აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების ევაკუაციას 24 იანვარს დაიწყებს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Fox News-ს განუცხადეს.
ინფორმაციისთვის: აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს.
კონტექსტი
საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.
12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.
21 იანვარს, მორიგი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, რის შემდეგაც მხარებმა განაცხადეს:
ენტონი ბლინკენი: ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება....
„დღევანდელი შეხვედრა იყო გულახდილი და საგნობრივი. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე რუსული შეირაღებული ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, რომელსაც სწრაფი, მკაცრი და ერთობლივი პასუხი გაეცემა. ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ახასიათებს უფრო მცირე სამხედრო აქტივობებიც, კიბერთავდასხმები, პარამილიტარული ტაქტიკები, რომელსაც ასევე გაეცემა შესაბამისი ერთობლივი პასუხი..
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი NATO-ს ღია კარის პოლიტიკაა“.
ინფორმაციისთვის: მოსკოვი NATO-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ბლოკი შეაჩერებს გაფართოებას და დაუბრუნდება 1997 წლის კონფიგურაციას. კითხვაზე თუ რას გულისხმობს ეს მოთხოვნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანს 1997 წლის შემდეგ შეურთდნენ, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს NATO-მ ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარი, იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს, ხოლო მეორე - NATO-ს ეხება. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობით პოზიციას აშშ-ისა და NATO-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა.
სერგეი ლავროვი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს... „შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის
აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან
ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება
ამავე თემაზე
აშშ-ის უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს