დმიტრო კულება ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მადლობას უხდის. „ძვირფასო ზურაბ, მადლობელი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რამაც უზრუნველყო ამ გადაწყვეტილების მიღება“, - წერს დმიტრო კულება.

კიდევ ერთ პოსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა.

„რუსეთს შეუჩერდა UNWTO-ს წევრობა. გენერალური ასამბლეის პირველ რიგგარეშე სესიაზე. მადლობა ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა. რუსეთის იზოლაცია ყოველდღიურად ღრმავდება“, - წერს დმიტრკო კულება.


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ამავე თემაზე