ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ყველა მწვავე საკითხს, რომელიც აღელვებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის შიგნით მომდინარე პოლიტიკური პროცესებსა და მართლმსაჯულების რეფორმას.
"საუბარი შეეხო შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა შეერთებული შტატების ჩართულობით და შარლ მიშელის მედიაციით, ასე რომ, ყველა ეს საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, იყო განხილული. ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს გვაქვს სრული მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ გააქტიურდა ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, ეს მიუთითებს, რომ გაიზრდება ჩართულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, უნდა მოვახერხოთ, რომ გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია იმ დოკუმენტით, რომელსაც ჩვენ შევუერთდით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების გატარება ცხოვრებაში, დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამას მხარს უჭერენ სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, ფილიპ რიკერთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
"საკითხები იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომლებიც ეხება ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებას, დაწყებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარების, ამ მძიმე ეკონომიკური რეალობიდან გამოყვანის გზაზე დასახული მიზნები და ამოცანები, როგორი წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს გაგრძელებული. ასევე იმ დეტალებზეც კი ვისაუბრეთ, "ქართული ოცნება" თავს არ ანებებს საერთაშორისო საზოგადოებასაც კი, რომ გააკვირვოს მათი უკანონო ქმედებებით. რასაც ისინი ახლა "ლეიბორისტული პარტიის" მიმართ აპირებენ, ჩაიდინონ, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად და არაკანონიერად შეუჩერონ დაფინანსება, რომელიც კანონის თანახმად ეკუთვნით, ამაზეც კი გვქონდა საუბარი."- განაცხადა ნიკა მელიამ.
„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ სრულიად შეცვალა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში.
"დელეგაცია დელეგაციაზე აშშ-ის მხრიდან არის დასტური, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროდასავლურ შეთანხმებას მივაღწიეთ.
მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს. საქართველოდან გაისმა ახალი თაობის ოპოზიციური ხმა, ეს ახალი თაობის ოპოზიციური ხმა არის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები, ვინც ფაქტობრივად ვიხსენით ქვეყანა, და არ მომერიდება ვთქვა, არათუ პოლიტიკური, არამედ სტრატეგიული, რეგიონული კრიზისისგან.
მთავარი საკითხი არის შარლ მიშელის დოკუმენტი და ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტმა მოგვცა. შარლ მიშელის დოკუმენტის სახით ჩვენ გვაქვს დაჩქარებული ინტეგრაციის გზა როგორც ამერიკისკენ და NATO-სკენ, ისე ევროპისკენ, რადგან რეგიონული ვიზიტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი საყრდენი წერტილი არის საქართველო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო