ანალიტიკა

რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 20 წლის პიკური მაჩვენებელია. თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია. მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან. რა გავლენა ექნება თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ბაზარზე? ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა. მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ. „მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა. გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს. „თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა; ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა; ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი; კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა; შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა; მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა; შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა. დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.  საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და  კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.  ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.  

რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებს. შესაძლოა ,წლიურ ჭრილში, ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ეროვნულმა ბანკმა და უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმაც გადახედონ. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა. ET: საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში ეკონომიკური ზრდა 11,6% იყო. ეკონომიკის ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11,2%-ია, ინფლაცია წლიურ ჭრილში 12,8%, ლარი, აპრილის შემდეგ განუხრელად მყარდება. რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში? ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი, მაგრამ ამასთან ერთად ინფლაციაც ძალიან მაღალია. რაც ფასების ზრდას იწვევს და მოსახლეობისთვის დამატებითი წნეხია. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები გვაქვს და საზოგადოებას ამ პროცესების აღქმა უჭირს. ET: რა იწვევს ამ ურთიერთგამომრიცხავ პროცესს? იზრდება ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული. საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე დარგზეა ჩამოკიდებული და ამ დარგების წარმატებაზეა აწყობილი. ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტა ადამიანისთვის ნიშნავს ქვეყანაში რეალურ პროგრესს. რაც ხელფასის ზრდასა და ბიზნესის წარმატებაში შეიძლება აისახოს. მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიკური ზრდის დადებით შედეგებს ვერ გრძნობს, რადგან მაღალი ინფლაცია ფასებზე ახდენს გავლენას. გვაქვს ძალიან ბევრი სირთულე, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკას უკავშირდება. ET: რამ გამოიწვია რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა? ერთ-ერთი ვერსია, რომ ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების რაოდენობაა გაზრდილი, ბიუჯეტის საგადასახადო საშემოსავლო ნაწილში მაჩვენებლები გაზრდილია. რა გავლენა აქვს ამ კომპონენტს ეკონომიკურ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკის ზრდაში თავისი წილი აქვთ უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს. რა თქმა უნდა მათ გარკვეული ბიზნეს-ოპერაციები დაიწყეს საქართველოში. შესაბამისად დაიქირავეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კადრები. იხდიან გადასახედებს ბიუჯეტში. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა უძრავი ქონებისა და გაქირავების ბაზარზე. გაიზარდა უძრავი ქონებისა და გაქირავების ფასები და რა თქმა უნდა, ეს ერთიანი ჯაჭვის ნაწილია. მაგრამ ჩვენ, რომ ავიღოთ, მხოლოდ ამ 100 ათასი ადამიანის ეფექტი, ამ ეკონომიკურ ზრდაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დომინანტური. ვფიქრობ, 11,2%-იან ეკონომიკურ ზრდაში, მაისში ამ ადამიანების მონაწილეობა 1-2%-ია. ET: რა არის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი დომინანტი და რატომ ვერ ვახერხებთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას? ვფიქრობ, ტურიზმია დომინანტი. 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი რამდენჯერმეა გაზრდილი. არის ტურისტების დიდი ნაკადი რამდენიმე ქვეყნიდან. გაზრდილია უცხოური ინვესტიციები და აქ არავითარი როლი არ უთამაშია უკრაინას, რუსეთს და ბელორუსს. თუმცა გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან და $300 მილიონს გადააჭარბა. ესეც თავის წილს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ET: საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წელის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ისევ ფეროშენადნობების, სპილენძისა და ოქროს ექსპორტის ხარჯზე. რატომ არ იცვლება საექსპორტო კალათა? ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება ბოლო ერთი წელია. მაგრამ აქ ნაკლებად ხდება საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, უფრო მეტი გამოშვებისა და ექსპორტირების ხარჯზე. დინამიკა ძირითადად უკავშირდება წიაღისეულისა და ფერადი მეტალების ექსპორტს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად მუშაობს, არამედ ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთხოვნა უფრო მეტია იმ წიაღისეულზე, რომელსაც მოვიპოვებთ. ეს არის უფრო გარედან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება და არა ჩვენი ეკონომიკის ხარისხობრივად გაუმჯობესების შედეგი. იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, ჩვენ გვჭირდება, რომ ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სპილენძი, ოქრო და მსგავსი მადანი გაგვაქვს, უფრო მეტი მოცულობით, აქედან მიღებული შემოსავლები საზოგადოების დიდ ნაწილზე არ აისახება. სარგებელს ქვეყანაში, მხოლოდ ბიზნესის მცირე ჯგუფი იღებს. ესაა ჩვენი პრობლემა. რადგან ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული, ორნიშნა ზრდა დადებითად აისახება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ჯგუფზე. ამიტომ, მოსახლეობის კითხვები ადეკვატურია, რომ თუ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე?

ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა  თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება?  ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე

GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.

რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი

ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარი Bloomberg-ზე ვაჭრობისას დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9105 იყო. რატომ მყარდება ლარი რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში 2022 წლის აპრილიდან ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით, 3-ის ნიშნულს 4 ივნისს ჩამოცდა. ერთი თვის შედეგ კი, უკან მოიტოვა  2.90 -იანი ზღვარი. 5 ივლისს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.8762 ლარი შეადგინა, 6 ივლისს კი  2.8710 ლარი. Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ET: რა ფაქტორები განსაზღვრავს დღეს აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარების ტრენდს? ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 1აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე დღის წინ მეორად ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.85 ლარსაც გაუტოლდა. დღეს ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა, თუმცა სამომავლოდ ლარი პოზიციებს დაიბრუნებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ივნისში ემიგრანტებმა $500-ზე მეტი გადმორიცხეს, რაც 1,5 მილიარდი ლარია. ეს ის თანხაა რაც დაფიქსირდა საბანკო სისტემაში. Ჩათვალეთ, რომ კიდევ უცხოური ვალუტის 70% ხელზე შემოდის და საბანკო არხებში არ ფიქსირდება. მთელი ეს თანხა მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია. ასევე ეხმარება ეკონომიკას მოთხოვნის გენერირებაში. ET: ლარის დადებით ტრენდზე კონომიკური ზრდა რამდენად ახდენს გავლენას? მაისში ეკონომიკურმა ზრდამ –11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მთავრობა ზეიმობს და ლარის აღმავალ ტრენდში, ეკონომიკური ზრდის გავლენას ხედავს, თუმცა ეს, ივნისში გადმორიცხული ფულადი გზავნილების გავლენაა. ჩამორიცხული თანხა მოსახლეობაში ინტენსიურად ნაწილდება. მიემართება სავაჭრო სექტორში, უძრავ ქონებაში, დაქირავებისა და გაქირავების სექტორებში და ამოძრავებს ეკონომიკას. ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ET: ხელისუფლებამ, დღეს ტურიზმის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. ახდებს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ლარის დადებით ტრენდზე? ომია რეგიონში. საქართველოში რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ და აქ ფულს ხარჯავენ. Რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი 2019 წლის პარამეტრებს 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ET: როგორია თქვენი პროგნოზი? სად არის ლარის წონასწორობის წერტილი და როდემდე შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის აღმავალი ტრენდი? მიმდინარე ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარის გამყარების ტერნდი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმუმს ამ ორ თვეში მიაღწევს. ეს არის 2.8 და 2,85. ნიშნული.  შემდეგ კი ეროვნული ბანკი ისევ განახორციელებს ინტერვენციებს. რესურსის შესავსებად აშშ დოლარის შესყიდვას დაიწყებს და ამით გამყარების მეორე ტალღა გადაივლის და ლარი 3-ის ნიშნულს დაუბრუნდება. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც ლარი 2,90-ის ნიშნულს ჩამოცდა.

ირაკლი მაკალათია: სიღარიბე მცირდება მხოლოდ ციფრებში. მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო სიღარიბე შემცირდა. 2022 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,2% შეადგინა. „საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. მოახდენს თუ არა დადებითი გავლენას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა 2022 წელს უმშევრობასა და სიღარიბეზე.  საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.1 ლარით გაიზარდა და 245 ლარი გახდა უმუშევრობა და სიღარიბე ციფრებში საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს. აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2012-დან 2021 წლის ჩათვლით საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 5,1%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობა 12,5%-ით.  საქსტატის მონაცემებითვე - 2021 წელს სამუშაო ძალას 1 533.6 ათასი ადამიანი შეადგენდა, აქედან უმუშევარი იყო 316.2 ათასი ადამიანი. 829.4 დაქირავეებული იყო, ხოლო 387.1 თვითდასაქმებული. ამასთან, უმუშევრობის შემცირების დედებითი ტრენდი 2021 წელს შეჩერდა და ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2,1% შეადგინა.   ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი Რატომ მცირდება სიღარიბე მაშინ, როცა უმუშევრობა იზრდება? რა გავლენა ექნება 2022 წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ამ მაჩვენებლებზე? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას ესაუბრა.  ET: საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბე 21,3%-დან 17,5%-მდე შემცირდა. როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია 4,2% კლება? Რას ნიშნავს ეს რიცხვებს მიღმა?  აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი რასთან მიმართებით ითლება. სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი ფულადი ფორმით არაა განსაზღვრული. აბსოლუტური სიღარიბე 17,5%-ია მაგრამ მოსახლეობის ამ რაოდენობას რამდენ ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ეს არაა ნახსენები. 2004 წლამდე, სიღარიბის ზღვრად ითვლებოდა საარსებო მინიმუმი. ანუ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით იყვნენ ადამიანები, რომელთაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში არაა განსაზღვრული ამ 17,5% რა ფულადი შემოსავალი აქვს. ამიტომ ეს არის ზოგადი მაჩვენებელი და კონკრეტულ შედეგზე ვერაფერს ვერ იტყვი. შეიძლება ითქვას, რომ სიღარიბის შემცირება ტრენდია ციფრებში, მაგრამ ზუსტად რა მცირდება ამის თქმა ძნელია. ET: როგორ ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა სიღარიბე მცირდება და უმუშევრობა იზრდება? სოციალური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ერთია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ უმუშევრობასთან ერთად გაიზაედა ინფლაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. უკვე ერთწლიან დინამიკაში ინფლაცია ორნიშნაა. ეს ნიშანავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. აქ საინტერესოა, სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები, რაც გაეროს მიერაა შედგენილი. სიღარიბის დონე $5,5 მიმართებით. ანუ მოსახლეობის რა პროცენტს აქვს $5,5 -ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 2020 წლის მაჩვენებელი ცნობილია. 2021-ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წლის მონაცემები, მოსახლეობის 46,6% დღეში $5,5 შემოსავალი აქვს. ეს რომ ლარში გადავიტანოთ, დაახლოებით გამოდის, რომ მოსახლეობის 46,6%-ს ყოველთვიურად ჰქონდა დაახლოებით 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ეს საკმაოდ დაბალი Მმაჩვენებელია, საშუალო ხელფასის დონეს თუ შევადარებთ. გაზრდილია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც აისახება რეალური შემოსავლების დაბალ დონესთან. ეს მიუთითებს იმაზე რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სახარბიელო არ არის. ET: 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. რატომ არ მცირდება სიღარიბე და უმუშევრობის დონე? წინა პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ 2020 წელს კლება იყო ორნიშნა, ამიტომ მივიღეთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. Თანაც, ეკონომიკური ზრდა ეგრევე არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. Ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში, რომ მოსახლეობამ Რრეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და როდესაც მცირე გარდასახვები ხდება და ახალი პროდუქტები ემატება, ეს იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიცხვებია და ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით.  ET: როგორ გავმდიდრდეთ? რაშია ჩვენი პოტენციალი?  ეკონომიკური ზრდა ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის იქმნება. მაგრამ სწორება უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა პოტენციალი გვაქვს და რამდენად ავითვისეთ. ათვისებული პოტენციალი კი დაბალია. მთლიანი ეკონომიკური აქტივები, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ურბანული მიწები შენობებით, წყლისა და ტყის რესურსი, სახელმწიფო საწარმოები ..., დაახლოებით 70-80% დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. Რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები გაჩერებულია, სახელმწფოს ხელშია და ეკონომიკაში არაა ჩართული... არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არ ასაქმებს ადამიანებს. რეალურად თუ გვინდა მართლა დასავლური ეკონომიკის ქვეყანა გავხდეთ და იმ ტენდენციებს გავყვეთ, ეს აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება ეკონომიკაში, ახალი პროდუქტები შეიქმნება, ბიზნესი დაიწყება და ცხადია ეს დასაქმების დონეზეც დადებითად აისახება. ესაა ერთად-ერთი გამოსავალი რომ ეკონომიკა განვითარდეს. სხვა სამთავრობო პროგრამები ფურცელზეა დაწერილი და რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს. ET: ვინ სარგებლობს დღეს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული დივიდენდებით?  ისინი ვინც ბაზარზე არიან და ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. ცხადია ახალი დამატებული ღირებულებებიც ემატება, იქმნება ახალი კომპანიები, მაგრამ ძირითადად ვინც უკვე ფუნქციონირებს ისინი ზრდიან ეკონომიკას, ახალ პროდუქციას ქმნიან, ახალ მომსახურებას. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება, იმისთვის რომ მოსახლეობამ ეს საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.    P.S. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე  2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.  ამავე თემაზე: ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება

ექსკლუზივი Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო კომპანია 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით აკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. რა არის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-მ ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ET: რას ნიშნავს მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რით განსხვავდება სხვა სავაჭრო დერეფნებისგან? აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაცია მარშრუტზე - ჩინეთი-თურქეთი-ევროპა და პირიქით  (ყირგიზეთის; უზბეკეთის; თურქმენეთის; აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით)  საკონტეინერო ბლოკმატარებლების ოპერირებაზე შეთანხმდნენ. მათ საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პირობები შეიმუშავეს და  ერთიანი გამჭოლი ტარიფები დააწესეს.  ეს არის მულტიმოდალური გადაზიდვები, რადგან მარშრუტი საავტომობილო (ჩინეთიდან ყირგიზეთის სარკინიგზო სადგურამდე) და საზღვაო (კასპიის ზღვა) გადაზიდვებს მოიცავს. ET: რა როლი აქვს ამ პროექტში საქართველოს? აღნიშნული მარშრუტზე,  პროექტის შექმნის დღიდან საქართველოს რკინიგზას აქვს გადაზიდვების მზარდი ტენდენცია. საქართველოს რკინიგზა არის მარშრუტის შემადგენელი მხარე და მისი როლია დაიცვას ერთობლივი პირობები/შეთანხმებები და გადაზიდვები შეუფერხებლად აწარმოოს. მეტიც, პროექტის შექმნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია სწორედ „საქართველოს რკინიგზის“ ინიცირებით ქალაქ თბილისში გაფორმდა. ET: რა უნდა გააკეთოს უშუალოდ „საქართველოს რკინიგზამ“  სამომავლოდ,[რეფორმები, ან ცვლილებები] რომ ეს პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს? პროექტი წარმატებით მიმდინარეობს მისი დაარსების დღიდან. აღნიშნული მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის. მონაწილე მხარეების სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან, იმართება სამუშაო შეხვედრები. მხარეები არსებული მოცულობებისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, გადაზიდვის პირობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ. ET: როგორია მოლოდინი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაზიდვების სეგმენტის ტრაექტორია შეიცვალა. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტიდან რა სარგებელს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ და შესაბამისად სახელმწიფო? საქართველოს რკინიგზის ვარაუდით, ამ მარშრუტზე წლიურად 15 000 ტეუ (პირობითი კონტეინერი) გადაიზიდება, რაც კომპანიისთვის დაახლოებით 4,5 მლნ ლარის შემოსავალია. ამას გარდა, დამატებით შემოსავალს შავი ზღვის პორტებიც მიიღებენ. P.S ივნისიდან მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. ყირგიზეთის ეროვნული კომპანია „ყირგიზ თემირ ჟოლუს“ დირექტორის მოადგილის დასტან უსუბაკუნოვის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს შერეული ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით: „პროექტის თანახმად, ტვირთის უმეტესი ნაწილის მიწოდება საკონტეინერო მატარებლებით, სარკინიგზო გზით იგეგმება“, - აღნიშნა უსუბაკუნოვმა.  საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე

ექსკლუზივი NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან. მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან? რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი. რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს. ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად? უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე. ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე? მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას. ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას? ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში. როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.

რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები

მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები:  რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში:   2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი  - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი  -  მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.

რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე

ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები)  ხორბალი 15%;  სიმინდი 68%;  კარტოფილი 92%;  ბოსტნეული 63%;  ყურძენი 145%;  ხორცი 49%;  რძე და რძის პროდუქტები 81%;  კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა.   ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?   ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს.   ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?   რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს.   ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს?   დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს.   ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები.   ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს.   ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას?   ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.

ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას

Europetime-მა ევროპარლამენტარ მიჰაილ გალართან (EPP, გერმანია) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელმა პოლიტიკოსმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ კონტექსტში 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების როლი შეაფასა. რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მიჰაილ გალარმა ამის საპასუხოდ რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის პერსპექტივასა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის „საქართველოს ამბიციურ მიზნებზე“. _ ბატონო მიჰაილ, რა როლი აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში? ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი ჩარჩო საქართველოსთან - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ინტეგრაციის, თანამშრომლობისა და რეფორმის უზარმაზარ სპექტრს უზრუნველყოფს, ხოლო რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამ სამეზობლოს სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმების რეალურ პროცესს. მე ვფიქრობ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მისი განვითარების გზაზე უნდა იყოს წარმატებული და ვშიშობ, ბოლო თვეები ძალიან არ დაგეხმარათ თქვენი საქმეების წარმოჩენაში. ამიტომაც მივმართავთ ქართველ პარტნიორებს, შეაფასონ სიტუაცია და იპოვონ წინსვლის გზები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვცდილობთ, განვმუხტოთ დაძაბულობა და ვიპოვოთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის გზები საქართველოში საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგმება. ჩვენ განვახორციელეთ უზარმაზარი ძალისხმევა და ამის დასტურია ევროპული საბჭოს არაერთი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ასევე კონსტრუქციულნი ვართ ჩვენს მიდგომებში. _როგორ შეაფასებთ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ამბიციურ მიზნებს? მათ აქვთ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ამას მივესალმებით, განცხადების გაკეთება ან ამბიციური მიზანი პარტნიორებთან ერთად, ასევე კარგია, მაგრამ ამას არ ახლავს პოზიტიური განვითარებები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დავასახელებდი სასამართლო სისტემას, როგორც ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. _თქვენ ახსენეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? პერსპექტივა ჯერჯერობით არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ამას ეს სამი ქვეყანა ისურვებდა. ჩვენ გვაქვს 41-ე მუხლი, ყველა ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს მათთვის, ვინც წევრობისკენ ისწრაფვის და უბრალოდ მუშობს ამ უზარმაზარ და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. და, თუ ქვეყანა დაინტერესებულია და ნამდვილად მიაღწევს განვითარების ისეთ დონეს, რომ ჩვენ გვექნება რაღაც სათქმელი - „ხედავთ, როგორი წინსწვლა აჩვენეს, როგორ განვითარდნენ“, ასეთ შემთხვევაში ჩვენგან არ იქნებოდა გამართლებული, ასეთი მიმზიდველი ქვეყნები ჩვენთან არ გვყოლოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ მხარს გიჭერთ, თუმცა უკანასკნელი თვეების და გასული წლის მოვლენები, დაპირისპირება არ წაადგა სასარგებლოდ თქვენს საქმეს. ამიტომაც ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაითვალისწინონ ეს. ჩვენ ვართ მეგობრული პარტნიორები, სხვები არ არიან მეგობრულები და ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია - უილიამ კორტნი

ექსკლუზივი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, თუმცა ამ ეტაპზე, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს“. „დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკა მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის აღქმა განსხვავებულია და ეს უნდა გავიაზროთ - გიორგი გობრონიძე

ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა განსხვავებულია   ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ მიმართ სოლიდარობა უფრო მეტია და ეს კაპიტალი უნდა გამოვიყენოთ   Europetime-თან ინტერვიუში, საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე განიხილავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა. რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმ დროს, როდესაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის საკითხს შავი ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში განიხილავს? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამოვიდა და არა გეოგრაფიული. სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა ერთმანეთისგან. „გეოპოლიტიკა გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც ტარდება გარკვეულ გეოგრაფიულ არენაზე, როდესაც შეგიძლია თქვა - აქ არის სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა, იქ - სხვა. რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიული რეფორმები, როგორც კრიტერიუმი საქართველოსთვის, დღის წესრიგშია. გავიხსენოთ, ჯერ იყო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ამის შემდეგ, ევროკომისიის დასკვნაში ამ რეზოლუციის რეფლექსიას ვხედავთ და პრაქტიკულად, ეს რეზოლუცია ევროკომისიის დოკუმენტში აირეკლა. ამ ყველაფერს, საფრანგეთის დასაბუთებაში დაემატა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რა თქმა უნდა, მიზეზების ძებნაც იქნება, მოდით, ასე შევხედოთ - იგივე საფრანგეთი თუ გერმანია, სამხრეთ კავკასიის არეალს მათი ბუნებრივი ინტერესების კონტექსტში არ განიხილავს. შესაბამისად,  რა არის აქ  მთავარი გამოწვევა - უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენ მიმართ ევროპისეული აღქმა და მეორე, როგორია, ევროპისეული აღქმის მიღმა ის პრობლემები, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, რადგან ჩვენ სამწუხაროდ, გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე იგივე მოლდოვას, რომ გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. თუნდაც, გავითვალისწინოთ მოცემულობა, რომ პრაქტიკულად, დღის წესრიგიდან არ გამქრალა რუმინეთთან მოლდოვის ინტეგრაციის საკითხი და შესაბამისად, ჩვენ, თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობაში ვართ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მოცემულობას მოერგება, რომელშიც ახლა ვართ“, - მიიჩნევს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის აზრით, უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა მცირედით განსხვავებულია. „ისინი ჩვენ არც განგვიხილავენ „როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ევროპად“ და მეორე - საუბარი იყო მაკრონის მხრიდან, არა გეოგრაფიულ მოცემულობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირში, არამედ, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც იმავდროულად, ერთობლივ ჭრილში სომხეთთან და აზერბაიჯანთან განიხილება. გარკვეულწილად,  საუბარია, რომ დიახ, არის სამი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ვექტორები, შესაბამისად, ეს ქმნის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მაგალითად, დღეს არ არიან უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა არის პირდაპირი რუსული აგრესიის მსხვერპლი და მოლდოვის მიმართ რისკებს ევროკავშირი უფრო  მეტად აფასებს, ვიდრე - საქართველოსთან დაკავშირებულს. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ქვეყნები არიან უსაფრთხოების ერთი დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ ვართ მეტწილად, განსხვავებული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული დათმობებია ევროკომისიის რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ჩვენ შემოგვთავაზეს განსხვავებული პირობები - ვიდრე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა დავაკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ - ჩამოგვითვალეს, რა პრობლემებიც გვაქვს. უკრაინას აპატიებენ მის პრობლემას, რადგან იქ 200 000 რუსი სამხედროა შეჭრილი, შეიძლება, ინსტიტუციურად წინ ვიყოთ უკრაინაზე, მაგრამ უკრაინა დღეს ომის მსხვერპლია და არ შეიძლება, დღეს მათ შევედაროთ. უკრინას ევროკავშირი სხვა დონეზე უჭერს მხარს, უკრაინა არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო. ევროპა არ არის ჩვენ მიმართ იმდაგვარად მგრძნობიარე, როგორც უკრაინის და მოლდოვის მიმართ, რადგან ერთი სივრცეა, ერთი რეგიონი, მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენ ვართ რეგიონულად დაშორებული და წარმოვადგენთ სხვა მოცემულობას. ჩვენ არ ვართ ფრონტისპირა რეგიონი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიამ დღის წესრიგიდან გარკვეულწიდან მოხსნა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ და დღეს, ყოველდღიურ რეჟიმში აპარტეიდის რეჟიმში მუშაობენ ქართველები ოკუპირებულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იცვლება აღქმები“, - თვლის გიორგი გობრონიძე. აისახება თუ არა საფრანგეთისეული ხედვა მთლიანად ევროპაზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ, კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე კი, ეს აღქმა გავრცელდება. „მთლიანად ევროპაზე არა, თუმცა კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე აისახება ეს აღქმა. ასეთია აღქმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში  - კიდევ შეიძლება, ნეიტრალურია. პორტუგალიაში  - კიდევ უფრო ნეიტრალური. აღმოსავლეთ რეგიონში, როგორიცაა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს გამომდინარე იქედან, რომ მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსულ აგრესია, რუსული საფრთხეები და სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ და ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განუცხადა Europetime-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარმა.  ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე 16 ივნისი. ემანუელ მაკრონის შეფასება „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ევროკავშირს არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან ჰქონია ისეთი მძაფრი კომუნიკაცია, როგორც - საქართველოს მთავრობასთან. ექსპერტის შეფასებით კი, მთავარი, რითაც იხელმძღვანელა კომისიამ პოლიტიკური კრიტერიუმია - კერძოდ, ჩამორჩენა დემოკრატიული განვითარების გზაზე. Europetime-თან საუბარში კახა გოგოლაშვილი ფუნდამენტურ საკითხზე მიუთითებს, რის გამოც ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ვერ გასცემდა. „ისინი კმაყოფილები იყვნენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობით, მათ მიერ მიღწეული პროგრესით, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემდნენ საქართველოს და ეს არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მისი დაძლევა შესთავაზა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანას, მაგრამ დოკუმენტი გააუქმა მმართველმა ძალამ, თუმცა ოპოზიციამაც (ყოველ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“), ითამაშა ნეგატიური როლი, როდესაც ხელს არ აწერდა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებს და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ, რადგან ყოველთვის არის დესტაბილიზაციისა და რეგრესის საშიშროება. ასევე - დემოკრატიის გაუარესების. შეიძლება - სამოქალაქო ომისაც. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი არ შეინიშნებოდა“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება პირობების შესრულების საკითხს, რა შეიძლება იქცეს გამოწვევად ქვეყნისთვის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება იქცა უკვე გამოწვევად: რომ პარლამენტში უმდა მომხდარიყო ძალაუფლების გაყოფა; სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარებულიყო; საუბარი იყო იმაზე, რომ არ დაენიშნათ მოსამართლეები, ვიდრე კანონს არ შეცვლიდნენ, თუმცა მთავრობამ ეს შეთანხმება „დახია“ და უზენაესშიც დანიშნა მოსამართლეები“. „სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შესაძლო, დასჭირდეთ ქმედითი ღონისძიების გატარება. იმისთვის, რომ მედიასივრცეში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რადიკალური ჯგუფების ალაგმვა უნდა მოხდეს“. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად დასკვნის სახით, საბოლოო ჯამში, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა ევროკომისიის მხრიდან, რადგან არც მოლდოვას და არ უკრაინას ჰქონიათ ასეთი მძაფრი და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან. „ნდობა ვეღარ დაიმსახურა საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისი აქვს. ვიცით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ევროკავშირი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და არ ედავება მას; ატარებს რეფორმებს, რომლებსაც ისინი თვლიან სწორად. ამაში ჩვენ ჩამოვრჩებოდით მოლდოვასაც და უკრაინასაც. მათი დიპლომატია უფრო ეფექტიანი და ბევრად უფრო დადებითი მუხტის შემცველი“. „ჩვენ რაც მოგვცეს, ისიც ბევრია. ევროპული პერსპექტივის მიღებაზე ვომობდით ბოლო წლებში და არ გვაძლევდნენ და ახლა გაგვიხსნეს პერსპექტივა ასე მარტივად. მოგვცეს საშუალება, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი უკვე პირობების შესრულების გზით. ამაზე საერთოდ არ იყო ადრე საუბარი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და მოსალოცად გვაქვს საქმე, თუმცა უკმაყოფილო უნდა ვიყოთ ჩვენი მთავრობის მუშაობით, რომ ასეთი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენეს“, - თვლის ექსპერტი.  აქვე, კახა გოგოლაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, შეიცვლება თუ არა რიტორიკა მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. „რიტორიკა იყო ამპარტავნული და შეურიგებელი, კრიტიკის მიმართ და მგონია, რომ ვინმემ უნდა აუხსნას მათ, რომ მთავარია, კრიტიკაზე არ იყოს მწვავე რეაგირება, არამედ, იყოს დაფიქრება და შეიძლება, იყოს დიალოგი და არა ტრიბუნიდან მოსახლეობის გასაგონად საუბარი - რა სულელები არიან ევროპარლამენტარები, თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ჩვენ იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.   ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა ჩადებულია იმ რეკომენდაციებში, რომლითაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მკაფიო დასტურია, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. ასევე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი მმართველობა.

შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს „დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.   ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.   

რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

შავ ზღვაში გველების კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უკრაინული მედია ამახვილებს ყურადღებას. უკრაინული მედია მესაზღვრეების განსაკუთრებულ სიმამაცეზე წერს.   კერძოდ, სამხედროების ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მესაზღვრეები მტკიცედ იბრძოდნენ შავ ზღვაში სტრატეგიული კუნძულის დასაცავად, როდესაც რუსული ძალების შეჭრის შედეგად კომბინირებული სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა მიიღეს.    გველების კუნძული რუსეთის საზღვაო ძალებმა აიღეს და სულ მცირე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა მისი დაცვის დროს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ. კუნძულთან სულ რაღაც 44 კილომეტრში, NATO-ს წევრი რუმინეთის სანაპირო ქალაქი სულინა მდებარეობს. სულინა - საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ტულჩის ჟუდეცში. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, დუნაის დელტაში, სულინის ტოტზე. მედია წერს, რომ რუსეთს კუნძულის დაკავების შემთხვევაში საშუალება მიეცემა, განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები და სხვა სამხედრო დანადგარები მდინარე დუნაის დელტაში, NATO-ს 30 წევრიან, თავდაცვის ალიანსთან უფრო ახლოს. როგორც ცნობილია: რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებში, რომელიც მათ დეკემბერში წარმოადგინეს  შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ალიანსმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა უკრაინასთან და გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.   ბოლო ინფორმაციით: უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დანისენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულ ზმეინს უკრაინელები აკონტროლებენ. 25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვა რუსული მხარის განცხადებაში არ იყო ნახსენები.   24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსიც, იმის საფუძველზე, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი. უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას აქვს განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას. ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტიანად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა ხდება მოსამართლეების შერჩევა, საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, დარჩა უმცირესობებზე კანონის მიღება. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს ვესაუბრე, როდესაც კიევში, ათი დღის წინ ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია. უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეფასების პროცესი იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. „მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში, მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის რეფორმების ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად. მოლდოვას ასევე, ძალიან გრძელი გზა აქვს, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ. „მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შემდეგი ეტაპი: ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის ამ შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს

ექსკლუზივი NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა. უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას? NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად? როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს. ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.

შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე ვითარება შეიცვალა. ორი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების სეგმენტში მსხვილი მოთამაშე იყო, ომის გამო კრიზისშია. რუსეთი და უკრაინა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს სურსათის უსაფრთხოებაზე ამ და სხვა საკითხებზე Europetime USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიას ესაუბრა. ET: როგორ შეაფასებთ დღეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას? სად არის ყველაზე სუსტი რგოლი? სურსათის უსაფრთხოებაზე ოთხი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს - ესაა სურსათის არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. სურსათის არსებობა - ნიშნავს, რომ წარმოება არის ქვეყანაში, ან არის მარაგები, ან არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტის საშუალება. სურსათზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს - ფინანსურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობას. სურსათის მოხმარებაში იგულისხმება ის, რომ პროდუქტი პირველ რიგში უნდა იყოს უვნებელი, ასევე უნდა იყოს ხარისხიანი და რაც მნიშვნელოვანია სწორად დაბალანსებული საკვები ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მეოთხეა ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. ET: ამ ოთხი ძირითადი ფაქტორიდან, რომელიც დღეს ყველაზე პრობლემური? უკრაინაში შექმნილი ვითარების შედეგად, ყველა ამ ფაქტორს შეექმნა პრობლემა. შავი ზღვის აკვატორიაში პორტების ბლოკადამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. უკრაინის პორტებში - ოდესაში, ნიკოლაევში, ბერდიანსკსა და მარიუპოლში, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშაა, მნიშვნელოვანი მოცულობის მარცვლეულია დაბლოკილი. საუბარია ხორბალსა და სიმინდზე, რომლის მოცულობაც დაახლოებით 40 ათასი ტონაა. შესაბამისად ეს ქმნის კრიზისს და პოტენციურ პრობლემებს სურსათის უსაფრთხოების კუთხით. ამას ემატება კიდევ ის მომენტი, რომ რუსეთისა და უკრაინის გარდა ბელორუსი სათესლე მარცვლეულის და მინერალური სასუქების მსხვილი ექსპორტიორია. რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში სანქციების გამო ამ პროდუქტებზე ემბარგო ვრცელდება. პრობლემა ექმნებათ აფრიკულ ქვეყნებს, რადგან დამოკიდებულნი არიან ამ სამი ქვეყნიდან არა მხოლოდ სასურსათო მარცვლეულის იმპორტზე, არამედ, მათ შეექმნათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტი. ამ ქვეყნებში წარმოების შემცირება, ავტომატურად ნიშნავს მოთხოვნის ზრდას მარცვლეულზე, რადგანაც იძულებული გახდებიან, რომ დეფიციტი იმპორტით ჩაანაცვლონ. ET: ჩვენზე რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღიად თქვა, რომ ხორბლის მარაგი შემცირდა, თუმცა ფქვილის იმპორტის პრობლემა არ არსებობს. დაახლოებით ორი წელია, [2020-2021 წლის სექტემბერ] რუსეთმა შემოიღო ხორბლის იმპორტზე მცოცავი ბაჟი. ამით ირიბი გზით გადამამუშავებელი ინდუსტრიის წახალისებასა და ხელშეწყობას ახდენენ. ანუ საექსპორტო ბაჟი არსებობს ხორბალზე, მაგრამ არ არსებობს ფქვილზე. შესაბამისად ამ ბაჟის გადახდის შემთხვევაში ბიზნესებისა და კომპანიებისთვის ნაკლებად მიმზიდველია რუსეთიდან ხორბლის იმპორტი და ინტერესი გადადის ფქვილზე. ჩვენ თუ ვნახავთ 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში ხორბლის იმპორტი განახევრებულია, დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ET: ხორბლის იმპორტის შემცირება საქართველოსთვის რა პოტენციურ რისკებს შეიცავს? აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია - პირველი -ჩვენ შემოგვაქვს ფქვილი და ნაკლები რაოდენობით ხორბალი, რაც საფრთხეს უქმნის წისქვილებს, რომლებიც რაღაც მომენტის შემდეგ გაჩერდნენ კიდევაც. რეალურად ვიდრე საკუთარ მოსავალს არ მივიღებთ, მათ არ ექნებათ ბევრი საქმე. რისკებზე საუბრისას, მეორე ფაქტორია ის, რომ ფქვილის შენახვის ვადა გაცილებით მცირეა. ხორბლის შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით რამდენიმე ათწლეულია შესაძლებელი, ფქვილის შენახვის ვადა 6-8 თვეა. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ET: ეკონომიკურ რისკებს გულისხმობთ თუ პოლიტიკურს? ეკონომიკური მოტივებით აქ პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით საფრთხის შემცველია მხოლოდ ერთ, რუსულ ბაზარზე ასე მიბმა. მაგალითად, ქათმის ხორცზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 35%-ია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი იმპორტი მეტად დივერსიფიცირებულია, ვიდრე ხორბლის შემთხვევაში. რაც შეეხება ზეთს, აქაც იმპორტი გადანაწილებულია. მნიშვნელოვანი რაოდენობის ზეთი შემოდიოდა რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა არის აქედან გამოსავალი? სახელმწიფომ დააანონსა, რომ დაიწყება ხორბლის ხელშეწყობის პროგრამა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ეს პროგრამა, იყოს ორიენტირებული არა სახნავ-სათესი ფართობების გაზრდაზე, არამედ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთეს, ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდაზე. რადგან ჩვენთან ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი 2-2,5 ტონაა და 4-4,5 ტონაზე ასვლა სავსებით რეალურია სწორი აგროტექნიკის, სათესლე მასალის, სასუქებისა და ქიმიკატების გამოყენების შემთხვევაში. თუ ხორბალზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 15% -დან 30%-მდე გაიზრდება, ეს მოგვცემს მეტ მოქნილობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორბლის კონტროლი სწორად განხორციელდეს. ET: ეს სამომავლო პერსპექტივაა და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის უფრო სწრაფად გადასაჭრელად? მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, სხვა პოტენციური მომწოდებლების მოძებნა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხორბლის 3 ძირითადი მომწოდებელი გვყავდა - რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. სამწუხაროდ უკრაინისა და ყაზახეთის შემთხვევაში ხორბლის იმპორტი პრობლემურია. ყაზახეთმა კვოტა დააწესა და 2022 წელს 1 მილიონ ტონა ხორბალსა და 300 000 ფქვილზე მეტს არ გაყიდიან. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაცა ქვეყნის ბეღელია და ძირითადად ზამთრის ხორბლის მოყვანა ხდება. შესაბამისად აქაც მაღალია რისკები. ამიტომ საქართველომ შესაძლოა, რუსულ მარცვლეულსა და ფქვილზე დამოკიდებულება სრულად ვერ მოხსნას, მაგრამ იმპორტი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილოს. ET: როგორ შეაფასებთ სურსათის უსაფრთხოების კუთხით ვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში? ერთნაირი ვითარებაა. დამოკიდებულება რუსულ პროდუქტებზე არსებობს ყველგან. თუმცა აზერბაიჯანი ჩვენზე მეტ ხორბალს აწარმოებს და მეტსაც მოიხმარს. ყველაზე მეტი რისკები არის იმ ქვეყნებში რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ, არა მხოლოდ საფურაჟე და სასურსათო ხორბალზე, არამედ ხორბლის წარმოებისთვის აუცილებელ იმპორტზე. მაგალითისთვის გამოდგება ეგვიპტე, რომელიც 80%-ით დამოკიდებული იყო რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე. ET: თქვენი პროგნოზით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რამდენად რეალურია დღეს მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული კრიზისის დაძლევა? გარდა იმისა, რომ ხორბლის დიდი მარაგები დღეს გაჩერებულია, ასევე პრობლემას მოლოდინები ქმნის. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და მარცვლეულის მოსავლის თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ასევე ვიცით, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ხორბლის ექსპორტი მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდეს. მათ შორის ინდოეთმა , რომელიც მსოფლიო ბაზარზე 7 მილიონი ტონა ხორბლის გამოტანას გეგმავდა. ინდოეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, თუმცა წელს გვალვამ მათი ექსპორტი შეაფერხა, თუმცა იგრძნობა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გავლენაც. შესაბამისად, პოტენციურ რისკებშია ხორბალზე ფასის ზრდა. ET: FAO (სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია) ფასების ზრდას უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც პროგნოზირებდა. რამდენადაა კავშირში სურსათზე და მარცვლეულზე ფასების ზრდა მხოლოდ ომთან? ეს ტენდენცია არაა მხოლოდ ომთან დაკავშირებული. საქართველოში 2022 წლის მაისში გასულ წელთან შედარებით ფასები გაზრდილია 22%-ით. ხორბალზე დეფიციტის გაჩენა კიდევ უფრო იმოქმედებს ფასებზე. ესაა პოტენციური რისკი, თუმცა ამ რისკის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია შიდა წარმოების წახალისებით, თუმცა ეს წელს სამწუხაროდ ვერ მოესწრება. ET: ჩვენ ვისაუბრეთ სურსათის უსაფრთხოებაზე და იმპორტზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპორტი. აქაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და უკრაინა არიან. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით?  ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე ექსპორტის კუთხით. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ბოლო 10-12 წელია ადგილობრივი ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიცირებას ცდილობს, ამის მიუხედავად, მაინც რუსეთია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 26% აგროიმპორტისა და 34% აგროექსპორტისა ამ ბაზარზე მოდის. რუსეთში საქართველოდან ძირითადად გადის ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი და ტკბილი გაზიანი წყლები - ლიმონათი. ამ პოზიციაზე გვაქვს შემცირება ექსპორტში. ალკოჰოლიან სასმელებზე კლება 40%-ია, დანარჩენზე 12%-ი. რაც შეეხება უკრაინას, აქაც მნიშვნელოვანი შემცირებაა. რთული სათქმელია ეს ვითარება როგორ აისახება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე, რადგან აქაც ჩვენი პარტნიორები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. სამწუხაროდ, შემცირებული ექსპორტი ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და შესაბამისად მათთვის სურსათზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუარესდება.