ახალი ამბები

ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს

ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთარში პირველად დალაშქრეს.ინფორმაციას BBC ავრცელებს. განსაკუთრებით მკაცრი ამინდის გამო, ზამთარში ამ დრომდე ვერც ერთმა ალპინისტმა ვერ მოახერხა K2-ის მწვერვალზე ასვლა, პირველად ეს ნეპალელმა ალპინისტებმა შეძლეს, როდესაც 10-მა მთასვლელმა 8,611 მეტრის სიმაღლის მწვერვალი დალაშქრეს. ათობით ალპინისტი ეცადა მსგავსი შედეგის გამეორებას, თუმცა ნეპალელების გარდა ეს ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. ერთი ალპინისტი რეკორდის დამყარების მცდელობისას გარდაიცვალა, როდესაც ის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მწვერვალიდან დაშვებას ცდილობდა. ესპანელი ალპინისტი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა. 1987 წლიდან, K2– ზე მხოლოდ რამდენიმე ზამთრის ექსპედიციის მცდელობა იყო. აქამდე ვერცერთმა 7,650 მეტრზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა.

ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე ყალბი დოკუმენტებითა და იარაღით შესვლა სურდა

ვაშინგტონში ერთი პირი დააკავეს, რომელიც პოლიციის საგუშაგოს გავლას ყალბი დოკუმენტაციით, იარაღითა და ვაზნით ცდილობდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შეარაღებული პირი, ვაშინგტონის პოლიციამ პარასკევს, 15 იანვარს გააჩერა, მისი მანქანიდან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაკავებული პირი უესლი ალენ ბილირი, ვირჯინიიდან არის, როგორც გაირკვა, მას ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ აქვს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები ემზადებიან ტრამპის მხარდამჭერების მიერ გამართული აქციისთვის, რომელიც ჯო ბაიდენი ინაუგურაციისთვის არის დაგეგმილი. FBI ბაიდენის ინაუგურაციამდე შესაძლო შეიარაღებული პროტესტისკენ მოწოდებებს აკვირდება.

ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს ლოკდაუნის წესების დარღვევისთვის მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე 100-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს

ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე მანქანით 109 კილომეტრი გაიარეს. მეგობრების "გასეირნება" უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ამას ელოდნენ. თითოელი მათგანი 200 ფუნტით დააჯარიმეს. ინგლისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული წესების თანახმად, ადამიანებს ეკრძალებათ შეკრება, თუ ისინი ერთ სახლში არ ცხოვრობენ. მეგობრები მანჩესტერიდან, ქალაქ უტოქსტერში ჩავიდნენ. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მეგობრებმა დიდი გზა გაიარეს სწრაფი კვების ობიექტამდე, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ახლოს McDonalds-ის ათამდე ფილიალი იყო. პოლიციის თქმით, აუცილებლობა არ იყო კარანტინის წესების დარღვევის. „ოთხივე კანონდამრღვევი, სხვადასხვა მისამართიდან, 800 ფუნტით დაჯარიმდა“, - ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.

ინდონეზიაში მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს. 15 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაშველები გადარჩენილებს ნანგრევებში ეძებენ. ერთ-ერთი საავადმყოფოს დაზიანების გამო ათობით პაციენტსა და მედპერსონალს ეძებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს, სადაც ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამების საშიშროება ხშირია. ინდონეზიაში მიწისძვრა 16 იანვარს დაფიქსირდა.

ბაიდენის ძაღლისთვის თეთრს სახლში ინაუგურაციას ჩაატარებენ

დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ჯო ბაიდენის ძაღლისთვის "Major Biden"-ისთვის ინაუგურაციას ჩაატარებენ. ბაიდენის ძაღლი მეიჯორი პირველი ცხოველი იქნება თეთრ სახლში, რომელიც თავშესაფრიდან არის აყვანილი. დელავერის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Facebook-ზე გამოაცხადა არჩეული პრეზიდენტის შინაური ცხოველის ინაუგურაციის შესახებ და თითოეული შინაური ცხოველის მფლობელი, ვირტუალურ ცერემონიალზე მოიწვია. ბაიდენის მეორე ძალღი Champ-ი, ინაუგურაციას თავშესაფრიდან აყვანილ მეგობართან ერთად დაესწრება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ჯეიმს პოლკის შემდეგ, რომელსაც შინაური ცხოველი არ ჰყოლია.

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უჩვეულო ინცინდენტი მოხდა

თურქეთის ჩემპიონატში სახალისო კურიოზი დაფიქსირდა. „სივასპორის“ ფეხბურთელები „ბაშაკშეჰირთან“ მატჩში მოედანზე თეთრი ფორმებით გავიდნენ. თამაშის მსვლელობისას მოედანი თოვლმა დაფარა, რის გამოც „სივასპორელები“ მოედანზე აღარ ჩანდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა უჩინარმა ფეხბურთელებმა კომენტატორებს შეუქმნეს. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

Covid19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 780 ადამიანს დაუდასტურდა, 1 608 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 232 993-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 933 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას

Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კომპანია Apple დასაკეც ეკრანიანი iPhone-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Samsung-ს გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა მოდელი უკვე შექმნა და მისი შიდა ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ წარმოების გეგმა არაა დამტკიცებული. ამერიკული კომპანია გეგმავს გამოუშვას გაჯეტი დიდი ეკრანით, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში 6,7 დიუმი იქნება, დაახლოებით იმ ზომის რაც iPhone 12 Pro Max-ს აქვს. Bloomberg მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს. ამ დორისთვის კომპანია ფლაგმანი ბრენდების iPhone-ს და iPad-ის ახალი თაობის პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.

ბევრს არ სჯერა მისი წასვლის: Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე წერილს აქვეყნებს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი შთამაგონებელ ნარატივს უწოდებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად იშვიათად მიდიან ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით. ავტორი წერს, რომ პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა. „ამბობენ, რომ ის გააგრძელებს მმართველობას კულისებს მიღმა და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელიც ანტიდემოკრატიული მიდრეკილებებით ხასიათდება. ივანიშვილის კოალიციამ შეძლო გამარჯვება ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხმები მოჰპარეს და უარს ამბობს პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე“, - წერია სტატიაში. The Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს იხსენებს, მათ შორის, მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ თავად ივანიშვილი კრემლთან კავშირს უარყოფს. ანალიტიკოსები და ქართველი ოპოზიციონერები სკეპტიკურად უყურებენ ივანიშვილის გულწრფელობას. ის 2013 წელსაც გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ანალოგიურად დადო პირობა, რომ დატოვა პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ითვლებოდა, რომ ის ჯერ კიდევ აძლევდა დირექტივებს თავის თანაგუნდელებს, ვიდრე 2018 წელს, „ქართული ოცნების“ ლიდერის პოზიციაზე ოფიციალურად დაბრუნდებოდა. 2013 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ ის „ქართულ ოცნებისთვის“ გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერასა და რჩევების მიცემას არაოფიციალურად. მისი განცხადებით, ამჯერად ასე არ იქნება და თუ პარტიას გაუჭირდება, ის საკითხებში არ ჩაერევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი იყო, ის მაინც ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღება მიეპყრო. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 4,8 მილიარდ დოლარს აღწევს, რომელიც ძირითადად სამრეწველო ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეძენით მოიპოვა რუსეთში. „პოლიტიკიდან ის ქვეყანაში საკმაოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე წავიდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ”კონკურენტულად და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვით ჩატარდა”, მაგრამ დასკვნაში ასევე საუბარი იყო, მრავალი ბრალდებაზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარის არსებობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის მთავარმა პოლიტიკურმა კონკურენტმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი გრძნობს, რომ მის ქვეშ ნიადაგი იწვის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ მან არჩევნები მოიპარა. „ვფიქრობ, რომ ის კულისებიდან გააკონტროლებს მოვლენებს - ამას ძალიან კარგად არის შეჩვეული, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად ის არ აპირებს ძველი ხრიკის გამეორებას,” - განუცხადა სააკაშვილმა The Washington Post-ს. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.

27 იანვრიდან რუსეთი ფინეთთან, ვიეტნამთან, ინდოეთთან და კატართან  ავიამიმოსვლას განაახლებს

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვი ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთის და კატარის დედაქალაქებს შორის, პანდემიის პირველი კვირიდან შეჩერებულ ფრენებს, 27 იანვრიდან, გარკვეული ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმების შესრულების შემდეგ.განაახლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მთავრობის კორონავირუსის შტაბის სხდომის შემდეგ გაზიარებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხ ქვეყანაში, ორი კვირის განმავლობაში, კორონავურისის გავრცელების 40-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა აღინიშნებოდა100 000 ადამიანზე. .

იტალიაში, მოხუცთა თავშესაფარში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ნფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც. ამავე თავშესაფარში, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. თავშესაფრის თანამშრომელს ვირუსი 13 იანვარს დაუდგინდა აღნიშნულ შემთხვევას იტალიის შსს-ის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. "ეს ტრაგედიაა", - წერს შსს მინისტრის მოადგილე კარლო სიბილია ფეისბუქის პოსტში.

ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი განკარგულების მიხედვით, ამიერიდან ქვეყანაში შემსვლელი ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, თან იქონიოს Covid-19-ის ნეგატიური ტესტის პასუხი, შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გადავიდეს იზოლაციაში. იზოლაციის პერიოდი 10 დღით არის განსაზღვრული. კორონავირუსზე ტესტი ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.

აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ მინიტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღავენლმა იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა. ინფორმაციას Meydan.tv-ი ავრცელებს. „აზერბაიჯანში ამოქმედებულმა ბოლო საკარანტინე ზომებმა კარგი შედეგები მოგვცა და ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა მამედოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება: „მომდევნო კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდგეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“. ამასთან მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, ისევე როგორც თურქეთმა, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინა შეისყიდა. „აზერბაიჯანი ამ მიმართულებით თურქეთთან თანამშრომლობას განაგრძობს“, - დასძინა მამედოვმა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალიდან დაიწყება.

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. ასევე პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი. "დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად"-აცხადებენ უწყებაში.

გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე არმინ ლაშეტი გახდა

გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ახალი ლიდერი, 59 წლის, არმინ ლაშეტი გახდა არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ ინდორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 16 იანვარს, ინტერნეტით გამართულ კენჭისყრაში 59 წლის ლაშეტმა დაამარცხა ფრიდრიხ მერცი, კონსერვატორი და ერთ დროს მერკელის მეტოქე. ლაშეტმა 521 ხმა მიიღო, მერცმა - 466. მესამე კანდიდატი, გავლენიანი დეპუტატი ნორბერტ რიოტგენი, კენჭისყრას პირველ ეტაპზე გამოეთიშა. ლაშეტი 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო და ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება. სექტემბერში დაგეგმილი ფედერალურ არჩევნებში, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ლაშეტი კანცლერის პოსტს დაიკავებს.

„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან ყველა თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან უკვე ყველა გაათავისუფლეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. „ექსპო ჯორჯიასთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, პოლიციამ 9 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქტივისტების ინფორმაციით, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

სპეცოპერაცია კასპში: ერთ-ერთ საწარმოში მძევლები აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. გაზიარება| საბეჭდი ვ

კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, უწყების ყოფილი თანამშრომელია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. „ბრალდებულმა აიყვანა მოქალაქეები, რომელიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგადაც გაათავისუფლა. მოლაპარაკებების შემდგომ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. ის იყო საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. იყო საკმაოდ აღელვებული. გატარდა ყველა ღონისძიება, რათა ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო ისე, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ბოცვაძემ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს მოთხოვნა ჰქონდა, რომ პოლიციას მისთვის მანქანა მიეყვანა, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებას გეგმავდა. „მოთხოვნა ჰქონდა რომ, სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. მან რამდენიმე დღის წინ მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია, ეს ფაქტიც გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. განცხადების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია მუქარის ფაქტზე. ვინ ემუქრებოდა ეს გამოძიების საგანია. ის გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ის იყო შსს-ს თანამშრომელი. 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები პირადი პატაკის საფუძველზე“, – განაცხადა ბოცვაძემ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე გაათავისუფლეს. სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე სამტრედიის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით 9 ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები მართავენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა. „მინდა პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და ყველა პრობლემა დავძლიოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი წასვლა ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ის არის პარტიის დამფუძნებელი და ყველა გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელია. ამავდროულად, ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი ძლიერი გუნდი და შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსნებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.