სამართალი

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაჰყავდათ, თუმცა „ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას“. უწყების განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. თუმცა „აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე“. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში. 28 დეკემბერს, გვიან ღამით, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით წერილში განმარტა, რომ „ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი და ვიდეოზე დაფიქსირებულია მისი მძიმე მდგომარეობა. ამავე თემაზე: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხება. სარჩელის განხილვა სასამართლოში 12:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით. იუსტიციის სამინისტრომ კი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალი აღიარა

თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეზე დაკავებული ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე განაცხადა. "მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - თქვა ალეკო ჭელიძემ. მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. "ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. გაუგებარიც არის და აბსურდულიც... მე დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე", - თქვა მან სასამართლო სხდომაზე. ცნობისთვის, 15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.

მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება

მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება. დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნული წესის შემუშავება 2022 წლის პირველი იანვრისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ ვადის 2025 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებები 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ 2021 წლიდან, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე, რომელიც დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა: სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა. „შესაბამისად, „სოციალური კოდექსის“ შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში“, – განმარტავს მთავრობა.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია ცხრა პირი: 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ. -ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ვაზნა ამოიღეს. „ზ.ს., ბ.თ. და ი.ს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს.-მ „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა ნაცნობებზე – ი.ს.-სა და ბ.თ. -ზე. სამართალდამცველებმა ბ.თ. და ი.ს. თბილისში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველო თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებულის ო.დ.- ს საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის იარაღები და 42 ვაზნა ამოიღეს, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „VOLTRAN BLOW Magnum Mod.2000“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თერჯოლაში, ბრალდებული ი.მ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ი.მ.- ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი და ექვსი ვაზნა. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 23 კილო და 759 გრამი "ჰეროინი"12 127 ტაბლეტი "სუბუტექსი"9 კგ კოკაინი220 გრამი "მდმა"347 გრამი "მეტადონი"1 ტონა და 655 კგ კანაფი1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“"მდმა"- ს შემცველი 1000 ტაბლეტი367 კაფსულა/ტაბლეტი "ტრამადოლი""მეტადონის" შემცველი 125 ტაბლეტი896 გრამი კანაფის ფისი229 გრამი „ალფა პვპ“679 კაფსულა „პრეგაბალინი“260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე მცირე სიტვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა. „როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, - განაცხადა გზირიშვილმა, რომელსაც 24 დეკემბერს პატიმრობა შეეფარდა. გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ სურს, ყველაზე მკაცრი სასჯელით დაისაჯოს. ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ადგილზე გარდაიცვალა.

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმებიან. სიტყვით ისარგებლა გზირიშვილმა. ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტზე. ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები არეულობაში მონაწილე პირების დასადგენად, ასევე მიყენებული ზარალისა და მომხდარი მოვლენების გარემოებების დასადგენად. 21 დეკემბერს სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლთან გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ საკვამლე ხელყუმბარები გამოიყენეს.

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, პოლიციას ბრალდებულმა მკვლელობის შესახებ თავად აცნობა, ამასთან, თავად დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლების გამოყენებას აპირებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და ეს იშვიათად ხდება, თუმცა დაცვის მხარე ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას, რადგან ბრალდებული მიიჩნევს, რომ „ამას იმსახურებს“. „მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და არავითარი გირაო არ მოითხოვა, ვინაიდან, თქვა, რომ იმსახირებს ამას“, - განაცხადა ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველმა და დაამატა, რომ სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს. „ამბობს, რომ მოხდა შელაპარაკება, ახსენა შეურაცხყოფა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღარ ჩავეძიე, რადგან მდგომარეობა არ არის ადეკვატური. ის იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს“, - ამბობს ადვოკატი „ტვპირველთან“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

შს სამინისტრომ ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად კი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები - დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს - პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს - დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.

ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ჯარჯი წიკლაური: 7 ნოემბერს ჩადენილი უმძიმესი სისტემური დანაშაული დღეს ვიდეომტკიცებულებებით დადასტურდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვიდეოკადრების სახით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა. როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, ეს კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება და საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს. „ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს იყო ვიდეოკდარები და ამ კადრებით დასტურდება, რომ შვიდ ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ, წარმოაჩინონ, არამედ მძიმე კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. ეს კადრები გამოვიკვლიეთ დღეს და როდესაც ბრალდების მხარე საქმის შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს, თუნდაც ამ ძალადობრივ კადრებზე. მან განაცხადა, რომ იგი არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით მხოლოდ ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო", - განაცხადა წიკლაურმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ადვოკატი: 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მიერ დღეს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, 7 მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება. ამასთან, ბასიალაია აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და რომ პოლიციელების მხრიდან ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი. „საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა", - განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხიელ სააკაშვილის ადვოკატი: ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოვითხოვთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება. "მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო", - განაცხადა ბასილაიამ.

ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ვარკეთილში, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ამირან ძაბუნიძის) საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა. სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება. ფრაქციას „ქართულ ოცნება“ სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.

ომბუდსმენი: წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, მათი მშობლებისა და სოციალური მუშაკების განცხადებების საფუძველზე დაწყებული საქმეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გაჭიანურება და სტერეოტიპული მიდგომა. „ჩვენ გავეცანით მიმდინარე საქმეების გამოძიებას. აქ შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლიდან დაწყებული საქმეები შევისწავლეთ, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. ეს არის საქმეები, რომლებიც ეხება განცხადებებს, რომლებიც გაკეთებულია სოციალური მუშაკის ან უშუალოდ ყოფილი ბენეფიციარებისა და მათი მშობლების მხრიდან და ეხება ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობრივ ფაქტებს, მათ შორის, ერთ -ერთი ასეთია სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი. შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე აჭიანურებდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენდნენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებდნენ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებდნენ ძალიან ხშირად სტერეოტიპულად, არ ანიჭებდნენ მსხვერპლებისა და დაზარალებულების სტატუსს, არ ცდილობდნენ, რომ შეეკრათ დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და არ ცდილობდნენ, გამოევლინათ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. ეს არის ძირითადი მიგნებები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

რიკოთის უღელტეხილზე, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოიშალა

აღმოსავლთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.