საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს ემხრობა და შეეცდება ამაში სხვა ქვეყნებიც დაარწმუნოს. ამის შესახებ Reuters საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერზე დაყრდნობით წერს.
ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ნაბიჯის მომხრეა. „იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში დავარწმუნებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი", - განუცხადა ლე მერმა რადიო Europe 1-ს.
Reuters-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები გეგმავენ შეაჩერონ ნავთობისა და საწვავის შესყიდვები რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიებისგან 15 მაისს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დარღვევა.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატივისთვის ინფრასტრუქტურა არ აქვს.
ევროპაში ნავთობგადამამუშავებლებს, სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნედლეულის გადამუშავება, რამაც უკვე დააზიანა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთისა და თურქეთის მიერ განხორციელებული შესყიდვებით ამ დანაკლისის კომპენსირება ხდება. რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობს ჩინეთიც.
გადაზიდვების გეგმის მიხედვით, Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის ბრუნვამ აპრილში 29 მილიონი ბარელი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ბარელი 24 საათში, რაც აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან Urals მარკის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 40% -ია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.
BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს
DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა
ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა