თეგი: მედია

მედიის წარმომადგენლებმა ოპოზიციას, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი წერილი გადასცეს

მთავარი არხის", "ტვ პირველის", "ფორმულასა" და "კავკასიას" ჟურნალისტებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს ხვდებიან, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი ერთობლივი წერილი გადასცეს. ჟურნალისტების განცხადებით, წერილში დეტალურად არის საუბარი საქართველოში მედიის მძიმე მდგომარეობაზე. შეხვედრის პარალელურად, ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

USAID-ი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი) საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებ, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook გვერდზე განთავსდა. „მაღალი ხარისხის მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის - და დემოკრატიისთვის! სწორედ ამიტომ, 20 წლის განმავლობაში USAID-ი იყო წამყვანი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და დღეს ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. 10 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მხარს დაუჭერს მაღალი ხარისხის მედიის და საინფორმაციო სივრცის განვითარებას. ხუთწლიანი პროგრამა იმუშავებს მედიასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმუშავებს ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან, კორესპონდენტებთან რათა მათ დროულად და ეთიკური სტანდარტების დაცვით გაგაცნონ ახალი ამბები და საინტერესო ინფორმაცია. USAID-ის ახალი მედია პროგრამა განხორციელდება IREX-თან პარტნიორობით“, - ნათქვამია USAID-ის ინფორმქაციაში.  

უკრაინა: ხერსონის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში, კახოვკაში უკრაინელი ჟურნალისტი ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა (NUJU) გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი. „რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა გუშინ, საკუთარი სახლიდან 54 წლის ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. ჟანა ივანივნა იყო ადგილობრივი გამოცემის „კახოვსკა ზორიას“ ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციონირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შეწყდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია კიდევ ერთი ქალი. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.  

საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციებს აწესებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. მისივე თქმით, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. „მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, ნატალია სინდეევა და ეკატერინა კოტრიკაძე „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კომპანია, რომელიც Bookmate book სერვისს ფლობს, მედიასაშუალებების რეესტრში „უცხოელი აგენტის“ სახელით შეიყვანა. რეესტრში ასევე შედიან ანდრეი ბაევი (ბუკმატის დირექტორი რუსეთში) და ალექსეი დოკუჩაევი (ბუკმატ მარკეტინგის დირექტორი და წიგნის გამომცემლობის Individuum და Popcorn Books-ის აღმასრულებელი დირექტორი). პირთა სიაში - „უცხოელი აგენტები" შედიან ტელეკომპანია Dozhd-ის დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, არხის წამყვანი ვლადიმერ რომენსკი, ასევე „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი და ხელმძღვანელი ეკატერინა კოტრიკაძე. ორი კვირის წინ მისმა მეუღლემ, „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიიღო. გარდა ამისა, ადვოკატი მიხალ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი, ასევე ჟურნალისტი და ვიდეო-ბლოგერი ივან იაკოვინა დაემატნენ „უცხოელი აგენტების" სიას.   

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში

მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს „რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, როგორც ეს ნახეთ, ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე. მედია ცალსახად არის დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში. საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მისიის ხელმძღვანელი გახლდით, გასულ შემოდგომაზე, ჩვენ გვყავდა რვა ქართველი, რომლებიც კვირაში ექვსი დღე ადევნებდნენ თვალყურს და მონიტორინგს აწარმოებდნენ მედიაზე ჩვენი ოფისიდან. შემდეგ მოხდა ამ მონიტორინგის ანალიზი და ეს ყველაფერი არის ჩვენს ანგარიშში. მედია ცხადია, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.  

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტები გააპროტესტა

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტა. „არა რუსულ კანონს", „არა პუტინის კანონს", „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" - ამ შინაარსის პლაკატებით ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეკრიბნენ და მმართველ გუნდს მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი. მათი თქმით, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ. შეგახსენებთ, ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.  

პარლამენტში მედიისთვის ახალი წესი ამოქმედდა

არლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრძანება გამოსცა. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე 6 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მედიის ნაწილი ახალი წესის დანერგვას მედიასაშუალებების შეზღუდვად მიიჩნევენ.

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა - TI

საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს სათაურით - „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“. მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას - ევროკავშირის წარმომადგენლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპტოკრატიული მმართველობისთვის. მედიამენეჯერის დაპატიმრება - 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია. ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები - საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღემდე იცავს. დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა. 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება. მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უფრო ვრცლად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

დიდი ბრიტანეთის ელჩი: მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია

დიდი ბრიტანეთის ელჩის შეფასებით, მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია. „ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელ სასამართლოსი”, - წერს მარკ კლეიტონი Twitter-ზე. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, გასული წლის 16 მაისს შეუფარდა. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.  

მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამ ტენდენციას ასახელებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წინააღმდეგ სასამართლო საქმეთა განხილვებში გამოიკვეთა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია; საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება; შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს. „ბოლო პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მედია გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების შესახებ საუბრობენ. ამასთან, განსაკუთრებით რთულია პროფესიული საქმიანობის განხორციელება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა თუ ტენდენცია ვიხილეთ, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა და მათი დისკრედიტაციაა. მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, შრომითსამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავს სასამართლოში. მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს. განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია - სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლოს მხრიდან არათანაბარი მიდგომა საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ჩვენ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სხვა საქმეში გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები. მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა. ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროებულად, 3 თვის ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წლებია უკანონოდ განთავისუფლებულ პირთა უფლებებს იცავს სასამართლოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მედიის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად წარმოებულ დავებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არა თუ 6 თვემდე ვადაში სრულდება, არამედ რიგ შემთხვევებში, ამ დროის მონაკვეთში საქმეზე ერთი პროცესიც კი არ ინიშნება. ამგვარი განსაკუთრებული მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, შერჩევითი სამართლის ნიშნებს განასახიერებს. საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება - სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია, „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დაკმაყოფილდა და „TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა. შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს - მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ვიმედოვნებთ, რომ საკასაციო სასამართლო გააუქმებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება შრომითი უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი. ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს. ამასთან, სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

TI-საქართველო: წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. „2023 წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, განმარტავენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.  

საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო - GDI

საკონსტიტუციო სასამართლომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო. ინფორმაციას სარჩელების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. კერძოდ, GDI-მ გაასაჩივრა 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნული მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას. GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. „ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე," - აცხადებენ ორგანიზაციაში. ასევე გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის, პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება. GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებითვე, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა ცნონ.

პირველი აგვისტოდან დაიწყება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველა ვადა კანონშია მითითებული. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება,“ ბრეგაძემ ასე უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს და რა მოხდება, თუ ისინი „უცხოური გავლენის გამტარებლად" რეგისტრაციაზე უარს იტყვიან. კითხვას, არის თუ არა მზად ტექნიკური ბაზა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მინისტრი პასუხობს, რომ „ყველაფერი მზადაა.“ რაც შეეხება შეკითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების „ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება. „კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში - „ოფისებში შესვლა“ წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება. არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ნიღბებით ვერცერთ ტელევიზიაში ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენელს. შემიძლია დაგამშვიდოთ. ეს არის და ეს. პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი კრიტიკისა და კანონის მოწინააღმდეგეთა ფართო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. 6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა.   12 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.   რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიაქსელებს კრძალავს

Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიაქსელებს აკრძალავს. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის მცდელობა“ დაასახელა. „ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო,“ - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება. Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. მანამდე, ვაშინგტონმა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი RT და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის და მისდამი ნდობის შერყევის მცდელობაში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა  

მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა

მედიაომბუდსმენმა 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა - ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის შეფასებაშია აღნიშნული. მისივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა სულ მცირე 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. “2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი. საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს. ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა,“ - წერია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. „აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი გამოცხადდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,“ - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა  

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითხოვს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის შეფასებით, არჩევნების დღეს ქართველი ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა სახის დარღვევების ათზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. პლატფორმამ დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისკენ მოუწოდა. „30 ოქტომბრის „1 დონის განგაშის“ განცხადებაში, რომელიც „მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს“ მოიცავს, პლატფორმამ განაცხადა, რომ სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „როდესაც 22 ჟურნალისტი და მედიის სხვა მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუშაობაში ხელისშეშლის სამიზნე გახდა.“ ჩამოთვლილი შემთხვევები მოიცავს კახეთის რეგიონში ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 4 შემთხვევას, ქუთაისში ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მედიის მუშაობის შეფერხების 2 შემთხვევას, 3 მსგავს შემთხვევას თბილისში, ასევე 3 ინციდენტს მარნეულში და კიდევ 2 შემთხვევას ბათუმში. პლატფორმა იმედოვნებს, რომ განხორციელდება შემდგომი ქმედებები, მათ შორის - „ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება“ და პასუხისმგებელ პირთა გასაართლებისკენ მოუწოდებს. საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა