ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ნიდერლანდები რუსული გაზისა და ქვანახშირის შესყიდვას წლის ბოლოსთვის შეაჩერებს. ამის შესახებ ნიდერლანდების კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ზამთრისთვის გაზსაცავები მაქსიმალურად შეივსება, რასაც ძირითადად ენერგეტიკული კომპანიები გააკეთებენ. „კომპანიები არ დგანან ფინანსური რისკის წინაშე, რადგან გაზი ახლა საკმაოდ ძვირია. ნიდერლანდების ხელისუფლება მოიფიქრებს სქემას, რომლითაც ფასში სხვაობის კომპენსაცია მოხდება“.

სახელმწიფო კომპანია Energie Beheer Nederland (EBN) გაზსაცავ Bergermeer-ს 70%-ით შეავსებს. ჯამში ამ რესურსის ღირებულება 623 მილიონი ევროა.

ამასთან, ნიდერლანდები გეგმავს თხევადი გაზის იმპორტის გაზრდას და ნედლეულს როტრდამსა და ემსხაფენში დაასაწყობებს.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.

ასევე წაიკითხეთ