იტალია უარს იტყვის გაზის საფასურის კრემლის ახალი პირობებით რუბლში გადახდაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„EU-ს წინასწარი შეფასებით, კრემლის პირობები ბლოკის სანქციების პირდაპირი დარღვევაა. იტალიის ხელისუფლება ელოდება, ვიდრე ბრიუსელი დაასრულებს იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ.
იტალიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ევროკომისიის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უფრო მალე დააღწევს თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.
როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა.
„ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.
„ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ
იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა
იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა