კულტურა

ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა სიაშია

ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების 2024 წლის ნომინანტთა სიაშია. ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს. „გამოქვეყნდა 2024 წლის „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“ მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის, ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა. ვულოცავთ ამ აღიარებას თითოეულ ორკესტრანტს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს, დაველოდოთ „გრემის“ დაჯილდოების საბოლოო შედეგების გამოცხადებას,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გამარჯვებულები 4 თებერვალს ლოს ანჯელესში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. ცნობილი ბრაზილიელი კომპოზიტორი, პიანისტი ივან ლინსი გრემის მრავალგზის გამარჯვებულია. ლინსის მუსიკა ძალიან პოპულარულია. მას ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯორჯ ბენსონი, ბარბარა სტრეიზანდი, სტინგი და სხვები.  

კულტურის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია. სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. "2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო; 2015-2016 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. 2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, კობა ხუბუნაია 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. „მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება. კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. 2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი. 2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. 2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. 2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე. მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“. ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის - რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად, 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი, კინოცენტრის ხელმძღვანელის - გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით, კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი,“ - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ფილმის კინოთეატრ „ამირანში“ ჩვენებას, დამსწრეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმში მოყვანილ „მცდარ ფაქტებზე“ მიუთითებენ. „ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ მათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია," - აცხადებს თავის მხრივ, ფილმის სცენარისტი, ლიკა ტოკლიკიშვილი.  

სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ შესწავლილი ყოფილა. ახალი აღმოჩენის შესახებ ცნობა და ვიდეო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა. „დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული,“ - დაწერა Facebook-ზე  სოსიაშვილმა. ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, გორის მერიის დახმარებით მიმდინარეობს. მეცნიერმა, გოგი მინდიაშვილმა ახლად აღმოჩენილი სამარხის შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები... ერთ მეტრზე მეტი დიამეტრი სიგრძის მქონე თვლების. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს,“ - განაცხადა გოგი მინდიაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მისივე თქმით, „შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის.“ არქეოლოგის შეფასებით, როგორც წესი, ასეთ სამარხებს უნდა ჰქონდეთ ყორღანული ყრილი. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვერსად ვერ დავაფიქსირეთ ეს, შეიძლება, ეს ახალი ელემენტი არის შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი, რომელიც განსხვავებულია თრიალეთისა და მესხეთისგან," - აღნიშნა მინდშვილმა.  

ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

სარაევოს კინოფესტივალზე, რომელიც წელს 11-დან 18 აგვისტომდე იმართებოდა, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი, ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა. ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელის მქონე რომანის ეკრანიზაციაა და პირველად 2023 წლის მაისში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში - „15 კინემატოგრაფისტი“. ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიძღვნილი ეს ფილმი შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული. რადიო თავისუფლების ცნობით, სარაევოს ფესტივალზე ამ ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს და ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები ასე გააპროტესტეს.   „ეს პრიზი მინდა, მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს,” - განაცხადა ელენე ნავერიანმა ფესტივალის დახურვისას, დაჯილდოების ცერემონიაზე.   სარაევოს კინოფესტივალი, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად მიიჩნევა.

ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს

მსახიობმა ბრაიან კოქსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდის მსახიობების მიერ ახლახან გამოცხადებული გაფიცვა შეიძლება, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის მწერალთა გილდიას, რომლის 20 000 წევრიც მაისის შემდეგ გაფიცულია. ჰოლივუდის მსახიობებმა 14 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადეს და სცენარისტების პროტესტს შეუერთდნენ. ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის და ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირმა (SAG-AFTRA) გაფიცვის გადაწყვეტილება სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. პროფკავშირი 160 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. გაფიცულები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. გარდა ამისა, მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.  

აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი აზერბაიჯანში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.  

თეა წულუკიანი: მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი უკვე ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. წულუკიანის თქმით, რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან.“ თეა წულუკიანის შეფაშებით, შეცდომაა ის, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი კინომწარმოებლებისთვის უფრო „მოქნილ ინსტრუმენტად“ იქცევა. „პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. კითხვას საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს. „მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - განაცხადა კულტურის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები „მთლიანობაში უმცირესობას“ წარმოადგენენ. „კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პროტესტს გამოხატავენ.  

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

20 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. ქალაქური და ხალხური ფოლკლორის საღამო ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მარიამ ერქომაიშვილი ერქომაიშვილების დიდი მუსიკალური გვარის შთამომავალია, რომელმაც ასევე მუსიკა აირჩია პროფესიად.

კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს

საფრანგეთის ქალაქ კანში, საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“. BBC-ის თანახმად, ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის. ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. ოქროს პალმის რტო უმაღლესი პრიზია, რომელიც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა 1955 წელს შემოიღო. „ჯილდოს მიღებისას, ტრიემ გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობა ბოლო საპენსიო პროტესტზე მისი პასუხის გამო. „ეს პროტესტი... რეპრესირებული იყო შოკისმომგვრელი გზით", - განაცხადა მსახიობმა თავის გამოსვლაში.  

Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, ლენტეხში ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' ჩატარდა

13 მაისს, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემები - ჩოლური, ლენტეხი, ხელედი, რცხმელური, ხოფური, ჩიხარეში და ჟახუნდერი, რომლებმაც საკუთარი მხარის სახასიათო კულინარიული და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი ასევე მოიცავდა ლიტერატურას, პოეზიას, ფოლკლორს, განსაკუთრებით, სვანურ ფოლკლორს. მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწილს მოიცავდა: ნიაზ დიასამიძე და 33ა - მიჟე ნარი; KORDZ - ლაშხეთი; მწვანე ოთახი - ლაგუშედა; სუხიშვილები - ლილე; სალიო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სვანურ, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან კოლაბორაციით ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“-ს წარდგინება - დაჯილდოება. ლიტერატურულ ნაწილს დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი უძღვებოდნენ. წამყვანმა და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატივი მიაგეს ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას, მის როლსა და მნიშვნელობას ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში. დიდი მაესტროს ხსოვნის საპატივცემულოდ, ფესტივალის სახელით, სიმბოლური ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ქალბატონ ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილს, რომელმაც თავის ემოციურ სიტყვაში, ისაუბრა ბატონი ანზორის განსაკუთრებულ სიყვარულზე, სვანეთის და სვანური ფოლკლორის მიმართ. გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის იდეის ავტორის, ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიმართ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი ,,სვანსეტი ლენტეხი 2023'' თავის წვლილს შეიტანს ლენტეხის განვითარების საქმეში, უკეთ წარმოაჩენს მის ტურისტულ, გასტრონომიულ, სპორტულ, ლიტერატურულ თუ ფოლკლორის კუთხით არსებულ რესურსს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ,,სვანსეტი ლენტეხი 2023''.

„ვარდობისთვე“ - ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენა

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" -ის ფარგლებში, ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას - „ვარდობისთვე“ მასპინძლობს. ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე"’ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა.   ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას. გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას. გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათისამუშაო საათები:ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00 – 20:00 საათი ასევე წაიკითხეთ: Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა  

IMAGINE DRAGONS 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს

Black Sea Arena-მ აგვისტოში რამდენიმე კონცერტი დააანონსა. შემსრულებლებს შორის - Imagine Dragons-ი და The Killers-ი არიან. Imagine Dragons კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო The Killers-ს Black Sea Arena-ზე ვიხილავთ. კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება: Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;FKJ — 6 აგვისტო;Damian Lazarus — 10 აგვისტო;The Killers — 15 აგვისტო;All Day I Dream — 18 აგვისტო;Imagine Dragons — 31 აგვისტო.  

ITB Berlin-ი: „უსასრულო ქართული კულტურა - მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, გაოგნებულები ვართ

ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა-მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში! ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა. გაოგნებულები ვართ! აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin-ი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.  

დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში მოდის ცნობილი დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პაკო რაბანის Instagram-ის გვერდზე გავრცელდა. „ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენს დიზაინერს და დამფუძნებელს, პაკო რაბანის, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ მან ჩვენი ავანგარდული მემკვიდრეობა ჩამოაყალიბა და უსაზღვრო შესაძლებლობები დაადგინა".  

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.  

კიევში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ

კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის თანახმადაც კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ. „ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭირა. მსახიობმა უარი განაცხადა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო. მას შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად ჩავიდა. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში.  სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ესწრება. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა „პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს. ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.  

ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.   

კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. 2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“  და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი.  2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით.  2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.