ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა

ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა, ამის შესახებ CNN-ს ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განუცხადა.

„როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე გაამკაცრებს, ვიდრე ომი არ დასრულდება.

მომავალ კვირას, ევროკავშირი გეგმავს სანქციების მე-6 პაკეტზე მსჯელობის დაწყებას. წინასწარი ინფორმაციით ლაპარაკია რუსული ნავთობის ემბარგოსა და რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვაზე.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ