Reuters: გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ამ ფაქტს „შანტაჟი“ უწოდა და თითქმის ერთხმასდ თქვა უარი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე“, - წერს სააგენტო.

ანალიტიკოსების პროგნოზით, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში 2022 წელს დაახლოებით 40-45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.

„გაზპრომში“ ევროპაში რუსული გაზის სამომავლო პერსპექტივაზე ლაპარაკი არ სურთ. კომპანიამ Reuters კითხვებს არ უპასუხა.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რომელმაც „გაზპრომისგან“ 45,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მეორეა იტალია [20,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი], მესამე კი ავსტრია [13,2 მილიარდი კუბური მეტრი]. ამ დროსთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე მხოლოდ უნგრეთია თანახმა. 


რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ