თეგი: ვენესუელა

ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

Reuters-ის ცნობით, ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გამოცემის ცნობით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ.  

ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56  ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.   

მედიის ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

ესპანური „ელპაისის“ ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი. მედიის თანახმად, კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე. კარაკასი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას ითხოვს. მას აშშ-ში ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, ვენესუელის მთავრობა კი, სააბის დიპლომატად მიიჩნევს. კარაკასმა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაშიც დადანაშაულა. გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა.  

WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს. ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს. შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.  REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა. გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.  

ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს. რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.  

ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. „ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ,“ - განაცხადა მადურომ. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა  

მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.  

ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგება გადაწყვიტა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა  

აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა - Reuters

Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა. კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა. ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია. სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.  

ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს. ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ. ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს  - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ. არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება.  მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება.  ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.  

აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა და გამარჯვების შესახებ მადუროს პრეტენზია უარყო. „აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტიამ ვენესუელაში 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ დაპირისპირებამ ვენესუელაში პროტესტი გამოიწვია. ვენესუელის საარჩევნო საბჭომ 28 ივლისის არჩევნების გამარჯვებულად 51%-იანი მაჩვენებლით აღიარა მადურო, რომელიც 2013 წლიდან სათავეშია. მაგრამ ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი ხმების დაახლოებით 90%-იანი მაჩვენებელით, გონსალესმა მოქმედი პრეზიდენტზე ორჯერ მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. Reuters-მა სამშაბათს დაწერა, რომ ვაშინგტონი სადავო არჩევნების შემდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვენესუელაში დემოკრატიული ნორმების აღდგენის პროცესს და მზად ვართ, განვიხილოთ მისი გაძლიერების გზები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ბლინკენმა. ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს  

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“ ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა  

ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ელ-სალვადორში დეპორტირებული, ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ, ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა. „ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან ელ-სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, სულ გათავისუფლდა ვენესუელის 252 მოქალაქე, რომლებიც სალვადორის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის, მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს. შესაბამის განცხადებას „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ვენესუელელი ხალხის ნება უარყო და საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. მადურო ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Cartel de Los Soles-ის ლიდერია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს მარკო რუბიო. ამერიკელი დეპლომატის თქმით, „წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო ძალაუფლების უკანონო კონტროლის მიზნით ვენესუელის საარჩევნო სისტემის მანიპულაციას ახდენს.“ „28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვიდან ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს, რომ ვენესუელელი ხალხის ნება სამხედროებისა და პოლიციელების გამოყენებით ჩაახშოს. ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ძალას იყენებენ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ძირს უთხრიან,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.  

ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ისთვის ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღადგინა - მედია

Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღუდგინა, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გადაწყვეტილება მოჰყვა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი გაათავისუფლეს, სალვადორში დაკავებული 250 ვენესუელელი კი, სამშობლოში დააბრუნეს. როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სრული დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, ხსენებული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დიპლომატიისა და ენერგეტიკული პოლიტიკისადმი უფრო ტრანზაქციულ მიდგომაზე მიუთითებს. თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება „შევრონს“, მისმა წარმომადგენელმა ბილ ტურენმა განაცხადა, რომ კომპანია გლობალურად საქმიანობს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების, ასევე, აშშ-ის მთავრობის მიერ გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად, მათ შორის, ვენესუელაში.“ ცნობისთვის, მანამდე, Chevron-ს ვენესუელაში ოპერაციების შეწყვეტა დაევალა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროზე ზეწოლის მიზნით დაწესებული ფართო სანქციების ნაწილი იყო. ლიცენზიის აღდგენა ჰიუსტონში დაფუძნებულ ენერგეტიკულ გიგანტს საშუალებას მისცემს, თავის ობიექტებზე წარმოება განაახლოს. „შევრონი“ დიდი ხანია, ვენესუელას ნავთობის სექტორში აშშ-ის მნიშვნელოვან წარმომადგენლად რჩება და სახელმწიფო კომპანია „პეტროლეოს დე ვენესუელა SA“-სთან ერთობლივ საწარმოებს მართავს. ლიცენზიის შეჩერებამდე, კომპანია დღეში 240 000 ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა - რაც ვენესუელას მთლიანი წარმოების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ „შევრონს“ უფრო შეზღუდული ლიცენზია მიანიჭა, რომელიც ნავთობის წარმოებასა და ექსპორტს უშვებდა, მაგრამ გაფართოებას კრძალავდა. ტრამპის ადმინისტრაციის უახლესმა ნაბიჯმა შესაძლოა, „შევრონს“ კიდევ ერთხელ უფრო აქტიური როლის შესრულების საშუალება მისცეს. ვენესუელური ნავთობი კვლავ აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, განსაკუთრებით, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე ქარხნებისთვის მნიშვნელოვანია. 2024 წლის ბოლოს, აშშ დღეში დაახლოებით, 250 000 ბარელი ვენესუელური ნავთობს იმპორტს ახდენდა. მთავარი მომხმარებელი Valero Energy Corp-ი იყო, შემდეგ მოდიოდა Chevron, რომელიც ნავთობს საკუთარ ობიექტებში ამუშავებს და სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც ამარაგე დიპლომატიური დინამიკის ცვლილებისა და ენერგეტიკული პრიორიტეტების განვითარების კვალდაკვალ, ვენესუელაში Chevron-ის ხელახლა შესვლა შესაძლოა, ამ ქვეყნების რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში, ახალი თავის დაწყების საფუძველი გახდეს. შეგახსენებთ, ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საინაუგურაციო სისტყვაში განაცხადა: „ამერიკა კვლავ წარმოების ქვეყანა გახდება, და ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც სხვა ქვეყანას არ ექნება – მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობი და გაზი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.“  

ნობელის მშვიდობის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერს გადაეცა

ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა. ნობელის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატის ვინაობა დღეს, 10 ოქტომბერს ოსლოში გამოაცხადა. ლაურეატს ჯილდოს სახით, 11 მილიონი შვედური კრონა - დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი გადაეცემა.  ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. 58 წლის ვენესუელელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ფილანთროპი მარია კორინა მაჩადო წლებია, ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. 2011-2014 წლებში ის ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაბლოკვის გამო,  მაჩადომ ოპოზიციის ალტერნატიულ კანდიდატს ედმუნდო გონსალესს დაუჭირა მხარი.  2024 წლის 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში დამაჯერებლად სწორედ გონსალესმა გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ვენესუელის ოპოზიციამ მარია კორინა მაჩადოს ლიდერობით, არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა. 2025 წელს ჟურნალმა Time-მა მარია კორინა მაჩადო შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. მაჩადოს მიღებული აქვს ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო.  

მედიის ცნობით, აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა

რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ ვენესუელაში დარტყმების განხორციელებას განიხილავთ. ეს სიმართლეა? ტრამპის პასუხი შემდეგია: არა, ეს საიმართლე არ არის. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა. ამ ცნობებს ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება, განხორციელდეს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. აშშ-ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ. Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა. Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება. „მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა - მის მოახლოებას ხედავდე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.  

ტრამპის თქმით, აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან დააკავა სანქცირებული ნავთობტანკერი. ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაამწვავა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია. ვენესუელას მთავრობა შეერთებული შტატების მიერ ნავთობტანკერის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია. ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა ვენესუელაში. ეს ვენესუელური ნავთობის ტვირთის დაკავების პირველი შემთხვევაა აშშ-ის სანქციების ფონზე, რომლებიც 2019 წლიდან მოქმედებს. პენტაგონში უფრო ადრე განცხადეს, რომ აშშ-მაწყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთული გემები დაბობმა.  

ვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად, შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. როდრიგესმა ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით, 6 იანვარს გამოაცხადა, რომ 7-დღიანი გლოვა იქნება იმ ახალგაზრდების პატივსაცემად, რომლებიც ვენესუელას და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს იცავდნენ და დაიღუპნენ. ვენესუელას მთავრობის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოცზე მერი ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა. მანამდე, კუბის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 32 კუბელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.  

ტრამპი: ვენესუელა აშშ-ს 30-50 მილიონ ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობის გადასცემს. ტრამპის თქმით, ამ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს თავად გააკონტროლებს. „ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. მან ენერგეტიკის მინისტრს კრის რაიტს ხსენებული გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება სთხოვა.  

ზელენსკი კადიროვისთვის „მადუროს პრეცედენტის“ გავრცელებაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს „რაიმე სახის ოპერაციით“, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ისევე როგორც ეს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა. ჟურნალისტებთან კომენტარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადუროს გადაყენების ოპერაციამ აჩვენა, რომ ვაშინგტონს აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს მოსკოვზე, თუ მას ნამდვილად სურს ეს და რომ კადიროვის გადაყენება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მიმდინარე შეტევის შესახებ დააფიქრებს. „რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ უკრაინა იყოს მათთვის პრიორიტეტი… აი, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. იქნებ, მაშინ პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.  

ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა - Reuters

განახლება: აშშ-მ ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.  ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ. Reuters-ის ცნობით, აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებდა. ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. წყაროების ინფორმაციითვე, ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებდნენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან - მედია  

თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საჭირო თუ იქნება, დღეს დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩაიყვანენ სასამართლოსთვის. "დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ, გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა," - განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, გემი ვენესუელის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და "აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება." "სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის," - განაცხადა ლევიტმა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება. სამინისტრო მოითხოვს, აშშ-მ უზრუნველყოს „მარინერას“ ბორტზე მყოფი რუსების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა.“ სამინისტროს განცხადებით, აშშ-მ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ „სწრაფ დაბრუნებას“ სამშობლოში. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ შტატებს, უზრუნველყოს ეკიპაჟის სწრაფი დაბრუნება სამშობლოში. BBC-ის ცნობით, თეთრი სახლიეს სპიკერი ლივიტი ამბობს, რომ გემი, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „ბელა 1“-ს უწოდებს, „ყალბი დროშის აფრიალების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსის არმქონედ იქნა მიჩნეული.“ ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა.  სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას.  ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“ იყო.  მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე. უფრო ადრე, „თაიმსი“ წერდა, რომ დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც ჩაფრინდნენ. გამოცემის ცნობით, ორ ბაზაზე, სულ მცირ,ე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა. ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა  

სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე, ვენესუელაში სამხედრო ქმედებებს აუკრძალავს

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელაში შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს. ხმის მიცემა ჩატარდა მას შემდეგ, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს, და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული. საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი ტრამპის მომხრე ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა, ერთმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. Sky News-ის ცნობით, კანონპროექტის კანონად გადაქცევის არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში, ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს. „სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „„რესპუბლიკელებს“ უნდა რცხვენოდეთ იმ სენატორების, რომლებმაც „დემოკრატებთან“ ერთად მისცეს ხმა იმას, რომ წაერთმიათ ჩვენთვის უფლებამოსილება, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები,“ - დაწერა ტრამპმა. 5 იანვარს, ვენესუელის ყოფილი ლიდერი, თანამდებობიდან გადაყენებული მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, პირველად წარდგნენ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში. ადრე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს წაუყენეს ოთხი ბრალდება, მათ შორის, „ნარკოტერორიზმსა“ და კოკაინის იმპორტის ორგანიზებაში. მესამე და მეოთხე ბრალდებები ეხება იარაღის გამოყენებას და შენახვას შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. მადურომ სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო. კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შეუძლია ახალი დარტყმის ბრძანება გასცეს, თუ ვენესუელა არ ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან. დელსი როდრიგესი, ნიკოლას მადუროს დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა.  

ვენესუელაში „დიდი რაოდენობით“ პატიმრების გათავისუფლების შესახებ განაცხადეს

ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.  პატიმრების გათავისუფლების შესახებ ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, დროებითი პრეზიდენტის ძმამ განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.“ როდრიგესმა არ დააკონკრეტა, ვინ ან რამდენი პატიმარი გათავისუფლდება. ხორხე როდრიგესი მადუროს მმართველობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული და სხვა რომელიმე მხარესთან არ იყო შეთანხმებული. ვენესუელის ხელისუფლებამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სპეციალური ოპერაციის დროს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, როდრიგესს ქვეყნის მართვის უფლება მისცეს, თუ კარაკასი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს და ვენესუელის ნავთობის უხვ მარაგზე წვდომის საშუალებას მისცემს. ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილი მოადგილე, დელსი როდრიგესი, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დამტკიცდა.  როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გათავისუფლდა ესპანეთის ხუთი მოქალაქე, მათ შორის, რომელთაგან ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არის უფლებადამცველი როსიო სან მიგელიც. მედიის ცნობით, ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტიკური პატიმარია, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო. ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის ცნობით, ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე, ვენესუელაში სამხედრო ქმედებებს აუკრძალავს