ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს, ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვები დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, კონსტრუქციულად ჩაერთოს პლატფორმის საქმიანობაში. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ამ სამიტის ფარგლებში მიიღეს.
„ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეები არ აღიარებენ და გმობენ ყირიმის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი პირდაპირ გამოწვევას და მძიმე შედეგებით ემუქრება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეების ერთობლივ დეკლარაციაში.
მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დეკლარაცია გმობს ყირიმის მცხოვრებლების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მუდმივ დარღვევებს და სისტემურ არასათანადო შეზღუდვებს, ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში, აფერხებს სანავიგაციო უფლებებსა და თავისუფლებებს.
დეკლარაცია ადგენს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას, როგორც საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატს, რომლის მიზანია, მშვიდობიანად დასრულდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია და აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით.
მონაწილეებმა ასევე გადაწყვიტეს, განიხილონ შემდგომი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, თუ ეს გათვალისწინებულია თითოეული მონაწილის იურისდიქციით და საჭიროებისამებრ, თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები.
უფრო მეტიც, აღინიშნა, რომ მონაწილეები გაუმკლავდებიან ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს, და ხელს შეუწყობენ ერთობლივ ძალისხმევას ამ საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მზარდი საფრთხეების კონტექსტში.
დეკლარაცია რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც საოკუპაციო ძალამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და სხვა მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მცხოვრებლების ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოს ყირიმზე საერთაშორისო მექანიზმების სრული და შეუფერხებელი წვდომა, კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის უკრაინაში და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიისთვის უკრაინაში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
მონაწილეებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებაზე, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულნი ან მსჯავრდებულნი პოლიტიკური მიზეზების გამო ორივე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, დეკლარაცია ადგენს, რომ მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის რეგიონების შემდგომ განვითარებას დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარედ.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შენარჩუნდება ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ და აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე.
უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება
ცნობისათვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. სამიტზე 45-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა.