თეგი: ომბუდსმენი
ომბუდსმენი: პარლამენტის წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომელთა მიმართაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ. „ამ შემთხვევაში პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტის საფუძვლად არის გამოყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ხანდაზმული მუხლის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრინ მათი უფლებამოსულების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მე ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ,
კელი დეგნანი: ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. „ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის შეფასებით, მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიმ მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეების მიმართ შესაძლო თავდასხმებზე განცხადება გამოაქვეყნა. ლომჯარია, ასევე თსუ-ს „მაღლივ კორპუსში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები, ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები, ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება, დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, 3 ივლისის აქციაზე სტუდენტების მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა უხამსი სიტყვები და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.
ირაკლი კობახიძე: კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე
"ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იქნებიან შერჩეული - ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერც ერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის ვადა ეწურება.
ირაკლი კობახიძე ახალი ომბუდსმენის შერჩევაზე: ოპოზიციას უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება
"ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად ღია იქნება. „თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.
კელი დეგნანი ომბუდსმენის შერჩევაზე: ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველის შერჩევისას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას მნიჩვნელოვნად მიიჩნევს. დეგნანი პროცესის ინკლუზიურობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რათა მიუკერძოებლობაში არ იყოს ეჭვი შეტანილი. ამასთან, ელჩი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებ იმას, რომ პროცესი წარიმართოს ყველა მხარისთვის მისაღებად ქვეყნის შიგნით და ასევე ის იღებდეს მაღალ შეფასებას საქართველოს პარტნიორებისგანაც. „სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას. საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას, რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო „ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის" მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრონციპებით და რეკომენდაციებით, რომლებიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიჩ მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, „გლობალური ალიანსის" შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით. უნდა გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარ ამოცანას საქართველოს თითოეული მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით. დავამატებდი, რომ პროცესის ინკლუზიურობასთან დაკავშირებით მაგალითად ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ლევან იოსელიანის ინიციატივას, საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საპროცედურო კომიტეტმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამასთან, ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე: იმედს ვიტოვებ, რომ შეფასების დროს პოლიტიკური გემოვნება გადამწყვეტი არ იქნება
მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები,- ამის შესახებ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგებელმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. დავით ასათიანი: სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი არაკვალიფიციურად მივიჩნიე ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ "ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ვარ, ვისაც ზუსტად ის თვისებები და გამოცდილება აქვს, რომელიც გამოადგება ამ ინსტიტუტს და ვფიქრობ, ასეთი გამოცდილებით უნდა იყოს ომბუდსმენი. ამიტომ მოლოდინი ის არის, რომ შევძლო, ბოლომდე ვაჩვენო ჩემი პიროვნული თუ პროფესიონალური კვალიფიკაცია. მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს და ეს არის კანდიდატი, ვინც აჩვენა წარსულში, რომ მასზე მავნე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელია,"- განაცხადა ანა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.
სახალხო დამცველი ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ძალადობის მსხვერპლ მონაზონი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამასთან, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ დანაშაულების მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. „თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“, - აცხადებს ლომჯარია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა
ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა
"ჩემი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს" - საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა. მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე. „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც, ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის დასტურია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებაა და შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვის აირჩევს პარლამენტი ამ პოსტზე, ვინაიდან 12 ეს რეკომენდაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დიდი ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, ევროკავშირის პოზიციით ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი 5 წლის განმავლობაში იყო. ლომჯარია პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.
უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან - სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის, ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. „ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები და ფორმატი, ასევე, გასული წლის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი განგვეხილა და იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობას. ყველა ვჯერდებით ერთ რამეზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს შედეგიანი თანამშრომლობა. ჩვენ, სახალხო დამცველს განვიხილავთ როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, იმისთვის რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და პარლამენტმა შეძლოს მათ შორის, ამ საკითხებზე რეაგირება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან პარლამენტი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ის ხედვა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს და ის რეკომენდაციები, სწორედ პარლამენტის თანხმობით შესრულდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თანამშრომლობის ძალიან კარგი შედეგი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ყოველთვის უფრო მეტად და მეტად გაუმჯობესდეს და შედეგებზე იყოს ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს - ჰერჩინსკი
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სახალხო დამცველის აპარატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს. ეს აპარატი ასრულებს დიდ როლს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ დავრწმუნდეთ, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებები საქართველოში კარგად დაცულია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
სახალხო დამცველი ქართველ ტყვეებზე: ამ ეტაპზე ჩართულნი არ ვართ, რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის. მისივე თქმით, მას რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. „ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. “ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს. საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“
ომბუდსმენი "ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ითხოვს
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, "ლიბერთი ბანკის" მიერ, მთავრობის რეკომენდაციით, სესხების რამდენიმე თვით გადავადების შედეგად ხანდაზმულ პენსიონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე. კერძოდ, ხანდაზმულ პირებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი (ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო). ომბუდსმენის თქმით, ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. "საშეღავათო პერიოდის" გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა, არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ "ლიბერთი ბანკისადმი" მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს "ლიბერთი ბანკის მიერ" პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველმა ეროვნულ ბანკს მიმართა წინადადებით და (პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით) შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს "ლიბერთი ბანკი" მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას. ომბუდსმენის თქმით, შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებსა და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნებაც. ომბუდსმენმა ასევე მოითხოვა პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.
ომბუდსმენი აპარატის თანამშრომლის სარჩელზე: მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა
სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმის წარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამავე მოხსენებით ბარათში თანამშრომელი პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ უთითებს. „რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ. ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას,“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადება OSCE/ODIHR-ს სთხოვა
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადების თხოვნით OSCE/ODIHR-ს მიმართა. „2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის პირველ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა,“ წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს უარყოფთად აფასებს
ომბუდსმენმა ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. ეს დარღვევები სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტებში ინფექციის გავრცელების, ნოზოკომიური ინფექციებით გამოწვეული ავადობის და ლეტალური შედეგების რისკებს ზრდის. „2023 წელს პირველად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგები“ ასახა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ: მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა. ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები. 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი კვლავ დაფიქსირდა - ომბუდსმენის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას, მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. „სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი, ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ,“ წერს სახალხო დამცველის ოფისი. პარლამენტთან აქცია - "გავათენოთ საქართველოსთვის" იმართება, საავტომობილო გზა გადაკეტილია