სამართალი
თბლისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი, დაკავებულია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ყველა მძევალი უვნებელია. უცნობმა პირმა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი დღეს საღამოს აიყვანა.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს Reuters-ი ეხმაურება
უცნობმა პირმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი აიყვანა, ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტი წერს, რომ პოლიციამ შენობის მიმდებარე ტეროტორია გადაკეტა, შეიარაღებულის მოთხოვნები კი ჯერ უცნობია. ბრიტანული სააგენტო ასევე წერს, რომ გასულ თვეში, შეიარაღებულმა ნიღბიანმა ქალაქ ზუგდიდში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად, $500,000-ის ოდენობით გამოსასყიდის მიღების შემდეგ კი მძევლები გაათავისუფლა და გაუჩინარდა.
მეორე ტურთან დაკავშირებით, დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება
ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყნის დიდ ქალაქებში სატრანსპორტო მიმოსვლის კუთხით დაწესებული შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება. კერძოდ, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს, 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. კონკრეტულად, მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, 22:00 საათიდან - 05:00 საათამდე გადაადგილების მხრივ დაწესებული აკრძალვა არ გავრცელდება არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.
ბერლინში, ეპიდშეზრუდვების წინააღმდეგ გამართული აქცია, წყლის ჭავლით დაშალეს
ბერლინში, პოლიციამ, ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები დაშლისკენ მოწოდებას არ დაემორჩილნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ. ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი. გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები, ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს. გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 854 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 13 400-ს აჭარბებს.
გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია - კარლ ჰარცელი
გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებაა საჭირო. ”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” - აცხადებს კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება
ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს. როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც. რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა. ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.
ნიკა მელიას განცხადებით, მისი შტაბი „კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის“ დავალებით გადაწვეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. „ახლა ვარ, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა - კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე კანონიერი ქურდი და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას კანონიერ ქურდებს!“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს
გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს. შტაბის წევრების ინფორმაციით, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა. „ერთ-ერთ შტაბში, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკროში, დილით ისროლეს ორი დიდი ქვა, ჩამტვრეულია მინები. ასევე, ისროლეს ნაჭრით და ბენზინით სავსე ბოთლები, რომლითაც ცეცხლი გააჩინეს. შენობა დამწვარია, ამ დროს შტაბში არავინ არ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, - აცხადებს თამარ ზერეკიძე. არსებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია იქვე მდებარე აფთიაქის კამერის ჩანაწერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ნიკა მელიას შტაბზე თავდამსხმელი, მკაცრად დაისჯება - ქართული ოცნება
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარმომადგენლის ბექა დავითულიანის განცხადებით მკაცრად პასუხს მიიღებს ვინც გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ცეცხი გააჩინა. ბექა დავითულიანმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა. გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის მინა ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს
ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს. ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ დამნაშავემ ცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომას 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 6 პირს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა 28 ივნისს შეეფარდა. 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნით კი გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული ჰქონდა დაზიანებები. პროკურატურას შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოს შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელის ცხედარი წყალში იპოვეს.
ბაქოში, აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
ბაქოში, აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პრესრელიზში მითითებულია, რომ ადამიანების ჯგუფმა, „რომელიც საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბოროტმოქმედება ჩაიდინა. „ჩატარებული გამოძიებით დაგინდა, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა სეირან კოჯამანიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და სხვებმა 2020 წლის ოქტომბერში მოახდინეს 20-ზე მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფის მობილიზება, რომლებმაც გამოგონილი "მთიანი ყარაბაღის" რეჟიმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჩაატარეს, სადაც სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ისაუბრეს. დანაშაულებრივი გაერთიანების ზემოთჩამოთვლილი წევრები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით სომხეთში ჩასვლის შემდეგ, დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ პირებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ მათ აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, ანუ სომხეთიდან, საიდანაც ქალაქ ხანკენდსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწიეს. დადგინდა, რომ ისინი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ გამოიყენებოდნენ დაქირავებულების როლში სამოქალაქო მოსახლეობისა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. ბაქოში აცხადებენ, რომ „დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები“ საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიოდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დაევალა. ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ ცნობილი 6 ნოემბერს გახდა. აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარემ, გალუსტ ტრაპიზონიანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „მათ ერთი დღე მოასწრეს ამ მოვლენებში მონაწილეობა,“ რის შემდეგაც ხელმოწერილ იქნა სამმხრივი სამშვიდობო განცხადება ომის შეწყვეტის შესახებ. წყარო
სომხეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი. ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129 ადამიანი დააკავეს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად 9 ნოემბერს მოაწერა ხელი. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება.
სომხური მედიის ინფორმაციით, "ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს
სომხური მედიის თანახმად, მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი ერევანში 11 ნოემბერს, დღის 11:00 საათისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს ჩახალიანის სახლი. ვაჰგან ჩახალიანი 10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს შორის იყო. სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ვაჰგან ჩახალიანი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. გასულ თვეს აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში მოკლეს. მაშინ სომხეთს ჩახალიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებია. ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.
შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გამოავლინა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. “შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცესკო, 8 ნოემბრის აქციას, ადმინისტრაციაზე ზეწოლად აფასებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. Facebook-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, 2020 წლის საარჩევნო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, კონკრეტული პოლიტიკური მხარეები კი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას. და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.
აქცია 22:00-05:00 საათამდე – "სირცხვილია" სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს
მოძრაობა სირცხვილია სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს და დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციას 22:00-დან 05:00 საათამდე აანონსებს, მაშინ, როცა გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. "Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, “ქართულმა ოცნებამ” 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ. სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს. სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს - კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო - ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ". - წერს მოძრაობა სირცხვილია. სირცხვილიას აქციამდე, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე გამართავს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
IDFI: კომენდანტის საათის მანიფესტაციაზე გავრცელება გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. "აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაოაკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაცნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება. თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენებისთაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს,რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას". - წერია IDFI-ის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.
მოქალაქეს, ცესკოს აქციაზე მიღებული დაზიანების გამო, მხედველობა დაუქვეითდა
მოქალაქე გოგი ხოჭოლავა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა და აცხადებს, რომ დარბევის დროს სცეცრაზმელმა სახეში სპრეი შეასხა, ამის შემდეგ კი მარცენა თვალში მხედველობის 70% დაკარგა. "არანაირ ძალადობრივ აქტს არ ჩავდიოდით არცერთი აქტივისტი, ამის კადრები ჩემსავე ლაივშია. სპეცრაზმელმა, რომელთანაც ერთ მეტრიანი დისტანცია მქონდა დაცული, სპეცრაზმის კორდონთან, ხელი გადმოყო და რაღაც სპრეი შემოგვასხა სახეში იქ მდგომ ადამიანებს. მაქვს ტრამვული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, დამიდასტურდა 70 პროცენტით მარცენა თვალში მხედველობის დაკარგვა". – ყვება მოქალაქე. გუშინ, 8 ნოემბერს, ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმა სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება.
ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას - სამადაშვილი
ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება დაისის გზას, ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერებს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, ჩანაწერების შინაარსის განხილვაში არ შევა და ეს არის სხვადასხვა დროს ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. "ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს... ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.