უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ირგვლივ უსაფრთხოების ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (TCG) ფარგლებში შეხვედრის სასწრაფო მოწვევას მხარი დაუჭირეს.
„მე ვაცნობე ემანუელ მაკრონს უსაფრთხოების არსებული ვითარების და ახალი პროვოკაციული დაბომბვის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ TCG-ის დაუყოვნებლივ მოწვევას და „სიჩუმის რეჟიმის“ დაუყოვნებლივ შემოღებას", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში.
ამ საუბარს წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი.
ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო მედიამ მაკრონის ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და ეუთოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი კი, სატელეფონო საუბარს გამართავენ.
აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს.
17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე:
ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა
ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა