ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა. უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა, პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს. იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს. ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება არ იქნება - ფინანსთა მინისტრი

ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი წამყვანია, რის გამოც 2020 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო. „საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. დინამიურია, დაახლოებით 60%-ზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის. მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით. იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წამყვანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად ეს იყო სწორი ნაბიჯი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“,- განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

ენმ-ის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ

"ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიამხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც ბოიკოტი გამოაცხადონ და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნების მეორე ტურზე. ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოქალქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. „მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. „აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქციას. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს. ვგეგმავთ, სხვადასხვა ადგილზე გამოხატვის თავისუფლებას ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიები“,-განაცხადა დეკანოძიემ.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 250 029-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11.5 მილიონს მიაღწია. შეერთებული შტატები პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც კოვიდიფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით. 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვასა და ნებრასკას შტატებში. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქალაქ ნიუ-იორკში დღეიდან სკოლები იხურება.

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს - პრემიერი

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, იქნება ეს გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პომპეომ საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა

საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ნაწილს ეხება. „მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.

3 697 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი - 19 ნოემბრის სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა - 664, იმერეთი - 538, ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928, იმერეთში - 1 185. მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145, იმერეთში - 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 - თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 296 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში - 18 066, იმერეთში - 5 236“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერლინში, ეპიდშეზრუდვების წინააღმდეგ გამართული აქცია, წყლის ჭავლით დაშალეს

ბერლინში, პოლიციამ, ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები დაშლისკენ მოწოდებას არ დაემორჩილნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ. ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი. გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები, ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს. გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 854 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 13 400-ს აჭარბებს.

BBC: Pfizer-ის BioNTech-ის ვაქცინამ ხანდაზმულებში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა

BBC-ს ინფორმაციით, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინა 94%-ით ეფექტურია 65 წელს გადაცილებულებში. ამის საფუძველს იძლევა შედეგები, რომლებიც 41,000 ადამიანის ტესტირების შემდეგად მიიღეს. გასულ კვირას კომპანიამ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ვაქცინა 90%-ით წარმატებულია. მანამდე Moderna-მ დაანონსა საკუთარი პრეპარატი, რომელიც ასევე მაღალშედეგიანი აღმოჩნდა, 95%-თ. Pfizer და BioNTech-ს განცხადებით კომპანია აპირებს მიიღოს ნებართვა აშშ-ში, რათა გადაუდებელ და კრიტიკულ შემთხვევებში გამოიყენონ მათი პრეპარატი. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან კომპანიას ტესტირება ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ისინი აცხადებენ რომ არ არსებობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები. თუმცა მოხალისეების 2%-ში შეინიშნებოდა მსუბუქი თავის ტკივილი და დაღლილობა. პრეპარატის ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში,თურქეთში, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში, რის შედეგადაც მონაცემები შეგროვდება ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დასადგენად.

ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწამს, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამართული მუშაობის შეფერხების ეს მიზანმიმართული მცდელობა, წარუმატებელია. „მსურს გავიხსენო ევროპარლამენტის წინასწარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების, ექსპერტთა ძირითადი ჯგუფისა და ეუთო / ოდირ– ის მიერ გამოგზავნილი გრძელვადიანი დამკვირვებლების დასკვნებთან შესაბამისობაშია და რომლის მიხედვითაც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეს არჩევნები კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა, რომლების განხილვაც უნდა მოხდეს. საარჩევნო კომისიაში შეტანილი ყველა დასაბუთებული საჩივრისა და განაცხადის განხილვა სამართლიანად, სრულყოფილად და საგულდაგულოდ უნდა მოხდეს, კანონისა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, აპირებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს და უარი თქვან პარლამენტში საკუთარ მანდატებზე. ღრმად მწამს, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამართული მუშაობის შეფერხების ეს მიზანმიმართული მცდელობა წარუმატებელია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და პარლამენტში საკუთარი მანდატები მიიღონ, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ სურვილს. მე გულწრფელად მივესალმები ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ეგიდით, დაძაბულობის განსამუხტად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა არის გზა სტაბილურობისკენ და მოუთმენლად ველი ახალ პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობას”, - წერს ევროპარლამენტარი.

ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დასრულდა - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება

"შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს", - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა. „შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. პარტია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს. "გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

რუსული ოკუპაციის საპასუხოდ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ - პომპეო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია, 18 ნოემბერს კი შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობო სექტორთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისი მოადგილე, რომელიც საქართველოში დარჩა, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

მხარს ვუჭერთ ოპოზიის ბრძოლას პარლამენტის შიგნით, არა ბოიკოტს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ: "ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი ასე ვთქვათ რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლება საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრეს: "საქართველო 20 წელია მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე და აშშ მათ ამაში ეხმარება, თუმცა ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ჩემი აზრით, სწორედ ეს დავინახეთ ამ არჩევნებზე. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდათ ხარვეზიანი არჩევნები და მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ ამ არჩევნებზეც: ხმების მოსყიდვა, ამომრჩელების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად. რაც იყო განსხვავებული ამ წელს იყო კორონავირუსი. ამჯერად არ ყოფილა ჩვეული დიდი მცირე ვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები. იყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი და გარკვეული რაოდენობით მცირე ვადიანი დამკვირვებლები ეუთოდან, მაგრამ ბევრი არა. და ასევე, რა თქმა უნდა, აშშ-ს და სხვა საელჩოების მისიებმა გაგზავნეს არაოფიციალური, არაფორმალური ჯგუფები. ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები ზოგიერთი ფორმის უფრო აგრესიული ტაქტიკა, რაც წინა არჩევნებზე გვხვდებოდა, პატივს სცემდნენ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მათ ასევე დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. საელჩოს განცხადებაში ეს ჩანს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნა. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. ის, რამაც ჩვენი ყოყმანი გამოიწვია, შედეგებია, გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ მაშინათვე ცხადი არ იყო ეს იყო მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ცვლილებების მიღწევის მაგალითად მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოჰყავთ: "ეს მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც მეტად პოპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ, იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვას წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე დარღვევების განმეორებას. ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან, იქ რომ იყოს ნამდვილად დამუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გაკეთდა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა განაჩენის ნდობა", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

"შერატონში" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს. ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე იმსჯელებს არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, არამედ ქვეყანაში შექმნილ შიდა პოლიტიკურ კრიზისზე. ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. „გარდა ტრადიციული საკითხებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და ნატო-ში გაწევრიანება, ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა იქნება შიდა პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ქვეყანაში არის კრიზისი, ნდობის დეფიციტი და ყველა ნორმალურ დემოკრატიაში, კრიზისისა და ნდობის დეფიციტის გადასალახად იმართება ახალი არჩევნები ხალხის მანდატის მისაღებად. გავაცნობთ ჩვენს სტუმარს ჩვენს პოზიციას, მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ვფიქრობთ, ნამდვილად მოვახერხებთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული მუშაობა. პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში, პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების გადასაწყვეტი. ამიტომ, ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის პარალმენტში შესვლა, რადგან პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარალმენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში. თუმცა, რაც მოხდა, შეუძლებელი გახადა ამ გზის გავლა. ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი იქნება სწორედ ის, თუ რამხელა დარღვევები იყო. დღეს შეუძლებელია დარღვევების გადასინჯვა, რისკენაც ასევე მოგვიწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი. შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო, რადგან თამარ ჟვანიამ 6 დღის წინსწრებით მიიღო კომისიის შემაჯამებელი ოქმი. სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე და ყველა საჩივრის განხილვაზე. ცესკომ უარი თქვა დაახლოებით 800 უბნის შედეგების გადასინჯვაზე. ხელისუფლებამ ცესკო-სა და სასამართლოს ხელით დაკეტა ყველა კარი, რომ ეს შედეგები სამართლებრივად გადასინჯულიყო. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში სტაბილურობა, გამოსავალი არის ახალი არჩევნები გაზაფხულზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე ჰოჯესის განცხადებაზე: აუცილებელია ამერიკის სამხედრო ბაზების დაუყოვნებლივი განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე

პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სრულად იზიარებს. მისი შეფასებით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. „სრულიად ვიზიარებ გენერალ ჰოჯესის ამ მოსაზრებას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე გამოცემა experti.ge-სთან. მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტსაც აფასებს და ზახს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტის გაცოცხლება და განხორციელება, სასიცოცხლოდ მინიშვნელოვანია. „ოცდაათი წელიწადია, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკამ ამ ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ქვეყანას უდიდესი ფინანსური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, უმთავრეს მიმართულებად სწორედ დემოკრატიის განვითარება მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორობა შესუსტდა ოფიციალური თბილისის მხრიდან, მაგრამ ვაშინგტონის პოზიციები კვლავინდებურად მტკიცეა, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რის შესახებაც, თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს განაცხადა მაიკ პომპეომ. ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში, ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა. მეორე მიზანი კი უდავოდ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს „ვერმიტაცების“ ამოცანაა. „ევროპათაიმთან“ ინტერვიუში ჰოჯესმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ, საქართველოში, ინფრასტრუქტურასა და როტაციულ ძალებს გაზრდიდა.

ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გაიმართება. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, შეხვედრა გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა, რასაც მიესალმება. „მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია, 18 ნოემბერს კი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. პემპეომ საქართველო უკვე დატოვა, თუმცა ქვეყანაში რჩება მისი მოადგილე, რომელიც შეხვედრებს განაგრძნობს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 56 016 137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 028 474 და დაიღუპა 1 345 070 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.9 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 ინფიცირებულით. ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა - ზალკალიანი

"ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, აშშ–ის სურვილია, აქ იყოს სტაბილურობა", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „არ ყოფილა მისი [პომპეო] მხრიდან პირდაპირი ჩარევა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ განვითარების პირობებში შეუძლია ქვეყანას, გაუჩნდეს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული

პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად საფრთხეა არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ისაუბრა იმ თემების შესახებ, რასაც შეხვედრაზე პომპეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეეხნენ. „მოგეხსენებათ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული ვიზიტი გახლავთ. პირველ რიგში, მადლობელი ვარ ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი მუდმივად დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, არაფორმალური მმართველობა რამდენად საფრთხეა დემოკრატიული განვითარებისთვის - მოგეხსენებათ, საქართველოს უმთავრესი, ასე ვთქვათ, კოზირი დანარჩენ მსოფლიოში გახლავთ ის, რომ საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიულ განვითარების გზაზე, ამიტომაც გამოირჩეოდა ყოველთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამიტომაც იღებდა მუდმივად დახმარებებსა და მხარდაჭერას აშშ-სგან და ევროპისგან. ამიტომ ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას და ა.შ. ყველა ეს საკითხი იქნა განხილული", -აღნიშნა ევგენიძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაც. „რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.