სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით აუცილებელია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საბოლოო ჯამში შექმნან მჭიდრო ურთიერთობის ფორმატი იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრონ ერთმანეთთან, ევროკავშირთანაც საკითხები ერთად, ერთიანი ხმით გაიტანონ და შეეცადონ, მოამზადონ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მომავალი წევრობის განაცხადისთვის, რომელიც ალბათ ერთობლივად გაკეთდება.
ამით Europetime-თან საუბარში, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ამ სამი ქვეყნის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნებას და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.
„შესაძლოა, ასევე შექმნან რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც არამარტო ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს, არამედ ასევე ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანურ კავშირებზე, ხელშეწყობაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ; რეგიონული ბლოკი იქნება პროევროპული და იფიქრებს იმაზე, რომ ერთმანეთს შეუწყონ ხელი ევროპაში ინტეგრაციისთვის.
ამავე დროს, გააღრმავონ ერთმანეთთან ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დაეხმარება სამივე ქვეყანას, რადგან ევროკავშირის მხრიდანაც იქნება შეგრძნება, რომ სერიოზული განწყობაა ევროპაში ინტეგრაციისთვის და ერთობლივად მუშაობა მიმდინარეობს. ეს ბევრ რამეს შესძენს ამ ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავის დროზე შეუწყო ხელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას. მაგალითად, ვიშეგრადის თანამშრომლობას, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოაყალიბეს.
შემდეგ, ევროკავშირის ხელშეწყობით ბალკანეთში რამდენიმე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ პარტნიორობაში ზუსტად იმაზეა აქცენტი ხშირად, რომ ქვეყნებმა რეგიონული თანამშრომლობა გააღრმავონ. მით უმეტეს, ასოცირებულებმა, რომლებიც პირველ რიგში მიზნად ისახავენ სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და ამაში ურთიერთდახმარებას და თანამშრომლობას. ასე რომ, ევროკავშირი ამას მიესალმება და აუცილებლად შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მე ნამდვილად მქონდა იდეა, მათ შორის მთავრობასთანაც დამიყენებია ეს საკითხი. ორი წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. მასში ჩაწერილია, რომ ხელი უნდა შეუწყონ და მაქსიმალურად შეუქმნან მოტივაცია საკუთარ მთავრობებს, რომ მათ დაამყარონ ეს სამმხრივი ურთიერთობები. ჯერ სამმხრივი ურთიერთობები არ ჰქონდათ დამყარებული, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი სამი ქვეყნის, ამისკენ უბიძგებდა მთავრობებს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, ანდრიუს კუბილიუსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამ საკითხის ლობირება. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ასევე საუბრობდა, რომ თვითონ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეიქმნას ამ სამი ქვეყნისთვის ცალკე ფორმატი. ამის აქტიური მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობია, ტრიო მისი ტერმინია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი