიანეს 2030 წლისა, მშენებლობა კი, 2032 წელს დაიწყოს - რომლის სიმძლავრე იქნება 10 მილიონი ტონა/წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ახალი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დააკმაყოფილებს ქვეყნის საწვავსა და საპოხი მასალების საჭიროებებს 2040 წლიდან 2050 წლამდე და საშუალებას მისცემს ექსპორტს ცენტრალური, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. ამჟამად ყაზახეთში მუშაობს სამი ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა - Atyrau (ANPZ), Shymkent და Pavlodar Petrochemical Factor (PNHZ).