ინტერვიუ
რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე
უძრავი ქონების ბაზარზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. ექსპერტების შეფასებით, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებლებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. უძრავი ქონების ექსპერტების პროგნოზით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, ქირის ფასი, საშუალოვადიან პერსპექტივაში შესწორდება, რადგან ეს ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული. რა ვითარებაა დღეს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, რატომ იზრდება ფასები და ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამ თემაზე Europetime საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარესა და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელ ვაჟა მებაღიშვილს ესაუბრა. ET: უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე ფასები იზრდება. რა არის მიზეზი? ჩვენი კომპანია უშუალოდ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებზე და დიპლომატიურ კორპუსზე. ამ სეგმენტზე ვაქირავებთ ბინებს. დიპლომატების როტაციების პერიოდი დაემთხვა საქართველოში მიგრანტების აქტიურ შემოსვლას, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო და სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. შესაბამისად ბიუჯეტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს ბინების დასაქირავებლად ჰქონდათ დამტკიცებული, არსებულ რეალობას ასცდა, რადგან ბინების გაქირავების ფასები ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამ ბიუჯეტით ჩვენც უძრავი ქონების იჯარის კუთხით, გაზრდილ ფასებსა და ბაზარზე გაჩენილ დეფიციტს შევაჯახეთ. ახლა ვითარება ასეთია: ფასები აწეულია და ბინები არის ლიმიტირებული. პრემიუმ ხაზის ქონებაზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც გვქონდა კრიზისი მოთხოვნის კუთხით. ეს სეგმენტი ისედაც ლიმიტირებული იყო და შეცვლილმა ვითარებამ, კიდევ უფრო გაამწვავა საერთო სურათი. ET: რამდენად ადეკვატურია უძრავი ქონების გაქირავების ფასები შემოთავაზებულ ხარისხთან მიმართებით? ფასები საკმაოდ აცდენილია რეალობას, რადგან ფასის ზრდა მოხდა ნახტომისებურად და ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური. ფასები სცდება იმ რეალობას, რაც შემოთავაზებაც არის უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, მაგრამ ამ რეალობის წინაშე დავდექით. ცოტა რთულია ამაზე საუბარი... გასაგებია, რომ ფასები რეალობას ასცდა, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს. ET: როგორ არის შესაძლებელი ვითარების დასტაბილურება, მაშინ, როცა ფასები ხარისხთან შესაბამისი არ არის? ფასების დასტაბილურების რეცეპტი არ არსებობს და ამაზე ვერავინ ილაპარაკებს, მაგრამ როგორც კი ბინების დამქირავებლების მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, ფასები თანდათან დასტაბილურდება. უძრავი ქონების გაქირევებაზე ფასების ნახტომისებური ზრდა პირველად თებერვალში დაფიქსირდა, შემდეგ ფასები, მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. რაც დღეს ხდება, არის თებერვლის ტრენდის შედეგები და მაშინ რა მოცემულობაც მივიღეთ უძრავი ქონების გაქირავებაზე ფასების კუთხით, იგივე ადგილზე ვართ. ET: რა ცვლილებები უნდა მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ფასი ხარისხის შესაბამისი იყოს? ჩვენი ასოციაციის წევრები არიან ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია, აშშ-ის რეალთორთა ასოციაცია და ამ ქვეყნების ბაზრებზეც მსგავსი ვითარებაა. ანუ სადაც გაიზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების დაქირავებაზე, ფასი იზრდება და ამის „მაშველი მექანიზმი“ არ არსებობს. ერთის მხრივ კარგია, როცა ფასები იზრდება, თუმცა თქვენც აღნიშნეთ, რომ ფასი შესაბამისი უნდა იყოს ხარისხთან და მოთხოვნასთან. ამან გამოიწვია, სწორედ, ის რომ რიგმა ორგანიზაციებმა ბიუჯეტს გადახედეს, რადგან უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში იმდენად ასცდა რეალობას, რომ ადამიანების ნაწილი სასტუმროებში გადავიდა. მათ მოუწიათ გაქირავების ფასების გადახედვა, ლოდინი და ბიუჯეტების კორექტირება. ET: როგორ ფიქრობთ, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ხომ არ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია, რადგან დიდ ქალაქებში, ფასების ნახტომისებური ზრდის გამო, ბინის საქართველოს მოქალაქეებმა დაქირავება ვერ შეძლეს? ჩვენ არ ვმუშაობთ დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, თუმცა სტუდენტები საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. დისკრიმინირებული არიან ადგილობრივები, ეს საკმაოდ ცუდი ფაქტია. კარგია აქცენტების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებზე, უცხოელებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მომხმარებელი, რადგან ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქში სასწავლებლად, ნამდვილად დისკრიმინირებულები არიან. ET: რაშია გამოსავალი და რა ტენდენციაა სხვა ქვეყნების ბაზრებზე? ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი დასწიოს. ცნობილი გამოთქმაა, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე არეგულირებს საკუთარ თავს და ფასებს. იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება და გაქირავების ბაზარზე ადეკვატურ ფასებს მივიღებთ. იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ შემოიღოს შეზღუდვა ფასზე, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეები არიან საკუთარი ქონების მფლობელები და იმ ფასს ადებენ რაც უნდათ. ეს საკმაოდ მანკიერი პრაქტიკაა, რაც ახლა ჩვენს რეალობაში შეიქმნა და ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ უძრავი ქონების გამქირავებლები სარგებლობენ ამ ვითარებით. ET: რაც შეეხება რისკებს, უძრავ ქონებაზე გაქირავების არაადეკვატურად მაღალი ფასების არსებობის დროს, შესაძლოა, დამქირავებელმა თანხა ვერ გადაიხადოს. ეს რისკი როგორ უნდა განეიტრალდეს? სახელმწიფოც და მოქალაქეებიც უფრო მეტად მაზე უნდა საუბრობდნენ. სეპი არის „ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია“, სექტემბრის დასაწყისში მათ ჩაატარეს სპეციალური სესია, „სკვოტინგთან“ დაკავშირებით. ეს ტერმინი გულისხმობს უძრავი ქონების „ოკუპაციას“. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოდიან დამქირავებლები და რაღაც ვადით იჯარით იღებენ საკუთრებას და შემდეგ არ გადიან, ამას ეწოდება „სკვოტინგი“. ეს პრობლემა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მოსალოდნელია, რომ მეტ სიმძაფრეს შეიძენს, არამედ იტალიაში და ესპანეთშიც. ევროპის უძრავი ქონების ასოციაციის ეს სესიაც ამ პრობლემას ეძღვნებოდა. ასოციაციის წევრები ითხოვდნენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რათა მარტივად მოხდეს დამქირავებლის ბინიდან გაყვანა, თუ ის, არ იხდის საიჯარო ქირას და არ ტოვებს უძრავ ქონებას. ET: ამ პრობლემამ საქართველოს უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტშიც იჩინა თავი და საუბარია კანონში, საპოლიციო გამოსახლების შესახებ ჩანაწერის აღდგენაზე. ეს პრაქტიკა მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს აიკრძალა, რადგან ხშირი იყო იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ადამიანების გამოძევების ფაქტები და ამან შეფაერხა ეს კანონი. მე მგონია, რომ ამ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლების კანონი აღსადგენია და ეს მექანიზმი ისევ უნდა ამუშავდეს.
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან
10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე", დეკლარაცია გააფორმეს. საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა კონსტანცის პორტის ხელმძღვანელობასთან საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვების საკითხი განიხილა დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში. ასევე გაეცანით: რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივებსა და პოტენციალზე, Europetime ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. კიფუ ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ. ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივაზე? იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა გვიწევს, გამოსავალს რაში ხედავთ? იულიან კიფუ: შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.
რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე
ევრო აშშ დოლართან მიმართებით, რამდენიმე თვეა, უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე 7 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 0,966 ევრო ღირს. ბოლოს ევრო აშშ დოლართან მიმართებით ასე სუსტი 20 წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში იყო. რით აიხსნება დღეს ევროს ასეთი შესუსტება და როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. ამ საკითხზე Europetime ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკა შენგელიას ესაუბრა. ET: რას უკავშირდება აშშ დოლართან ევროს ასეთი მკვეთრი გაუფასურება? უკრაინა-რუსეთის ომს გავლენა აქვს ევროკავშირის ეკონომიკაზე. როდესაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, სამწუხაროდ, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას. ET: როდესაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაშინვე დაიწყეს რუსული გაზის და ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა. გეთანხმებით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები დიდწილად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. დღეს ევროპაში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობდნენ სასუქებს რუსეთისგან. ამ ორი ნედლეულის გაძვირების გამო, ევროკავშირის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. ბოლოს რაც გამოქვეყნდა, გერმანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამრეწველო ინდექსი იყო 45%, მანამდე კი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკამ სიმძლავრეების 45%-ს დაკარგა. თუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკაში განვითარებულ პროცესებს შევაფასებთ, ეს ომი ევროპას კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან სერიოზულ კომპანიებს წარმოება აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე გადააქვთ. ET: თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ევროს გაუფასურების ძირითადი მიზეზი, ეკონომიკისა და წარმოების შემცირებაა. რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როდემდე და რა ნიშნულამდე გაუფასურდება ევრო? გამომდინარე აქედან, ევროპის ეკონომიკაში გაზრდილი რისკების ფონზე, ევროს კურსი სუსტდება, არის მოლოდინი, რომ აშშ დოლართან მიმართებით ევროს კურსი 0,85 ევრო/ცენტამდე დაეცეს. ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა გაკეთდა ტექნიკური ანალიზი დოლარზე, პარიტეტს ველოდებოდით. მოსალოდნელი იყო აშშ დოლარისა და ევროს კურსის გათანაბრება. გარკვეულწილად, ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ახლა უკვე არ არის იმის პროგნოზი, რომ ევრო უახლოეს მომავალში გამყარდება. ველოდებით ევროს გაუფასურებას. ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიმართებით 0,85 ევრო/ცენტამდე ჩამოვა. ევროს კურსი ამ ნიშნულზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ ემისიის ან რამე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ET: რა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროს ვარდნა ევროკავშირის ბაზარზე? წარმოებები ჩერდება, ეკონომიკა მცირდება და იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. ფაქტობრივად, ერთი რამ უნდა გააკეთონ, რომ ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციაზე გადასახადები აწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიკა კიდევ შემცირდება და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ევროპა ვერ ასცდება ინფლაციას და სულ მცირე ერთი წელი ვერ გაუმკლავდება. ის მაჩვენებელი, რომ ევროპაში ინფლაცია 10%-ია, ვფიქრობ, ძალიან შელამაზებული მაჩვენებელია, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. ET: საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესი? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტსა და ფულად გზავნილებზე? შეიძლება, არის გარკვეული მსჯელობა, რომ ევრო გაიაფებულია და შესაძლოა, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ პროდუქციის ფასი იზრდება და ის რომ, ევრო აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება, ეს დადებითად ვერ წაადგება ქართველ იმპორტიორს. ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს ფულად გზავნილებზე, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონვერტაციისას ნაკლებ ლარს მიიღებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების დინამიკას, ვფიქრობ აქ შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ჯერ არ იკვეთება. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილები ევროზონიდან საქართველოში იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ევროპაში უმუშევრობის დონე აიწევს.
რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა ინტერესები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში და სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ET: 2022 წლის მონაცემებით ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში მესამე. მანამდე ეს პოზიციები რუსეთს ეკავა. რამ გამოიწვია ამ მიმართულებით ჩინეთის სწრაფად დაწინაურება? პირველ რიგში ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 4 წელია ამოქმედდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 90-იან წლებში, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა $10 მილიონს. დღეს კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით პირველია. ET: რა ინტერესები აქვს საქართველოს ჩინეთთან მიმართებით? საქართველო დაინტერესებულია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის სექტორებში. ასევე, საქართველო დაინტერესებულია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩინეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში. ესაა ერთი „სარტყელი- ერთი გზა“. ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევრაზიის დაახლოებით 60 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და „ახალი აბრეშუმის“ გზის აღორძინებას. აქტიურად განიხილება ეს საკითხი და სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება კიდეც. ET: რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სად იკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები? ჩინეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განმტკიცება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ახორციელებს „რბილი ძალის“ პოლიტიკას. ეს გულისხმობს ჩინეთის კულტურულ ექსპანსიას. ჩინეთმა დააფუძნა 100-ზე მეტი კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც ჩინეთის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ჩინეთის ექსპორტის მოცულობა აჭარბებს $2 ტრილიონს, ამიტომ არის დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის გასაღებით, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს საქართველოში, მეტი ჩინური კომპანია და პროდუქცია შემოვიდეს. ET: სავაჭრო ურთიერთობების გარდა კიდევ რა არის ჩინეთის ინტერესი? ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შემთხვევითი არაა, რომ ჩინური კომპანიაა ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში რიკოთზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 53 გვირაბისა და 16 ხიდის მშენებლობა. სამომავლო მიზანია, რომ ჩინურმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია. ამას ემატება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტი“. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ ამ რკინიგზით, ევროპის მიმართულებით, უმოკლეს დროში, სადღაც 13-14 დღეში მოხდეს ჩინეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვა. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი ყარსის რკინიგზას“, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. მეორე ეტაპზე გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ პროექტებში საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა. ET: ამ ფონზე ჩინეთი მაინც ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ამ მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს? რუსეთ-უკრაინის ფონზე, ჩინეთი თითქოს ახდენს იმის იმიტაციას, რომ რუსეთთან თანამშრომლობს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა სხვა და სხვა გათვლებით გაიზარდა 30%-მდე. 2021 წლის მონაცემებით $147 მილიარდს შეადგენდა. მაგრამ ჩინეთს სურს, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. აქაც არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ჩინეთს შორის. ET: რაც შეეხება ჩინეთის მიზნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რა არის აქ მთავარი ეკონომიკა თუ გეოპოლიტიკა? პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთანაა კავშირში. როცა ხდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაახლოება, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. თუ თანხვედრაა პოლიტიკაში და ეკონომიკის მიმართულებითაც, ეს ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი, თავისი გეოპოლიტიკის გავლენას აძლიერებს „რბილი ძალის“ გამოყენებით, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების გაძლიერებით. მანამდეც ვახსენე „კონფუცის ინსტიტუტის“ გახსნა და ჩინური ექსპორტის გაფართოება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის მიღმა: ჩინეთს სურს, რომ ყველა რეგიონში ჩამოიშოროს მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები - ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის რუსეთი. ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ აზიაში, რომ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და ჩაანაცვლოს რუსეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ ჩინეთი დაინტერესებულია, შეამციროს იგივე ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის გავლენაც და თვითონ განიმტკიცოს გეოპოლიტიკური პოზიციები. ამიტომაც, რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ჩინეთი დებს გარკვეულ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომ ამით, პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონს ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს სურს, კავკასიის რეგიონში ითამაშოს გლობალური როლი და ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პეკინის ყურადღებას იპყრობს. ასევე წაიკითხეთ: ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები
ვის ეკუთვნოდა გაეროსთვის გადაცემული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ვერსიის გამოცემის იდეა და ვინ არის გუჯი ამაშუკელი, ვისი ნამუშევრებიც საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა
ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციას სამუზეუმო ექსპონატად, ვეფხისტყაოსანის უნიკალური გამოცემა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ორგანიზაციას ყველა ქვეყანა, თავისი ისტორიის და კულტურის წარმოსაჩენ საჩუქარს გადასცემს. გაეროს მუზეუმს, ყოველწლიურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც Europetime-მა გაარკვია, ვეფხისტყაოსნის ამ უნიკალური ვერსიის გამოცემის და გაეროს მუზეუმში განთავსების იდეის ავტორი, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Europetime დაინტერესდა, როგორ დაითანხმა ქართველმა მეცენატმა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად აღიარებული გუჯი ამაშუკელი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ყდის მოჭედვაზე ემუშავა, როცა მანამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუჯი მუდმივად უარს ამბობდა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა, მისი შექმნილია რომის პაპის სარიტუალო ნივთები. 1970-იან წლებში კი, საფრანგეთის პრეზიდენტი პომპიდუ მისი ემიგრაციის თხოვნით, ბრეჟნევთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს. Europetime პროექტის ორგანიზატორს მაია ძირკველიშვილს ესაუბრა. როგორც Europetime-თან საუბარში გაეროსთვის შექმნილი უნიკალური ვეფხისტყაოსნის პროექტის ორგანიზატორი, მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ. მისი შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში. ვინ და რატომ გადაწყვიტა გაეროს მუდმივი კოლექციისთვის ქვეყნის სახელით ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გადაცემა და რისი წარმოჩენა სურდა ამით საქართველოს მაია ძირკველიშვილის ცნობით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეა ხელოვნების განვითარების ფონდს (ITM) ეკუთვნის. თუმცა, ამ შემთხვევაში გაეროს თემა თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ფონდს სურდა ახალი ხელნაწერი გაკეთებულიყო, რომელსაც ჭედური ყდა ექნებოდა. „მისი გაეროსთვის გადაცემის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს. სწორედ მისი იდეა იყო რომ ასეთი ექსკლუზიური და უნიკალური ნივთი საქართველოს სახელმწიფოს გაეროსთვის გადაეცა საჩუქრად. საჩუქრის გადაცემა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული პრაქტიკაა. ზოგადად გაეროში ეს ტრადიცია რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ყველა წევრი ქვეყანა თავისი სახელით გადასცემს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც არის იმ ქვეყნის კულტურის, იმ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი ნივთი და ერთგვარად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ხოლმე. გაეროს ათეულობით სახელმწიფოების მიერ გადაცემული უნიკალური ნივთების, ექსპონატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს. ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, მისი დათვალიერება შეუძლია არა მხოლოდ გაეროს სტუმრებს და დელეგაციებს, არამედ ტურისტებსაც და ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ტურისტული ადგილია. საქართველო დიდი ხანია საჩუქრის შერჩევის პროცესში იყო. რატომღაც წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს რა უნდა ყოფილიყო ის ექსპონატი, რომელიც ქვეყნის სახელით გაეროს გადაეცემოდა. ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის იდეა სწორედ ეს იყო. მან გამოიჩინა ინიციატივა საქათველოს, გაეროს Art-კოლექციისთვის ხელნაწერი, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადაეცა, ძვირფასი თველებით მოჭედილი ყდით. დიმიტრი აბდუშელიშვილმა 2017 წელს, ქვეყნის პირველ პირებს გააცნო საკუთარი ინიციატივა. მათაც მოეწონათ იდეა. პროექტი მთლიანად მისი პირადი თანხებით დაფინანსდა და მისივე ორგანიზებით განხორციელდა. 2017 ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ამ შემთხვევაში, მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი. გუჯი ამაშუკელის გარდა , რომელმაც უნიკალური ჭედური ყდა დაამზადა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროექტში. ორმა მხატვარმა და ხუთმა საუკეთესო კალიგრაფისტმა იმუშავა. ხელით არის გადაწერილი. ახალგაზრდა კალიგრაფისტები შევარჩიეთ, მათ შორის ყველზე პატარა ასაკის იყო, 14 წლის, სკოლის მოსწავლე. ესენი არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. ტექსტი ხუთ ნაწილად გაიყო. ყველამ თავისი ნაწილი შეასრულა, გადაწერა და მერე აიკინძა. შიდა ილუსტრაციაზე მხატვრებმა სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ იმუშავეს. მათ ეკუთვნით ხელნაწერებში არსებული ორიგინალური მხატვრობა, მინიატურები. საბოლოო ჯამში 400-მდე მხატვრობის ნიმუშია შესული. როცა 360 გვერდიანი ხელნაწერი გადაიწერა, მოიხატა და აიკინძა, შიდა ტყავის ყდაში ჩასმული საფრანგეთში წავიღეთ და გუჯი ამაშუკელს გადავეცით. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ჭედური ყდის დამზადებაზე. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები. ყველა ეს ხარჯი დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაიღო. Europetime-მა ექსკლუზიურად ამ თემაზე ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის კომენტარიც მოიპოვა. როგორც მეცენატი Europetime-თან საუბარში აცხადებს მას ვეფხისტყაოსნის ასეთი მაშტაბური გამოცემის იდეა მუდამ ჰქონდა. „მამა დიპლომატი და დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო, სხვათაშორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. საბჭოთა მემკვიდრეობის მერე, ბევრი სამუშაო იყო გასაწევი,რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და დიდი კულტურის მქონე ერი უცხოელებს გაეცნოთ. ამის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ჩემი აზრით კულტურაზე გადის. შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ვინ ხარ და რა შეგიქმნია შენი ისტორიის მანძილზე. ვეფხისტყაოსანი კი სწორედ ის ნაწარმოებია ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და ყოველთვის მინდოდა ამ საოცარი ნაწარმოების ორიგინალური და ორენოვანი სასაჩუქრე ვერსია გამეკეთებინა. თავდაპირველად გამოვეცით სასაჩუქრე ვერსია საკმაოდ მოცულობითი ტირაჟით, ინგლისურ-ქართული ვარიანტები, ხოლო შემდეგ დამებადა იდეა შექმნილიყო უნიკალური, ერთადერთი ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაეროს მუზეუმში დაიდებდა ბინას და ამ გამოცემის საშუალებით, ყველა გაეროს სათაო ოფისის ვიზიტორი გაეცნობოდა საქართველოს და ქართველი ხალხის კულტურას. ეს იდეა გავუზიარე გუჯი ამაშუკელს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია, სწორედ მისი ჭედურობითაა ეს უნიკალური გამოცემა შექმნილი. მოხარული ვარ რომ სწორედ იქაა ეს გამოცემა სადაც გამოფენილი ექსპონანტები მსოფლიო ერების კულტურაზე და ისტორიაზე მოუთხრობს ვიზიტორს და დამთვალიერებელს“, - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას დიმიტრი აბდუშელიშვილმა. მაია ძირკველიშვილის ცნობით, გამოცემა 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო. ერთი კვირა ეროვნულ მუზეუმშიც გამოიფინა. 2018 წლის ოქტომბერში კი, ფრანკფურტში წიგნების საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინეთ, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. "ფრანკფურტის წიგნების ფესტივალის შემდეგ, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი სახელმწიფოს გადაეცა შესაბამისი წესების და პროცედურების დაცვით", - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მაია ძირკველიშვილი. გუჯი ამაშუკელის საბჭოთა ემიგრაციის უცნობი დეტალები. რატომ იყო პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი დაინტერესებული საბჭოთა კავშირიდან მისი საფრანგეთში ემიგრაციით სამწუხაროდ, გუჯი ამაშუკელი, ამ დრომდე საქართველოში იმდენად კარგად არ იყო ცნობილი, როგორც ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა საზოგადოებამ ის, ვეფხისტყაოსნის აღნიშნული გამოცემის პროექტის შემდეგ გაიცნო. მთელს მსოფლიოში კი, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად ითვლება, თავის დარგში. ლუვრის მუზეუმის კოლექციის მთავარი პასუხისმგებელი პირის, დანიელ აკლუფის შეფასებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია“. 1968 წელს, ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლით და იქ მოღვაწეობით, ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრეჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთმა გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები ეროვნულ საგანძურად აღიარა. 1974 წელს საბჭოთა კავშირში, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. პომპედუს და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ. როგორც Europetime-თან საუბარში მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯი ამაშუკელზე ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი ის თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან. „47 წელია ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა საქართველოსთან. რამდეჯერმე იყო მცდელობა საქართველოში ჩამოეყვანათ, მაგრამ თავს იკავებდა. დიდ ინტერეს არ იჩენდა. სწორედ ჩვენი პროექტი იყო პირველი შემთხვევა, როცა დათანხმდა ქართულ მხარესთან ეთანამშრომლა და საქართველოსთვის შეექმნა რაიმე ნივთი. ვეფხისტყაოსნის ყდა არის ერთადერთი ნივთი, რომელიც საქართველოსთვის დაამზადა. ჰონორარზეც უარი თქვა და საჩუქრის სახით გადასცა ქვეყანას. მისი ნამუშევრები დაცულია, ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრდამის კათედრალში. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე. თავის დარგში მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად ითვლება. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა “, - აღნიშნავს მაია ძირკველიშვილი Europetime-თან საუბრისას. გუჯი ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა და ბავშვობა ბათუმში გაატარა. ამაშუკელი იხსენებს როგორ მოიხიბლა ბათუმში ბერძნების სამჭედლოთი და ბერძენი მჭედლების ოსტატობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე იყო, ქანდაკების ფაკულტეტზე, როცა მოსკოვში გადავიდა. 22 წლის ასაკში სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1974 წლეს კი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პირველი სახელოსნო მონმარტზე გახსნა. პირველი საგამოფენო ნივთები ემიგრაციაში დედის მიერ გატანებული 4 ვერცხლის კოვზისგან შექმნა. კგბ-ს ჩუმად ხელის თხოვნა და აკრძალული ქორწინება ფრანგ კატერინთან, რკინის ფარდის მიღმა. გუჯი ამაშუკელის სიყვარულის ისტორიის უცნობი დეტალები მომავალი მეუღლე 1967 წელს გაიცნო. მაშინ კატრინ ბარსაკი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და ეგრეთ წოდებულ გეტოში ცხოვრობდა. დასახლება ჩეკას მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“ - იხსნებეს ცნობილი ქართველი ხელოვანი. ქორწინებისთვის თანხმობის მისაღებად ბევრი იბრძოლეს. რთული გზის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ნებართვა მიიღეს, მაგრამ, საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე უარი უთხრეს. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო რეჟისორი და პარიზის ერთ-ერთი თეატრის დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა შუამდგომლობამ წყვილს საშუალება მისცა რკინის ფარდის მიღმა გადასულიყვნენ. ევროპულ პრესასთან ინტერვიუებში გუჯი ამაშუკელი იხსნებს, რომ როდესაც მას საფრანგეთის სალეჩოს თანამშრომელი კატრინ ბარსაკი შეუყვარდა მათ სიყვარულს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. დიდი ბრძოლით მოპოვებული ქორწინების ნებართვის შემმდეგ, კატრინმა ვიზის მისაღებად დახმარება, საფრანგეთის კულტურის ატაშეს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „ცოტა ხნის წინ ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა, ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და ამ ქორწინებით სარგებლობს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავიდესო. ამიტომ არ უნდოდა ამ კაცს ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და როცა გაიგო, რომ ამდენი წელია ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს შერცხვა,” - იხსენებს ამაშუკელი. გუჯის მაშინ ბევრი რამ დააბრალეს, წერდა კიდეც „თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს“. განახლება: 4 ოქტომბერს, გუჯი ამაშუკელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეწვია სტუმრად, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალურ წარმომადგენელ და მრჩეველ პოლ გობლთან, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას. ET: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, უფრო სწრაფად მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ლენდ-ლიზის აქტი თავდაპირველად პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შემოგვთავაზა, მან ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებელი გახადა. მაშინდელი მოვლენების მსგავსად, არის თუ არა ეს აქტი გარკვეულწილად გადამწყვეტი და რა როლი აქვს მას რუსეთ-უკრაინის ომში? ეს აქტი პირდაპირ ეხმარება უკრაინას, უფრო მარტივად მიიღოს მეტი იარაღი. ეს იმის ნიშანია, რომ მის უკან დასავლეთი დგას. რასაც ველოდები, ეს არის უკრაინელი ხალხის გმირობა და რუსეთის ძალების სწრაფი დეგრადაცია. ET: პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ს სურს, რუსეთი დასუსტდეს“, რათა ხელახალი ინტერვენცია ვეღარ შეძლოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გასაკვირი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან და ის შესაძლოა, გულისხმობდა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გზავნილს? ვფიქრობ, თავდაცვის მდივნის ეს სიტყვები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის დეგრადაციაზე მინიშნება. ეს იმის აღიარებაა, რომ რუსეთი მუდმივი პრობლემაა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია; როგორც მე, სხვებსაც სჯერათ, რომ მისი დაშლა შესაძლებელია. ვიდრე რუსეთი იმპერიულ მიზნებზე უარს არ იტყვის, ის იქნება საფრთხე სხვებისთვის, მათ შორის დასავლეთისთვისაც. გეთანხმებით, თავდაცვის მდივნისგან გასაკვირია მსგავსი რამის თქმა ასე ღიად, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ აშშ მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს, ვიდრე - დანაწევრებულს. ET: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი არ მოაწერს ხელს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, ზოგი ამბობს, რომ რუსეთის სანქციები შეიძლება, მოიხსნას თუ რუსეთის ძალები უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებენ. თქვენი აზრით, რუსეთის ქმედებების და მისი პოლიტიკის გათვალისწინებით, სანქციების მოხსნის საკითხი, ამ ეტაპზე, საერთოდ თუ უნდა დადგეს დღის წესრიგში? სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსული ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს და ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ დანაშაულებრივი ომი წამოიწყო და წააგო. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, ვიდრე პუტინი არ დატოვებს თანამდებობას, ან... ამაზე ნაკლები სხვა ნაბიჯი დიდად არ დაგვეხმარება. ET: _ამ ომში გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით უკრაინამ სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. თავის მხრივ, უკრაინა შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, როგორ გესახებათ ამ ომის დასასრული და უკრაინის შემდგომი როლი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე? უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსეთი და თუ ვინმეს ეჭვი შეჰქონდა მათ გამარჯვებაში, ცდებოდნენ. არავის ეგონა, რომ მიაღწევდნენ იმას, რასაც მიაღწიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ეს იქნება ყველას გამარჯვება - საქართველოსთვის, დასავლეთისთვის და ასევე, ჩემი ქვეყნისთვის. ET: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ. რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ? რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს საქართველოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან მოსკოვი ირგვლივ ეძებს ადგილებს, სადაც თავდასხმას და მისი გავლენების განმტკიცებას შეძლებს. ქვეყნებში, სადაც ეგულება დასაყრდენი ჯგუფები, დასავლეთის დაუყოვნებლივი რეაგირების არარსებობის პირობებში რთული გახდება გამკლავება. ამიტომ, ასეთი პრორუსული ჯგუფები უნდა გამოაშკარავდეს და საქართველომ გააცნობიეროს მომდინარე რისკები, საჭიროა, თხოვნით მიმართოს ყველა პარტნიორს და მათ შორის შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დასახმარებლად. მე მხარს ვუჭერ NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო და გაწევრიანების პროცესი აღარ უნდა გადაიდოს.
რა პრობლემების წინაშეა ადგილობრივი წარმოება და რა ნიშა აქვს ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში ბოლო სამი წელია, თხილის წარმოება იზრდება. საექსპორტო ათეულში თხილი მე-9 ადგილზეა. ამ დადებითი ტრენდის მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ თხილის ფასი დაბალია და მსოფლიო ბაზრის უმსხვილეს მოთამაშე თურქეთს, ფასითა და ხარისხით კონკურენციას ვერ უწევენ. რა ვითარებაშია საქართველოში თხილის წარმოება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას თურქულ პროდუქტს და რა პერსპექტივა აქვს ევროკავშირის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან ქარდავას ესაუბრა. ET: ფერმერები აცხადებენ, რომ 2022 წელს საქართველოში თხილის ფასი დაბალია. რა არის ამის მიზეზი? თხილის ფასს ხარისხი განაპირობებს. თხილის ხარისხზე საუბრისას, საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ: როგორია გაუტეხავი თხილის ხარისხი? ექსპორტისთვის კი მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხისაა გატეხილი თხილის გული. საქართველოში გაუტეხავი თხილის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ორი წლის განმავლობაში ზაფხულში მოსულმა ჭარბმა ნალექმა თხილის ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, გააქტიურდა ფაროსანა და წვიმების გამო წამლობა არაეფექტური იყო. ET: ევროპაში წინა წლებში ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდი იყო. ახლა რა ვითარებაა არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური ეკონომიკა ეცემა და ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლის გამო, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მცირდება? საქართველოში გასულ წელთან შედარებით, გაუტეხავ თხილზე ფასი საკმაოდ დაბალია და 3 ლარიდან 4,5 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, ხარისხი ნორმალურია და ევროპის ბაზარზე გადის. ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით, ევროპაში 1 კილოგრამი გარჩეული ქართული თხილის ფასი $5 უახლოვდება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა შემცირებულია იმ კრიზისიდან გამომდინარე რაც ევროპასა და მსოფლიოშია. ET: რამდენად სტაბილურია ქართული თხილის მიწოდება ევროკავშირის ბაზარზე მაშინ, როცა ბოლო წლებში ალფატოქსინის (მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც თხილში ცუდად გამოშრობის გამო ჩნდება) პრობლემა გაჩნდა და პროდუქციის რამდენიმე პარტია უკან დააბრუნეს? ალფატოქსინის პრობლემამ გასულ წელს იჩინა თავი, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველია კრეფის მომენტში წვიმები, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ეს დაავადება, ხოლო შემდეგია შრობის პრობლემა. როგორც წესი საქართველოში თხილი მინდორზე, მზეზე შრება, წვიმების გამო ეს ვერ მოხერხდა, თხილი ვერ გამოშრა და ალფატოქსინზე პრობლემა შეგვექმნა. თუმცა 2022 წელს კრეფის სეზონი მშრალი იყო და ამ მიმართულებით პრობლემებს არ ველოდებით. ET: რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს აზიის ბაზრებზე? სტატისტიკა აჩვენებს რომ 2021 წელს ჩინეთში 20 ტონა გავიდა. ექსპორტი განხორციელდა იაპონიაშიც. ჩინეთში თხილი ძირითადად გაუტეხავი სახით გადის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული წინსვლა არ გვაქვს და არცაა მოსალოდნელი. ეს ბაზარი თანდათანობით იზრდება და აქ ნახტომისებურ ზრდას არ ველოდებით. ზოგადად მსოფლიოში თხილის მომხმარებელი ძირითადად ევროპაა, ამიტომ მაინც ევროკავშირის ქვეყნები იქნება ქართული თხილის ექსპორტისთვის ძირითადი მიმართულება. თუ ჩინეთის მიმართულებით გაყიდვები გაიზრდება, ეს დაემატება ევროპის მიმართულებას, რადგან ევროპის მიმართულება ვერ ჩანაცვლება სხვა ბაზრებით. ET: რა ვითარებაა თურქეთში? თურქეთში თხილის მოსავალი წელსაც მაღალია - დაახლოებით 800 ათასი ტონა. ჩვენთან 40 ათასი ტონის ფარგლებშია. თურქეთთან კონკურენცია ძალიან რთულია რაოდენობიდან გამომდინარე. ამას ემატება ქართული თხილის ხარისხის პრობლემა. თურქული თხილი ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ქართული. ამიტომ ჩვენ გვიწევს მყიდველისთვის ქართული თხილის უფორ დაბალ ფასში შეთავაზება. თუ გვექნება თურქული ხარისხის თხილი, ჩვენც იგივე ფასში შევძლებდით რეალიზაციას, როგორც მაგალითად, თურქეთი ახერხებს ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, კახეთის რეგიონში, სადაც პრაქტიკულად თურქული ხარისხის თხილი მოდის, მარალ ფასში იყიდება. პროდუქტს „აგრიჯორჯია“ (ფერეროს ქართული წარმომადგენლობა) ყიდულობს. შესაბამისად, თუ თხილის ხარისხი გაუმჯობესდება დასავლეთ საქართველოში, პროდუქტზე ფასიც ეტაპობრივად გაიზრდება. ET: რატომ ვერ ვაუმჯობესებთ ხარისხს? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა და შემაფერხებელი პირობა? ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი და ყველაზე დიდი პრობლემაა მიწების დანაწევრება. ფერმერების მფლობელობაში 0,4-0,5 ჰექტარია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში და ამის გამო თხილის მოვლის ინტერესი ნაკლებია. თუმცა დასავლეთ საქართველოში არიან მსხვილი ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის თხილი აქვთ. იგივე აბაშის რაიონში, წალენჯიხის რაიონში (დაბალი ზონა) განმუხურის, კახათის მიმართულებით, აქ ფერმერები რამდენიმე ჰექტარს ფლობენ და შესაბამისად კარგად მოვლილი ბაღები აქვთ. თუ შევაჯამებთ, საქართველოში თხილის კულტურა ფაქტობრივად მოუვლელია ან ცუდადაა მოვლილი. მივდივართ ფაქტობრივად იქამდე, რომ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თხილს მოუაროს და ვერ ხედავს ამ კულტურიდან შემოსავლის მიღების პერსპექტივას. მაგალითად წელს ელოდებოდნენ დაბალ ფასს და გადაწყვიტეს, რომ ამის გამო თხილის მოვლა აღარ ღირდა. ამიტომაც მოსავალიც და ხარისხიც დაბალია. ვითარება ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე: სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში თხილის წარმოებაში დაახლოებით 40 000 ფერმერია ჩართული. ერთ ჰექტარზე თხილის მოვლის საფასური (კრეფის ჩათვლით) 500 ლარიდან $900 -მდე მერყეობს. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში თხილის წარმოებამ 24 ათასი ტონა შეადგინა, 2020 წელს - 32,7 ათასი ტონა, ხოლო 2021 წელს 46 ათასი ტონა. არის მოლოდინი, რომ 2022 წელს წარმოების მოცულობა დაახლოებით, 40 ათასი ტონა იქნება. თხილის წარმოება საქართველოში რეგიონებს შორის ასე ნაწილდება: (2021 წელი საქსტატის მონაცემები) სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23,1 ათასი ტონა; გურია - 8,5 ათასი ტონა; აჭარა - 5,1 ათასი ტონა; იმერეთი - 4,5 ათასი ტონა; კახეთი - 4,2 ათასი ტონა; მცხეთა-მთიანეთი - 4,2 ათასი ტონა; დანარჩენი - 0,1 ათასი ტონა. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, თურქეთს თხილის ექსპორტში ბაზრის 70%-ს უკავია, მეორეა იტალია. ექსპორტიორთა ხუთეულშია საქართველო, აზერბაიჯანი და ჩილე. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან გარჩეული თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის. საქართველოდან 2021 წელს ყველაზე მეტი თხილი (გარჩეული) გერმანიაში (4 512,47 ტონა) გავიდა, მეორეა იტალია (2 804 ,22 ტონა), შემდეგ სომხრთი (1427 ტონა) ესპანეთი (713 ტონა), ბელორუსი (593 ტონა), ლიეტუვა (586 ტონა) მოდის. შვიდეულს კრავს უკრაინა, სადაც საქართველოდან 2021 წელს 529 ტონა თხილი ექსპორტირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტიორებმა თხილი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიტანეს.
რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ. ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)
პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება
ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს. პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით? სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს. ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს? მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება? უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება. ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი? დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც? საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე, მის გავლენებზე საქართველოზე, აშშ-ის როლზე საქართველოს უსაფრთხოებაში და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ET: ვებგვერდზე - „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა სია იმ პირებისა, რომლებიც სანქცირების მიზნით არიან იდენტიფიცირებულნი. ახალ სიაში 12 ქართველია. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? სანქციები, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. რამდენად უხერხულია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ხალხი, უკრაინის მოსაზღვრე ან შავი ზღვის აუზის ქვეყანა, უკრაინისთვის საფრთხედ აღიქმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა: მხარს უჭერენ რუსეთს ან აკეთებენ საქმეს, რითაც საფრთხეს უქმნიან უკრაინას. არ მესმის, საქართველო, მნიშვნელოვანი ხალხი საქართველოში რატომ არ გმობს რუსეთის ქმედებას საჯაროდ? რატომ არ ახდენენ რუსეთის აგრესორად იდენტიფიცირებას? ნაცვლად ამისა, ცდილობენ გვერდზე დგომას. არ მესმის ეს. რა თქმა უნდა, უკრაინის ნაბიჯი, რომ სანქციები დაუწესოს ქართველებს, ერთგვარად, უხერხული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი აგრესორია და მიუღებელია, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ძალები სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რაც უკვე გააკეთა მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან ნათელია - საქართველოს თუ უნდა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, მან საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, და, რა თქმა უნდა, სანქციები... მე ვიცი, რომ სანქციების ნაწილი განხორციელებულია საქართველოს მიერ, რადგან ქართული ბანკები გარკვეულწილად, უნდა იყვნენ შესაბამისობაში ბრიტანულ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ უნდა ასრულებდე სანქციებს, ასე რომ, როდესაც ვინმე მთავრობიდან ამბობს, რომ ჩვენ არ მივმართავთ არავითარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში - ეს არ არის სიმართლე. ამრიგად, ჟურნალისტებმა უნდა დასვან ასეთი რთული კითხვები... უკრაინა გაიმარჯვებს, დაამარცხებს რუსეთს, დაიბრუნებს ყირიმს და როდესაც ამას გააკთებენ, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების დონეს დაუყოვნებლივ აამაღლებს, თუმცა მთავრობა აქ ისტორიის არასწორ მხარესაა. ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლომდე. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ET: რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ის რუსეთის პოტენციური საფრთხის წინაშეა? პირველ რიგში, საკითხს ასე დავსვამდი - ქართველებმა რა უნდა გააკეთონ? მე ვგულისხმობ: როცა ქართველები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ეს არ ეხება მხოლოდ იარაღს, ეს ეხება ჯარს, რომელიც არის კომპეტენტური და მზად არის საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. ასევე - მედეგი საზოგადოება, რომელიც არ ექცევა კრემლის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ძლიერი, თავისუფალი მედია, რომელიც არ არის ციხეში გამომწყვდეული მთავრობის კრიტიკის გამო - ეს ყველაფერი არის ძლიერი თავდაცვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ET: რას ფიქრობთ, სამოქალაქო წინააღმდეგობის კონცეფციაზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ მსავსი რამ. ლიეტუვამ ის სულ ახლახან მიიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე თვეს. ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან, ლეტუვა, ესტონეთი და კიდევ, ფინეთი, აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზდაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება, რადგან მოსახლეობა მცირეა, მეზობლად კი რუსეთია, რომელიც ტრადიციული საფრთხეა და ასეთი რამ გონივრული იქნებოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს. ის კრიტკულად მნიშვნელოვანი ჰაბია კავკასიაში, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის და აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ მგონია, რომ აშშ სულ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით. მე არ ვსაუბრობ აშშ-ის გადმოსახედიდან, მე ვსაუბრობ საქართველოს კუთხით, უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლური ინვესტიციებით და ამერიკასთან კავშირის გაძლიერებით. არ შეუძლიათ ფიქრი მასშტაბურად, შესაძლებლობებზე, ახალგაზრდების მომავალზე. ისინი რომ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, ეს პორტი უკევ გაკეთებული იქნებოდა. ეს ერთი მაგალითია.
რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
ყაზახეთი ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, გეგმავს, რომ შავი ზღვით მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთი გაიტანოს. გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. Europetime-თან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალურია. სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო ამ პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნაზე განცხადება, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ეს ყველაფერი ემსახურება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ტვირთების დივერსიფიკაციისთვისაა საჭირო. ვგულისხმობ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც დღეს პრობლემაა. ამ მხრივ ხარვეზებია ყაზახეთის ინფრასტრუქტურაშიც, ასევე პრობლემები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას. ET: რა უპირატესობა აქვს და როდის შეიძლება განახორციელოს ყაზახეთმა შიდა ტერმინალური ქსელების პროექტი? საუბარია ფოთის პორტზე, თუმცა პროექტის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან დიზაინი შემუშავების პროცესშია. თუმცა ყაზახეთისგან ამის გაცხადება, იმას ნიშნავს, რომ სურს პროცესის თანამმართველი იყოს. როგორც თავის დროზე ბათუმის ნავთობტერმინალი შეიძინეს და თავისი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის არხი შექმნეს, ამ ჭრილში სხვადასხვა ტვირთების დივერსიფიკაცია ერთიან ტერმინალში განიხილება. თუმცა ეს ჯერ იდეაა და მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი. ამაზე კონკრეტიკა ახლა მიზანშეწონილი არ არის. ET: პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ აპირებს ყაზახეთის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრის დივერსიფიცირებასა და ევროპის ბაზარზე გასვლას. საუბარია ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთვაზე. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალი ნავთობსადენიც აშენდეს. თუმცა ყაზახეთი საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობს სამომავლო პროექტებზე. ყველაზე მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ყაზახეთმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაცია სჭირდება. ერთ-ერთია ტრანსკასპიური დერეფანი, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის ყაზახეთის საკმაოდ თამამი ნაბიჯი. ET: თუ ფლობთ უფრო ახალ ინფორმაციას, ან თუ არის ცნობილი, უფრო აქტიურად ამ მიმართულებით როდის დაიძვრება პროცესი? როდის და როგორ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურა სასურველ გეგმებთან შეუსაბამოა. ამიტომ პატარა ნაბიჯებიც რომ გადაიდგას და 5-10 წელიწადში მოხდეს იმ ტვირთების მოცულობის გაორმაგება, რაც დღეს ტრანსკასპიურ დერეფანში მოძრაობს, ესეც სერიოზული ნაბიჯია. ET: რა შეუსაბამობაზეა საუბარი და რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემები ამ დრომდე? აქამდე ეს პრობლემები არ წყდებოდა, რადგან ყაზახეთის მხრიდან არ იყო პოლიტიკური ნება. ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფორმირდება ტვირთები და ეს ქვეყანაა ჩინური ტვირთების გამტარიც. რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენი სურვილია, რომ საქართველოზე მეტმა ტვირთმა გაიაროს. იწყება სხვადასხვა პროექტები, იხსნება კერძო ტერმინალები. ასევე იგეგმება სახელმწიფო პროექტების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით. ეს პროექტები უკვე ინტენსიურად არის ყაზახეთის მთავრობის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად ეს მიეხმარება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომ რიგი გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან მიმართებით უფრო სწრაფად მიიღონ, რადგან ნებისმიერ პროექტს სტაბილური მიწოდება და კონკრეტული რაოდენობის ტვირთი სჭირდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მის აღსრულებაზე მიდის მუშაობა. საქართველოს პორტებშიც იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქსელური ტერმინალი მხოლოდ ნაწილია. საგულისხმოა, რომ ეს პროექტები ადრე იყო ჩაფიქრებული თუმცა, მანამდე არ იყო ყაზახეთის პოლიტიკური ნება და შესაბამისად, რთული იყო მათი განხორციელება. ახლა კი გარკვეული პროექტები სწრაფად დაიწყება, ზოგი კი დაიგვიანებს. თუმცა ჯამში, პროცესი დაძრულია. პოლიტიკური ნება ყველა ქვეყანას აქვს და უმოკლეს დროში, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება. ET: ქსელური ტერმინალების პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერმინალით რა ტვირთები გადაიზიდება? ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ნავთობტერმინალზე, არამედ აქ სხვა ტვირთები გაივლის. თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს აქცენტი. ეს ტერმინალი, რა პროექტზეც ახლა ყაზახეთი საუბრობს, საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთებს მოემსახურება, რომლის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა დღეს არ არსებობს. ტვირთები ფოთის პორტის ყაზახურ ტერმინალში კასპიის ზღვით და შემდეგ შუა დერეფნის გავლით მოხვდება. სამიზნეა შავი ზღვით გავლით მსოფლიო ბაზარზე წვდომა. ET: სატრანზიტო ფუნქციის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის საქართველო ყაზახეთისთვის მიმზიდველი? ყაზახეთისთვის ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ბაზრებზე ტვირთების გატანა. დანარჩენი უკვე კომერციული ნაწილია... ტურიზმი და ა.შ. საქართველო ყაზახეთისთვის დიდი ბაზარი არ არის და ამ კუთხით ვერ დავაინტერესებთ, თუმცა გარკვეული პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის, მაგალითად როგორიცაა სასმელი წყალი ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოვყოფთ მთავარ საკითხს, ყაზახეთისთვის საქართველო მსოფლიო ბაზარზე ტვირთების წვდომისთვისაა მნიშვნელოვანი და აქ მთავარი ტრანსკასპიური დერეფანია.
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
ექსკლუზივი Europetime -მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამდენად, საინტერსო იქნება, გავიხსენოთ ჩვენს გამოცემასთან მისი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის დროსაც, ფილიპ რიკერი შეეხო საინტერესო, საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტს. მისი თქმით, ანაკლიის პორტი არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებდა ფილიპ რიკერმა Europetime-თან რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ განცხადება გაავრცელა ენტონი ბლინკენმაც. სახელმწიფო მდივნის თქმით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მდივან ბლინკენის თქმით, ამ კრიტიკულ პერიოდში ფილიპ რიკერი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ. ენტონი ბლინკენის შეფასებით, ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს. „ელჩ ფილიპ რიკერს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე უფროს მრჩევლად ვნიშნავ. ამ თანამდებობაზე, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების შესახებ მოლაპარაკებაში.ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, ევროკავშირი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რიკერი ბოლო დროს მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, როგორც სენტ ჯეიმსის სასამართლოს საქმეთა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე ელჩი რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი გერმანიაში. მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში. იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.
„შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბოლში შედგა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა „მარცვლეულის დერეფანი“ და უკრაინის პორტებიდან 24 თებერვლის შემდეგ დაბლოკილი ხორბლის გადაზიდვა დაიწყო. ორი კვირის წინ, სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თურქეთი რუსულ ბანკებთან ითანამშრომლებს და გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლში დაფარავს. მოგვიანებით კი ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კრემლთან მოლაპარაკებების გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. რა როლი აქვს თურქეთს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელ, დავით გოჩავას ესაუბრა. ET: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ზედაპირზე ჩანს მხოლოდ „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში აქტიურობს, თუ რუსეთთან ურთიერთობების „კვალი“ უფრო ღრმად მიდის? როდესაც სოჭიდან სახლში ბრუნდებოდა, ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აქვს სურვილი, იყოს „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და მათთან, ვინც ამ ორგანიზაციას დამკვირვებლად ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით შეუერთდება - „მაგალითად, საუდის არაბეთი და ყატარი. ჩვენი მიზანია მათთან ერთად ყოფნა“, - თქვა ერდოღანმა. აქ ეს არის მთავარი გზავნილი. ერდოღანი ამბობს, რომ „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა ურჩევნია. ამას თურქეთის პრეზიდენტი ღიად და თამამად აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში. ET: რატომ არის „შანხაის ხუთეული“ თურქეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? „შანხაის ხუთეულის“ წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. მონღოლეთი, ირანი, ინდოეთი ავღანეთი და პაკისტანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით არიან, ბელორუსი და თურქეთი კი, „პარტნიორი დიალოგის საკითხში" თანამშრომლობენ). შესაძლოა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ირანიც. ამ შეხვედრაზე რუსეთი ეპატიჟება თურქეთსაც. შორი არაა ის დრო, როცა თურქეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „შანხაის ხუთეულის“ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა, დაახლოებით, პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ამ ქვეყნებში მსოფლიოს შიდა პროდუქტის მესამედი იქმნება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაჭრობენ ევროპასთან. აქ უკრაინის ომიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ქვეყნებში შექმნილი საქონლის ტრანსპორტირების პრობლემა. ეს საკითხი შესაძლოა, იმის მიხედვით გართულდეს, თუ როგორ და რა მოცულობით გაიზრდება სანქციები. ET: ამ შეფასებიდან გამომდინარე ე.ი. რუსეთი ეძებს პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულ დასავლეთთან დააკავშირებს? დიახ, რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც ამ დაპირისპირებულ დასავლეთთან კავშირს დაამყარებს და კომუნიკაციას შეძლებს, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის ეკონომიკა რომ გადარჩეს, ამისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა ივაჭროს. იყო ასეთი გეგმა, რომ ის გახდებოდა ჩინეთის ე.წ. ნედლეულის დანამატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რადგან ჩინეთს აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. ჩინეთმა დასავლეთზე გააკეთა აქცენტი და უფრო ევროპის კავშირთან და აშშ-თან არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიზრახა, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ბუნებრივი რესურსები იაფად მიიღოს. ET: იმ ფონზე როცა მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთს უპირისპირდება, რას ეყრდნობა ერდოღანის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ესაა ტაქტიკური ნაბიჯები თუ კონკრეტული სტრატეგია? რუსეთი ეძებს პარტნიორს. თურქეთი ვრცელი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, იმ გაგებით, რომ ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ასევე, 2023 წელს თურქეთში არჩევნებია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თურქეთს რუსეთი სჭირდება როგორც ჰაერი. თავის მხრივ კი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების განეიტრალება სურს. ET: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება, რომ სანქციების საფრთხე არსებობს და დასავლეთს თურქეთთან მიმართებით გარკვეული ეჭვები აქვს. თუ ასეა, მაშინ რატომ რისკავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი? პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ერდოღანი რუსეთთან მიმართებით რისკავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება პუტინთან მისი ურთიერთობა. ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მოცემულ მომენტში არის უნიკალური. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხში მაინც აღწევს შეთანხმებას პუტინთან, არის ერდოღანი. ET: ცნობილია, რომ თურქეთი NATO -ს წევრია და ამ ალიანსში აშშ-ის შემდეგ რესურსით მეორეა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მადრიდში, ბოლო შეხვედრისას დაამტკიცა განვითარების სტრატეგია, რომელის თანახმადაც უპირველესი მტერი არის რუსეთი. ამ ფონზე როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები? ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა „მეგობრობს“ და თანამშრომლობს NATO-ს უპირველეს მტერთან. რა თქმა უნდა ეს არის რისკი, ხიფათი, საშიშროება. რა თქმა უნდა თურქეთს ემუქრება სანქციები. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის საპასუხოდ. დააკვირდით, როგორ ლავირებს. ფაქტი ერთია, შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან რიგ საკითხებზე შედეგს თუ მიაღწია ვინმემ, აქ არის თურქეთის პრეზიდენტის ფაქტორი. ერდოღანმა არსებული პრობლემა, ან შეარბილა, ან გადაწყვიტა. ამასთან, დასავლეთის ინტერესშიცაა, რომ პუტინთან ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. ომის ზღვარზეა მსოფლიო და ვინმეს თუ შეუძლია სიტყვა უთხრას პუტინს, ეს ერდოღანია და ის ამით სარგებლობს. ხომ ნახეთ, ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა. თურქეთს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და დასავლეთმა ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა. ჯერჯერობით, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით გადაწყვეტილება არაა მიღებული. ამ საკითხის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ანუ თურქეთი ვაჭრობს, ერდოღანი პოლიტიკოსია. იმასაც ეთამაშება და ამასაც... თურქეთს სარგებლის მიღება უნდა შექმნილი ვითარებიდან და მისი სარგებელი უზარმაზარია. ET: რა სარგებელს ელის თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში და რა არის ამ ვითარებაში მისი მთავარი ბონუსი? „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრები, აზიის ქვეყნები, რომებიც ვაჭრობენ ევროპასთან და ევროპა, რომელიც თავისთავად ვაჭრობს აზიასთან, ამ ტვირთნაკადმა უნდა გაიაროს თურქეთზე. ეს ქვეყანა დიდი ხანია, ემზადებოდა ამისთვის. თურქეთი ქმნიდა ლოგისტიკურ ცენტრებს, ავითარებდა სატრანსპორტო სისტემას. (სამგზავრო მიმოსვლა იქნება ეს თუ სატვირთო გადაზიდვები). სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში უდიდესია. 12 ლოგისტიკური ცენტრი შენდება და ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. თურქეთი ემზადებოდა და ემზადება იმისთვის, ეს საკითხები უზრუნველყოს და ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მან უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და როლი. ამას ხედავს დასავლეთი. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, მოცემულ მომენტში, „მარცვლეულის დერეფანი“ რომ გაიხსნა უკრაინის პორტებიდან, ერდოღანის დამსახურებაა. მან შეძლო უკრაინისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და მიაღწია ამ შეთანხმებას. დასავლეთი ამას ხომ ვერ უგულებელყოფს. არის სანქციების საფრთხე, მაგრამ არის კიდევ სარგებელი, რაც პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან მოდის. ET: კიდევ ერთი საკითხი - თურქეთი და საქართველო. ეს ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობს. თურქეთის ახლო კავშირების შედეგად რუსეთთან, საქართველოსთან მიმართებით, გარკვეული საფრთხეები ხომ არ იკვეთება? ჩვენ ხომ არ ვაქტიურობთ. დააკვირდით საქართველოს ქცევას. ჩვენ არ ვაქტიურობთ არცერთ ფრონტზე. ჩვენი ინტერესი რომელიმე საკითხზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატული ბოლოს როდის ნახეთ? ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუსვამს არცერთი მწვავე საკითხი. ET: „საქართველოს რომ არავინ არაფერს ეკითხება“, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? მაგალითად 2019 წელს, ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები და ერთმანეთთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ტარიფების დაწესების, ტვირთების მოზიდვისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ. ამ ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს გარეშე ხვდებიან და იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ტვირთებს. ეს იყო ოფიციალური ვითარება, თორემ არაოფიციალური კავშირები და კომუნიკაცია ქართულ მხარესთან ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან აუცილებლად შედგებოდა. საგულისხმოა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდებოდა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომბინატის ტვირთები, თურქეთის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მხარე. აზერბაიჯანული მხარე, ხანდახან, ოფიციალურად აქვეყნებდა ინფორმაციას აბრამოვიჩის კომბინატის მიერ გამოშვებული პროდუქციის გადაზიდვის შესახებ. შესაძლოა, ეს ტვირთები ახლაც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდება. ვიღაცები შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით გადააქვთ ტვირთები. საფრთხეა, როცა არ გვეკითხებიან და ისე წყვეტენ საკითხებს, საქართველოს გავლით რა გადაიტანონ.
რატომ ძვირდება უძრავი ქონება - მიზეზები
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლდა. Europetime-ს რამდენიმე უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს, რომ გაქირავების სეგმენტის შემდეგ, გაყიდვების ბაზარიც გააქტიურდა და თანდათან პანდემიის შედეგად გამოწვეული სტაგნაციიდან გამოდის. მოთხოვნას დეველოპერებმა, რომ ფასების ზრდით უპასუხეს, ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით. ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში უძრავი ქონება თბილისში, საშუალოდ 2,216 ლარი, თეთრი კარკასი 2,505 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი 2,920 ლარი ღირს. საქსტატის მონაცემებით, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 4,339 ლარი; ვაკე - 3,845 ლარი; კრწანისი - 2,937 ლარი; საბურთალო - 2,927 ლარი; ჩუღურეთი - 2,856 ლარი; დიდუბე - 2,814 ლარი; ნაძალადევი - 2,740 ლარი; ისანი - 2,580 ლარი; გლდანი - 2,558 ლარი; სამგორი - 2,451 ლარი. რამ გამოიწვია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მაღალი აქტივობა და რატომ იზრდება ბინების, კომერციულ ფართებსა და მიწის ფასი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime კომპანია „რემაქს კაპიტალის დამფუძნებელს, რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს ყოფილ წევრ მარიამ ასათიანს ესაუბრა. ET: რას უკავშირდება პანდემიის სტაგნაციის შემდეგ უძრავი ქონების გააქტიურება და შესაბამისად ფასების ზრდა? ერთ-ერთ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა მზარდი რაოდენობა სახელდება. ეთანხმებით ამ შეფასებას თუ არის სხვა მიზეზებიც? საქართველოში უძრავი ქონება რამდენიმე მიზეზით გაძვირდა. თუ საცხოვრებელი სახლების სეგმენტს განვიხილავთ, აქ გვაქვს თვითღირებულების მატება სამშენებლო მასალებზე, რაც ბუნებრივია იწვევს გაძვირებას. დეველოპერების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების თვითღირებულება 40% გაძვირებული. მეორე მიზეზია, პანდემიის შემდეგ არსებული გარკვეული სტაგნაცია. ესაა ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნა, რაც ახლა რეალიზდება. უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის გაზრდის მესამე და მთავარი მიზეზია რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგადაც ჩვენთან ბევრი ვიზიტორი შემოვიდა. შედეგად უძრავი ქონების გაქირავების ფასი გაიზარდა. რამაც ინტერესი გაუჩინა საინვესტიციო მყიდველებს, რომ შეიძინონ ბინები და შემდეგ გააქირაონ. ბინების შეძენა ხდება ორი მიზეზით, ერთი საკუთარი მოხმარებისთვის და მეორე საინვესტიციოდ, რათა შემდეგ გაქირავდეს. ძირითადად ეს სამი ფაქტორი იწვევს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ფასების მატებას. ET: როგორც ცნობილია, პანდემიამდე უძრავ ქონებაში საქართველოში გაქირავების მიზნით ინვესტირების მაჩვენებელი არ იყო მაღალი. მაშინ არ იყო მოთხოვნა? გაქირავების მიზნით ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინას საქართველოში, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, საინვესტიციოდ ბინების ყიდვის მოტივაციამ იკლო, იმიტომ რომ ქირა ქირა შემცირდა და ნაკლებად საინტერესო ხდებოდა ამ მიზნით ბინის შეძენა. ახლა ვითარება შეიცვალა, რადგან ქირის ფასი 30%, ზოგ შემთხვევაში კი 50% გაზრდილი. ამან შექმნა დამატებითი მოტივაცია ბინების შესყიდვაზე. ET: საქსტატის მონაცემებით, გაძვირებულია ახალი ბინები, მეორადზე კი ფასი შემცირებულია. ეს რით არის გამოწვეული? ვერ ვიტყვი, რომ მეორად ბინებზე ფასი შემცირებულია. უბრალოდ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი ძველ სახლებზე ვიდრე ახლებზე. ტრადიციულად ეს ასეა, რადგან ძველ სახლს ამორტიზაცია მეტი აქვს და ახლა უფრო მეტი ახალი ბინა შენდება. სახლები ახალი სტანდარტით შენდება და უფრო უსაფრთხოა. ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ უფრო კარგად ქირავდება. ყველა ეძებს უფრო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის ბინას დასაქირავებლად. ეს კი იწვევს მყიდველში იმის მოტივაციას, რომ ახალი ბინა იყიდოს. ძველი სახლები ამორტიზებულია, მოსაწესრიგებელია სადარბაზოები და საინვესტიციოდ მისი კაპიტალური ღირებულება უფრო ნაკლებია. ამასთან, გრძელვადიან პერიოდში უფრო ნაკლებად გაუძლებს დროის მოთხოვნას და შესაბამისად, ძველ სახლებზე ფასების მატება უფრო ნაკლებად ფიქსირდება. ET: დღეს საქართველოს რომელ ქალაქებში და რეგიონებშია უფრო მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რით არის ეს გამოწვეული? თბილისში, ბათუმში... ასევე საკურორტო ზონებში. საინვესტიციოდ ბინები იყიდება გუდაურში, ბაკურიანში. აქ მოთხოვნა შენარჩუნებულია. ბოლო დროს, პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია უძრავი ქონების ქალაქგარეთ შესყიდვაზე. ადრე თუ მეტი მოთხოვნა იყო ქალაქის ცენტრზე, ეს იყო საბურთალო, ვაკე, მთაწმინდის რაიონი, კრწანისი, ორთაჭალა, ახლა კი პირიქით, მოთხოვნამ ცენტრიდან ქალაქგარეთ გადაინაცვლა. ეს ურბანიზაციამაც განაპირობა, რადგან რაც უფრო გადატვირთულია გზები, გაჯერებულია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, უფრო მეტად ცდილობენ ადამიანები გავიდნენ ქალაქგარეთ. ეს პროცესი სულ მიდიოდა, მაგრამ ლოკდაუნებისა და პანდემიის შემდეგ უფრო აჩქარდა. ადამიანებმა გადალახეს მანძილის დაფარვის ფსიქოლოგიური ზღვარი. ახლა ეს აქტიური ტენდენციაა და ქალაქგარეთ უბნის ტიპის პროექტებზე მოთხოვნა დიდია. ეს არის ლისი, საგურამო-მცხეთის მიმართულებით. მოთხოვნას ზოგადად აჩენს დეველოპერული წინადადებებიც, ხოლო თავად მოთხოვნა, დეველოპერების მოტივაციას ზრდის. რეალურად მოთხოვნა და მიწოდება ეხმარება ერთმანეთს, რომ სამომავლოდ ტენდენცია განისაზღვროს. ამასთან, ბოლო პერიოდში გაჩნდა დახურული უბნების განაშენიანების პროექტები, რაც მანამდე ნაკლები იყო. მანამდე აქცენტი კეთდებოდა ქალაქის ცენტრში წერტილოვანი კორპუსების პროექტებზე. ახლა კი არის ურბანული პროექტები. დეველოპერები მომხმარებლებს დაბალსართულიან ან კერძო ბინების ტიპის განაშენიანების პროექტებს სთავაზობენ. ET: რაც შეეხება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციას, რა შემთხვევაში შეჩერდება? ალბათ როცა მოთხოვნა იკლებს ან ბაზარი გაჯერდება? შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი შენელდეს. ახლა რამდენიმე მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს: პანდემიის დასრულება, ომის შემდეგ ვიზიტორების ჩამოსვლა. მოთხოვნის ზრდამ მყისიერად გაზარდა ფასები. სწორედ ამიტომ შესაძლოა, ფასების ზრდის ტენდენცია შენელდეს, თუმცა უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებას არ ველი, იმიტომ, რომ ამ ფასების პირობებში მყიდველი არის. ფასის ზრდა შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე ბაზარზე მსყიდველუნარიანი მომხმარებელი იქნება და გაძვირებულ უძრავ ქონებას შეიძენს. ჯერ-ჯერობით გაძვირებული უძრავი ქონება იყიდება და სამშენებლო მასალის თვითღირებულებაც გაზრდილია და ამ ფონზე ფასის შემცირების მოლოდინი ამ მიმართულებით არ არის. მთელ მსოფლიოში გაძვირდა არმატურა, მეტალი, ცემენტი. შესაბამისად, მშენებლობის ხარჯი გაეზარდათ დეველოპერებს.
მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს
ექსკლუზივი Europetime-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის (2005–2009 წლებში) თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კურირებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა პროვოკაციული ქმედებები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. „არასდროს დამავიწყდება ის დღე და 2008 წლის აგვისტო, როდესაც საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა შემატყობინა, რომ რუსეთის ძალებმა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა ქართულ ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გზად იყო ვაშინგტონისკენ, მე ვიყავი მთავარი კოორდინატორი და რა თქმა უნდა, დავურეკე სახელმწიფო მდივან რაისს. მან მითხრა - „დავარწმუნოთ ქართველები, რომ საპასუხო სროლა არ განახორციელონ“. ამის შემდეგ, ისევ დავურეკე მინისტრ ტყეშელაშვილს, რომელმაც მიპასუხა - „კარგი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“. რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრმა ისევ დამირეკა და შემატყობინა - „ჩვენ აღარ შეგვიძლია ცეცხლის შეკავება, რადგან საარტილერიო ჭურვებს ისვრიან ჩვენი ჯარების მიმართულებით, ინტენსივობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას“. ჩემთვის ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სროლა და ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო რუსეთი და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტები. უფრო ადრე, რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას. მე მახსოვს 2004 წლის ივნისი, როდესაც სარწმუნო ცნობა მივიღეთ, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკის გარკვეული გადაადგილება ტყისკენ, ჯავისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრემლის პროვოკაციები გრძელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების „პასპორტიზაციით“. „შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ჩამოაგდო უპილოტო ქართული თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის თავზე. რუსეთი ბომბავდა და ესროდა საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემას საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის“ სიახლოვეს. თუ არ ვცდები, ეს 2008 წლის მაისში უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ივნისში ან ივლისში განალაგა ჯარები აფხაზეთში, კოდორში... ასე რომ, რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. და, ამ მზარდი დაძაბულობის პერიოდში, ჩემი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები საქართველოს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და მე მთხოვდნენ, მეპოვა გზა, საქართველოს ლიდერების დასამშვიდებლად. ვუთხარი, რომ რუსეთს სურს ომი და ჩვენ არ გვჭირდება ქართველების დამშვიდება და პირიქით, გვჭირდება ომის თავიდან ასაცილებლად იმის დემონსტრირება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევდა. ჩემი ეს ხედვა არ აღმოჩნდა პოპულარული და ჩვენ მუდმივად ვცილობდით, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვერწმუნებინა დაძაბულობის დეესკალაციაში, როდესაც სინამდვილეში, რუსეთი აკეთებდა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაციისთვის და იმედობნებდა, რომ საქართველო პირველი გახსნიდა ცეცხლს. ომის შემდეგ, ევროკავშირმა მალევე, გაკვეთილი ვერ ისწავლა და განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამრიგად, ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაუყოვნებლივი დასკვნა არასწორი აღმოჩნდა. ამ დროს, მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტის მიღებისას, (ეს დოკუმენტი სრულიად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და რუსეთს აძლევდა ხელს) აღიარა, რომ რუსეთის ინტერვენცია საქართველში, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი იყო და თავის ერთ-ერთ ოპედში, რომელიც Washington Time-ში გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი მომავალში შეიჭრებოდა უკრაინაში, მაშინ ევროკავშირი სერიოზულ ხარჯებს დაუწესებდა მოსკოვს. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ახლა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგი კი, ყირიმი იქნებოდა“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ბრაიზას შეფასებით, საფრანგეთმაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, „მისტრალის“ საკითხზე შეთანხმებას ასახელებს. „შეერთებული შტატების პასუხიც ძალიან ფრთხილი იყო. საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვის სისტემები, თავდაცვითი იარაღი, თუმცა ჩვენ მას „ჯაველინები“ და სატანკო სისტემები არ მივაწოდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბოლოოდ, უკრაინას მივაწოდეთ „ჯაველინები“ (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით). მსოფლიომ გაიღვიძა არა უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, როდესაც სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტი იყო, არამედ, საბოლოოდ, უკრაინაში მოსკოვის მეორედ შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს - კონკრეტულად, თუ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება ბრძოლის ველზე, ის გააგრძელებს წინსვლას როგორც შეუძლია და დაემუქრება უფრო მეტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს და მოლდოვასაც. ასე რომ, ის უნდა შეჩერდეს.საბოლოოდ, ვფიქრობ, ამას აღიარებს როგორც შეერთებული შტატები, ისე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრობი, მაგრამ გერმანიას და საფრანგეთს ისევ სურთ, ბიზნეს ურთიერთობა რუსეთთან. და, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, შეინარჩუნოს სოლიდარულობა NATO-ს მოკავშირეებში, რათა აბსოლუტურად მკაფიო გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და არასოდეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის შემდეგ დაემუქროს მოკავშირეებს და ალიანსის მთავარ პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. სხვა ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. უილიამ ჰარისონ კორტნი - ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ -ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - მიიჩნევს უილიამ კორტნი. Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. პოლ გობლი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. მას სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ეკავა დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიცია. „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა განიხილოს საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადადგა. ვშიშობთ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - ამბობს პოლ გობლი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა
კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა. ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.
რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებს. შესაძლოა ,წლიურ ჭრილში, ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ეროვნულმა ბანკმა და უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმაც გადახედონ. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა. ET: საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში ეკონომიკური ზრდა 11,6% იყო. ეკონომიკის ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11,2%-ია, ინფლაცია წლიურ ჭრილში 12,8%, ლარი, აპრილის შემდეგ განუხრელად მყარდება. რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში? ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი, მაგრამ ამასთან ერთად ინფლაციაც ძალიან მაღალია. რაც ფასების ზრდას იწვევს და მოსახლეობისთვის დამატებითი წნეხია. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები გვაქვს და საზოგადოებას ამ პროცესების აღქმა უჭირს. ET: რა იწვევს ამ ურთიერთგამომრიცხავ პროცესს? იზრდება ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული. საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე დარგზეა ჩამოკიდებული და ამ დარგების წარმატებაზეა აწყობილი. ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტა ადამიანისთვის ნიშნავს ქვეყანაში რეალურ პროგრესს. რაც ხელფასის ზრდასა და ბიზნესის წარმატებაში შეიძლება აისახოს. მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიკური ზრდის დადებით შედეგებს ვერ გრძნობს, რადგან მაღალი ინფლაცია ფასებზე ახდენს გავლენას. გვაქვს ძალიან ბევრი სირთულე, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკას უკავშირდება. ET: რამ გამოიწვია რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა? ერთ-ერთი ვერსია, რომ ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების რაოდენობაა გაზრდილი, ბიუჯეტის საგადასახადო საშემოსავლო ნაწილში მაჩვენებლები გაზრდილია. რა გავლენა აქვს ამ კომპონენტს ეკონომიკურ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკის ზრდაში თავისი წილი აქვთ უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს. რა თქმა უნდა მათ გარკვეული ბიზნეს-ოპერაციები დაიწყეს საქართველოში. შესაბამისად დაიქირავეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კადრები. იხდიან გადასახედებს ბიუჯეტში. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა უძრავი ქონებისა და გაქირავების ბაზარზე. გაიზარდა უძრავი ქონებისა და გაქირავების ფასები და რა თქმა უნდა, ეს ერთიანი ჯაჭვის ნაწილია. მაგრამ ჩვენ, რომ ავიღოთ, მხოლოდ ამ 100 ათასი ადამიანის ეფექტი, ამ ეკონომიკურ ზრდაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დომინანტური. ვფიქრობ, 11,2%-იან ეკონომიკურ ზრდაში, მაისში ამ ადამიანების მონაწილეობა 1-2%-ია. ET: რა არის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი დომინანტი და რატომ ვერ ვახერხებთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას? ვფიქრობ, ტურიზმია დომინანტი. 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი რამდენჯერმეა გაზრდილი. არის ტურისტების დიდი ნაკადი რამდენიმე ქვეყნიდან. გაზრდილია უცხოური ინვესტიციები და აქ არავითარი როლი არ უთამაშია უკრაინას, რუსეთს და ბელორუსს. თუმცა გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან და $300 მილიონს გადააჭარბა. ესეც თავის წილს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ET: საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წელის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ისევ ფეროშენადნობების, სპილენძისა და ოქროს ექსპორტის ხარჯზე. რატომ არ იცვლება საექსპორტო კალათა? ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება ბოლო ერთი წელია. მაგრამ აქ ნაკლებად ხდება საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, უფრო მეტი გამოშვებისა და ექსპორტირების ხარჯზე. დინამიკა ძირითადად უკავშირდება წიაღისეულისა და ფერადი მეტალების ექსპორტს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად მუშაობს, არამედ ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთხოვნა უფრო მეტია იმ წიაღისეულზე, რომელსაც მოვიპოვებთ. ეს არის უფრო გარედან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება და არა ჩვენი ეკონომიკის ხარისხობრივად გაუმჯობესების შედეგი. იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, ჩვენ გვჭირდება, რომ ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სპილენძი, ოქრო და მსგავსი მადანი გაგვაქვს, უფრო მეტი მოცულობით, აქედან მიღებული შემოსავლები საზოგადოების დიდ ნაწილზე არ აისახება. სარგებელს ქვეყანაში, მხოლოდ ბიზნესის მცირე ჯგუფი იღებს. ესაა ჩვენი პრობლემა. რადგან ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული, ორნიშნა ზრდა დადებითად აისახება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ჯგუფზე. ამიტომ, მოსახლეობის კითხვები ადეკვატურია, რომ თუ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე?
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს
რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება? ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე
GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.
სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული არ არის, მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამბულატორიული და მსუბუქი შემთხვევების ხარჯზეა „ომიკრონს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა პაციენტების უმრავლესობა ბინაზე ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშაა. ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს ET: რას უკავშირებთ კოვიდინფექციის გავრცელების საგრძნობ მატებას? ეს პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იქნებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება, რადგან ეს არის გაზრდილი მობილობის პერიოდი. უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი კომუნიკაცია, მათ შორის, დახურულ სივრცეშიც, შესაბამისად, ზაფხული, შვებულებების, არდადეგების პერიოდი ყოველთვის ითვლება ასეთი ტიპის ვირუსული ინფექციების გაზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. მეორე - მნიშვნელოვანი კომპონენტია ის მუტაცია, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში. თუ იანვარი-თებერვალი-მარტი „ომიკრონის“ მუტაციის პირველი ქვევარიანტი ცირკულირებდა, ახლა ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი. მესამე - უკვე შესუსტებული იმუნიტეტი, გადატანილი კორონავირუსისგან შეძენილი, ან ვაქცინაციის შემდგომი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენად გვიცავს ბუნებრივი იმუნიტეტი (კოვიდგადატანილის), ამ შემთხვევაში საუბარია 4-5 თვიან პერიოდზე. სამწუხროდ, კორონავირუსის გადატანიდან 4-5 თვის შემდეგ, ინფიცირებისგან თავის დასაცავად, იმუნიტეტი აღარ არის საკმარისი. ასეა ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტის შემთხვევაშიც - ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია. თუ ჩვენ გადავხედავთ, როდის იყო საქართველოში ყველაზე მეტი ინფიცირებული. ეს არის იანვარი, თებერვალი, მარტი - მეექვსე ტალღა ქვეყანაში და ამ პერიოდიდან უკვე გასულია 5 თვეზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხსენებულ პერიოდში გადაიტანა „ომიკრონის“ მუტაცია, რეინფიცირებისგან აღარ არის დაცული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის მუტაციებს შორის, სწორედ B.A 5 ვარიანტს აქვს რეინფიცირების ყველაზე მეტი უნარი. ამრიგად, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების მატება არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოს და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. 5-6 ჯერ მომატებულია შემთხვევათა რაოდენობა იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საქართველოში ჯერჯერობით, მკვეთრი მატება არ არის, მაგრამ თუ შევადარებთ ორი კვირის წინანდელ მონაცემებს, აქ უკვე ჩანს, რომ მატების ტენდენცია მნიშვნელოვანია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევები ყოველკვირეულად მატულობს. ET: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რა ეპიდსურათს მივიღებთ? ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია. ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს. ET: ამისთვის მოსამზადებლად რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? პირველი - აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი. ET: სხვა შეზღუდებს გამორიცხავთ? ვფიქრობ, მკვეთრი შეზღუდვების შემოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს. ამის პროგნოზირება შეიძლება უფრო მომდევნო კვირების მონაცემების საფუძველზე. თუ შეჩერდება შემთხვევების გაორმაგება, მაშინ რა თქმა უნდა, შანსი არის იმისა, რომ მკვეთრი მატება არ გვექნება ივლისსა და აგვისტოში, როდესაც საკურორტო სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინფორმაციისთვის, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის, 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით. დეკემბერში, როდესაც დღე-ღამეში 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათში ტარდებოდა მაგალითად, 42 ათასზე მეტი კვლევა. 5 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 44.9%, როცა სპეციალისტები ამ პერიოდისთვის 70%-ის ვაქცინაციას ვარაუდობდნენ. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 255 928. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.