იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი.

იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს. 

„რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს.

რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან.

როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს.


ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.

როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა.

„ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.

„ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა

იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის

იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა

ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა