ახალი ამბები

ლუის ნავარო: საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა

ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებულ ნდობას და თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, რაც იქნება უკეთესი პლატფორმა, საარჩევნო რეფორმასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მთავრობასთან დისკუსიისთვის. „ამავდროულად, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ყველა ბრალდება გამჭვირვალედ გამოიძიოს და აჩვენოს მაქსიმალური თავშეკავება, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა“, - განაცხადა ლუის ნავარომ. სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქცია 22:00-05:00 საათამდე – "სირცხვილია" სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს

მოძრაობა სირცხვილია სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს და დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციას 22:00-დან 05:00 საათამდე აანონსებს, მაშინ, როცა გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. "Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, “ქართულმა ოცნებამ” 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ. სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს. სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს - კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო - ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ". - წერს მოძრაობა სირცხვილია. სირცხვილიას აქციამდე, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე გამართავს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

თუ საპროტესტო აქცია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება - კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება. "მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება". - აცხადებს კალაძე. დღეს, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ. 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - პრემიერი აქციებზე

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება. „ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცესკოს შენობასთან, 8 ნოემბერს გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გაცდადა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. „დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში“, - განაცხადა საბანაძემ. როგორც საბანაძემ აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი. „აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით - რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა - ფარი. პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი“, - განაცხადა კახა საბანაძემ. მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. „პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, დანიის შემდეგ, კიდევ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა

წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დანიის გარდა, კიდევ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეშფოთებას იწვევს ვირუსის დანიაში დაფიქსირებული მუტაცია – ე.წ. "კერა 5", რომლითაც ჩრდილოეთ იუტლანდიაში უკვე 12 ადამიანი დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც დანიიდან მოვიდა ცნობები მუტირებული კორონავირუსის წაულებიდან ადამიანზე გადაცემის თაობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ 5 ქვეყანაში – ნიდერლანდებში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და აშშ-შია გამოვლენილი. "Cluster 5" - ახალი საფრთხე ამასთან, ჯანმო-ს ინფორმაციით, ხსენებულ ქვეყნებში აღრიცხულ ყველა მსგავს შემთხვევაში, ერთის გარდა, ვირუსი, რომლითაც წაულები დაავადდნენ, SARS-CoV-2-ის სხვა გავრცელებული შტამების მსგავსია და შეშფოთებას მხოლოდ ერთი უნიკალური მუტაცია იწვევს, რომელიც დანიაში გამოვლინდა და "კერა 5" ("Cluster 5") ეწოდა. მუტაციისა და ცვლილებების მასში აღმოჩენილი კომბინაცია დღემდე უცნობი იყო, ამდენად, მისი შესაძლო შედეგები დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ვაქცინაციისთვის ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის. მეცნიერები შიშობენ, რომ “კერა 5”-მა შესაძლოა, მომავალი ვაქცინის ეფექტურობაზე იქონიოს გავლენა. დანიაში ვირუსის ამ ნაირსახეობით 12 ადამიანის ინფიცირების შემთხვევებია აღრიცხული, ყველა ინფიცირებული ჩრდილოეთ იუტლანდიის მკვიდრია, მათგან 8-ს კავშირი ჰქონდა წაულის ფერმებთან. წაულები შესაძლოა, ადამიანისგან ინფიცირდებოდნენ ჯანმო-ს ინფორმაციით, აღრიცხულია ადამიანებსა და ცხოვრელებს შორის კორონავირუსის გადადების, ასევე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისგან წაულების ინფიცირების შემთხვევებიც. ჯერ კიდევ 4 ნოემბერს კოპენჰაგენში ხელისუფლებამ ქვეყნის მეცხოველეობის ფერმებზე ყველა წაულას განადგურების ბრძანება გასცა. ჩრდილოეთ იუტლანდიაში კორონავირუსის ამ სახეობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემოღებლია მკაცრი ზომები, რიგ თემებში მასობრივი თავშეყრის ყველა ადგილი დაიკეტა. 7 ნოემბერს, დილით დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აკრძალა ყველა დანიელისთვის, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში მუდმივად ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია, ასევე დანიის გავლით, ტრანზიტით შემსვლელი უცხოელებისთვის. დანიიდან დაბრუნებულ ბრიტანელებს კი 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი აქვთ დაწესებული. დანია მსოფლიოში წაულას ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში ამ მიმართულებით 1139 ფერმა მუშაობს, რომლებშიც ჯამში დაახლოებით 15-17 მილიონი წაულა ბინადრობს. კოპენჰაგენის ცნობით, 200-ზე მეტ ფერმაში ცხოველები მასობრივად გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ივნისის დასაწყისში კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიდერლანდებშიც, რომლის ფერმებში კორონავირუსის აფეთქებები ასევე გამოვლინდა.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

645 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ახალი კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევიდან 645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 320 თბილისში მკურნალობს, 120 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 393 პაციენტი იმყოფება, 236 – თბილისში, 111 – აჭარაში. COVID 19-ის აქტიური შემთხვევებიდან 2 879 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში, 4 780 ადამიანი – საავადმყოფოში, მათგან თბილისში - 2 356, ხოლო აჭარაში – 759. ბინაზე მკურნალობს 7 454 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2 470 პირი, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. ქვეყანაში ჯამში COVID 19-ის დიაგნოზით 499 პაციენტი გარდაიცვალა. 9 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 60 680 პირი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. დღეიდან კი 22:00სთ-დან 05:00სთ-მდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

IDFI: კომენდანტის საათის მანიფესტაციაზე გავრცელება გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. "აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაოაკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაცნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება. თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენებისთაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს,რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას". - წერია IDFI-ის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში-1 316. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 448 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში - 5 637 პირი, აჭარაში - 16 360, იმერეთში - 4 403“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. „საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს საკმარისი პრობლემები დაფიქსირდა იმისთვის, რომ ბევრს პროტესტი გამოეთქვა და გაბრაზებულიყო. შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება ვითარებას მხოლოდ გააუარესებს“, - განაცხადა მიტჩელმა. სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.

მოქალაქეს, ცესკოს აქციაზე მიღებული დაზიანების გამო, მხედველობა დაუქვეითდა

მოქალაქე გოგი ხოჭოლავა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა და აცხადებს, რომ დარბევის დროს სცეცრაზმელმა სახეში სპრეი შეასხა, ამის შემდეგ კი მარცენა თვალში მხედველობის 70% დაკარგა. "არანაირ ძალადობრივ აქტს არ ჩავდიოდით არცერთი აქტივისტი, ამის კადრები ჩემსავე ლაივშია. სპეცრაზმელმა, რომელთანაც ერთ მეტრიანი დისტანცია მქონდა დაცული, სპეცრაზმის კორდონთან, ხელი გადმოყო და რაღაც სპრეი შემოგვასხა სახეში იქ მდგომ ადამიანებს. მაქვს ტრამვული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, დამიდასტურდა 70 პროცენტით მარცენა თვალში მხედველობის დაკარგვა". – ყვება მოქალაქე. გუშინ, 8 ნოემბერს, ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმა სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს Reuters-ის შემდეგ, Bloomberg-ი ეხმაურება

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე Reuters-ის შემდეგ, ამერიკული Bloomberg-ი წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში, ცესკოს შენობასთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა დასაშლელად, წყლის ჭავლთან ერთად გამოჩნდა. პროტესტის მონაწილეებმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის გარდა, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. „პოლიციამ ასევე გამოიყენა ფარი და კორდონი, რომ პროტესტის მონაწილეებს ცესკოს შენობის შესასვლელის ბლოკირება არ მოეხდინათ“, - აღნიშნულია სტატიაში. თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ბრიტანულმა სააგენტო Reuters-მაც დაწერა. მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოფიცილური შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება„ 48.23 პროცენტით იმარჯვებს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, 27.18%. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ლინკოლნ მიტჩელი: ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად აფასებს. „ევროპათაიმთან“ საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პოლიტიკას დაუბრუნდება. „ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ვნახავთ იმ პოლიტიკისკენ მიბრუნებას, რაც ჰქონდათ ჯორჯ ბუშს და ბარაკ ობამას ამ რეგიონის მიმართ, ვგულისხმობ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს და განსაკუთრებით საქართველოს, ბაიდენს ესმის ეს რეგიონი კარგად და რეალურად ადარდებს უკრაინა და საქართველო, ანუ ეს კარგია საქართველოსთვის. აქვე დავამატებ ერთ რამეს, ბაიდენი არ არის ახალგაზრდა. 70-იანი წლებიდან პოლიტიკაშია. მისი პოლიტიკური მოსაზრებები ჩამოყალიბდა ცივი ომის დროს, როცა ის იყო ახალგაზრდა და თითქმის ორი ათწლეული გაატარა სენატში. მის გარშემო ასევე არის ხალხი ვინც, კარგად იცნობს რეგიონს, საქართველოს და კეთილგანწყობილნი არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, ბაიდენის პრეზიდენტობა ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის და ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა. ლინკოლნ მიტჩელი „ევროპათაიმს“ შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა. „არჩევნები კარგად არ ჩატარდა, „ქართული ოცნება„ წინ ვერ წავიდა დემოკრატიზაციის გზაზე, განსაკუთრებით არჩევნების საკითხში და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეიძლებოდა, უკეთესი არჩევნები ჩატარებულიყო. ისინი იგებდნენ, მოიგეს და იცოდნენ, რომ მოიგებდნენ, ამიტომ სამწუხაროა ის, რაც მოხდა, რადგან ეს ლეგიტიმიზაციას ართმევს არჩევნებს. რაც შეეხება ოპოზიციის არშესვლას პარლამენტში, ვეცდები რაც შეიძლება დელიკატური ვიყო, მაგრამ ეს სულელური გადაწყვეტილებაა - ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია გამოდიოდა განცხადებებით, რომ ისინი იგებდნენ, როცა მსგავსი განწყობა დასავლეთშიც კი არ იყო. ის ხალხი, ვინც საქართველოს თემებზე მუშაობს, დარწმუნებული იყო რომ „ოცნება“ იგებდა ამ არჩევნებს. ოპოზიციამ შექმნა არასწორი მოლოდინი და ეს არ იყო სწორი, იფიქრეს რომ რევოლუცია მოხდებოდა რაც არ მოხდა და რა არის ახლა გამოსავალი, ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიზაციაზე პასუხისმგებელი. გასაგებია, რომ სააკაშვილის მოწოდებები რევოლუციისკენ, ძირს უთხრის დემოკრატიას, მაგრამ სააკაშვილი არ არის მთავრობაში, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ქვეყნის დემოკრატიზაციაზე. რეალურად უნდა ეცადონ, რომ უკეთესი არჩევნები ჩაატარონ. რეალურად უნდა წაიყვანონ ქყვეყანა უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება პარლამენტს, თუ მათ უნდათ ბოიკოტი მოახდინონ, გამოსავალი ოცნებისთვის არის, რომ ქვეყანა მართონ კარგად, დაეხმარონ ეკონომიკას ზრდაში, შეაჩერონ კოვიდის გავრცელება, უკეთესი გახადონ ქართველი ხალხის ცხოვრება“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

DRI: წყლის ჭავლის გამოყენება უკანონო, დაუსაბუთებელ, არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს

ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილიდემონსტრანტების დარბევას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნობიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო. მათი განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცრემლსადენი გაზი და წყალსატყორცნი არის აქტიური სპეციალური საშუალება. ასევე, პოლიციას ეკისრება აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად დემონსტრანტებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის ვალდებულება. "მოცემულ შემთხვევაში, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გადმოცემულ მასალებში, არ იკვეთებოდა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აღნიშნული ღონისძიებებისაწყის ეტაპზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს". - წერია DRI-ს განცხადებაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს: განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს: იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონკანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

ლუის ნავარო: შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით მოლაპარაკებების დაწყება გახდეს საჭირო

ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. ლუის ნავარო ვარაუდობს, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მსგავსად, შესაძლოა, მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო შუამავლების ჩართვა გახდეს საჭირო. „არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო დამკვირვებლების ზოგადი შეფასების მიუხედავად, ოპოზიციამ მიიჩნია, რომ მათი გადაწყვეტილება არ შევიდეს პარლამენტში, დაასუსტებს მმართველ პარტიას. ამ გადაწყვეტილებამ გაანულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მიცემული ხმები, განსაკუთრებით მათი, ვინც მთავრობის ალტერნატივას დაუჭირეს მხარი. შესაძლოა, საჭირო გახდეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა, როგორც ეს ვნახეთ ოპოზიციასა და მთავრობას შორის ბოლო მოლაპარაკებების დროს, რამაც გამოიწვია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა, მისი წინამორბედის არასწორი გაკვეთილების გამეორებაა. - აცხადებს ლუის ნავარო. რაც შეეხება ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებს, ლუის ნავარო დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის განსხვავებას უსვამს ხაზს. „დონალდ ტრამპი ორიენტირებულია პირად ინტერესებზე, ხოლო ჯო ბაიდენი დიდი ხანია, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი ნორმების მომხრეა. ტრამპის ხასიათმა ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობა დააზიანა და ფოკუსირდა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, რამაც ძირი გამოუთხარა ევროკავშირისა და ნატოს ეფექტურობას. ანალოგიური თავისებურებებით წარიმართა ტრამპის ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან, რამაც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აშშ-ის ერთგულების ირგვლივ კითხვები გააჩინა. ამის მაგალითია პუტინის ოპონენტის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე დუმილი და აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კითხვის ქვეშ დაყენება, თუ ის არ მიიღებდა ზომებს ჯო ბაიდენის კანდიდატურის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს სკეპტიკურად უყურებენ მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკის გამო, ის საჯაროდ დაუპირისპირდა პუტინის ხელისუფლებას, ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ აშშ მხარს უჭერს ევროკავშირს და ნატო იქნება მისი მიდგომის მთავარი ქვაკუთხედი, ევროპასთან ურთიერთობაში, ის განსაკუთრებულად უჭერდა მხარს უკრაინაში ანტიკორუფციული ქმედებებს. უფრო მეტიც, 2008 წელს, ომის დროს, ჯო ბაიდენი, როგორც აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი იყო“, - აცხადებს ნავარო.

მამუკა მდინარაძე: აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა

„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, რომელიც აქციის მშვიდობიანად ჩატარებას ეხებოდა. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. მამუკა მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, აქციის მონაწილეებს არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე გადაითვალა ხმები. ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, არც გაყალბების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტების ნაწილი საარჩევნო კომისიასთან მივიდა, რასაც პოლიციასთან შეხლა–შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოიყენეს და მათ შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტმა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.

Reuters-ი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე წერს

საქართველოს პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აქციის ასეულობით მონაწილის წინააღმდეგ, რომლებიც ცესკოსთან თამარ ჟვანიას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციას ქვები ესროლა. „დემონსტრანტები ცესკოს შეობასთან რუსთაველის გამზირიდან მივიდნენ, საიდანაც დღეს აქციის ათასობით მონაწილის მშვიდობიანი პროტესტი დაიწყო. პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ოფიცილური შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება„ 48.23 პროცენტით იმარჯვებს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, 27.18%. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

შსს: აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომიტიმგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საჭროებას მომიტინგეთა მხრიდან შენობაში შეჭრისგან დაცვით ხსნის, - ამის შესახებ შსს–ს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკოსთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტების ნაწილი საარჩევნო კომისიასთან მივიდა, რასაც პოლიციასთან შეხლა–შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოიყენეს და მათ შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტმა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.