რუსეთი უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების დამატებას განაგრძობს. პენტაგონის წარმომადგებნელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არცერთი რუსული სამხედრო ძალა არ იყო პირდაპირ მიმართული NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
„შაბათ-კვირის განმავლობაშიც კი ვნახეთ, რომ ბატონმა პუტინმა დაამატა თავისი ძალები უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება
ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.
ასევე წაიკითხეთ
პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.